რატომ ინატრა პრემიერმა გუბერნატორობა?!

wq

რუსუდან მამასახლისი ტელეკომპანია „თრიალეთის“ თბილისის ბიუროს ის ჟურნალისტია, რომელმაც პრემიერის პრესკონფერენციაზე დასმული კითხვით, ირაკლი ღარიბაშვილს „ნერვული ტესტი“ საჯაროდ შეავსებინა. რა ჰკითხა ჟურნალისტმა და რატომ ინატრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორობა?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება რუსუდან მამასახლისი:

„ _ ჩვენ ვაკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდნენ ჟურნალისტები. ვართ ობიექტურები და ყოველთვის ვსვამთ იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. შესაბამისად, დავსვი ის კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს, რომელზეც ხალხი საუბრობს. მე ვთქვი – საზოგადოება არ ცნობს რუსიშვილს, ზის კაბინეტში და გარეთ გადის მაშინ, როდესაც ჩამოდის რომელიმე მინისტრი რეგიონში. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ საზოგადოება საუბრობს მის ბიზნესინტერესებზე.

_ კონკრეტულად?

_ მისი გუბერნატორობის პერიოდს ემთხვევა ატენის ხეობაში მშენებარე ფეშენებელური სახლი და არ მქონდა მხედველობაში მშობლების მიერ დატოვებული ის სახლი, სადაც დღეს მიიყვანა მოსანახულებლად. სულ სხვადასხვა სახლებია, გასაგებია რომ მის სახელზე ატენის ხეობაში მშენებარე სახლი იქნება თუ სასტუმრო არ არის, მაგრამ ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველამ ყველაფერი ვიცით! რომელ სახლზეც მე მქონდა საუბარი, ის შენდება, საცხოვრებელი სახლი იქნება თუ სასტუმრო, ჯერ არავინ იცის, მაგრამ იქ, მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეკუთვნის ზურაბ რუსიშვილს. ეს ვუთხარი პრემიერს, რომ საზოგადოება ამბობს და თქვენ რა ბერკეტები გაქვთ,  როგორც მთავრობის მეთაურს, როგორ უნდა აკონტროლოთ გუბერნიები?! სამწუხაროდ, ღარიბაშვილისგან მივიღე პასუხი -რუსიშვილს სთხოვს ბოდიში მომახდევინოს ან სასამართლოში მიჩივლოს.

_ შეფასებითი ნაწილი მაინტერესებს, რამდენად იყო ეს ადეკვატური პასუხი, ან გაღიზიანებული პრემიერის რეაქცია, რომელიც საკუთარი გუნდის წარმომადგენლის ფაქტის წინაშე დაყენება, უბრალოდ, არ გაპატია…

_ მე ვფიქრობ, რომ უცებ აღელდა, არც მოისურვა დეტალებში გარკვევა. მიუხედავად იმისა, რომ მე მზად ვიყავი ფაქტებით მესაუბრა, ვუთხარი კიდეც ჩამოგითვლით, მან მომაძახა – არ არის საინტერესო! მე გამომირთეს მიკროფონი, ვეუბნებოდი გეტყვით ფაქტებს, პრემიერი ისევ იმეორებდა – არ არის საინტერესო! ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი, ვიდრე საჯაროდ გამასამართლებდა, ჩემი ტელევიზიის მფლობელებისგან და ჩემგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, მიემართა პროკურატურისთვის ფაქტების გადამოწმების მიზნით!

_ რით უპასუხებთ პრემიერს?

_ მომზადდება ფილმი, აქ, იქნება ყველა ის ფაქტი, რომლის ჩამოთვლას ვაპირებდი და იყო უინტერესო პრემიერისთვის. უნდათ, უყურონ ჩვენს ტელევიზიას, არ უნდათ და დახუჭონ თვალი!

_ ბოდიშის მოხდა ვის უწევს?    

_ ჩვენ არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას!