პუტინი: „ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები მოქმედებენ“

3

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის იზოლაციისათვის დასავლეთი ნებისმიერ ინსტრუმენტს იყენებს, მათ შორის უცხოეთის სპეცსამსახურებიც მოქმედებენ. როგორც სააგენტო ТАСС-ი იუწყება, აღნიშნული განცხადება პუტინმა, რუსეთის ფედერაციის ,,ФСБ“-ს კოლეგიის სხდომაზე გააკეთა. „ყველანაირ მეთოდს იყენებენ, დაწყებული პოლიტიკური და ფინანსური იზოლაციიდან, საინფორმაციო ომით დამთავრებული. პროცესებში ჩართულია დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც, თუმცა მათ მინდა შევახსენო, არანაირად არ შეიძლება სიტუაცია ერთ ადგილზე იდგეს და მოვლენები სხვაგვარად არ განვითარდეს. ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მთავარია ერთსულოვნება შევინარჩუნოთ. ჩვენი ქვეყნის დაშინება, დაჩოქება და მუხლებზე დაცემა, ჯერჯერობით ვერავინ ვერ შეძლო და ვერც ვერავინ შეძლებს. ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის მცდელობაზე, ჩვენ სულ გვქონდა პასუხი და ყოველთვის ადეკვატურად ვუპასუხებთ. 2015 წელი იქნება გარდატეხის წელი, მათ რესურსი ამოეწურათ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი პროვოკაციის მოსაგერიებლად. ეგონათ რუსეთი დაიმსხვრეოდა, თუმცა ჩვენი ხალხის ერთად დგომამ ბოროტების მანქანა გააოგნა. მინდა მათ გადავცე, ეს რუსული ხასიათი, მენტალობა და სიმტკიცეა. არავის ვუსურვებ ეს ჩვენს წინააღმდეგ ომში გამოსცადოს“ – განაცხადა პუტინმა.