რას მალავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე?!

xm32a

„ქრონიკა+“-ს აცნობეს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, იმ კორპუსის საძირკველს თხრიდა და სახლს ძირს აცლიდა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობს. სარდაფების ადგილზე ის კომერციულ ფართებს აკეთებს, მერე კი სახლთან ერთად ყველაფრის გაყიდვას აპირებსო. ინფორმაციის მომწოდებლებმა ისიც გვითხრეს, რომ თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელისთვის მთავარია სარფიანი თანხის აღება, ამის მერე კი როგორ მდგომარეობაში დარჩება ძირგამოთხრილი კორპუსი და იქ მცხოვრები ხალხი, არ ანაღვლებსო.

რამე პროვოკაციას რომ არ წამოვგებოდით, „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, შემოსული ინფორმაცია ადგილზე გადაემოწმებინა და იმის გასარკვევად, ალიბეგაშვილთან დაკავშირებული ამბავი სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა, მის საცხოვრებელ კორპუსთან, ყაზბეგის ქ. #29/2-ის მე-4 სადარბაზოს მოსანახულებლად წავედით.

მეოთხე სადარბაზოს შესასავლელის ორივე მხარეს რამდენიმე პატარა მიწაყრილი და მოგროვილი სამშენებლო მასალა დაგვხვდა. შესასვლელის შიგნითაც იყო რამდენიმე ტომარა, სადარბაზოს გვერდით კი, სადაც წინათ ნარჩენების ბუნკერი იყო, ახლა გამჭოლი ოთახი დავინახეთ, სადაც მოსაპირკეთებელი სამუშაოები ტარდებოდა და ხარაჩოებიც იდგა.

მარჯვენა მხარეს სარდაფების ადგილიც გადაკეთებული იყო ერთ დიდ დარბაზად და მის ზემოთ უკვე ტრაფარეტიც გამოეკიდებინათ, _ ქირავდება. როგორც ვიცი, სადარბაზოს მოუვლელობისა და სამშენებლო ნარჩნებით დაბინძურებისთვის კანონით ჯარიმებია დაწესებული, თუმცა კანონი ამა ქვეყნის „დაბალთათვის“ წარმოადგენს აუცილებლობას, თორემ საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებს, პარლამენტარებსა და მსგავს „მაღალთ“ ეს არ ეხება. ტერიტორიის დათვალიერებისა და ფოტოების გადაღების შემდეგ იმის მოკვლევა დავიწყეთ, ვის ეკუთვნოდა მშენებლობა და რა კავშირში იყო ამ ყველაფერთან საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი?!

გასაქირავებლად გამზადებული სარდაფების ზედა ფანჯრებიდან ქალბატონი იხედებოდა, ამიტომ პირველად სწორედ მას ვკითხეთ, თუ ვის ეკუთვნოდა კომერციული ობიექტი, სადაც უკვე კოსმეტიკური სამუშაოებიც სრულდებოდა, თუმცა პასუხის ნაცვლად, კითხვა შემოგვიბრუნა, თუ რაში გვაინტერესებდა და ვინ ვიყავით! როცა სიტუაცია ავუხსენით, სახეზე გაბრაზება დაეტყო და ხმამაღალ საუბარზე გადავიდა, _ ეს ფართობი ჩვენია, ყველა დოკუმენტი გვაქვს და კანონისა და წესის დაცვით ჩავატარეთ მშენებლობა, მობრძანდით და ვისაუბროთო. მერე იგივე სახლიდან სხვა ქალბატონიც გამოვიდა, რომელიც ასევე გაბრაზებული ჩანდა „ქრონიკა+“-ის ვიზიტით და კომერციული ფართისკენ წაგვიყვანა. იქ კი აგვიხსნა, რომ ნუცუბიძეზე სახლი გაყიდეს, ეს ობიექტი რომ გაეკეთებინათ, აქ ალიბეგაშვილი არაფერ შუაშია, ახლა გაქირავება გვინდა, ძმისშვილები გვყავს, თანხები გვჭირდება, ბავშვებს რომ ვასწავლოთო.

ახალი კომერციული ფართი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, ეტყობა, რამდენიმე სარდაფის გაერთიანების შედეგად გააკეთეს დიდი სივრცე. კედლებს დამატებითი გამაგრებებიც ჰქონდა, თუმცა შუა საყრდენი კედლები ვეღარ შევნიშნე. ჟურნალისტი არქიტექტორობაზე, ცხადია, თავს ვერ დავდებ, თუმცა გამიგონია, რომ საყრდენი კედლების მოშლა სახლს დიდ საფრთხეებს უქმნის, მაგრამ რადგან უფლება მიუციათ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ნაწილში არავის არაფერი შეშლია და არც ფულის სიხარბით გაუციათ ასეთი მშენებლობის ნებართვა.

როგორც ქალბატონმა რუსუდანმა გვითხრა, ამ სარდაფებში წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ მათ ეს საკითხიც მოაგვარეს და გარე პერიმეტრზეც გააკეთებინეს პროექტი (ამ საუბრიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გარე პერიმეტრიც ნაყიდია). ქალბატონები მიმტკიცებდნენ, რომ ალიბეგაშვილი მართალია, ამ სადარბაზოში ცხოვრობს, მაგრამ ეს არის მისი სიდედრის ბინა, თანაც ისეთი პატიოსანი კაცია, უხმაუროდ მიდის და მოდის, აქ არაფერს ეგ არ გააკეთებსო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ დავიჯეროთ, ალიბეგაშვილი ვერ ხედავს, რაც ხდება მის ცხვირწინ?! თუ მანაგაძეების ნათქვამი სიმართლეა და ამ პროექტის გაკეთებაზე მერიას უფლება აქვს გაცემული, როგორ დავიჯეროთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვაც არ გასჩენია _ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვავნებსო?! როგორც მანაგაძეებმა მითხრეს, ამ კომერციული ობიექტისთვის ზრუნვა მათ 3 წლის წინათ დაიწყეს და ახლა ძლივს ასრულებენ.

აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც იკვეთება. ქალბატონებმა ჩვენთან საუბრის დროს შორიახლოს მდგარ, ხელჯოხით მოსიარულე ორ მამაკაცს დაუძახეს და, როგორც ჩანს, უთხრეს, რომ ამ ობიექტით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. ამის შემდეგ მათ დავემშვიდობე და გადავწყვიტე, მთელი კორპუსი დამეთვალიერებინა. მაინტერესებდა, სხვა მცხოვრებლებსაც ჰქონდათ თუ არა სარდაფები და ყოფილი ბუნკერები კომერციულ ფართებად გადაკეთებული? 6-სადარბაზოიან კორპუსში მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. მხოლოდ ალიბეგაშვილის სადარბაზოში მიდიოდა გამალებული მშენებლობა სარდაფებისა და ბუნკერის გამოყენებით. ერთ-ერთმა მცხოვრებმა კი ამ კორპუსის ისტორიაც გამაცნო:

ყაზბეგის ქუჩაზე, 29/2 კორპუსი 1974 წელს აშენებულა და მასში თავიდანვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები შეუსახლებიათ. იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ მე-4 სადარბაზოს ჩათვლით, სახლის ქვეშ, იდგა წყალი და იქ რამე სამუშაოს ჩატარება არ შეიძლებოდა. ამ სახლში ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც შეეძლოთ ამის გამოყენება, მაგრამ არავინ ეს არ გააკეთა, რადგან კორპუსი დაზიანდებოდა.

აქ გაიზარდა ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ირინა იმერლიშვილი, მაგრამ მერე მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მამამისი მოკლეს და სახლიც გაყიდეს. მათი სახლიც პირველ სართულზე არის, მაგრამ ახლა იქ მაღაზიაა, რომელიც ქვემოთ, სარდაფში კი არ ჩადის, კიბით ადის ზემოთ. ერთადერთი, მხოლოდ მე-4 სადარბაზოშია სარდაფი გაჭრილი გარედან, რაც არა მგონია, სწორი იყოს. იმისთვის, რომ ასეთი ცვლილებები მოახდინო, მერიის ნებართვის გარდა, თანხმობა მეზობლების 75 პროცენტმაც უნდა მოგცეს. მე ვიცი ის, რომ ზოგიერთსაც უნდოდა მსგავსი რამის გაკეთება, სარდაფების კომერციულ ფართებად გამოყენება, მაგრამ ამის უფლება მეზობლებმა არ მისცეს. ამ შემთხვევაში რა მოხდა, ვერ გეტყვით, თანაც ხომ გითხარით, სარდაფებში წყალია, იტბორება და ასეთი რამ ამ დატბორვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად კორპუსის სადარბაზოებში დავიწყე სიარული და ერთგან სწორედ იმ ხელჯოხიან ახალგაზრდა მამაკაცს გადავეყარე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, რატომღაც, მე დამდევდა. ჩემს დანახვაზე ჯერ შეცბა, მერე ზემოთ დაიწყო ყურება და ჩემს გასაგონად რამდენჯერმე გაიმეორა: ჟურნალისტები ატეხილებივით დადიან და ვიღაცა ახლა ცხვირს მოიტეხავსო! როცა ვკითხე, _ რა ბრძანეთ?! არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს საუბარს ვიწერ-მეთქი, _ მართლაა, „იდი ნახ…იო!“ _ მომაძახა. სადაც წავიდოდი, ყველგან ეს მამაკაცი მხვდებოდა, ბოლოს მაინც ავურიე თავგზა და მოგვიანებით, უკვე მანქანიდან ვუყურებდი მის საქციელს. ჩემი გალანძღვის შემდეგ მასთან ორი ახალგაზრდა ბიჭი მივიდა, რომელთაც მამაკაცი ხელის მოძრაობით რაღაცას უხსნიდა და არიგებდა.

მოკლედ, ჩემმა გამოჩენამ ვიღაცები ზომაზე მეტად შეაფუცხუნა, თორემ მანაგაძეებთან ჩემს საუბარს არა მგონია, ასეთი გაგრძელება მოჰყოლოდა.

ახლა კი იმის შესახებ, რა ქონებას ფლობენ ალიბეგაშვილები?

გიორგი ალიბეგაშვილის ქონებრივი დეკლარაცია შედგენილია 2014 წლის 15 სექტემბერს: იგი დაიბადა თბილისში 1959 წლის 26 მაისს. მეუღლე, ნინო ჟვანია, დაბადებულია 1959 წლის 2 ივლისს, ვაჟიშვილი ლუკა ალიბეგაშვილი _ 2002 წლის 9 აგვისტოს, ქალშვილი, მანანა ალიბეგაშვილი _ 1992 წლის 18 ნოემბერს. ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა კი ასეთია:

გიორგი ალიბეგაშვილს აქვს ბინა თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე #26-ში. ბინის ფართობია 102 კვ.მ, იქვე საკუთრებაში აქვს 19,00 კვ.მ ავტოფარეხი; მას ეკუთვნის თბილისის მეორე ბინაც, რომელიც არის შარაშენიძის ქუჩის #5-ში და მისი ფართობია 101,00 კვ.მ; თბილისში მდებარე 373,00 კვ.მ მიწის ნაკვეთში, რომელიც სიღნაღის ქუჩის #15-შია, საკრებულოს „ვერხუშკას“ წილის 16.67 პროცენტი აქვს; გიორგი ალიბეგაშვილისაა იმ მიწის ნაკვეთის 50 პროცენტიც, რომელიც სტეფანწმინდაში მდებარეობს და რომლის ფართობიც 1146,00 კვ.მ-ია; ასევე ალიბეგაშვილს ეკუთვნის მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში ახალდაბის ქუჩის მიმდებარედ #12-ში, რომლის ფართობია 600,00 კვ.მ; 50-პროცენტიანი წილი აქვს სოფელ ქუმლისციხის მიწის ნაკვეთში #373, რომელიც 401,00 კვ.მ-ია. ბინებსა და ნაკვეთებს მისი მეუღლეც ფლობს: ყაზბეგის გამზირზე მდებარე ბინა, სადაც ჩვენ ვიყავით და შემოსული ინფორმაციით, კორპუსს საძირკველს სწორედ ალიბეგაშვილები აცლიდნენ, მის მეუღლეს ეკუთვნის. ამ დეკლარაციის მიხედვით ნინო ჟვანიას ეკუთვნის ბინა თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის 29/2-ში, ფართობი _ 109,73 კვ.მ; ასევე ბინა ქობულეთში რუსთაველის #162-ში, ფართობის მოცულობაა _ 76,65 კვ.მ; ასევე არასაცხოვრებელი ფართი თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე #80-82, ფართობი _ 7000 კვ.მ. დეკლარაციის სხვა მონაცემებს რომ აღარ გამოვეკიდოთ, აქედანაც კარგად ჩანს, საკრებულოს თავმჯდომარე საკმაოდ მდიდარი კაცია და მდიდრებს კიდევ რომ სიმდიდრის გაზრდაზე ზრუნვა ეხერხებათ, ესეც ცნობილი ამბავია. საქართველოში ისიც ყველამ იცის, _ ჩინოვნიკები ქონებებს საკუთარ თავზე არ იფორმებენ და ხან მეზობლის კალთას ეფარებიან და ხანაც _ სიდედრ-სიმამრებისას. ასე რომ, ამ თბილისში ყველაფერი მოსულა და არც ის გაგვაკვირვებს, ეს მშენებლობა, მანაგაძეების ნაცვლად, ალიბეგაშვილების რომ აღმოჩნდეს… თუმცა ეს ყველაფერი ვინმემ ცილისწამებად რომ არ მონათლოს (არაფერს არც ვამტკიცებთ, მხოლოდ ინფორმაციას, ფაქტებსა და ლოგიკას მივყვებით), გადავწყვიტეთ, საჯარო რეესტრში გადაგვემოწმებინა მანაგაძეების კომერციული ფართები. მართლა გავოცდით, როცა ასეთი დოკუმენტი მათ სახელზე ვერ მოვიპოვეთ. ამ ლაბირინთში სად მოვტყუვდით, ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა უტყუარი ჭეშმარიტებაა ის, რომ სიმართლე ბოლომდე არასდროს იმალება და ჩვენც აუცილებლად გავარკვევთ, სინამდვილეში ვისი საკუთრებაა ყაზების #29/2 კორპუსის კომერციული მშენებლობები, რომელიც, დიდი ალბათობით, კორპუსს აზიანებს და იქ მცხოვრებლებს კი საფრთხეს უქმნის.

„ქრონიკა+“-მა ინფორმაციის გადამოწმება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან სცადა, თუმცა კომენტარი თვითმმართველობის ორგანოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თამარ გვაზავამ გააკეთე: „საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი თბილისში, ყაზბეგის ქუჩა 29/2-ში მდებარე კორპუსში, არასაცხოვრებელი დანიშნულების არც ერთ კვადრატულ მეტრ ფართს არ ფლობს. შესაბამისად, რა ტიპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს იქ, დეტალურად ამის შესახებ ინფორმაცია ალიბეგაშვილების ოჯახს არ გააჩნია. ამ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინა გიორგი ალიბეგაშვილის მეუღლის საკუთრებაა.“   

 

ნელი ვარდიაშვილი