როგორ მიისაკუთრა „საქართველოს ბანკმა“ ქონება არარსებულ ვალში?!

eessrtt6

 

საქართველოს მოქალაქეებს კომერციული ბანკების მიმართ რომ სხვადასხვაგვარი პრეტენზია აქვთ, სიახლეს არ წარმოადგენს… თუმცა ჩვენი სტატიის მთავარი გმირის, ზურაბ ხერედინაშვილის ისტორია იმით გამოირჩევა, რომ „საქართველოს ბანკი“ მას იმ ვალის გადახდას სთხოვს, რომელიც არ აუღია. სადავოდ გამხდარი თანხა საკმაოდ სოლიდურია, სოლიდურია ის ქონებაც, რომელიც ბანკმა არარსებულ ვალში მიისაკუთრა.

ქრონიკა+“-ზურაბ ხერედინაშვილის მეუღლე, ხათუნა სახლთხუციშვილი ესაუბრება:

_ ჩემს მეუღლეს, ზურაბ ხერედინაშვილს, აღმაშენებლის გამზირზე გახსნილი ჰქონდა ფირმა „უნიტექი“, რომელიც დაიხურა. 2007 წელს ჩემმა მულმა გახსნა შპს „უნიტედ ტრეიდინგი“. ამ ფირმას საზღვარგარეთიდან შემოჰქონდა კომპიუტერული ტექნიკა და საქართველოში ხდებოდა მისი რეალიზაცია. 2007 წლის 19 თებერვალს ჩემი მეუღლე თავის დას თავდებად დაუდგა ერთადერთი ქონებით, თემქაზე მდებარე 3-ოთახიანი ბინით და დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება „საქართველოს ბანკსა“ და ჩემს მულს შორის. ხელშეკრულებაში წერია, რომ ბანკს შეუძლია, როცა მოთხოვნას დააყენებს, მაშინ მოსთხოვოს კრედიტორს დავალიანების გადახდა. ბანკმა ეს საკითხი დააყენა და ფირმას 192 705 დოლარი უნდა გადაეხადა. ჩემმა მულმა თავის ძმას უთხრა: ფირმა გაკოტრდა, ბანკი ვალის გადახდას მთხოვს და შენი ბინაა გამოჩხერილიო. ჩემმა მეუღლემ თავისი საკუთარი ფულით, დანაზოგით, რითაც ბიზნესის დაწყებას აპირებდა, დის ვალი გადაიხადა, რის დამადასტურებელი ქვითარიც გვაქვს. 2009 წლის 4 აპრილს საგადასახადოში ფირმა „უნიტექ ტრეიდინგმა“ საბუთები წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ დაეცა მსყიდველუნარიანობა, ფირმა გაკოტრდა და იკეტება, _ ეს საბუთიც გვაქვს. თავისთავად ცხადია, ბანკთან დავალიანებაც აღარ არსებობდა, ისე ვინ დაახურინებდა ფირმას?! 2009 წლის 25 ივნისს „საქართველოს ბანკის“ მხრიდან გაჩნდა სრულიად ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა ფირმას ისევ დაუწყო დავა, რომ თურმე რაღაც დავალიანებები ჰქონია. 2010 წელი იყო, ბანკიდან დაგვირეკეს, მივედით, დაგვხვდა გოჩა ცინცაძე, რომელიც ბანკთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას ვითომ აგვარებს, რეალურად კი მატყუარა ადამიანია! ყველა მეცოდება, ვისაც შპს თუ ინდსაწარმო ჰქონდა, დღეს ჩვენნაირ მდგომარეობაში არიან. ყველას გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენნაირი ჯერ არსად წამიკითხავს და არც მომისმენია, რომ ადამიანი, რომელიც თავდებად არ დგას, იმას წაართვა ამხელა ფული, გაუყალბო ხელშეკრულებები, უსაფუძვლოდ და უკანონოდ იპოთეკით დაუტვირთო ქონებები, _ პატრონის გარეშე! ეს ყველაფერი კი „საქართველოს ბანკმა“ გააკეთა!

_ ამით ვინ იყო დაინტერესებული, რა რაოდენობის თანხას ითხოვდა ბანკი?

_ როცა ბანკში მივედით, გავიგეთ, რომ 190 000 ლარზე იყო საუბარი, მაგრამ მაშინ არავინ გვითხრა, თქვენი ქონებები იპოთეკით არის დატვირთულიო. გვეგონა, თემქის ბინა იპოთეკიდან ამოთავისუფლებული იყო, რადგან ჩემმა ქმარმა თავისი დის ვალი მთლიანად გადაიხადა, მაგრამ ჩვენ სხვა ქონებებიც გვქონდა. დღესაც რომ ვფიქრობ, თავი სიზმარში მგონია: რას წარმოვიდგენდით, მაღაზიაზე და მიწის ნაკვეთზე თბილისის ზღვაზე, რომელიც კაცს არ დაუტვირთავს იპოთეკით, „საქართველოს ბანკი“ შექმნიდა საბუთებს და ამის მიხედვით დაიწყებდა დავას! „საქართველოს ბანკი“ ქონებებით არის დაინტერესებული, ფულს რომ გაასესხებენ, იმის ამოღება კი არ უნდათ, არამედ ქონებების დაპატრონება! ამის ინტერესი აქვს ბანკსაც და მის უკან მდგარ მესვეურებსაც, მარტო ირაკლი გილაური ვერაფერს გააკეთებდა, რომ არა მისი ძმა, ნიკა გილაური, რომელიც ამ დროს პრემიერ-მინისტრი იყო. ამას ირაკლი გილაური თავის ძმასთან შეთანხმებითა და ლობირებით აკეთებდა, თორემ თქვენ წარმოგიდგენიათ, რა ჩაიდინა „საქართველოს ბანკმა“? _ ადამიანის ქონება (რომელსაც ვალი არ გააჩნდა და, შესაბამისად, არც ქონებები დაუტვირთავს იპოთეკით) ბანკმა გაიტანა აუქციონზე და გაყიდა ისე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებებიც კი არ მიუთითა, რის მიხედვით ჰქონდა მოთხოვნა! აღსრულების ბიურო წერს, _ როგორ გადაანაწილა ბანკმა სესხები, ჩვენთვის უცნობიაო. ეს აღსრულებასაც დავადასტურებინეთ იმიტომ, რომ არც მაღაზიას მიუთითა იპოთეკის ხელშეკრულება, არც მიწის ნაკვეთს, ბინაზე კიდევ ის იპოთეკის ხელშეკრულებები მიუთითა, რომლის დავალიანების არარსებობის ცნობა გვაქვს ბანკიდან, თანაც ფირმა იყო „უნიტეკის“, რომელიც 2006 წელს დაიკეტა და თუკი ამ დროს ფირმას რამე ვალდებულება ჰქონდა, რატომ არ მოითხოვეს 2011-2012 წლამდე? ეს ხომ არარეალურია?!

_ სასამართლოს ან პროკურატურას არ მიმართეთ?

_ 2011 წელს „საქართველოს ბანკმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც დაეწერა მოსამართლე ლევან გვარამიას. გთხოვთ, განსაკუთრებით გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ სახელმწიფო დგას სასამართლო სისტემაზე კი არა, ძალიან გამოუცდელ და უცოდინარ მოსამართლეებზე! 2011 წლის 8 აპრილს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, მანამდე „საქართველოს ბანკში“ მივედი, სადაც დამხვდა მათი იურისტი, ციცო ხუცურაული, რომელსაც ეს საქმე ეწერა. ჯერ წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ ბანკს თაღლითობა ჰქონდა ჩადენილი. ამას პირველად მაშინ მივხვდი, როცა ამ ქალბატონმა ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, შალვა დემეტრაძეს უთხრა, _ ასეთი დოკუმენტებით და ხელშეკრულებით ითხოვთ ამ კაცის ქონების წაღებას?! რომ მიგიხვდეთ და შემოგიტრიალდეთ, ფიქრობთ, რა მოხდებაო?! მოსამართლე გვარამიას გაოცებული სახე დღემდე არ მავიწყდება, როდესაც სასამართლო პროცესზე „საქართველოს ბანკი“ არ გამოცხადდა. ასეთი რამე გსმენიათ, რომ ბანკმა იჩივლოს და პროცესზე აღარ მოვიდეს?! ამ ქალბატონმა იცოდა, რომ არარეალური იყო ეს საქმე, ამიტომ არ მოვიდა! მარტო „საქართველოს ბანკის“ თაღლითობებზე რომ არ ვისაუბრო, 2012 წლამდე გვყავდა ადვოკატი, რომელმაც 14 000 ლარი გამოგვართვა, გვატყუებდა, თითქოს ყველაფერს ასაჩივრებდა, ფულს ვსესხულობდით, რომ ეს თანხა გადაგვეხადა, მაგრამ თურმე ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობდა… როცა დაცვა გჭირდება, ორ უკიდურესობას აწყდები _ ერთი, რომ ადვოკატის აყვანის საშუალება არ გაქვს და მეორე, თაღლითობა! თურმე, პირველ ინსტანციაში ადვოკატებს ლიცენზია არ სჭირდებათ და ნებისმიერს შეუძლია დაცვა. თუ ასეა, რატომ მე არ მაქვს ხმის ამოღების უფლება პირველ ინსტანციაში? ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო დგას თაღლითობაზე და არაფერი გამოსწორებულა! სამოქალაქო სასამართლოში 2011 წლის სხდომის ჩანაწერი მოვიკითხე, წარმომადგენელმა სალომე ჭიპაშვილმა განმიმარტა, რომ თურმე დისკი მზეზე დარჩენიათ და დამდნარა. 2012 წელს საჩივარი, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო, განუხილველი დატოვეს. ცარიელი შესაგებლები აქვთ ადვოკატებს ჩაბარებული, ერთს საერთოდ არ აქვს ჩაბარებული და ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოდიოდა და მსჯელობდა, უნდა მიეცათ თუ არა ქონება „საქართველოს ბანკისთვის“, საქმეს არც გასცნობოდა!

2013 წელი იყო, როდესაც აღმასრულებელმა კარზე მომიკაკუნა. ჯერ კიდევ იმ ტყუილებში ვცხოვრობდით, რომ ყველაფერი გასაჩივრებული გვქონდა. სხვათა შორის, აღმასრულებელი ერეკლე ღვინიანიძე ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. საბუთები რომ ვაჩვენე, თქვა, _ დღესაც ხდება ასეთი რამეებიო? თუ სისხლის სამართლის აღძვრის ფურცელი გაქვთ, ამ საქმეს შევაჩერებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დაგეხმარებითო. 2013 წლის ივნისში გაიყიდა ჩვენი ქონებები და ისევ „საქართველოს ბანკმა“ იყიდა _ თბილისის ზღვაზე მიწა, თემქაზე ბინა, კომერციული ფართი, სადაც განთავსებული იყო სალონი, მარკეტი, რომლითაც ოჯახს ვინახავდით და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში შეგვქონდა გადასახადი. ძალიან ცუდად გავხდი, ირგვლივ ხალხისგან მესმოდა, რომ თურმე სახლებში სპეცრაზმი შეჰყავთ, ხალხს სცემენ და, რეალურად, ჩემს თვალწინ მოხდა, როცა კორპუსიდან გამოყარეს ხალხი და 3 წლის ბავშვი გარდაეცვალათ ფილტვების ანთებით, რადგან ოჯახს სახსრები აღარ ჰქონდა, რომ ემკურნალა. მერე ამ გოგომაც თავი ჩამოიხრჩო, მათი ცოდვაც „საქართველოს ბანკს“ ადევს და ეს ყველაფერი ირაკლი გილაურის კისერზე იყოს, მოეთხოვება ერთ მშვენიერ დღეს… ვიფიქრე, სახელმწიფო ამათზე დგას, ბანკებს შეჰყურებს, სახელმწიფო მათხოვარია, მე ვინ ვარ? _ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ქვეყანაში სამართალი არ არის, დაუცველი ვარ-მეთქი… შევშინდი, არ მინდოდა, ეს ყველაფერი ბავშვებს ენახათ… ბინიდან მე თვითონ გადავედი, გამოსახლება არ მომხდარა… ბანკმა როცა გამოსახლებაზე შეიტანა განცხადება, ჩვენ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული გვქონდა. მაია მწარიაშვილი ერთადერთი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში, ვისაც შეიძლება, მადლობა გადავუხადო. ვაკე-საბურთალოს დაეწერა ჩვენი საქმე, შეგვხვდა ძალიან განათლებული პროკურორი, შორენა ნიქაბაძე, ვაკე-საბურთალოს გამომძიებელიც ძალიან კარგი ადამიანი იყო. ჩვენს საქმეში თუკი რამე გაკეთდა, მათი დამსახურებაა. აღიძრა საქმე, მაგრამ ჩვენს ქონებებს ვეღარ მივუსწარით, რადგან უკვე გაყიდული იყო. შს სამინისტრომ მითხრა, თუკი რამე ცნობა მექნებოდა საქმის აღძვრის შესახებ, ამას დააბრკოლებდა, მაგრამ _ არაფერი! პროკურატურაც „საქართველოს ბანკია“, შს სამინისტროც „საქართველოს ბანკია“! „საქართველოს ბანკმა“ არ მიაქცია ყურადღება საქმის აღძვრის ფურცელს, ჩვენი გამოსახლების შეჩერებასაც გვერდი აუარა, არ ვბრუნდებოდით ბინაში, მაგრამ არც არავის შევუშვებდი და არც შევუშვებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

მიუხედავად შს სამინისტროსა და პროკურატურის წერილისა, „საქართველოს ბანკმა“ ყველაფერი გვერდზე გაწია და თქვა, _ ვინ არიან ეგენი, ბინა ჩემს სახელზეა, მინდა გაზს ჩავრთავ, მინდა _ დენსო… 2009 წლის იანვარში გათიშეს გაზი, ძალიან შეგვცივდა… ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხოთ, როგორ ითიშება ბინაში გაზი, ყველა გეტყვით, რომ მოდის „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელი, ყუთს ხსნის გასაღებით და თიშავს. ბანკის წარმომადგენლებმა ყუთი გატეხეს, ბინაში 7-ჯერ ჩაირთო და გაითიშა გაზი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეჭვებით ვსაუბრობ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ როდესაც „საქართველოს ბანკისთვის“ ცნობილი იყო, რომ ჩემს მეუღლეს თავდებობაზე არ ეკუთვნის ხელმოწერა და ფირმის ბეჭედი, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, _ „საქართველოს ბანკმა“ ხომ არ იფიქრა, ჩვენ შიგნით დაგვხოცავდა და მომდავებელი აღარავინ ეყოლებოდა?! საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ და ახსნა-განმარტებები რომ ჩამოგვართვეს, „ყაზტრანსგაზმა“ ასეთი რამე თქვა: ამ ბინაში გაზი არც ჩამირთავს და არც გამომირთავსო, მაგრამ მერე თქვა, თურმე, 2012 წელს მიუმართავს „საქართველოს ბანკს“, რომ ქონება ჩემია და გამორთეთო. ისე დაიბნა „ყაზტრანსგაზი“, რა დაეწერა, აღარ იცოდა. როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გაზეთს წაიკითხავენ, კარგად გაამახვილონ ყურადღება, რას ედავება დღეს მათ ხალხი! შს სამინისტროსა და პროკურატურის გადაწყვეტილებას ბანკი არ უნდა ემორჩილებოდეს, ყუთს უნდა მიტეხდნენ და გაზს მითიშავდნენ, როცა „ყაზტრანსგაზსა“ და „თელასში“ დოკუმენტები მქონდა მიტანილი, რომ „საქართველოს ბანკი“ უსაფუძვლოდ იყო დაპატრონებული ჩემს ქონებას და ზუსტად კახი კალაძის მინისტრობის პერიოდში ხდებოდა ეს ყველაფერი?! რისთვის მჭირდება ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე უფლებების დამცველებად? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ჩვენს ქვეყანაში ცხოველები უფრო დაცულები არიან, ვიდრე ადამიანები! არ ვაპირებ თავის დანებებას და „საქართველოს ბანკს“ არ ვაპატიებ არაფერს! ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო და ყველას გავაგებინო, რა შეუძლია გააკეთოს „საქართველოს ბანკმა“!

_ ახლა რა ეტაპზეა გამოძიება?

_ როგორც კი მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომ, სავარაუდოდ, ჩემი მეუღლის ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი გაყალბებულია, პროკურატურამ „საქართველოს ბანკი“ წელიწადნახევრის შემდეგ ძლივს დაკითხა. რაც ეს საბუთები მოვიდა, მას შემდეგ გამომძიებელზე და პროკურორზე ხელის ჩამორთმევას ვერ ვასწრებდით, ყოველდღე იცვლებოდნენ. ყველანაირი დოკუმენტაცია მოვუგროვე პროკურატურას, რომ „საქართველოს ბანკი“ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელია. დღეს „საქართველოს ბანკს“ უკანონოდ აწერია ჩვენი ქონებები და რაც მეტ დროს გაიყვანს, მით მეტი თანხა დაეკისრება მატერიალური ზიანის მიყენებისთვის! მერე გამოვლენ და იტყვიან, გილაური მართალი კაცია და პოლიტიკურად ედავებიანო! პოლიტიკურად კი არ ედავებიან, რეალური ფაქტები არსებობს! ეს არა მარტო ჩემი ოჯახის მიმართ ხდება, ირგვლივ რომ გაიხედოთ, სამშენებლო კომპანიები წაართვეს ხალხს, მაღაზიები, სამარშრუტო ტაქსები, კლინიკები, სადაზღვევო კომპანიები, ყველაფერი „საქართველოს ბანკისაა“ და ამას ხალხს ართმევდნენ, ზოგ შემთხვევაში მიზერულ ფასად, ზოგჯერ არაფრის, არაღებული სესხების ფასად! ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის ფიქტიურ თუ ფაქტობრივ მმართველს, მინდა, მივმართო, _ საბანკო სისტემამ, რომელმაც თუნდაც ერთ კონკრეტულ პირს ასეთი რამე რომ გაუკეთა და ამბობს, ბანკებს ვერ შევეხები, ჩამოიშლებაო, ბანკი ერთ მშვენიერ დღეს მაინც ჩამოიშლება, თუნდაც ამ თემით! თუკი აქ სამართალს ვერ ვიპოვი, სტრასბურგამდე გავყვები! დავით უსუფაშვილმა, რომელიც ორჯერ შემხვდა და დამპირდა ქონებების დაბრუნებას, მითხრა, თუ რა გაუკეთებია „საქართველოს ბანკს“, რომ „თიბისი ბანკზე“ მეტი თაღლითობები აქვს ჩადენილიო!.. თუ იციან, რომ ბანკები ასეთ თაღლითობებს აკეთებენ, 2015 წლამდე რატომ ვერ დადგა ამ ადამიანების საშველი? პროკურატურამ გვცნო დაზარალებულად და გარკვევით წერია, რომ მოგვადგა ზიანი, ეკა ბესელიას კომიტეტში შევიტანე განცხადება, გედევან ფოფხაძეს ტელეფონზე დავუკავშირდი, _ აქ სისტემა მოუწყობელია, მოვდივარ პარლამენტიდან და ნუ დამიკავშირდებითო! რა გამოვიდა? პარლამენტარებს პირადი პრობლემები აქვთ და ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებთ?! ისეთ სიტუაციაში ვართ, დანაშაულის ჩადენამდე მიგვიყვანენ!

ქრონიკა+საქართველოს ბანკისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ხათუნა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

_ 2007 წელს შპს „უნიტექ ტრეიდინგმა“ „საქართველოს ბანკში“ აიღო 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხი, უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით. როდესაც მსესხებელმა ვეღარ შეძლო სესხის მომსახურება, ბანკმა აწარმოა მოლაპარაკება და შესთავაზა გამოსავალი. 2012 წელს სასამართლოში მსესხებელთან გაფორმდა მორიგება სესხის რესტრუქტურიზაციაზე და, მსესხებლის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების შემდეგ, ბანკი თანახმა იყო, სესხზე დარიცხული ჯარიმები საერთოდ ჩამოეწერა. შეთანხმების მიუხედავად, მსესხებელმა არ შეასრულა პირობა და ერთი თეთრიც არ გადაუხდია 1 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხის დასაფარად. მსესხებლის მხრიდან კიდევ ერთი დარღვევის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმე გადაეცა სააღსრულებო ბიუროს.

 

თამარ ბატიაშვილი