ფარმაცევტული მონოპოლია – რისკი და საფრთხე მომხმარებლისთვის

44vvv

სახელმწიფომ ექიმი ხელმისაწვდომი გახადა და მოქალაქეებს ეს პრობლემა მოუხსნა, თუმცა ახლა წამალი გაძვირდა და ექიმიდან გამოსული პაციენტების დიდი ნაწილი, აფთიაქის ნაცვლად, სახლში მიდის. ასე რომ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი დიდად არ შეცვლილა და უექიმობა მოკლავს ადამიანს, თუ უწამლობა ამაშიც დიდი სხვაობა არ არის.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „იბერიელთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი _ მამისა ჯაფარაშვილი:

_ საავადმყოფოში გადაუდებელი მდგომარეობით როცა მოხვდება ადამიანი, შეიძლება მას უფასოდ უმკურნალონ, მაგრამ ექიმი მედიკამენტს რომ გამოწერს, ამის შემდეგ სად არის უფასო ჯანდაცვა, არ ვიცი! ყელის ტკივილის წამალი 60-70 ლარამდე ღირს. მსუბუქი ფორმის ვირუსისგან რომ მოირჩინო თავი, 100 ლარზე ნაკლები არ დაგეხარჯება. აფთიაქები ზემოგებებზე მუშაობენ და ამისი კონტროლი არ არსებობს. საერთოდაც, ფარმაცევტული სფერო არ ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას, ეს არის განსაკუთრებული ბიზნესი, რომლის მიზანიც ადამიანების ავადმყოფობით დიდი ფულის შოვნაა. გასაკვირი და შემაშფოთებელი კი ის გახლავთ, რომ ეს რგოლი ჯანდაცვაში შედის და ჯანდაცვის სამინისტრო მას ვითომ არეგულირებს.

ზაფხულში ამ სამინისტრომ მედიკამენტების რეცეპტით შეძენის წესი შემოიღო. საერთოდ, ბევრი მედიკამენტი მართლაც რეცეპტით უნდა იყიდებოდეს, მაგრამ არის უამრავი წამალი, რომელთა რეცეპტით გაყიდვაც სწორი არ არის. ყველამ ვიცით, მთავრობა როგორ მწირ პენსიას აძლევს პენსიონერს და რა გაჭირვებულად ცხოვრობს მოსახლეობა. პენსიონერმა, რომელიც არის ჰიპერტონიკი, წნევამ რომ არ აუწიოს, ყოველ დილით უნდა დალიოს წამალი. ამ წამლის რეცეპტის გამო ის რაიონში მიდის ექიმთან, რადგან სხვანაირად ვერ ახერხებს წამლის შეძენას. ეს ცხოვრების გართულებაა! რეცეპტიზაციის სქემის შემოღებამ ისევ ფარმაცევტული ბიზნესის წისქვილს დაასხა წყალი, ხალხის მდგომარეობა კი უფრო გაართულა. იმ საკითხებს, რისთვისაც ვითომ მედიკამენტების რეცეპტიზაცია მოხდა, მაინც არაფერი ეშველა. ნარკომანები რასაც უნდოდათ, მაინც ყიდულობენ და „ენაპ-H“ და სხვა წნევის წამლები არც ერთ ნარკომანს არ ესაჭიროება.

მე მაქვს კერძო აფთიაქი და უნდა ვემორჩილებოდე ჯანდაცვის მინისტრის გამოცემულ კანონს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ის ბევრჯერ დავარღვიე და ურეცეპტოდ გავეცი წამალი. იყო შემთხვევები, როცა შემოვიდა ადამიანი და მითხრა, რომ მაღალი წნევა ჰქონდა, გავუსინჯე და სიმართლეს ამბობდა. როგორ მეთქვა, რაიონში წადი, ექიმის რეცეპტი მომიტანე და მერე მოგცემ წამალს-მეთქი?

_ მე კი იანვარში ასეთი რამ შემემთხვა: ალერგია დამემართა, სახე გამისივდა, პერიოდულად მეკეტებოდა ხორხი. სასწრაფოს გამოძახება რადენჯერმე მომიხდა. რადგან შაბათ-კვირა დაემთხვა, ოჯახის ექიმი ვერ გამოვიძახე. ერთხელაც, როცა ალერგიამ შემომიტია და ყელის სპაზმი დამეწყო (გამოიხატებოდა ხშირი ხველით), სასწრაფომ დაიგვიანა და იქვე, „ჯიპისის“ აფთიქში გავიქეცი. ფარმაცევტებს ავუხსენი მდგომარეობა და ვთხოვე ალერგიის წამალი, რომელიც რეცეპტით გაიცემა. სახეზეც მეტყობოდა, რომ ტყუილს არ ვამბობდი, თუმცა ისიც ვუთხარი, რომ წამალს მათ თვალწინ დავლევდი, მაგრამ მაინც არ მომცეს. იქიდანვე დავუკავშირდი სასწრაფოს და ვუთხარი, რომ ეჩქარათ, რადგან ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. აი, უსაფუძვლო რეცეპტიზაციის კიდევ ერთი შედეგი.

_ უამრავი მედიკამენტია ხალხისთვის უაზროდ აკრძალული. საქმე ის არის, რომ ამ პროცესს ექიმების რეიტინგიც არ გაუზრდია. ეს გადაწყვეტილება გახდა იმის საფუძველი, რომ დიდი შემომტანი ფირმები უკეთ აკოტრებენ და აქრობენ პატარა და საშუალო აფთიაქებს. მონოპოლისტ ფირმებს შესაძლებლობა და უფლება მიეცათ, რომ საკუთარ აფთიაქებში დასვან ექიმები, რომლებიც ყოველგვარი გასინჯვისა და ანამნეზის გარეშე წერენ წამლებს. ფაქტობრივად, ისინი ექიმები კი არა, მხოლოდ რეცეპტის გამომწერები არიან. პაციენტი თავად ეუბნება, ესა და ეს წამალი გვინდაო და ისინიც უსიტყვოდ უწერენ წამალს, რომელიც მათ აფთიაქშია. თუ მათ აფთიაქს კონკრეტული წამალი არ აქვს, მას ეს ექიმი არ გამოწერს. გამოდის, რომ ეს კამპანია მხოლოდ საკუთარი ფირმის მსყიდველუნარიანობის გაზრდას ემსახურება და არა ადამიანების ჯანმრთელობას. ჯანდაცვის სამინისტროს ამ ნაბიჯმა მხოლოდ ის გააკეთა, რომ გზა გაუხსნა ისეთ დიდ შემომტან ფირმებს, როგორებიც არიან: „ავერსი“, „პეესპე“, „ჯიპისი“ და „ფარმადეპო“. „პეესპეს“ აფთიაქში მხოლოდ „ჯიემპის“ წამლებს სთავაზობენ მომხმარებელს, „ავერსში“ _ „ავერსი რაციონალის“ წამლებს. უამრავ ჯენერიკს შემოგთავაზებენ, ოღონდ „ავერსის“ წამალი გაყიდონ. თუ მედიცინის მუშაკი არ ხარ, ვერაფერს მიხვდები ამ ლაბირინთში, თავგზა აგერევა და მაინც იმ წამალს იყიდი, რაც მათ უნდათ.

_ ე. ი. კანონი შემოიღეს, კონტროლი არ დააწესეს და ფულზე გაგიჟებულ აფთიაქებს მიუგდეს ხალხი საჯიჯგნად, გასაძარცვად? 

_ ასეთ საქმეს მკაცრი ხელი სჭირდება. აფთიაქებს უნდა აკრძალვოდათ ექიმების დასმა რეცეპტის გამომწერებად. ეს მედიცინის მუშაკის პრესტიჟზე უარყოფითად მოქმედებს. ამ ფაქტმა ექიმების ავტორიტეტი კიდევ უფრო დასცა. კონტროლი უნდა იყოს დაწესებული იმაზეც, რომ კლინიკებში ექიმები რა წამლებსაც წერენ, აფთიაქარები დაუკითხავად არ ცვლიდნენ და რა დასახელებითაც მათ აქვთ გამოწერილი, იმას აძლევდნენ. ისიც კარგად არის შესამოწმებელი, ის მედიკამენტები, რომლებიც ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზეა გამოტანილი, რამდენად ეფექტურია, ან შემადგენლობაში რა არის და ა. შ. ფალსიფიცირებული წამლები ცალკე სალაპარაკო თემაა, რადგან ბევრი მედიკამენტია, სადაც მოქმედი ნივთიერებები არის მცირე დოზით, ან საერთოდ არ არის.

რატომ არ შეიძლება, ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრად გააკონტროლოს? პასუხს იმიტომ არავინ სთხოვს, რომ მათი დამფუძნებლები კვლავ პარლამენტში სხედან და ამ საქმეს იქიდან ლობირებენ. „პეესპეს“ მეპატრონე, კახა ოქრიაშვილი, რამდენიმე წელია, პარლამენტიდან არ გამოდის და ვერც ვერავინ ეუბნება, ასე არ შეიძლება, ფასები უნდა დაწიოო..

ახლა გეტყვით, რისი გამკეთებლები არიან მონოპოლისტი ფარმაცევტული ფირმები _ ბაზარი როცა ელექტრონულ ვერსიებზე გადავიდა და მედიკამენტები კომპიუტერით რეგულირდებოდა, მათ ასეთი აფერა ჩაიდინეს: წამლები, რომლებიც 50-70 ლარი ღირდა და დისტრიბუტორ, პატარა აფთიაქებსაც ამ თანხებში ჰქონდათ წამოღებული, ერთ დღეს გააიაფეს და 3 ლარი გახადეს. უმეტესწილად ეს მედიკამენტები იყო დიაბეტის წამლები: „ამარილი“, „დიაბეტონი“; ეპილეფსიის: „დეპაკინი“, „ფილეპსინი“ და ა. შ. ასე იმიტომ გააკეთეს, რომ მონოპოლისტი ფირმები ამ წამლებს გაზრდილი ფასებით ყიდდნენ და არ უნდოდათ, ამ ზემოგებების შესახებ სახელმწიფოს გაეგო. არ უნდოდათ, ხელისუფლებისთვის ეჩვენებინათ 100.000-პროცენტიანი მოგებები და იძუბული გახდნენ, ფასები შეემცირებინათ. „ამარილი“ 42 ლარი ღირდა და მერე 2,39 თეთრი გახდა. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა ამ პროცესის შემდეგ პატარა აფთიაქებს?! 42 ლარში წამოღებული „ამარილი“ 2,37 თეთრად შერჩათ. ვისაც ვალზე ჰქონდა ასეთი წამლები წამოღებული, ისევ ძველი ფასებით მოსთხოვეს თანხის დაბრუნება. ამ პროცესის წინ არავინ გაუფრთხილებიათ, რადგან ჩაფიქრებული ჰქონდათ მათი გაკოტრება და ასეც მოხდა. ბევრი დაიხურა, თუმცა დიდმა ფირმებმა ჯიბე მაინც გაისქელეს და უფრო მეტი აფთიაქის გახსნა დაიწყეს. ფასების ზრდას აფთიაქებში არავინ აკონტროლებს და კანონებს მხოლოდ იმიტომ იღებენ, მოსახლეობას კიდევ უფრო რომ გაურთულონ ცხოვრება, აფთიაქსვავებს კი გაუიოლონ.

_ ახლაც გაძვირდა წამლები, მაგრამ ეს დოლარის კურსის ზრდით ახსნეს… იტყუებიან? 

_ დოლარის კურსი სხვა დროსაც იცვლებოდა, მაგრამ რადგან მაკონტროლებელი არ ჰყავთ, როგორც უნდათ, ისე იქცევიან. მსხვილი ფარმაცევტული ფირმები კურსის ცვლილებას სულმოუთქმელად ელოდებიან, წამალი რომ გააძვირონ და მერე ფასი აღარ დააკლონ. ისეთ წამლებზეც გაზარდეს ფასები, რომლებიც უცხოეთიდან შემოტანილი არ არის და ადგილობრივი წარმოებისაა. აფთიაქები ამჟამადაც მაღალ პროცეტზე მუშაობენ და კარტერული გარიგებების საშუალებით ყველა წამალს ერთი ფასი აქვს. ამას ბიზნესი კი არა, მაფია ჰქვია, რომლის ლობიც ხელისუფლებაა. მონოპოლიური სამსახურის შექმნასაც იმიტომ ვერ დააყენეს საშველი. ხალხის მძარცველ კომპანიებს მწვანე შუქი აქვს ანთებული, ხალხს სული რომ ამოხადონ. როცა „ნაციონალების“ დროს წამლები გაძვირდა, „პეესპეს“ წარმომადგენელს ვუთხარი, _ ასე რატომ გააკეთეთ-მეთქი? მიპასუხა, _ რა ვქნათ, ხელისუფლებამ აღამაშენებლის ქუჩა შეაკეთა და ფული ჩვენ წაგვართვაო. ეს ფული აფთიაქებმა მერე ხალხის ჯიბიდან ამოიღეს. საბოლოო ჯამში, ის, რასაც ხელისუფლება იბრალებდა და თავს გვაწონებდა, ხალხის გაკეთებული იყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

_ დღეს ბიზნესს ხელისუფლება აღარ აყაჩაღებს და ეს არის ახალი ერთადერთი მონაპოვარი, თუმცა ის ამბობს, რომ კერძო კომპანიების საქმიანობაში ვერ ჩაერევა. აი, ეს კი სიმართლე არ მგონია. ბევრი მაგალითი ცხადყოფს, რომ რაშიც მას უნდა, ერევა და რაშიც არ უნდა, არ ერევა…

_ როცა ჯიბგირი, ან სახელმწიფო მოხელე მოქალაქეს ფულს სძალავს, ხდება კორუფცია, ქრთამის აღება, გამოძალვა და მაშინ ამ ადამიანს აპატიმრებენ. რაც მოგიყევით, ისიც იგივეა, ოღონდ კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და იქნებ, ვინმემ ამიხსნას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო რატომ არ უნდა ჩაერიოს? ფულით ზომავენ, დამნაშავე დასაჯონ, თუ არადა მდიდრებს კანონიც არ ეხებათ?

სახელმწიფოს სისუსტე კიდევ ის გახლავთ, რომ მას არ აქვს თავისი აფთიაქები, რომელიც კერძო ფარმაცევტული კომპანიების მიერ წამლებზე დადებულ გაბერილ ფასებს კონკურენციას გაუწევს და მონოპოლისტებს ამგვარად აიძულებს, მედიკამენტების ფასი ხალხისთვის მისაღები გახადოს. ჯანდაცვის ზედა რგოლმა უნდა არეგულიროს ეს საკითხი, რადგან სახელმწიფო ექიმთან მისვლაში თუ დაგეხმარა, მაგრამ წამალი და მედიკამენტი ვერ იყიდე, ამ დახმარებას აზრი არ ეკარგება. საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლიც უნდა იყოს და გაირკვეს, რა ხარისხის წამალი შემოდის, როგორ მზადდება? ქსელური მარკეტინგის საკითხებიც უკონტროლოა.

„ქრონიკა+“-მა ინტერვიუში აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი სთხოვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს _ დავით მაჭარაშვილს: 

_ გარკვეულ მონიტორინგს ვაწარმოებთ თვეში ორჯერ პირველადი დახმარების წამლებზე. ამ ეტაპზე სამკურნალწამლო საშუალებების გარკვეულ ნაწილზე ფასებმა აიწია. რამდენიმე კომპანიას _ „პეესპესა“ და „ავერსს“ აქვთ აქცია და პირველადი მოხმარების სამკურნალო საშუალებებზე ფასები დაწიეს. როგორც ვიცი, კიდევ აპირებენ ფასების დაწევას. რაც შეეხება სამკურნალო საშუალებების პროგრამულ სუფსიდირებას, სახელმწიფო მას, ამ ეტაპზე, ახორციელებს, თუმცა მომდინარეობს მუშაობა იმაზეც, რომ პირველადი მოხმარების სამკურნალო საშუალებების გარკვეული ნაწილის სუბსიდირება შეიძლება მოხდეს ჯანდაცვის ფარგლებში და მისი დაფინანსება მოხერხდეს.

90-იანი წლებიდან, როცა პრივატიზაცია მოხდა, სახელმწიფო მფლობელობაში არც ერთი აფთიაქი არ დარჩენილა. პრივატიზაციის დროს ის გადავიდა კერძო იურიდიული პირების სარგებლობაში და სახელმწფო ამჟამად არანაირად არ არის უფლებამოსილი, რომ სამკურნალო საშუალებების იმპორტი განახორციელოს, თუ არ არის ეს პროგრამული მედიკამენტი, რომლის დაფინანსებასაც თავად სახელმწიფო ახორციელებს. წერილში ანტიჰისტამინურ საშუალებაზე იყო საუბარი, რომ „ჯიპისის“ აფთიაქში რეცეპტის გარეშე არ მისცეს. ანტიჰისტამინური საშუალებები, „ცეტივიზინის“ გარდა,  ყველა ურეცეპტოდ გაიცემა და აფთიაქარებისგან ასეთი საქციელი არასწორია.

ისიც დარღვევაა, როცა ექიმი რეცეპტს გასინჯვის გარეშე წერს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისთვის განსაზღვრულია სანიტარიულ-ტექნიკური პირობები და თუ გასინჯვის გარეშე ექიმი გამოწერს რეცეპტს და ის მხოლოდ მწერალია, რა თქმა უნდა, არის დარღვევა. სამკურნალწამლო რეცეპტის გამოწერა უნდა მოხდეს დიაგნოზირებით და არა პაციენტის დაკვეთით. სადაც ეს ხდება არის გადაცდომა.

_ მერე, არ ამოწმებთ აფთიაქებს, ყველგან თითქმის ასე ხდება… კიდევ გვაინტერესებს:  საქართველოში წამლის ხარისხი მოწმდება?

_ რა თქმა უნდა, აფთიაქებს ვამოწმებთ და გვაქვს კიდევაც ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა ღონისძიებას ვახორციელებთ, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩევით კონტროლსაც. ვარჩევთ მედიკამენტებს და ლაბორატორიულ ანალიზს ვუტარებთ. როცა ლაბორატორიიდან მოდის დასკვნა, მერე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. როცა ვამბობთ, რომ პაციენტს წამალმა არ უშველა, დარწმუნებული ვართ, რომ ის ექიმის მიერ არის შერჩეული? შეიძლება მედიკამენტს დადებითი შედეგი იმიტომ არ აქვს, რომ ის არარაციონალურად არის შერჩეული, ან ადამიანმა ის მეგობრისა და მეზობლის რჩევით მიიღო. ასეთ სამკურნალწამლო საშუალებას, ცხადია,  ეფექტი ვერ ექნება. არ შეილება მედიკამენტის მიღება, თუ სწორად არ დადგინდა, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და არ შეირჩა სწორად სამკურნალწამლო საშუალებაც.

აფთიაქებში გვაქვს ხოლმე გასვლითი შემოწმებები, მაგრამ მაკონტროლებლისთვის ხარვეზის აღმოჩენა რთულია. თუმცა მსხვილ კომპანიებში გატარდა ღინისძიებები და ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები დავაფიქსირეთ.

_ წამლის ხარისხის შემოწმების დროს დარღვევები საერთოდ არ  გხვდებათ?

_ ამ დარღვევებისთვის ფალსიფიკაციის სტატუსის მიცემა ცოტა რთულია, მაგრამ ვაფიქსირებთ რეგისტრაციის დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის ფაქტებს, ეს არის წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტი. შეიძლება ტექნოლოგიური პროცესი დაირღვა და ამიტომ არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რომელიც მოცემული არის მეცნიერულ-ტექნიკურ ნაწილში.

 

 

P.S. წერილი თითქმის მზად მქონდა, როცა „ჯიპისის“ აფთიაქში მომიხდა მისვლა. მოვითხოვე „ულტრაკაინის“ კალპულა, რომელიც სპეციალურ შპრიცში იდება და ამ ფორმით გამოიყენება. მითხრეს, რომ წამალი მხოლოდ რეცეპტით გაიცემოდა. ჯერ დავიბენი, მერე კი შევწუხდი, თუმცა გამყიდველი ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას ახალი შეთავაზებით შეეცადა, _ გვერდით ოთახში ზის ექიმი და ის გამოგიწერთ წამალსო. ექიმთან რიგი იდგა. როცა ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ყველა მხოლოდ რეცეპტის გამოსაწერად იყო მისული. ექიმის მომცრო ოთახში მოწყობილი მაგიდა და ორი სკამი იმაზე მიანიშნებდა, რომ მის საქმიანობაში პაციენტის გასინჯვა არ იგულისხმებოდა. ჩემ წინ მდგომები შევიდნენ და უმალ რეცეპტით გამოვიდნენ, მე კი ცოტა შემაგვიანდა, რადგან ექიმმა არ იცოდა, რა იყო კალპულა. ამ ფორმით წამალი კომპიუტერში დიდხანს ეძება, ათასჯერ გადაამოწმა ჩემთან, რამე ხომ არ გეშლებათო და ბოლოს მითხრა, რადგან ასე გინდა, იყოს კალპულა, გამოვწერო. ამ რეცეპტით სასურველი მედიკამენტი იგივე აფთიაქში შევიძინე. ამოცანა გვეკითხება, _ რა დანიშნულება აქვს ამ შემთხვევაში რეცეპტს?!

 

ნელი ვარდიაშვილი