ამერიკაში საქართველოს ომში ჩართვის გეგმას განიხილავენ?

11082935_10205442745683475_1932615877_n

ამ თემაზე, რომელსაც ახლა გაეცნობით, ჯერჯერობით, ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ მალე შეიძლება აქტუალური გახდეს. საქმე ის არის, რომ ამერიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ბარაკ ობამას ასეთი რამ უთხრა: უკრაინაში, გარკვეულწილად, უკეთესი სიტუაცია ექნებოდა, კავკასიაში საქართველოსაც რომ გაეხსნა რუსეთისთვის მეორე ფრონტიო… ანუ, ფაქტობრივად, პოროშენკომ საქართველოსგან ომის დაწყება მოითხოვა.

პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ პოროშენკო, თავისთავად, ვერ დააყენებდა ასეთ იდეას, მანამდეც რომ არ ყოფილიყო ამაზე საუბარი, ამდენად, ომის დაწყების საკითხი დღის წესრიგში დგას. სხვათა შორის, სამხედრო ექსპერტები სწორედ ამით ხსნიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ტექნიკის შეყვანას და სამხედრო კონტინგენტის გაზრდას. როგორც ჩანს, მოსკოვმა პირდაპირ მუქარად და განხორციელებად გეგმად მიიჩნია პოროშენკოს იდეა.

მეორე საკითხია, რას მოიტანს ასეთი ომი საქართველოსთვის? იგივე სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება და ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ასეთი ომისთვის საქართველოს რესურსებიც არ გააჩნია _ 2008 წლის შემდეგ ქართული არმია ფაქტობრივად, აღარც კი არსებობს. პირველ რიგში, ეს გახლავთ რესურსების არქონა და ისიც მთავარია, რომ არც ხელისუფლებისგან ისმის ომის რიტორიკა. არადა, პოლიტოლოგების აზრით, სწორედ ამ უკანასკნელი არგუმენტის გამო გახლავთ  პოროშენკო განაწყენებული. არც იმას გამორიცხავენ, რომ მსგავსი იდეა მას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიაწოდა… თუმცა სააკაშვილი დღეს ნაკლებ ბერკეტებს ფლობს ამისთვის. იგი ოპოზიციონერია, თანაც დევნილობაში მყოფი ოპოზიციონერი და ომის დაწყება-არდაწყების საქმეს მას არავინ ეკითხება…

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის განმარტებით: „ამ შემთხვევაში „ნაცები“ არაფერ შუაში არიან, ეს სცენარი არსებულ ხელისუფლებას მეტ პოპულარობასა და ამერიკის მძლავრ მხარდაჭერას მოუტანს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ომის დაგეგმვას ამერიკელები ძალიან სერიოზულად უდგებიან და პოლიტიკოსები ამაში ვერ ერევიან. ანუ პოროშენკო იდეას თუ გააჟღერებს, თორემ ომის დაწყება საჭიროა თუ არა, ამას მხოლოდ ობამა წყვეტს და პოლიტიკური ინტერესები. პოლიტიკოსები მხოლოდ ზოგად, გარდაუვალ და ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხს ამოცანად უსვამენ სამხედროებს და სამხედროები ადგენენ საჭირო დიპლომატიურ, პოლიტიკურ და საბრძოლო სტრატეგიებს. ასე რომ, თუკი ამ ომის (დასავლეთი-რუსეთი) საჭიროება მოითხოვს საქართველოს გარდაუვალ ჩართვას, დიდი ალბათობით, საქართველო თავს ვერ დააღწევს მას, მაგრამ ეს იქნება პირდაპირი დიალოგი იმ დროს არსებულ ხელისუფლებასთან და არა რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან. „ნაცების“ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი ვარიანტი არჩევნებია და სხვა მოქმედება დასავლეთისგან არ იქნება მხარდაჭერილი, ამიტომ ვერ ვხედავ ნაცების ხელისუფლებაში მოყვანისა და მეორე ფრონტის გახსნას შორის რამე კავშირს. არავის არავინ ხელისუფლებაში არ მოჰყავს“.

ერთი სიტყვით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ვაშინგტონში არ მიიღებენ და თბილისისგან საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ მოითხოვენ, მით უმეტეს, დღევანდელ მოცემულობაში, როცა ქართულ არმიას ამის თავი არ აქვს.

„ქრონიკა+“-სთან ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ: „მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში უფრო ფანტასტიკის დონეა იმ სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ რუსეთი ძალიან სტრატეგიულ მიმართულებებს აკონტროლებს საქართველოში _ აფხაზეთიდან მთელ დასავლეთ საქართველოს; ცხინვალის რეგიონიდან ჭრის საქართველოს შუაზე; და სომხეთიდან _ მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს აკონტროლებს. ამ პირობებში რამე ფართომასშტაბიანი ფრონტის გახსნა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადავწყვიტეთ მივცეთ რუსეთს მთელი საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობა. ამიტომ მეორე ფრონტის გახსნა დღევანდელ პირობებში იქნება საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი. აქვე მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ საქართველოში დღეს ის ხელისუფლებაა, რომელიც რუსეთს უბატონოდ არ სცემს ხმას და არც იმის შნო და უნარი აქვს, რამე სამხედრო ოპერაციები აწარმოოს, ხოლო ჯარისა და სხვა ძალოვანი უწყებების, ზოგადად, საზოგადოების, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნამდვილად არ არის საომარი მოქმედებებისთვის მზად“.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმედი არ დავკარგოთ, რომ პოროშენკოს იდეა იდეად დარჩება და „პენტაგონში“ ამაზე შორს არ წავლენ. ისე, ომი ნამდვილად არ შედის ჩვენს ინტერესებში, მაგრამ ისიც საწყენია, რომ საჭირო რომ იყოს, მაინც არ გვაქვს ამის თავი. ადრე არაერთხელ ვთქვით, რომ სამხედროების დასკვნით ქართულ ჯარს აღარ შეუძლია იმ ფუნქციის შესრულება, რასაც სამშობლოს დაცვა ჰქვია. აბა, რა საჭიროა ასეთი ჯარი? არადა, საჭიროა! მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა მოსკოვში გაურკვეველი ვითარებაა შექმნილი. პუტინის გაუჩინარებაზე ატეხილ აჟიოტაჟს ვგულისხმობ. ამ აჟიოტაჟში რა არის მართალი და რა _ მოგონილი, ძნელი სათქმელია, მაგრამ სცენარი, რომ რუსეთის პრეზიდენტს გარკვეული ძალები მესამე მსოფლიო ომის დაწყების უფლებას არ მისცემენ, ყოველთვის განიხილებოდა. აქ გასაკვირიც არაფერია. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ რუსები არიან წარმოდგენილნი და უნდათ კი ახლა მათ ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ? არა, ნამდვილად არ უნდათ! ასე რომ, გამორიცხული არ არის, პუტინი მართლაც გაიყვანონ თამაშგარე მდგომარეობაში, თუმცა არსებობს საპირისპირო სცენარიც, რომლის მიხედვითაც პუტინს რუსეთის სამხედრო ელიტა პასიურობაში ადანაშაულებს და მისგან უფრო ხისტ ქმედებებს მოითხოვს. თუკი ძალაუფლება ამ სალდაფონური დაჯგუფების ხელში აღმოჩნდება, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ელის მსოფლიოს. ჩვენ ყველანაირი სიტუაციისთვის უნდა ვიყოთ მზად და საჭიროების შემთხვევაში უნდა შევძლოთ საკუთარი ინტერესების თუნდაც ძალის გამოყენებით დაცვა. აი, ამიტომ არის გულსატკენი ქართული არმიის სისუსტეებზე საუბარი. ჩვენ დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ და ჯარის გაძლიერებაზე არ ვიზრუნოთ. არმიის ჭეშმარიტ შენებაზეა საუბარი, თორემ სააკაშვილიც კი აშენებდა თავისი ჭკუით ჯარს, მაგრამ ეს შენება ფასადური აღმოჩნდა და პირველივე შემთხვევაში, ანუ ომის პირობებში, დღენახევარში ჩამოიშალა. ამ სიტუაციის გამოსწორება უნდა იყოს დღეს ხელისუფლების მთავარი მიზანი. ძნელი ამოცანაა, მაგრამ არა _ შეუძლებელი. ქართულ ჯარს უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სამხედრო მისიის განხორციელება. შეიძლება ამის აუცილებლობა სულ მალე თავისითაც დადგეს, ამიტომ ქართული არმიის შესაბამისობაში მოყვანა ეროვნული სტრატეგიის ძირითადი ნაწილია და მის განსახორციელებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

 

დავით დევიძე