საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს იჭერენ?!.

11111111111w

ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე საზოგადოება ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც, სამართლებრივ საკითხთან ერთად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს. მთავრობამ პროკურატურის სისტემაში უკვე შექმნა „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“. როგორც ხელისუფლებამ განმარტა, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ პროკურატურაში არსებული საქმეები, სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული და მიტაცებული ქონების დაბრუნებაზე ღიად საუბრობენ, აღნიშნული დეპარტამენტის განხილვის საგანი გახდება. ამ პროცესში კვლავ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ისეთი საქმეების მიმართ, რომელთა მხარეები დღემდე მოქმედი მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირები არიან. მათ შორისაა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, რომელიც 2007 წლიდან, აჭარის ყოფილი ხელისუფლების მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში დღემდე ცხოვრობს. „ქრონიკა+“ საქმის მასალებზე უკვე წერდა, ამჟამად მკითხველს ექსკლუზიურად მოვუთხრობთ იმ ახალ გარემოებებზე, რომელზედაც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საუბრობს.

რა ექსკლუზიური ფაქტები მოიპოვა „ქრონიკა+“-მა? რას ამბობს გიორგი პაპუაშვილის საქციელზე როლანდ ბლადაძე? რატომ არიდებს თავს კითხვების გაცემას გიორგი პაპუაშვილი? როგორ აპირებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერცხვენას? ყიდის თუ არა პირველი კონსტიტუციონალისტი ბლადაძისთვის წართმეულ ბინას?

პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებას იძიებს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ არსებულ დოკუმენტაციაზე საუბრობენ. ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში, გიორგი პაპუაშვილის მიმართ, უკვე სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ კითხვებზე მეტყველებს. გამოძიება გიორგი პაპუაშვილის აჭარის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მიტაცების საკითხს სწავლობს. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის 11 თებერვლის წერილი, რომელსაც როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველები ავრცელებენ, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი პაპუაშვილის ქმედების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის ნიშნებით. საქმე ეხება აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის შემთხევვას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულებით საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა და სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა, ხოლო გიორგი პაპუაშვილმა, საკუთრივ, 2010 წელს როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი მიისაკუთრა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით არის როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გიორგი პაპუაშვილის მხრიდან, როლანდ ბლადაძის მიმართ განხორციელდა კიდევ ერთი კანონშეუსაბამო მოქმედება. კერძოდ: 2010 წლის მარტში გიორგი პაპუაშვილს საკუთრების უფლება წარმოეშვა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხზე, რომლის გასხვისება არც 2007 წლის სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც სხვა იურიდიული დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა.

საქმეში არსებული მასალებით მტკიცდება, რომ 2009 წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება, რომელმაც დღის წესრიგით განიხილა ერთადერთი საკითხი _ გიორგი პაპუაშვილისთვის დამხმარე ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით მომზადდა მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მისამართით, რათა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში აღრიცხულიყო ბათუმში, ზ. გორგილაძის ქ. N37-ში მდებარე დამხმარე ნაგებობა _ სამეურნეო სათავსი და ავტოფარეხი 35,63 კვ.მ ოდენობით. როლანდ ბლადაძის ადვოკატთა განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება გიორგი პაპუაშვილისთვის ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მეტიც, ავტოფარეხი არ წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, 2000 წლის 11 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის ოქმის გადაწყვეტილებით, ავტოფარეხი გატარდა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით მხოლოდ როლანდ ბლადაძე ითვლებოდა მის მართლზომიერ მფლობელად, ამიტომაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უფლებამოსილი არ იყო, განეხილა ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის მიკუთვნების საკითხი, თუმცა დოკუმენტებით ჩანს, რომ, აღნიშნული მოქმედებებით, ბლადაძის მიმართ, მორიგი უკანონო მოქმედება განხორციელდა.

„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში არსებობს ამხანაგობის თავმჯდომარის ჩვენება. კერძოდ, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ავტოფარეხი როლანდ ბლადაძის საკუთრება იყო, იგი გიორგი პაპუაშვილის დაცვის უფროსმა მიიყვანა მაშინდელ გამგებელთან, სადაც გამზადებული დახვდა ოქმი გიორგი პაპუაშვილისთვის გადაცემის შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარეს ზემოქმედების ქვეშ მოუხდა ოქმზე ხელის მოწერა. აღნიშნული ხელმოწერა ნოტარიუსმა დაადასტურა. ამასთან, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივში აღარ მოიპოვება ავტოფარეხზე როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტები. ამჟამად გვხვდება მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ერას ქუჩა N37-ში მდებარე როლანდ ბლადაძის ავტოფარეხი, რომელიც საარქივო მასალებში არ ინახება“, რაც ცალკე დანაშაულის ნიშნებს ატარებს. ისტორიას კიდევ უფრო ამძიმებს გიორგი პაპუაშვილისთვის ავტოფარეხის მისაკუთრების შემდგომი ბედიც. ბათუმში 2012 წელს ერას ქ. N37-ში განხორციელდა ავტოფარეხებისა და დამხმარე სათავსების დემონტაჟი, მათ შორის მოექცა გიორგი პაპუაშვილის სახელზე გაფორმებული ავტოფარეხიც. როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველებმა 2013 წლის ივნისში შეძლეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დემონტირებული ავტოფარეხის სანაცვლოდ, გიორგი პაპუაშვილმა, კომპენსაციის სახით, მოითხოვა და მიიღო 3565 ლარი. აღნიშნული მოქმედებები დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით, ამიტომაც როლანდ ბლადაძის ადვოკატები, არჩილ კაიკაციშვილი და ნანა წულაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ 2013 წლის 5 ივლისს დაწყებული გამოძიება დაჩქარდეს და კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპების მაღალი სტანდარტებით საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე, რომელიც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან თაღლითური გზით ქ. ბათუმში კერძო საკუთრების მიტაცებას ეხება.

„ქრონიკა+“ არჩილ კაიკაციშვილს ესაუბრება:

_ ვფიქრობთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ახალი ხელისუფლება შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს. როდესაც ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება გამოხატა და სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმართ ქონებაჩამორთმეულთა მხრიდან განსაკუთრებული მოლოდინები გაჩნდა, იმის ნაცვლად, გიორგი პაპუაშვილმა თავად გადადგას ღირსეული ნაბიჯი და საზოგადოებას მაგალითი მისცეს, რომ კანონიერებისა და სამართლიანობის მხარესაა, საკუთარ იმუნიტეტს ბოროტად იყენებს და დღმდე დუმს იმ სახლის მომავალ ბედთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცა და ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ასევე როლანდ ბლადაძის ავტოფარეხის მიტაცების ფაქტიც კარგად აჩვენებს ამ კაცის სამართლიანობას და რეალურ სახეს. ამიტომაც საზოგადოება არ უნდა ღელავდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების ანტიეროვნულ შინაარსზე, რადგანაც სასამართლო ვერ იქნება სამართლიანი, როდესაც სათავეში უდგას თავად კანონდამრღვევი ხელმძღვანელი. მგონი, არც საქართველოში და არც ევროსაბჭოში, ევროპარლამენტსა თუ ვენეციის კომისიაში, საიდანაც ოფიციალური წერილები მოგვივიდა, არავინ დაობს იმ ფაქტზე, რომ როლანდ ბლადაძე იმ პირთა შორის აღმოჩნდა, რომელსაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ წაართვეს 2004 წელს. საქმეზე 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ბლადაძის მიმართ 2004 წლის აგვისტოში სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქმეზე კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებები გრძელდება.

_ არჩილ, როგორც ვიცით, თქვენ საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებს ოფიციალური წერილით მიმართეთ, რათა აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილთან დაწყებულიყო მოლაპარაკებები და სახელმწიფოს ალტერნატიული ფართი შეეთავაზებინა. რა ეტაპზეა თქვენი წინადადების განხილვა?

_ დიახ, ჩვენ მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, რათა სახელმწიფოს მხრიდან ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვის პროცესში პრიორიტეტული ხარისხი მიენიჭოს როლანდ ბლადაძის საქმეს. ჯერჯერობით უცნობია, რა პრიორიტეტულ მიმართულებებზე იქნება დეპარტამენტის საქმიანობა ორიენტირებული, მაგრამ კანონის უზენაესობა შეუძლებელია დადგეს ისეთი სისტემური დანაშაულებების შეფასების გარეშე, სადაც სახელმწიფო ქონების ჩამორთმევას ახორციელებდა ძალადობრივი მეთოდით, განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო შეხედულებების მოტივებით. როლანდ ბლადაძის შემთხვევა ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ უკვე მივწერეთ პროკურატურას, რომ საქმის შესწავლა დაიწყოს. საქართველოს მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა და მთავარმა პროკურატურამ გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ და ქონების რეალურ მფლობელს წართმეული ქონება დაუბრუნდეს. ეს საქმე გიორგი კვირიკაშვილის უწყებისგან აქტიური მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს, რა დროსაც შესაძლებელი გახდება, ბლადაძემ პაპუაშვილისგან კუთვნილი ქონება დაიბრუნოს. სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზოს, იკისროს მედიატორის როლი და ბლადაძეს დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ სამინისტროს აქვს მედიაციის ასეთი პრაქტიკული გამოცდილება, თუმცა ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მხარდაჭერაში სამინისტრო დღეს კონკრეტულ ინიციატივებსაც გვიჩვენებს. ასევე მივმართეთ თეა წულუკიანს და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით სამინისტროს დახმარება და პასუხისმგებლობის გაზიარება ვთხოვეთ. ეროვნული დონის სასამართლოების ამოწურვის შემდგომ როლანდ ბლადაძის საქმე შესაძლებელია გაიგზავნოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, სადაც საქართველოს სახელმწიფოს სახით მხარე იუსტიციის სამინისტროა. საქართველოს მიმართ მორიგი საჩივარი და საქმის მოგების ალბათობა, მათ შორის, კვლავ ფინანსურ ვალდებულებად დაეკისრება საქართველოს, რაც არც როლანდ ბლადაძის დღევანდელ ინტერესებს პასუხობს და არც მისი კანონიერი ინტერესების დამცველთა პოზიციას. მიმაჩნია, რომ იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაიწყოს საქმეზე მორიგების ინსტიტუტის ამოქმედება, პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სამართლებრივი შეცდომების აღმოფხვრა და ბლადაძის მიმართ კუთვნილი ქონების დაბრუნება. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გიორგი პაპუაშვილს როლანდ ბლადაძის ქონება გადასცა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ იცოდა, რომ მიღებული სახლი სადავო იყო. ეს იცოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, ამიტომ გიორგი პაპუაშვილი ვერასოდეს მიიჩნევა ქონების კეთილსინდისიერ შემძენად. ამჟამად ჩვენი მიმართვები სამინისტროების იურიდიულ დეპარტამენტებს აწერია.

_ პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე „ახალგაზრდა ადვოკატებისგან“ დაცვის მნიშვნელოვან სტრატეგიას უნდა ელოდოს. თქვით, რომ აჭარაში საშვილიშვილოდ შევარცხვენთო. როგორ აპირებთ ამას, რას გულისხმობთ?

_ როლანდ ბლადაძის საქმეზე გიორგი პაპუაშვილს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს. თუკი ბლადაძე კუთვნილ ქონებას არ დაიბრუნებს, შეიძლება მათი პიროვნული ურთიერთობები უფრო სახიფათო გახდეს. ჩემი მთავარი მიზანია, პროცესები სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავიდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმსჯელობთ და გვაქვს კონკრეტული მოქმედებების გეგმა, თუ როგორ შეიძლება შექმნილ ვითარებაში გამოსავლის პოვნა და შედეგის მიღწევა. ვითარება რთულია და კიდევ უფრო მეტად მძიმე, როდესაც გიორგი პაპუაშვილი მხოლოდ საკუთარი მრჩევლებისა თუ პიარმენეჯერების იმედადაა დარჩენილი. პაპუაშვილს, ახლაც და მომავალშიც, როდესაც აღარ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საკუთარი გულის კარნახი და სიმართლე გადაარჩენს. შეიძლება მისი ოჯახის რომელიმე წევრი ამის წინააღმდეგი იყოს, მაგრამ პაპუაშვილმა ბლადაძეს კუთვნილი ქონება უნდა დაუთმოს. ამბობენ, გიორგი პაპუაშვილს ბათუმში უამრავი სახლი აქვს, ის არ ითვლება გაჭირვებული ადამიანების რიცხვშიო. ამიტომ უნდა ფიქრობდეს, სტატუსის გარეშე, აჭარაში მუდმივად ჩაესვლებოდეს. ეს სფეციფიკური კუთხეა და გვაროვნულ სოლიდარობას ისევ ღრმა ფესვები აქვს. არ შეიძლება, ანგარიში არ გაუწიო ძალიან ბევრ ასეთ ფაქტორს, თუმცა ეს უკვე მისი არჩევანია. ჩვენ მზად ვართ მასთან დიალოგისთვისაც. რაც შეეხება „საშვილიშვილოდ აჭარაში შერცხვენას“, ჩვენ დაცვის სტრატეგია გვაქვს, კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ.

გიორგი პაპუაშვილი „ქრონიკა+“-ის კითხვებს გაურბის!

„ქრონიკა+“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან როლანდ ბლადაძის ბინის საკითხზე კომენტარის მოპოვებას შეეცადა. პირველ კონსტიტუციონალისტთან დაკავშირება, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა. დავუკავშირდით გიორგი პაპუაშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ზვიად სირაბიძეს, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის დასასმელი კითხვები წერილობით მოითხოვა. გიორგი პაპუაშვილს ვეკითხებოდით, თუ რატომ დუმს დღემდე და რატომ არ აკეთებს კომენტარს ბლადაძისათვის წართმეული ბინის შესახებ, რომელშიც თვითონ ცხოვრობს? მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს პოზიცია? იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ალტერნატიულ ბინას შესთავაზებს, რა პოზიციას დაიკავებს? ჩვენამდე და როლანდ ბლადაძის ყურამდე მოაღწია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გიორგი პაპუაშვილი ბინის გაყიდვას აპირებს, თუ ადასტურებთ ამას?

ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურიდან მინიკო ბერიძემ, როგორც თვითონ აღნიშნა, გიორგი პაპუაშვილთან შეთანხმებით, შემდეგი შინაარსის პასუხი გამოგვიგზავნა: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელად ქ. ბათუმის განსაზღვრის შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოქმედ მოსამართლეს (ასევე შემდგომ პერიოდში გამწესებულ მოსამართლეებს), კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები, ისევე როგორც მსგავს მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი სხვა პირი, არის აღნიშნული ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრე. მათ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კანონიერი მესაკუთრისაგან _ სახელმწიფოსაგან, მიიღეს უფლებრივად უნაკლო ქონება, რაც ასევე დასტურდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 17 თებერვლის N19078 წერილით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 21 იანვრის N4/1149 წერილით. ამდენად, ცხადია, რომ 2007 წელს არ არსებობდა მოსამართლეების მხრიდან დასახელებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის ეჭვის შეტანის საფუძველი. აღნიშნული ქონება სახელმწიფოს გადაეცა 2004 წელს, მაშინ, როდესაც მოსამართლეთა (მათ შორის, თავმჯდომარის) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად არჩევა განხორციელდა 2006 წლის ივნისში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანა და მოსამართლეებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2007 წლის ივნისში. სწორედ ამიტომ ზოგიერთი პირისა თუ პოლიტიკური ჯგუფის მიერ ამ თემით სპეკულირება განხორციელებული დეზინფორმაციული კამპანიაა და ცილისმწამებლური განცხადებები ემსახურება არა კონკრეტულ მოქალაქეთა უფლებებზე ზრუნვას და მის დაცვას, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მთლიანად სასამართლოს დისკრედიტაციას, რაც შეიძლება შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის განხორციელების მცდელობად“.

როგორც ხედავთ, გიორგი პაპუაშვილმა უპასუხოდ დატოვა არა მარტო „ქრონიკა+“-ის, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კითხვები. ჩვენი მიზანი არ გახლდათ პრესსამსახურის განცხადების მოსმენა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ერთსა და იმავეს იმეორებს. მინიკო ბერიძეს ტელეფონით კვლავ დავუკავშირდით და ავუხსენით, რომ ჩვენ იმ კითხვებზე გვსურდა პასუხის მიღება, რომელიც გავუგზავნეთ. ბერიძემ ჩვენთან საუბარში პაპუაშვილის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გადავა თუ არა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში, მაშინ გააკეთებს კომენტარს, როცა შესთავაზებენ. რაც შეეხება ყიდის თუ არა ბლადაძისთვის წართმეულ ბინას, ასე ამბობს, ეს ჩემი პირადი საქმეა და რასაც მინდა, იმას ვიზამო. ვფიქრობთ, პაპუაშვილის სამართალი ჩვენთვისაც და მკითხველისთვისაც ნათელია. მიუხედავად ამისა, მზად ვართ, ბათუმში შევხვდეთ და პასუხები უშუალოდ მისგან მოვისმინოთ, თუკი პირველი კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ არ ცხოვრობს ქონებაჩამორთმეულის სახლში, მართალია როლანდ ბლადაძის წინაშე და თუნდაც 3565 ლარი არ აუღია იმ ავტოფარეხის კომპენსაციიდან, რომელსაც მერიამ დემონტაჟი 2012 წელს გაუკეთა.

„ქრონიკა+“ როლანდ ბლადაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მის საქმესთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა.

_ ბატონო როლანდ, ხელისუფლება ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ემზადება, რა მოლოდინი გაქვთ თქვენს ქონებასთან დაკავშირებით?

_ ვფიქრობ, ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია და 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს მოგებული არჩევნების ტოლფასი მნიშვნელობის პროცესი იქნება. თქვენ ხედავთ ბიზნესმენებს თუ უბრალო ადამიანებს, რომელთაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს. როგორც ყველას, მათ შორის მეც, მაქვს კანონიერი ნდობა ამ პროცესების მიმართ და მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ჭეშმარიტი გადაწყვეტილებები მიიღონ. ამ მიმართულებით მეც შესაბამისი მოლოდინი მაქვს.

_ როგორ ფიქრობთ, გიორგი პაპუაშვილი წართმეულ ქონებას დათმობს და თქვენს ბინას დაიბრუნებთ?

_ სამართლიანობის აღდგენის იმედი მაქვს და ჩამორთმეული ქონების შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივი მოქმედებები არ გაგვეხორციელებინოს. ჩვენ დღესაც სამართალწარმოების პროცესში ვართ. გიორგი პაპუაშვილზე ამჟამად არაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ შეაფასოს. მე ჩემი ქონების დაბრუნებისთვის ყველა შესაძლებლობას და სამართლებრივ საშუალებას მივმართავ.

_ სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი პაპუაშვილი თქვენს ბინას ყიდის. თქვენთვის თუ არის ეს ფაქტი ცნობილი და შეესაბამება თუ არა იგი სიმართლეს?

_ პაპუაშვილისგან ჩემი ბინის გაყიდვის ამბავზე ვიცი. ინფორმაციის ნამდვილობაზე ჩემი ადვოკატები მუშაობენ. ერთი რამ ცხადია _ თუკი ბინას მყიდველი გამოუჩნდება, მან უნდა იცოდეს, რომ საკუთრება არის სადავო და შეუძლებელია, ვინმე ასეთ რისკზე წავიდეს. თუ ასეთი რამ მაინც განხორციელდა, შეიძლება საქმე ყველა მხარისთვის რთული გახდეს. ამ პასუხისმგებლობას, უწინარეს ყოვლისა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გრძნობდეს.

_ გაქვთ თუ არა არაოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან? თქვენი ადვოკატების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პაპუაშვილის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება თქვენი ავტოფარეხის მიტაცების ფაქტზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საქმე პაპუაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლებისთვის კარგად გამოსაყენებელი საშუალებაა?

_ არავითარი ოფიციალური თუ არაოფიციალური კონტაქტი ხელისუფლებასთან არ გამაჩნია. ამ ხელისუფლების პირობებში მივაღწიე იმას, რომ ჩემს საქმეზე სამართლიანობის აღდგენა ნაწილობრივ მომხდარიყო. პაპუაშვილთან არავითარი პიროვნული შეუთავსებლობა არ გამაჩნია, ჩემს საქმეში ყველაფერი ზედაპირზეა და დოკუმენტურად მტკიცდება. ვფიქრობ, ეს საქმე ვინმეს წინააღმდეგ კი არ იქნება შესწავლილი, არამედ კანონის უზენაესობის დაცვით იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

 

თამარ ბატიაშვილი