ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებს სტატუსი შეეცვლებათ

lalo

საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან დაკავშირებით მასშტაბური რეფორმა იწყება. ქმედუუნარო მოქალაქეების ნაცვლად კანონში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირის ტერმინი ჩაიწერება. ცვლილებათა პაკეტი (რომელმაც მხარდაჭერა უკვე მიიღო) ადრესატებს რამდენიმე სამოქალაქო უფლებას უბრუნებს, მათ შორისაა ქორწინებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ამ ყველაფერს სამოქალაქო კოდექსში შესატანი და მისგან გამომდინარე 67-ე კანონში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ესაა ქმედუუნარობის სისტემის რეფორმა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ ქმედუუნარობის ინსტიტუტის შეცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდება იმ პირთა ცნება, რომლებიც დღეს მოქმედი კანონის თანახმად „ჭკუასუსტობისა“ და „სულიერი მოშლილობის“ გამო ქმედუუნარო პირებად მიიჩნევიან.

ცვლილებათა პაკეტით კანონი მენტალური პრობლების მქონე ადამიანებს სამართალსუბიექტებად აღიარებს, ანუ ისინი არიან ქმედუნარიანები. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთაშორისო კონვენცია ამბობს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს აქვთ ნებაც და უნარიც, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვიგებთ მათ ნებას და არ ვეხმარებით უნარების გამომუშავებაში“.

ამავე ცვლილებებით, გაძლიერდება ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვაც. იცვლება ტერმინებიც და „ჭკუასუსტობისა“ და „სულიერი მოშლილობის“ ნაცვლად ტერმინი „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე“, იგივე „მხარდაჭერის მიმღები“ პირი დამკვიდრდება.

კანონპროექტით შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, „მხარდაჭერის მიმღები“ პირი ქმედუნარიან პირად მიიჩნევა, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, შეიძლება, სასამართლოს მიერ დაენიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას საკუთარი უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში დაეხმარება. კანონპროექტში განმარტებულია, თუ რაში გამოიხატება მხარდაჭერა და რა ვალდებულებები აქვს მხარდამჭერ პირს. კერძოდ, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პირის მხარდამჭერი მოვალეა, თვალყური ადევნოს ასეთი პირის მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, გამოიკვლიოს მისი სურვილები, არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერი ასევე ვალდებულია, სასამართლოს მიერ დადგენილი  პერიოდულობით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტით შემოთავაზებულია „მხარდაჭერის მიმღები“ პირის მიერ ქორწინების შემთხვევაში საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, რომლის გაფორმების პროცესში სავალდებულოდ მონაწილეობენ მხარდამჭერი პირი და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი. აქვე, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს ასეთი პირის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებაშია განსაზღვრული.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მხარდამჭერს სასამართლო ნიშნავს, რომელიც განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს და მხადამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებში უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო განახორციელებს. აღნიშნული ორგანო ვალდებული იქნება, ყოველ 6 თვეში ერთხელ გადაამოწმოს მხარდამჭერის საქმიანობა. თავის მხრივ, მხარდამჭერი პირიც ამავე პერიოდულობით ვალდებული იქნება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაწოდოს ანგარიში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ფარგლებში საქმიანობის შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან მოკლე დროში მომზადდა კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, მასში ბევრია საყურადღებო საკითხი.

„კანონპროექტზე მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. მეორე მოსმენით განხილვისას იგი კიდევ უფრო დაიხვეწება და დაკონკრეტდება“, _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა. დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონპროექტს დადებითი შეფასება მისცა.

ასეთი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მან ფსიქიკური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქმედუუნარობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად ცნო. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ქმედუუნარობის ამსახველი ნორმების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტის ინიციატორია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელმაც ქმედუნარიანობის სამართლებრივი ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი ექიმების, ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და სხვა შესაბამისი პროფილის სპეციალისტების შემადგენლობით შექმნა.

 

„ქრონიკა+“ ამ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ესაუბრება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკურ დირექტორს, დავით ზურაბაშვილს:

_ როგორც ვიცი, ახალი კანონმდებლობა 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედდეს. პროექტი ცალსახად წინგადადგმულ სწორ ნაბიჯს გულისხმობს. თვითონ პრინციპი ევროპასთან დაახლოებისკენ არის მიმართული, ეს არის ადამიანის უფლებების უფრო მაღალი რანგის დაცვა, ვიდრე დღეს გვაქვს. მით უმეტეს, როდესაც პროცესი დაკავშირებულია ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან, მათი უფლებების უზრუნველყოფასთან, ფსიქიკური და სოციალური მდგომარეობის შეფასებასთან, სამსახურებრივ დატვირთვასთან და ა. შ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა ფსიქიატრიასთან მიმართებით და სოციალური კუთხით აბსოლუტურად სწორია.

_ რატომ გახდა საჭირო ამ ტიპის რეფორმის დაწყება? რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს ამ სფეროში?

_ თუ ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ დიაგნოზით ფასდებოდა, დღეს დიაგნოზი მისი მდგომარების შეფასებისთვის შეფერხება აღარ იქნება, რადგან ადამიანი მთლიანად და კომპლექსურად შეფასდება, მისი შესაძლებლობები და არა ავადმყოფობა. რიგ შემთხვევაში ავადმყოფობა არანაირად არ უშლის ხელს ადამიანის საქმიანობას, მაგრამ არის მიმაგრებული. უფრო სწორად, დაფიქსირებულია, რომ აქვს დიაგნოზი, ავადმყოფობის რომელიღაც კონკრეტული მდგომარეობა, რომელიც არ აძლევს მას პერსპექტივის საშუალებას. ახალი ტიპის შეფასება, რომელიც შემოვა, რეალურად ანიჭებს ამის საშუალებას.

ამ სისტემით ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა მუშაობს, მათ აქვთ ამის გამოცდილება. ჯანდაცვას ეს პროექტი ნაწილობრივ გაკეთებული ჰქონდა და ექიმები ამას `აისიესს~ ვეძახით, ანუ სადაც ადამიანის ფსიქიკური, სოციალური, ფიზიკური, ემოციური და მთლიანი მდგომარეობა ფასდება.

_ რამდენად მზად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, რომ ახალ, მზარდ მოთხოვნებს უპასუხოს? ვგულისხმობ სათანადო ბაზას და ა. შ.

_ ნებისმიერი პროგრესული სიახლის თვალსაზრისით, ჩვენ ყოველთვის უნდა გადავდგათ ნაბიჯი და საქმე გავაკეთოთ. რასაკვირველია, თვითონ პროცესში იქნება რაღაც ხარვეზები, ტექნიკური შეცდომები და ა. შ. ამის გარეშე საქმის კეთება შეუძლებელია, მაგრამ ეს პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, დღეს ჯანდაცვა (სამინისტრო) იმდენად ძლიერი სისტემაა, რომ ამ გამოწვევას მოერევა.

ნაწილობრივ საჭირო გახდება ამ მიზნით კადრების მომზადება. კადრები გვყავს, ბევრი არა, მაგრამ არიან.

_ მაინც, რა შედეგებს მივიღებთ ახლო პერსპექტივაში?

_ გააჩნია, რა შედეგებს ველოდებით. ავიღოთ უპირველესი მისაღწევი შედეგი, _ ეს ადამიანის უფლების უზრუნველყოფაა. ანუ ადამიანის უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული. ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანს უფრო გაუადვილდება რაღაც სამსახურის პოვნა, საკუთარი თავის ინვალიდად ცნობა ნაკლებად ექნება.

ამ პროექტს წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე გამოვა. ჩვენი დაწესებულება, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, მაქსიმალურად გვერდით დაუდგება ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ გვყავს კადრები, გვაქვს გამოცდილება და ამას ყველას გავუზიარებთ.

ასეთ პროექტზე რამდენიმე წლის წინათ გვიმუშავია გერმანელებთან და შვეიცარიელებთან, პატარა გამოცდილება უკვე მივიღეთ მათთან მუშაობისას.

   გთავაზობთ 8 დამაფიქრებელ ფაქტს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ:

 

1. ფსიქიკური აშლილობები, ძირითადად, 6-14 წლის ასაკში იჩენს თავს. მსოფლიოში ბავშვთა და მოზარდთა დაახლოებით 20%-ს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 1,4 მილიონ ადამიანზე მხოლოდ ერთი ბავშვთა ფსიქიატრი მოდის;

2. ყოველწლიურად, დაახლოებით, 800 000 ადამიანი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. მათი 86% დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების მკვიდრია. თვითმკვლელთა უმრავლესობის საშუალო ასაკი 15-44 წელია. თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მამაკაცებზეა. თვითმკვლელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი კი ფსიქიკური აშლილობაა;

3. დეპრესიას _ ფსიქოლოგიურ, ქცევით და ფიზიკურ სიმპტომებთან ერთად, ახასიათებს მუდმივი მოწყენილობა და ინტერესის დაკარგვა;

4. ფსიქიკურ აშლილობას იწვევს ომები და სტიქიური უბედურებები. ამ დროს, როგორც წესი, ფსიქიკური აშლილობის შემთხვევების რიცხვი ორმაგდება;

5. ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებული სტიგმის გამო ადამიანები ერიდებიან, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. კვლევამ აჩვენა, რომ სტიგმის დონე უფრო მაღალია ურბანულ რაიონებში და მაღალი დონის განათლების მქონე ადამიანთა შორის;

6. ფსიქიკურ აშლილობას იწვევს ისეთი ფაქტები, როგორიცაა თავისუფლების შეზღუდვა, იზოლირება, ძირითადი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და პირად ცხოვრებაში ჩარევა;

7. დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში ფსიქიატრების, ფსიქიატრიის სფეროში სპეციალიზებული მედდების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ნაკლებობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ადეკვატურ მკურნალობა-მოვლას. დაბალი შემოსავლების ქვეყნებში ყოველ 100 000 ადამიანზე 0,05 ფსიქიატრი და 0,42 მედდა მოდის. ფსიქიატრთა რაოდენობა მაღალი შემოსავლების ქვეყნებში 170-ჯერ მეტია, ხოლო მედდების რაოდენობა _ 70-ჯერ;

8. მთავრობებმა, დონორებმა და ჯგუფებმა, რომლებიც წარმოადგენენ ფსიქიკური ჯანმრთლობის სფეროში მომუშავეთა ინტერესებს, პაციენტებმა და მათმა ოჯახებმა უნდა იმოქმედონ ერთობლივად ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. საჭირო ფინანსური რესურსები შედარებით მცირეა: წელიწადში კაცზე 2 აშშ დოლარი დაბალი შემოსავლების ქვეყნებში და 3-4 აშშ დოლარი _ საშუალო შემოსავლების იმ ქვეყნებში, რომლებიც დაბალი შემოსავლების ქვეყნების დონეს უახლოვდება.

 

გერა მამულაშვილი