ნატა გაგუა: „XXI საუკუნეში წონის მართვა პრობლემას აღარ წარმოადგენს!“

gas2wdf

ბოლო დროს, ქართველების ცხოვრებაში დიეტა საკმაოდ მოდურ ატრიბუტად იქცა. პერიოდულად დიეტური ხდება სპეციალური ჩაი, ყავა, ჯანჯაფილი, ქატო, მთელი საქართველო ამ პროდუქტებს დაეძებს და ასე იკვებება. გვახსოვს გავრცელებული სახელობითი დიეტებიც: „ბენდუქიძის დიეტა“, „უგულავას დიეტა“, „ბერძენიშვილის დიეტა“, რომლითაც თითქმის მთელი საქართველო იყენებდა ტანს.

ეფექტურია თუ არა ასეთი დიეტები და რა მეთოდებია მისაღები წონის კორექციისთვის?

„ქრონიკა+“-მა ამ კითხვებით ცნობილ დიეტოლოგს, ნატა გაგუას მიმართა:    

_ ჭარბი წონის პრობლემა მხოლოდ ქართველებს არ აწუხებს, სხვა ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა. გამომწვევი მიზეზებია არაჯანსაღი კვება და კვებასთან დაკავშირებული ჩვევები, მაღალკალორიული საკვებისა და სასმელის მიღება, ძირითადი საკვების ნაწილის მიღება ღამით, ჰიპოდინამია, ჰორმონული დარღვევები (ჰიპერინსულინემია, მაღალი კორტიზოლი, ესტროგენების დეფიციტი ორგანიზმში), გენეტიკური განწყობა, მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი, რომელიც მადის გაძლიერებას და სითხის შეკავებას იწვევს, მენოპაუზის ასაკი, ორსულობა, უძილობა და ა. შ. თუმცა მთავარი მაინც არასწორი ცხოვრების წესია. გარკვეული ასაკის მერე იზრდება მიდრეკილება ჭარბი წონისკენ. ქალბატონებში ეს პერიოდი არის მენოპაუზის ასაკი, ანუ როცა საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი ჰორმონის _ ესტროგენისა და პროჟესტერონის დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება, ამ დროს უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ხდებოდეს კვების რაციონის შერჩევა და მისი კორეგირება. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. როცა ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, ცხადია, დღის განმავლობაში ვერ დახარჯავს იმ კალორიებს, რომელიც მიიღო, რაც აუცილებლად აირეკლება მის წონაზე. იდეალური მდგომარეობა არის ის, როცა იმდენივე კალორიას ღებულობ დღის განმავლობაში, რამდენსაც ხარჯავ. არის მდგომარეობა, როცა მიღებული კალორიიდან რაღაც ნაწილს ვერ ხარჯავ. არიან ადამიანები, რომლებმაც რაც უნდა ბევრი და კალორიული საკვები მიიღონ, წონაში არ მატულობენ, თითქმის ყოველთვის ინარჩუნებენ სიგამხდრეს. მათი ნივთიერებათა ცვლის კოეფიციენტი მაღალია, _ 1,2. არიან ბავშვობიდან მიდრეკილები ჭარბი წონისკენ, ანუ მათი ნივთიერებათა ცვლის კოეფიციენტი 0,8-ს არ აღემატება. XXI საუკუნეში წონის მართვა ექიმი-პროფესიონალის დახმარებით პრობლემას აღარ წარმოადგენს.

_ თუ პრობლემას არ წარმოადგენს, რატომ წვალობს ამდენი ადამიანი დიეტით? თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი შედეგს ვერ ღებულობენ, რადგან რამდენიმე კილოგრამის დაკლებას მოსდევს ათეული კილოს მომატება.  

_ როცა ადამიანი ფლობს ცოდნას, თუ როგორ მოიქცეს, საკუთარი წონის მართვას აუცილებლად შეძლებს. კარგი იქნება, ბავშვს პატარა ასაკიდანვე ჩამოუყალიბონ მშობლებმა ჯანსაღი კვების მთავარი წესები. ადამიანებს, რომლებიც სულ შფოთვაში არიან და დასუსტებული აქვთ ნერვული სისტემა, საკვები ამშვიდებს. ყველას გაგიგიათ გამოთქმები: „საკვები მეძახის“, „მაცივარი მეძახის“. ასეთ დროს უმჯობესია, შფოთვის მიზეზები გავარკვიოთ და პრობლემები მოვიხსნათ, ეს იქნება მადის მართვის ყველაზე კარგი გამოსავალი. ასეთი ადამიანები ფსიქოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გაცილებით მარტივად მოიგვარებენ კვებითი ქცევის დარღვევას.

ჭარბი წონა და სიმსუქნე როცა ხელს უშლის ადამიანის ჯანმრთელობას, ამ დროს დაქვეითებულია ცხოვრების ხარისხი, გონიერი ადამიანი უმალ  აფასებს მდგომარეობას და მაშინვე სპეციალისტთან მიდის. ეს არის ყველაზე სწორი გზა, რადგან ბიოქიმიური ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ექიმი-დიეტოლოგი შეუდგენს რაციონს და კურსის გავლის შემდეგ ადამიანი ისწავლის წონის მართვას და შედეგსაც უფრო მარტივად მიაღწევს.

წონის კლების ყველაზე არასწორი გზა არის მკაცრი დიეტები, დაბალი კალორიებით შედგენილი რაციონი. ზოგჯერ ადამიანმა არ იცის მისი ორგანიზმის ობიექტური მდგომარეობა, ჩივილები არ აქვს და ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე იწყებს მკაცრ დიეტას. ეს ხშირად მთავრდება ცუდად. შეიძლება პირველადი შედეგი ეფექტური იყოს, ყოველდღე იკლებდეს წონაში იმის გამო, რომ მთელ დღეს მხოლოდ კეფირი ან ხილი მიიღო, მაგრამ როგორც კი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს, წონას ძალიან სწრაფად აკრეფს მისი ორგანიზმი. დაბალკალორიული რაციონის შემდეგ ორგანიზმის უცებ დატვირთვა ჩვეულებრივი კერძებით და კალორიული პროდუქტებით ყოვლად მიუღებელია. ადამიანი უნდა მოემზადოს ჯანსაღი კვებისთვის, გაემიჯნოს არაჯანსაღ რაციონს, მერე კი გადავიდეს დაბალანსებულ კვებაზე. დაკლების მსურველები, სასურველი წონის მიღწევის შემდეგ, ხანგრძლივად უნდა იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით და გამოიმუშაონ კვების სტილი, რომელიც საშუალებას მისცემს, მუდმივად კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ. როცა კვების რაციონი ხანგრძლივად არის ძალიან დაბალკალორიული და ერთფეროვანი, ამით, პირველ რიგში, სუსტდება იმუნური სისტემა, ღიზიანდება კუჭი, ნაღვლის ბუშტი, სისხლში დაბლდება ჰემოგლობინი, ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაღლილობა.

_ წონაში დასაკლებად ზოგი სიგარეტსაც ეწევა. ამ ხერხს განსაკუთრებით მიმართავენ ქალები. სიგარეტით წონის რეგულაცია როგორ ხდება?

_ სიგარეტს ვინც ანებებს თავს, მისი მიტოვების შემდეგ წონაში მატება ხშირია. სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. სიგარეტს ანაცვლებენ სხვადასხვა სასუსნავით. მადიანობას შფოთვა იწვევს, რომელიც სიგარეტის მიტოვების შემდეგ პირველ პერიოდში მომატებულია.

_ წონაში დასაკლებად ასევე იყენებენ ძმარს, გასახდომ ჩაის, ყავას, ჯანჯაფილის ნაყენს, ტაბლეტებს. რამდენად მისაღებია ამ პროდუქტებით წონაში დაკლება?

_ ვაშლის ძმარს და ჯანჯაფილს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან ორივე პროდუქტს სასარგებლო თვისებები აქვს. მკითხველს ვურჩევ, რომ დოზირებულად მიიღოს. ჯანჯაფილის ან მწვანე ჩაის ნაყენს ზოგიერთი გახდომის მსურველი უკონტროლოდ, დიდი რაოდენობით სვამს. მე, როგორც დიეტოლოგი, ასეთ შემთხვევაში, გახდომის მსურველთ ვურჩევდი: როცა გადაწყვეტენ მცენარეული ნაყენების, ან გასახდომი სხვადასხვა ჩაის მიღებას, გაესაუბრონ ოჯახის ექიმს და არ მიიღონ თავიანთი ინიციატივით. ექიმმა იცის კონკრეტული პროდუქტის დანიშნულება და დოზებსაც იმის მიხედვით განსაზღვრავს. მაგალითად: ჯანჯაფილს აქვს ბევრი დადებითი და სასარგებლო თვისება, ის მდიდარია ქრომით, გამოიყენება ორსულთა ტოქსიკოზის დროს, ზღვის დაავადების დროს, მაგრამ თუ ადამიანს თირკმელში აქვს კენჭები, ჯანჯაფილის მიღებისგან უმჯობესია, თავი შეიკავოს. როცა ადამიანმა არ იცის, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ პროდუქტის ხანგრძლივი და სისტემატური მიღება მისი ორგანიზმისთვის, ჯობია, არ მიიღოს, ვიდრე მიიღოს და სხვა პრობლემები გაუჩნდეს.

_ წონაში დაკლების მიზნით კვების რაციონიდან ზოგჯერ საერთოდ იღებენ პურს, შაქარს, მარილის შემცველ პროდუქტებს, ნამცხვარს, სხვა ცომეულს… სპეციალისტის რჩევის გარეშე ასეთი რამ თუ შეიძლება?

_ ქართულ სამზარეულოში პური მნიშვნელოვანია, ამიტომ ხანგრძლივად მისი რაციონიდან ამოღება არ არის საჭირო. სწორი ტექნოლოგიით დამზადებული პური, ე. ი. ჯანმრთელი, უსაფუვრო პური გარკვეული დოზით საჭიროა, ის კარგად ანაყრებს. ასეთ პურს ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები და კარგი იქნება, თუ მათ რეცეპტებს და მომზადების ტექნოლოგიას არ დავივიწყებთ. ნატურალური პროდუქტის ხარისხის მთავარი მაჩვენებელია ის, რომ სწრაფად ანაყრებს. ასეთი პური მდიდარია მიკროელემენტებით, ვიტამინებით. დაბალი ხარისხის პროდუქტი კი ადამიანს ცუდად ანაყრებს, იმიტომ რომ მასში მხოლოდ „ცარიელი კალორიებია“, არ არის მდიდარი მიკროელემენტებით და ვიტამინებით. პური ასევე არის „ბე“ ვიტამინის წყარო. თუ პური არ გიყვართ, არსებობს პროდუქტები, რომლითაც მისი ნაწილობრივ ჩანაცვლება შეიძლება. მაგალითად: ჰერკულესი, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი და რუხი ფქვილით მომზადებულ მაკარონი.

არ მიმაჩნია სწორად წონაში დასაკლებად ე. წ. გასახდომი ჩაის გამოყენება. ამ ჩაის აქვს შარდმდენი ეფექტი და ააქტიურებს კუჭის მოქმედებას. ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, პირველ დღეებში ადამიანი კარგად იკლებს სითხის დაკარგვის ხარჯზე, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ორგანიზმში კალიუმის, კალციუმის შემცველობაც მცირდება. უკონტროლოდ და ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და დაღლილობა, კანის სიმშრალე და თმის ცვენა. ე. წ. გასახდომი ჩაის საშუალებით სასურველი შედეგის მიღება შეუძლებელია.

_ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები წყლის დადებით თვისებებზე. ამბობენ, რომ აუცილებელია დღეში 3 ლიტრამდე წყლის მიღება. ვისაც გახდომა უნდა ურჩევენ, რომ უზმოზე დალიოს უშაქრო, ცხელი ჩაი, ანდაც საკვებს ცხელი წყალი დააყოლოს, რაც მონელებას შეუწყობს ხელს. ეს სიმართლეა?

_ მისაღები წყლის რაოდენობა უნდა გადაწყდეს ადამიანის სიმაღლის, წონის, ფიზიკური დატვირთვისა და სეზონის მიხედვით. ზოგადად, ზრდასრული და ჯანმრთელი ადამიანი უნდა იღებდეს 2 ლიტრ წყალს, ამ დროს აუცილებელია მარილის შემცირება რაციონში, დღიური ნორმა 5 გრამია. იმ შემთხვევაში, თუ არ შევამცირებთ კვების რაციონში მარილის შემცველი პროდუქტების მიღებას _ ჩიპსებს, შებოლილ თევზს და ა. შ., ორგანიზმში მოხდება სითხის შეკავება, რაც მაღალი წნევის, კიდურების შეშუპებისა და თავის ტკივილის მიზეზი გახდება. 2 ლიტრი მიღებული წყლიდან ორგანიზმმა იგივე რაოდენობით უნდა გამოყოს, ჭარბი მარილის მიღების დროს კი ეს ბალანსი ირღვევა და სითხე ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა. ზოგი ამ სიტუაციის მოწესრიგებას ნაკლები წყლის მიღებით ცდილობს, რაც არასწორია. პირველ რიგში უნდა მოხდეს მარილის შემცველი პროდუქტების დოზირება დღის რაციონში და მდგომარეობის სტაბილურობის მიღწევა წყლის შემცირების მეშვეობით საჭირო აღარ გახდება. კვების დროს წყალი უნდა მიიღოთ, მინიმუმ, ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. კვების დროს წყლის მიღება სასურველი არ არის, რადგან ის აფერხებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. რაც შეეხება ძალიან ცხელი წყლის მიღებას უზმოზე, ან საკვების მიღების შემდგომ _ არ არის სწორი. თუ არ სვამთ ყავას ან ჩაის, წყალი უნდა მიიღოთ ოთახის ტემპერატურის, ზომიერად ცივი ან თბილი, ისე როგორც გესიამოვნებათ, მაგრამ მკვეთრად ცივი ან ცხელი წყლის მიღება არასწორია.

_ გახდომისა და ორგანიზმის გასუფთავების მიზნით საკვებს ქატოს ფხვნილსაც აყრიან და ამბობენ, რომ იგი „ორგანიზმის ცოცხია“. მართლა ასეა?

_ თუ ადამიანს არ აქვს ეროზიული გასტრიტი და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, შვრიის ქატო, რომელიც ბიოლოგიურად სუფთად არის დამზადებული, ინიშნება ორი სუფრის კოვზი ყაბზობის დროს გარკვეული დროით, ის არეგულირებს კუჭის მოქმედებას. ამიტომ უწოდებენ „ორგანიზმის ცოცხს“. ყველაზე ნაზი ფაქტურის არის შვრიის ქატო, თუმცა ის უნდა გახსნათ წყალში, ან მაწონში, ისე რომ იყოს არაჟნის კონსისტენციის. დღის განმავლობაში ორი სუფრის კოვზი ქატო სრულიად საკმარისია, რომ მან თავისი დანიშნულება შეასრულოს.

_ დიეტის ხანგრძლივობა რა პერიოდია მიზანშეწონილი, ან შესვენებები აუცილებელია? ანდაც მოზარდებში მკაცრი დიეტები თუ არის დასაშვები?

_ „DIETA“ ბერძნული სიტყვაა და ადამიანის კვების რეჟიმს ნიშნავს. ესეც ინდივიდუალურია, _ დრო, დღის რაციონის კალორაჟი, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების რაოდენობა და მათი თანაფარდობა.

თუ ადამიანმა გაითვალისწინა სეზონიც და მისი ცხოვრების სტილი, დაბალანსებული კვება, თუ ის გონივრულად არის დაგეგმილი, არც ერთ ასაკში საშიში არ არის, მაგრამ მოზარდის თვითნებურ, მკაცრ დიატებზე გადაყვანა ყოვლად დაუშვებელია. ჭარბწონიანი ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან, ამიტომ მკვეთრმა და არაკორექტულმა შენიშვნებმა შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს ბავშვს. ასეთ ბავშვებს ხშირად მეტსახელებსაც ეძახიან: „პუტკუნა“, „პონჩიკა“, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ ფორმით მიღებული ტრავმა ქვეცნობიერში ილექება და როგორ დაუზიანებს ფსიქიკას, არავინ იცის. თუ მშობელი ამჩნევს, რომ მათ შვილს აქვს კვებითი ქცევის დარღვევა, ბავშვი ვერ მართავს საკუთარ მადას, არის შფოთვებში, აუცილებლად უნდა მიმართოს ბავშვთა ფსიქოლოგს და ექიმ დიეტოლოგს.

არსებობს გასახდომი დიეტები, დაბალანსებული დიეტები, დიეტები სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს. მე არ ვიცი ისეთი ქრონიკული დაავადება, რა დროსაც დიეტა, ანუ ჯანსაღი კვება, არ შეიძლება. ნებისმიერი დაავადებისას შეიძლება, ჯანმრთელად იკვებო. ამ დროს ავადმყოფმა უნდა მიიღოს ის პროდუქტები, რომელიც ორგანიზმს გაამდიდრებს მისთვის საჭირო კომპონენტებით.

_ შეიძლება, რომ ადამიანმა სწორი კვებითაც ვერ შეძლოს წონაში დაკლება? ან როგორ უნდა განსაზღვრო იდეალური წონა?

_ თუ რაციონი სწორად დაიგეგმება, მოწესრიგდება წყლის მიღების რეჟიმი, ადამიანი გამოიჩენს ფიზიკურ აქტივობას, არ არსებობს მდგომარეობა, შედეგი რომ არ დადგეს. ჭარბი წონა არის ის ერთადერთი სამედიცინო პრობლემა, რომელიც ემორჩილება ადამიანის ნებას და სწორად დაგეგმილი კურსის დროს ყოველთვის წარმატებით მთავრდება.

არსებობს მასის ინდექსი, რომელიც მარტივად გამოითვლება. სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმის ქონის კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2. მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, გამხდარი ხართ, მსუქანი, თუ იდეალური წონა გაქვთ. ინდექსი 18,5-25-მდე არის ნორმალური წონა, 25-დან 29,9-მდე _ ჭარბი წონა, 30-35-მდე _ სიმსუქნის პირველი ხარისხი და ა. შ უკეთ რომ გავაგებინოთ მკითხველს ეს ყველაფერი, წონის ინდექსს თქვენს მაგალითზე გამოვთვლი. თქვენი სიმაღლე არის 1,60 სმ, წონა _ 66 კგ, აქედან გამომდინარე, შკალის მიხედვით, თქვენი ინდექსი არის 25,8 კგ.მ2, თქვენი სასურველი წონაა 54-56 კილოგრამი. მასის ინდექსის გარდა უნდა გავითვალისწინოთ, როგორია ადამიანის ჩონჩხის აგებულება, კუნთების მასა. სპეციალური სასწორით გამოითვლება, ორგანიზმში რამდენი პროცენტია ცხიმოვანი ქსოვილი და რამდენი _ კუნთოვანი ქსოვილი. თუ კუნთოვანი არის ნორმა და ცხიმოვანი ჭარბობს, მაშინ ცხიმოვანი ქსოვილის კლებაზე უნდა იზრუნოთ. დიეტა და ჯანმრთელი კვება ემსახურება ერთ რამეს _ ლამაზ და ჯანმრთელ სხეულს. შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს იდეალურ წონას, მაგრამ ცხიმი ჰქონდეს მეტი და კუნთოვანი ქსოვილი ნორმაზე ნაკლები. გაუაზრებელი დიეტებით ხდება კუნთოვანი ქსოვილის განლევა, სითხის დაკარგვა, რაც იწვევს კანის გამოშრობას, ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩალაგებას. ჯანსღი კვების დროს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების ხარჯზე იკლებს.

_ ყველაზე მისაღები, მარტივი და წონის სტაბილურობისთვის პრევენციული დიეტა შემოგვთავაზეთ…

_ ჯანსაღი კვება _ ეს გახლავთ დღეში ოთხჯერადი კვება: საუმზმე, ხემსი, სადილი და ვახშამი. პირველი საკვები 11-12 საათამდე უნდა მიიღოთ; სადილამდე წაიხემსეთ ხილით და რძის ნაწარმით; 2-4 საათამდე ისადილეთ; 6-8 საათამდე კი ივახშმეთ; ჭამიდან ჭამამდე შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი და მაქსიმუმ _ 4 საათი; წინა საღამოს ვახშმიდან მეორე დილის საუზმემდე ინტერვალი უნდა იყოს საშუალოდ 12-14 საათი; სუსნაობა შეიძლება საუზმის შემდეგ 1-2 საათში, სადილიდან ვახშმამდე; ვახშმიდან დაძინებამდე, მინიმუმ, ორი საათი მაინც უნდა გავიდეს. ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს, მათ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე საკვების მიღებას არ ვურჩევ.

 

ნელი ვარდიაშვილი