8-წლიანი დაუსრულებელი გამოძიება და 9-ჯერ შეცვლილი ზედამხედველი პროკურორები

ww44567

გურამ სოფრომაძე უშიშროების პოლკოვნიკი იყო და სისტემაში 1967 წლიდან მუშაობდა. 1990 წლიდან პენსიაზეა და ამჟამად სოციალურად დაუცველია. 1981 წლიდან მას ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა მიცკევიჩის ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს, თაღლითური გზით, უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკმა გაუსხვისა. სოფრომაძე 10 წელზე მეტია, სამართალს ეძებს, მაგრამ, მისივე თქმით, იმ პირებს, რომელთაც საქმის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა ევალებათ, მისთვის არ სცალიათ, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ დამნაშავეებს დღესაც ჰყავთ გავლენიანი მფარველები.

იგი ამბობს, რომ, მის საქმეში პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას ძმაც იყო გარეული და აქვე იმ დანაშაულებრივ დაჯგუფებასაც ამხელს, რომლის შემადგენლობაში ნოტარიუსები, მოსამართლეები, ადვოკატები და პროკურატურის მაღალჩინოსნებიც შედიან.

რა ხდებდა რეალურად, ვინ უშლის ხელს სიმართლის დადგენას და რატომ აჭიანურებს გამოძიებას მთავარი პროკურატურა? ვინ დგას წლების მანძილზე დაუსრულებელი დავის უკან და რას აპირებს ომის ვეტერანი? ეს ის კითხვებია, რომელსაც თავად დაზარალებული უპასუხებს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გურამ სოფრომაძე:

_ ბატონო გურამ, როგორც აღნიშნეთ, ათ წელზე მეტია, სამართალს ეძებთ. ვის, ან რა საქმეზე ედავებით?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ: 27 წელი ვიმუშავე უშიშროების კონტრდაზვერვაში, საიდანაც ოთხოთახიანი ბინა მივიღე, რომელიც მიცკევიჩის 25 ნომერში მდებარეობდა. ორი შვილი მყავს. ორივემ უმაღლესი წარჩინებით დაამთავრა. ერთი გოგონა მხატვარია და ავსტრიაში ცხოვრობს ქმარ-შვილთან ერთად; მეორე იაპონიაში 10 წელი ცხოვრობდა, ახლა ისიც ავსტრიაშია, ენების სპეციალისტია. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ეს ოთხოთახიანი გაგვეყიდა და შვილებისთვის ცალ-ცალკე გვეყიდა ბინები. მანამდე კი, სანამ სასურველ ვარიანტს ვნახავდით, იაპონიაში მცხოვრებ შვილს გადავუფორმე ნაჩუქრობის ხელშეკრულებით.

ჩემი მეუღლე ჯერ მოსამართლედ, შემდგომ, დიდხანს, ადვოკატად მუშაობდა. წლების წინათ, ავარიაში მოყვა და ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. აქვე გეტყვით, რომ გენეტიკურად ფსიქიკური აშლილობაც მოსდგამდა. მამამისი სულით ავადმყოფი იყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ მისი ავადმყოფობა გენეტიკური იყო, მას ნაავარიები ტრავმებიც დაერთო და სწორედ ამით ისარგებლეს თაღლითებმაც. ბინა, რომელიც იმ დროისთვის 80 ათასი ღირდა, ფაქტობრივად, უკაპიკოდ ჩაიგდეს ხელში. იმ პერიოდში, როდესაც ბინას ვყიდდით, ჩემმა მეუღლემ ნაცნობთან შემთხვევით გაიცნო ვინმე გურამ გოგილაშვილი, რომელიც იმ დროისთვის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო და მაკლერობდა კიდეც, მოგვიანებით კი ყაჩაღობის ფაქტზე აიყვანეს და გაასამართლეს. საბაღე ნაკვეთში გამომეცხადა გოგილაშვილი და მითხრა, რომ ჩემი ავადმყოფი მეუღლის თხოვნით შეეძლო დახმარება ბინის გაყიდვაში. როდესაც საეჭვოდ მივიღე, მითხრა, _ მაკლერი არ გეგონო, უშიშროებაშიც ვმუშაობ და თანხმობა მჭირდება თქვენიო. მისი პიროვნების გადამოწმების მიზნით მალევე დავუკავშირდი სამორიგეოს უფროს მამუკა პატარქალიშვილს, რომელმაც თვალთმაქც და არასანდო პიროვნებად დამისახელა გოგილაშვილი და არ მირჩია მასთან საქმის დაჭერა. მე გავაფრთხილე ჩემი მეუღლე და ის საერთოდ აღარ გამოჩენილა.

ერთხელაც სოფელში წავედი ცოტა ხნით და ვინაიდან ჩემს მეუღლეს მეთვალყურე ესაჭიროებოდა, თავის დასთან იმყოფებოდა გლდანში. სოფლიდან დაბრუნებულს ცოლისდამ მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ავსტრიაში გამგზავრებულა. სასწრაფოდ დავრეკე ავსტრიაში შვილთან და მან იქიდან მისაყვედურა, ასე რატომ გამოუშვიო? გაოგნებული ვიყავი. არანაირი თანხა არ ჰქონდა და როგორ უნდა წასულიყო ამხელა გზაზე? რომ მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ გოგილაშვილს მიუცია საბუთებისა და ბილეთისთვის საჭირო თანხა და როცა ვუსაყვედურე, მიპასუხა, ჩემი ბინის გაყიდვის შემდგომ დაიბრუნებდა თავის ფულს, რომელიც, თითქოსდა სესხად მიეცა ჩემი ცოლისთვის. სინამდვილეში კი ამ თაღლითს უსარგებლია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, მოტყუებით მოუწერინებია ხელი საბუთებზე და, ფაქტობრივად, იმ თანხის სანაცვლოდ, რაც ჩემი მეუღლის გასამგზავრებლად იყო საჭირო, ხელში ჩაიგდო ოთხოთახიანი ბინა.

_ რამდენი ხნის შემდეგ შეიტყვეთ, რომ თქვენი ბინა გაყიდული იყო?

_ 2004 წელს გამოჩნდა ვარიანტი, რომელიც მაწყობდა. კლიენტი ჩემი ბინის სანაცვლოდ ოროთახიან ბინას მაძლევდა და თანხას მიმატებდა. საბუთების მოსაწესრიგებლად ლესელიძის ქუჩაზე ნოტარიუს ელისო შიხიაშვილთან მივედი, რომელიც ცნობილია, როგორც არაერთი სკანდალური და არაკანონიერი გარიგების მონაწილე. როდესაც ავუხსენი, თუ რა მჭირდებოდა, მან მითხრა, რომ ჩემი ბინა გაყიდული იყო. როგორც მოგვიანებით ამიხსნა, გოგილაშვილი სამი პირის თანხლებით ყოფილა მისული და ჩემი მეუღლისთვის მოტყუებით მოუწერინებიათ ხელი.

აღსანიშნავია, რომ შიხიაშვილმა იცოდა ჩემი მეუღლის ავადმყოფობის ისტორია და მსგავსი გარიგება არ უნდა გაეფორმებინა. რაღას ვიზამდი?! სიტუაციაში გასარკვევად  გოგილაშვილთან სახლში წავედი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ყაჩაღობისთვის იჯდა ციხეში და მის საქმეს სამხედრო პროკურატურა იძიებდა. მე პროკურორ პაატა ჯახუტაშვილს და გამომძიებელ გოჩა საათაშვილს მასალები მივაწოდე, სადაც გოგილაშვილს ჩემი ბინის თაღლითური გზით მითვისებაში ვადანაშაულებდი. ჯახუტაშვილი ამჟამადაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ქალაქის პროკურატურაში. ორი წელია, მასთან არის საქმე; საათაშვილი კი მთავარ პროკურატურაშია. ისნის პროკურორს, ირაკლი შენგელიასაც ვესაუბრე (ის ახლა სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა) და ჩემი საქმის მასალების დამატებაც მოვთხოვე. გოგილაშვილის პროცესზე მოსამართლე ვანიძე იყო და ისიც საქმის კურსში ჩავაყენე მისი თაღლითობის შესახებ. საბოლოოდ, ყაჩაღობის ბრალდებით,  გოგილაშვილს ცხრა წელი მიუსაჯა სასამართლომ. მას ადვოკატი მაჩიტიძე იცავდა და მისი მეშვეობით სასჯელი სამ წლამდე შეუმცირა შემდგომმა ინსტანციამ. მოგვიანებით, მაჩიტიძე ჩემი საქმის განხილვისასაც იცავდა გოგილაშვილს, რაც ეჭვს ბადებს, რომ ისიც ამ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთი წევრია.

_ რა დაჯგუფებაზე საუბრობთ და ვინ არიან ამ ჯგუფის დანარჩენი წევრები?

_ გურამ გოგილაშვილი, დათო ჭანიშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ძმა, გოჩა ჯანაშია; მათი დამხმარეები არიან ნოტარიუსები ელისო შიხიაშვილი და ნატა ჯომარჯიძე; ასევე მათ დამხმარედ გვევლინება ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე თემურ ხარებავა, რომელმაც ყალბი დასკვნა გასცა კრიმინალების სასარგებლოდ.

_ სერიოზული ბრალდებაა. განვაგრძოთ: როგორ წარიმართა თქვენი საქმე?

_ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გოგილაშვილი ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს ციხეში, იმჟამინდელი ციხის უფროსის, ბაღათურიას დახმარებით წერილი შევუგზავნე, რომ დაებრუნებინა ჩემი კუთვნილი ბინა და ბრალი აღარ დაუმძიმდებოდა, მან კი მომწერა, რომ ერთ თვეში გამოვიდოდა და ყველაფერს მოაგვარებდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბინა მის სახელზე იყო რეგისტრირებული, მე კი ავადმყოფ ცოლთან ერთად გაყიდულ ბინაში ვცხოვრობდი. 2006 წლის თებერვლის ერთ საღამოს სამი პიროვნება მომადგა. ერთ-ერთმა, როგორც შემდგომში გაირკვა _ დათო ჭანიშვილმა, განმიცხადა, რომ ჩემი სახლის მეპატრონე იყო. მანამდე ზარები შემოდიოდა ტელეფონზე და არაერთხელ მითხრეს, თითქოსდა ავსტრიიდან ჩემს სახელზე ამანათი იყო გამოგზავნილი და დოლიძის ქუჩაზე მიბარებდნენ, რომელიც ცრუ მისამართი გამოდგა. ავსტრიაშიც დავრეკე და აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი გამოუგზავნია.

_ ჭანიშვილს ბინის მესაკუთრის დამადასტურებელი საბუთები არ მოსთხოვეთ?

_ ადვოკატი და ვიღაც პიროვნება ახლდა; მეორე დღეს კი ჭანიშვილმა პოლიციაში მიჩივლა, მესამე დღეს გაზი და შუქი ჩამიჭრა, მაშინ, როცა სახლში მომაკვდავი მეუღლე მყავდა.

_ რა მოტივით ჩაგიჭრათ?

_ თითქოსდა მის ბინაში ვიყავი შეჭრილი და მისი გადასახდელი რომ არ ყოფილიყო გადასახადები.

_ თქვენ ვერაფერი მოიმოქმედეთ საპასუხოდ, არავისთვის მიგიმართავთ?

_ პარალელურად მეც ვაგრძელებდი ბრძოლას. ჩემი საქმე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებას გადაეცა, მაგრამ ეს თაღლითებიც თავისას ცდილობდნენ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემი ბინის ჩადება სდომებიათ კერძო იპოთეკართან. მისულან კიდეც მარინა ბენაშვილთან და როდესაც მას ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს შიხიაშვილის გვარი ამოუკითხავს, ეჭვი შეპარვია და უარი უთქვამს თანხის გაცემაზე. გარდა იმისა, რომ ეს ქალბატონი არაერთი უკანონო გარიგების მონაწილეა, იგი გადასახადებსაც უმალავს სახელმწიფოს. ამის დასტურად ჩემი მაგალითიც კმარა, როდესაც 80 000-ათასიანი ბინა 10 000 ლარად შეაფასა, ასევე ჩაწერა ხელშეკრულებაში და 5 ათასის ნაცვლად ასიოდე ლარი თუ გადაიხადა საგადასახადოში. თან მან ჩემი ცოლის ავადმყოფობაც იცოდა და მაინც გააფორმა ხელშეკრულება ქმედუუნარო ქალთან. კანონის მეოთხე პუნქტში გარკვევით წერია, რომ ნოტარიუსი უნდა დარწმუნდეს კლიენტის ქმედუნარიანობაში, მაგრამ იმ ბანდიტებმა მოისყიდეს შიხიაშვილი და მანაც უკანონო ქმედება ჩაიდინა. ამ თაღლითებმა კი მაინც შეძლეს ჩემი ბინის სანაცვლოდ 20 000-ანი სესხის აღება აღმაშენებელზე მდებარე `ინტელექტბანკის~ ერთ-ერთი ფილიალიდან (რომლის მმართველიც დათო ჭანიშვილის ძმა იყო), რითაც  ნავთლუღში, მეტროსთან ტყავეულის მაღაზია იყიდეს და ყველანი მოწილეები იყვნენ, მათ შორის, გოჩა ჯანაშიაც.

ჩემი საქმის ძიება კი 180-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფური თაღლითობა) გაგრძელდა. შალვა შენგელია იყო გამომძიებელი, რომელსაც ორიენტირი ჰქონდა აღებული, რომ აუცილებლად დამდგარიყო ჭანიშვილისა და გოგილაშვილის თავისუფლების აღკვეთის საკითხი, შიხიაშვილს კი არავინ შეხებია. ის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ნათესავია. მისი ქმარიც პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და გამოაძვრინა. შენგელიამ გოჩა ჯანაშიაც მიიყვანა დაკითხვაზე, რასაც უამრავი ზარი მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მისი დაცვის სამსახურიდან, თუ როგორ გაბედა მან პრეზიდენტის დაცვის უფროსის ძმის დაბარება. გოდერძი გოდერძიშვილი  იყო ზედამხედველი პროკურორი და მანაც შეაჩერა შენგელია; ჯანაშიამ კი აღიარა, რომ აღნიშნულ პირებთან მართლაც ჰქონდა კერძო ბიზნესი.

გოგილაშვილი 2007 წელს მოსამართლე სანდოძემ გაასამართლა, რომელსაც, როგორც წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლეობისთვის, 8-9 წელი უნდა მიესაჯა, მაგრამ საპროცესო გააფორმეს, ისე რომ, არც შემთანხმებიან. ოქმში კი ჩაწერეს, რომ, თითქოსდა, მე არ გამოვცხადდი პროცესზე. გოგილაშვილს იმჟამადაც გია მაჩიტიძე იცავდა. საბოლოოდ, გოგილაშვილს 3 წელი და ზიანის ანაზღაურება დაევალა, რაც 35000-ით განისაზღვრა. პროკურორს ვკითხე, _ რატომ ჩაწერა ბინის საფასურად ნაცვლად 70 000-სა 35 000 ათასი? მან კი თითქოსდა მორალური ზიანის ანაზღაურებით ამიხსნა. პროცესის შემდეგ პროკურორმა ბადრიაშვილმა მითხრა, რომ ვერაფერს გააწყობდა აღნიშნული ზარების მერე, ანუ ბინას ვერ დამიბრუნებდა. ბრალი დადგენილი იყო და სამოქალაქო სარჩელიც შევიტანე ყალბი ხელშეკრულებების გაუქმების მოხოვნით და ზარალის ასანაზღაურებლად. ყველას უკვირდა, რატომ არ მიიყვანა სანდოძემ საქმე ბოლომდე და არ დამიბრუნა ბინა.

მოსამართლე ლადო კაკაბაძემ განიხილა საქმე, ხელშეკრულება გააუქმა და ბინა გადმომცა. ფაქტობრივად, მოგებული ვიყავი. უკვე მილოცავდნენ ბინის დაბრუნებას, მაგრამ ამ თაღლითებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წიკლაურის თავმჯდომარეობით 2008 წელს გამომასახლა ბინიდან და იქ, თითქოსდა, უკანონოდ ცხოვრებისთვის 38 000 ლარის გადახდა დამეკისრა. სანამ მე ამ თანხას მოვაგროვებდი, აღმასრულებლებმა წლებით ნაგროვები ქონება _ ავეჯი, 4000 წიგნი, ჩემი შვილის ნახატები ჩამომართვეს და სამხედრო პენსიაც გამინახევრეს.

თაღლითმა ჭანიშვილმა, რომელზეც სისხლის სამართლის სასამართლომ განაჩენში დააფიქსირა, რომ გოგილაშვილმა მას ფიქტიურად გადაუფორმა ბინა, სააპელაციოში ყოფილი მოსამართლის, ადვოკატ ციცინო დევრისაშვილის დახმარებით მიაღწია, რომ მოსამართლეებმა წიკლაურმა, ნაზღაიძემ და გუჯაბიძემ მიკერძოებით არ იხელმძღვანელეს სამხარაულის სახელმწიფო ფსიქო-ექსპერტიზის 2 დასკვნით, სადაც ხაზგასმულია, რომ ცირა სოფრომაძეს სანოტარო ხელშეკრულების გაფორმების დროს არ შეეძლო განეგო თავისი ქმედება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაიზიარა კრიმინალ-ექსპერტ ხარებავას 2-ათასლარიანი დასკვნა, რომელზეც 4 წელია, ქალაქის პროკურატურაში წარმოებს დავით კუტალაძის მიერ სისხლის სამართლის საქმე. ჩემს ეპიზოდზე წარვადგინე სამი საექსპერტო დასკვნა, დავიკითხე კიდეც და დღემდე სათანადო გადაწყვეტილება, პასუხი არ მაქვს. საოცარია სასამართლოსა და პროკურატურის ასეთი უსამართლობა. თანაც ისინი ახლა დაწინაურებულები არიან.

_ ამჟამად სად ხართ, როგორ ცხოვრობთ და რა სტადიაშია თქვენი საქმე?

_ ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დავრჩი. ხან ეკლესიაში, ხანაც რომელიმე მეგობართან, ან ნათესავთან ვათევ ღამეს. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რაღაც იმედები ჩამესახა. არაერთხელ მივმართე მთავრობის მეთაურსა და მინისტრებს, ასევე სახალხო დამცველს, მაგრამ უშედეგოდ. ამჟამად საქმე ქალაქის სამმართველოშია და აჩიკო ობოლაშვილი იძიებს, ზედამხედველი პროკურორი კი ირაკლი იმერლიშვილია. ორივე მთავრობის წლებში სამართალს ვეძებ, ვერაფერს გავხდი.

ახლა „ქრონიკა+“-ის მეშვეობით მინდა მივაწვდინო ხმა ახალ ხელისუფლებას, ჯიპებს და პრემიებს მორგებულ მინისტრებს, საკანონმდებლო ორგანოში მოკალათებულ პარლამენტარებს, რომლებსაც, რატომღაც, არც დრო აქვთ და არც სურვილი, ღირსებაწართმეული და საკუთრების უფლებაშელახული რიგითი ადამიანებისთვის მოიცალონ. გინახავთ სადმე, 8 წლის მანძილზე ქალაქის პროკურატურა საქმეს იძიებდეს, ამ პერიოდში საქმეზე 9 პროკურორს ცვლიდეს და სიმართლის ვერდადგენას ერთმანეთს აბრალებდნენ?!

შვილი, რომელიც 25  წელია, უცხოეთში ცხოვრობს და სამშობლოში ყოველწლიურად ჩამოდიოდა, ახლა უბინაობის გამო ვერ ახერხებს ავადმყოფი მამის ნახვას. ყოფილი მთავრობის მინისტრებს მან სამჯერ მიმართა, მაგრამ პასუხიც არ მიუღია. ვინ უნდა დაიცვას დაზარალებულების უფლებები და ღირსება?! _ ალბათ, კანონის უზენაესობამ, რომლის  შესახებაც არაფრის გაგება უნდათ. სულ სხვა თემაა სამართლის კულტურა, ეთიკა და პრევენცია, რომელსაც იგნორირებას უკეთებენ.

 

თემურ სირაძე