საქართველოს საგარეო მინისტრის გაუგებარი და საზიანო განცხადება

yt45321

საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის ყველა პროცედურა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, დარჩენილია რამდენიმე კვირა, რომლის განმავლობაში ექსპერტები გააგრძელებენ შესაბამისი უწყებების შემოწმებას და მონიტორინგს, ვალდებულებების შესრულებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში.

„ამის შემდეგ ჩვენ ველოდებით სპეციალური ანგარიშის მომზადებას, რომელშიც ასევე ჩართული ვიქნებით. პროცედურების მიხედვით, ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს რიგის სამიტის წინ. ჩვენ ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, ეს ანგარიში იქნება პოზიტიური, ძალიან კარგი საფუძველი შემდგომი ეტაპისთვის _ პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყებების წარმომადგენლები ჩადიან ევროკავშირის დედაქალაქებში, ხვდებიან ყველა შესაბამის უწყებას, პარტნიორებს და ესეც არის ნაწილი პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციისა“, _ აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რიგის სამიტზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის:

„რიგის სამიტზე ჩვენ ველოდებით პოზიტიურ ანგარიშს ტექნიკური საკითხების დასრულებასთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიის კომპეტენციაა“, _ აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელი ქვეყნის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, არ არის გამორიცხული, რიგაში ლიდერებმა სწორედ საქართველოზე პრაქტიკული გადაწვეტილება მიიღონ.

თამარ ბერუჩაშვილის განცხადებას თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსალოდნელი წარუმატებლობისგან თავს იზღვევს.

„თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით,  ეს არის დამარცხებაზე განწყობილი ხელისუფლების განცხადება. ყოფილი მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადება სამიტამდე 2 თვით ადრე დაუშვებელია იმ ქვეყნის დიპლომატის მხრიდან, რომლის მიზანიც უვიზო მიმოსვლის მიღებაა:

„სანამ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უფრო მეტს იბრძოლებს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლაზე, სანამ ეს ხელებჩამოყრილი მთავრობა იქნება, რომელიც გრიშა ბიძიასთან უკანმოუხედავად გარბის, პარლამენტში სალაპარაკოდ მოსასვლელად ბრტყელტუჩათიც კი ვერ ამოაძრობ საკუთარი კაბინეტებიდან და სანამ თავდაცვის 5 უდანაშაულო თანამშრომელი იჯდება ციხეში, მანამდე იქნება უკუსვლა, იქნება უიმედობა და უპატრონობის განცდა!“ _ წერს პეტრიაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პეტრიაშვილმა ჯერ კიდევ მინისტრ ბერუჩაშვილის ბოლო გამოსვლამდე აღნიშნა, რომ „საგარეო დიპლომატიის კუთხით სრული ჩავარდნაა“.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეფერხებები აქვს:

„მუშაობა არის გასააქტიურებელი როგორც ვიზის ლიბერალიზაციის მეორე ფაზის, ასევე საგარეო დიპლომატიური კუთხით. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გვაქვს ჩავარდნა. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გაააქტიუროს საქმიანობა“, _ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

„ქრონიკა+“ არსებულ გამოწვევებზე ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს _ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრება:

_ ვერ გეტყვით, ამ განცხადებით რას გულისხმობდა ქალბატონი თამარი, რადგან დეტალური ახსნა არ ყოფილა. პრინციპულად, ამ გზაზე რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს ვერ ვხედავ. ამა თუ იმ მიზეზით რიგის სამიტზე გადაწყვეტილება შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ დღემდე ცნობილი ყველა შეფასება, მათ შორის, ევროკავშირის იმ ხელმძღვანელების, ვინც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე პასუხს აგებენ, სრულიად დადებითია საქართველოსთან მიმართებით.

აქ ერთი მომენტია, რომელიც უდავოდ არის გასათვალისწინებელი _ ევროკავშირს რუსეთთან გართულებული სიტუაციის გამო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის გადახედვის პროცესი აქვს დაწყებული. კონსულტაციები, ალბათ, მიმდინარე თვეში დაიწყება. აქ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწარაფებებს და ჩვენს კურსს. ამისთვის, რასაკვირველია, სამუშაო აქვს საქართველოსაც და შესაბამისი ჯგუფის სხვა სახელმწიფოებსაც. იგულისხმება უკრაინა, მოლდოვა…

თუმცა ეს მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობას არ ეხება, ეს საერთო-სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის თემაა, მათ შორის, ერთ-ერთი არის ევროპელების მიერ რუსეთთან საურთიერთობოდ უფრო მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბება. ვნახოთ, ამ პროცესს რა მოჰყვება. ეს არის ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა ევროკავშირთან ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის დღის წესრიგში დგას.

_ რით არის გამოწვეული რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვა და ეს პროცესი რა შედეგებამდე მივა?

_ პრაქტიკულად, პროცესი იმაზე არის დამოკიდებული, თუ როგორი დიალოგი გაიმართება, რა პოლიტიკური პოზიცია მომწიფდება ევროკავშირის შიგნით? ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ უკრაინის მოვლენების შედეგად ევროპამ დაინახა, რომ რუსეთთან ის მიდგომები, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ, უბრალოდ, ეფექტური არ არის. რუსეთმა მიიღო რა საკმაოდ დიდი მოცულობის ეკონომიკური ეფექტი ენერგომატარებლების მაღალი ფასებით გასული ათწლეულის განმავლობაში, ამ რესურსების წარმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელი მიმართულებით დაიწყო; ეს არის სამხედრო კომპონენტის გაძლიერება და მეზობლების წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის წარმართვა.

გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთისა და მეზობლების ურთიერთობაზე საუბარი არ არის. საქმე ეხება იმას, თუ საბოლოოდ რა შედეგი მოჰყვება ამგვარ სტრატეგიას. როგორც ევროპისთვის, ისევე როგორც მთლიანად დასავლეთისთვის, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, სულერთი არ არის. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ სამეზობლოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვის, გადახალისებისა და კიდევ ერთხელ განსჯა-ჩამოყალიბების შესახებ საკითხი დაისვა.

ახლა მთავარია, ევროპაში არ ჩათვალონ, რომ მათ ინტერესებს შეესაბამება ის, რაც სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა _ როდესაც რუსეთის დაწოლას დასავლეთი პასიური დათმობებით პასუხობდა, აგრესორის დამშვიდების პოლიტიკით; ჩვენთვის ეს გზა მიუღებელი იქნებოდა.

_ ბრძანეთ, რომ ამ კონტექსტში ქართულ მხარეს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი…

_ ჩვენ იმ სახელმწიფოების რიცხვში ვართ, ვის ინტერესებსაც უშუალოდ შეეხება ეს პროცესი. წმინდა გეოგრაფიულადაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილს წარმოვადგენთ; შესაბამისად, ეს ჩვენი გეოპოლიტიკური ამოცანაც არის.

_ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას ამ მიმართულებით გარკვეულ პასიურობაში ადანაშაულებენ. რამდენად ახლოს დგას მსგავსი შეფასება რეალობასთან?

_ არ არსებობს მთავრობა, რომელსაც კრიტიკის მიზეზს ვრ მოუძებნი. არც ჩვენი ხელისუფლებაა ამ თვალსაზრისით სრულყოფილი. კრიტიკული მოსაზრება შეიძლება შეეხოს ყველა სფეროს, მაგრამ ის ხმაური, რომელიც ახლა ჩვენს საზოგადოებაში არის ატეხილი, ჩემი აზრით, საკმაოდ შორს დგას რეალური საგარეო პოლიტიკისგან. ეს შიდა პოლიტიკური ინტერესების შეჯახებაა და, შეიძლება ითქვას, რომ აქ ზომა-წონა და დისკუსიის ფორმა თუ შენარჩუნებული იქნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თქვენც ხედავთ, რომ ამ დისკუსიისას ხშირად ეს ნორმები ირღვევა, რაც ჩვენს საერთო საქმეს აზიანებს.

ამ დროს საქართველოს უამრავი ძალიან რთული საგარეო გამოწვევა აქვს. აქ უპირველესად რაც საჭიროა, ეს არის ჩვენი კონსოლიდაცია. ვფიქრობ, ამ გაგებით უნდა განიმსჭვალოს ყველა, ვისაც პასუხისმგებლიანი მიდგომა აქვს და არა ვიწრო-პარტიული ინტერესი, განსაკუთრებით საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ მგონია, რომ აქ ეს პრობლემა უფრო გვაქვს, ვიდრე ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ მთავრობამ, ხელისუფლებამ, ან თუნდაც რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გადაუხვიოს ქვეყნის არჩეულ კურსს. ამ კურსზე საუბარი საჭიროა, მაგრამ ამან თვითონ განსჯის საგანი არ უნდა დააზიანოს.

_ საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობილი განცხადება როგორ უნდა შეფასდეს, სადაც პირველ რიგში საქართველო-უკრაინა-მოლდოვას ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივები იყო ნაგულისხმები?

_ მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ პირველი _ ეს არ არის საფრანგეთის პოზიციის რამე მკვეთრი ცვლილება. საფრანგეთი კარგა ხანია, ნატოს გაფართოების პროცესისადმი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნად სახელდება.

მეორე, ეს განცხადება სრულიადაც არ არის კონკრეტულად საქართველოს საკითხზე. ეს, საერთოდ, ნატოს მომავალი წლის სამიტზე გაფართოების საკითხის დღის წესრიგში დასმის პერსპექტივას ეხება.

რასაკვირველია, ეს ჩვენთვის უსიამოვნო განაცხადია. საერთოდ კი, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ეს განცხადება შეიძლება ნიშნავდეს განწყობას, კონკრეტულად პარიზის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომ რუსეთს მეტი და სერიოზული დაუთმონ ამ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე მიმდინარეობს.

მაშინ ეს პროცესი მიუნხენის ცნობილ პროცესს დაემსგავსება. ეს საშიში თვითონ ევროპისთვის და ნატოსთვის აღმოჩნდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აქ თეთრსა და შავს ჩვენი ევროპელი კოლეგები საკმარისად მკაფიოდ გაარჩევენ.

 

გელა მამულაშვილი