„ოცნების ხაჭაპური“ ელისო ჩაფიძისგან ტყიბულელებს ემლაშებათ

11051577_10205408796594769_725209875_n

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, რომელზეც, სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად, ელისო ჩაფიძისა და ოთარ აბესაძის დაპირისპირებაც განიხილეს, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი გაამართლეს, თუმცა, როგორც „ქრონიკა+“-მა შეიტყო, ქალბატონმა ელისომ პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ყვითელი ბარათიც. მას ნათლად აგრძნობინეს, რომ ყველაფერი იციან და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, სამომავლოდ ზომებსაც მიიღებენ. ამ ეტაპზე კი კონფლიქტი ამოწურულად ჩაითვალა.

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ოთარ აბესაძემ აბეზარი ჟურნალისტების მოსაგერიელებლად სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კონფლიქტი მოგვარებულია და რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, მოგვიანებით კი მაინც გადაწყვიტა, მრავლისმთქმელი ფოტო აეტვირთა და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პრემიერთან გადაღებული სელფი. მართალია, სელფი პერსონალური არ არის და იქ აბესაძე, ცოტა არ იყოს, გაკვეხებულივით მოჩანს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფოტოზე ირაკლი ღარიბაშვილია.

ამ ფოტოზე ვინმე შაკო მესხის კომენტარი: „სადაა ჩაფიძე, უეჭველი ბიძინასთან სელფს დადებს“, „პოსტ სკრიპტუმშიც“ გაჟღერდა, რასაც ფოტოზე შემდგომი განხილვები მოჰყვა: „ვერაფერი დაგიწერია კაცს, 77 დამატება მომივიდა სიუჟეტის შემდეგ“, _ წერს შაკო მესხი. „გაპიარებ, რა გინდა…“ _ პასუხობს აბესაძე, ხოლო შაკო მესხი საკუთარ კედელზე სტატუსს დებს: „ჩემს კომენტარებს ქამარი უნდა შემოვუჭირო…“

რაც ჩავლილია, ახლა მასზე ხალისი ადვილი საქმეა, მაგრამ ელისო ჩაფიძისთვის აბესაძესთან დაპირისპირება სულაც არ იყო იოლი გადასატანი. მით უმეტეს, თავად ბიძინას ფავორიტმა ამ თამაშში ბიძინას არანაკლები ფავორიტები გარია: ირაკლი ტრიპოლსკი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი. სწორედ ეს ორი ადამიანი დაასახელა ჩაფიძემ, როგორც ოთარ აბესაძის უკან მდგომნი.

ოთარ აბესაძე კი აცხადებს, რომ, უბრალოდ, ტყიბულში არსებული მდგომარეობა კარგად იცის, რადგან იქ სახლი აქვს: „მე ტყიბულელი ვარ წარმოშობით, ბებია მყავს იქ, სახლი მაქვს და მყავს ახლობელი ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას მაწვდიან“, _ ამბობს განათლების მინისტრის მრჩეველი, რომლის დანიშნულებასა და კომპეტენციაშიც ელისო ჩაფიძეს ეჭვიც შეეპარა და დაემუქრა, _ გავარკვევ, მანდ რას მიკეთებო!..

ტყიბულში ოთარ აბესაძეს მაინცდამაინც ბევრი არავინ იცნობს და ეს ბუნებრივია _ მისი აქტიურობა ამ ქალაქს არ უკავშირდება. მას კავშირი აქვს ახალგაზრდებთან და, როგორც ელისო ჩაფიძე ამბობს, რაღაც ჯგუფთან ერთად ტყიბულში ტვ „ობიექტივის“ ფილიალის გახსნითაცაა დაინტერესებული. ამას არც თავად აბესაძე უარყოფს მიმოწერაში, რაც, სხვათა შორის, შესწავლას საჭიროებს: აბესაძე საჯარო მოხელეა. აბესაძე წერს, რომ ტელევიზიის გახსნას კი აპირებს, მაგრამ ეს იქნება „ქართული ოცნების“ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი. ალბათ, აბესაძე ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერა მისი საწინააღმდეგო ფაქტებით იქნებოდა მდიდარი: ერთი მხრივ, საჯარო მოხელე, რომელიც ტვ-ს გახსნას აპირებს და, მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ტვ-ს გააპიარებს…

რაც შეეხება ელისო ჩაფიძეს, მან მართლაც შეუძლებელი შეძლო: სულ რაღაც სამიოდე წლის წინ ის ქალაქის სიამაყედ ითვლებოდა. ვისთვისაც უნდა გეკითხა მასზე, სიამაყით გიპასუხებდა, რომ „ეს გოგო“ აქაურია და დიახაც, ამაყობენ ამით. ნამდვილი ბუმი იყო წინასაარჩევნოდაც _ ელისოს ფოტოები ყველგან, ელისოს მომხრეების მობილიზება, ყველას „ელისო“ ეკერა პირზე… ახლა კი…

რაღა შორს წავიდეთ, ელისოს სახელის გაგონება არც მის მშობლიურ სოფელ მუხურაში უნდათ. მოსახლეობა ჩაფიძეს, ძირითადად, უმოქმედობას უწუნებს და ჩივის, რომ მასთან შეხვედრას ფიზიკურად ვერ ახერხებენ, რადგან ელისო თანასოფლელებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ემალება:

„სოციალური დახმარება მქონდა და მომიხსნეს. უკვე ერთი წელი ხდება, არ მაქვს. თავიდან ვიფიქრე, გაუგებრობაა, ელისოს ვეტყვი, იქნებ, რამე გამოვიდეს, ჩემს თავს როგორ დააჩაგვრინებს-მეთქი. შენც არ მომიკვდე! ვერც შევხვდი. ვერაფერი გავიგე, რა ხდება!“ _ ამბობს მუხურელი ლევან ყვავაძე.

ლია ისაკაძე კი ყვება, რომ ელისო ჩაფიძესთან შეხვედრა რამდენჯერმე სცადა. ბოლოს და ბოლოს, მოახერხა კიდეც. ელისო დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ უშედეგოდ. არადა, ისაკაძე ბევრს არც არაფერს ითხოვდა: შვილი ჰყავს ავადმყოფი და ქმარსაც გადაადგილება უჭირს, სახლი სავალალო მდგომარეობაშია, სოციალური აგენტები კი მაინც მაღალ ქულებს უწერდნენ, აქაოდა, გოჭები გყავს და ჰყიდიო… ელისოსთან სათხოვარი ჰქონდა, იქნებ, მოახერხოს და ჯანდაცვის სამინისტროში შეეხმიანოს ვინმეს, რომ ეს პრობლემა მოგვარდესო.

როცა ვერაფერს გახდა, წერილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მისწერა. წერილი ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა და ამ ქალბატონს „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი ბიზნესმენი, მარიამ კუკუნაშვილი დაეხმარა ფინანსურად _ ელისო ჩაფიძეს ყურიც არ შეუბერტყავს.

მუხურლები იმ პერიოდსაც იხსენებენ, როგორ აქტიურობდა ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე იმერეთის რეგიონიდან, კერძოდ, ტყიბულის რაიონიდან ხე-ტყის უკანონოდ გატანის გამო. ეს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო და, გარკვეულწილად, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც გრძელდებოდა. ჩაფიძეს მასალების მოპოვება არ უჭირდა, ფაქტებიც ჰქონდა ფოტოების სახით, რადგან ერთი ტყიდან მომავალი გზა სწორედ მუხურის გავლით გადიოდა, იქ ჩასაფრება და ფოტოს გადაღება არ იყო ძნელი საქმე.

ახლა კი მუხურლები ამბობენ, რომ ელისო ჩაფიძის „ოცნების ხაჭაპური“ სოფლისთვის ძალიან მლაშე აღმოჩნდა: ტყე ისევ იქაა, გზაც ისევ მუხურაში ჩამოდის და ხე-ტყე ახლა რომ გააქვთ, აქტიურობა ისეთი უნდაო… მაგრამ ამჟამად არც ჩასაფრებულია ვინმე ფოტოაპარატით, გზაში არც პატრული აჩერებს, არც გარემოს დამცველები, რადგან ის ელისო ჩაფიძის ქმრის ლობირებული ფირმის მანქანებია… მათთვის შეიძლება!..

კდევ ერთი მითქმა-მოთქმის თემაა ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ეს გზა, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ, როგორც არაერთხელ მომხდარა, საბოლოოდ, ეს სიკეთეც გამგრძელებელმა მიიწერა, ანუ ელისო ჩაფიძეს ერთადერთ აქტივად სწორედ ამ გზას უთვლიან, თუმცა იქვე ამბობენ, რომ აქაც მისი ქმრის წრის ინტერესები იკვეთება. სხვათა შორის, მუხურის გზას ოთარ აბესაძე თავის მიმოწერაშიც ახსენებს და ელისო ჩაფიძეს სწერს, წინასწარ ვიცი, მუხურის გზის ტენდერს ვინ მოიგებსო.

სხვათა შორის, ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი გზა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და უკვე თითქმის ბოლომდეა მიყვანილი. წინა ხელისუფლების დროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ჩამოშორდა, მისი ადგილი კი დაიკავა ფირმამ, რომელმაც არა მარტო ეს, ტყიბულში ჩატარებული სხვა ტენდერებიც მოიგო, ყველა მაღალბიუჯეტიანი…

რამდენ ხანს დარჩება ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის რჩეულად, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ტყიბულელებისთვის ის უკვე აღარაა რჩეული. მომავალ არჩევნებზე, ელისოს დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, მას მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება გაუჭირდება. ვისზე დადებს ფსონს ამჯერად „ქართული ოცნება“, დაახლოებით, ერთ წელიწადში გვეცოდინება.

 

დოროთე გითოლენდია