სინდისის ძროხა და ხადურის ციკანი

11042163_10205390559618856_1073260951_n

„სინდისიც კარგი საქონელია“, _ ამას ქართველი მაშინ ამბობს, როცა უსინდისობას ეჩეხება, ან ეჭვქვეშ დგება ვინმეს კეთილსინდისიერება. „სინდისიც კარგი საქონელია“, _ ამბობს უსინდისობით შეწუხებული ქართველი და ირიბად გაყიდულ სინდისზე მიანიშნებს მავანს, თორემ იმთავითვე ცხადია, რომ „საქონელში“ ძროხას და სხვა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს არ გულისხმობს… დიახ, სინდისი იყიდება… სამწუხაროდ.

ცხონებულმა კახა ბენდუქიძემ ბრძანა, რომ ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა, მაგრამ ამით ის კი არ თქვა, რომ სინდისით არ ვაჭრობენო, პირიქით… სწორედ იმაზე მიუთითა, რომ ყველაფრის გაყიდვაა სინდისიერი, სინდისის გაყიდვის გარდა. საქართველოში კი სწორედ სინდისს ელევიან ყველაზე იოლად, სწორედ სინდისი იყიდება ყველაზე სარფიანად და სწორედ სინდისია ყველაზე კარგი საქონელი სავაჭროდ აქ, ამ ქვეყანაში. დიახ, აქ ენანებათ ბებიის ნაქონი სახლი, თუ, უბრალოდ, სერდოლიკი გასაყიდად, აი, სინდისს კი დაუნანებლად ყიდიან. ნამუსზე ხელს ისე იღებენ და შუბლზე ძარღვს ისე იწყვეტენ, თვალს არ ახამხამებენ და არც შუბლს ატოკებენ _ გეგონება, დაბოტოქსებული ჰქონდეთ… დიახ, უსინდისობით აქვთ დაბოტოქსებული….

ახლა, ამ სინდისით ვაჭრობას ისე ნუ წარმოიდგენთ, რომ უეჭველი დახლზე უნდა გედოს და ყიდდე, ან აუქციონზე გაგქონდეს. ასე ნუ წარმოიდგენთ და თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ თქვენ სინდისი გაქვთ და ჯერ არ გაგიყიდიათ. თქვენ რომ გგონიათ, ეგრე არაა, ერბო ერბოა, ქონი ქონია და… ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ თქვენ სინდისი აღარ გქონიათ… ისე გაყიდეთ, ვერც შეამჩნიეთ. სინდისით ვაჭრობა ყოველთვის ხილული და იმ წამს ვალუტაში კონვერტირებადი არაა. სინდისით ვაჭრობაც არაა სწორი სიტყვა, უფრო სწორად, გაყიდვაა, თორემ ვაჭრობა ორმხრივია _ გაყიდვაცაა და ყიდვაც, გამყიდველიც ჰყავს და მყიდველიც, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, ვინმეს სინდისი ეყიდოს, ყველა ყიდის…

სინდისიც ხურდაში მისდევს, როცა მწვანილის რუსეთში გაყიდვის ჟინით აღტყინებული თვალს ხუჭავ მცოცავ ოკუპაციაზე…. ხან „პოსლეზეც“ აღმოაჩენ, რომ დეფიციტია ნამუსის, დიახ, გაყიდულია ნამუსი, ან ჯართშია ჩაბარებული, როგორც უმაქნისი და გამოუსადეგარი, მეტიც _ ხელის შემშლელი სხვა ბევრად მასშტაბური ვაჭრობებისთვის…

დიახ, შეხედავ კაცის ქმედებას, საქციელს და მიხვდები, რომ გაუყიდია ნამუსი, გაუყიდია, თორემ კაცს რომ ნამუსი ჰქონდეს, სხვაგვარად მოიქცეოდა…

ეს კოლექტიურადაც ასეა. ამ მთავრობას რომ ნამუსი ჰქონდეს, 21 მარტამდე თვითონ გადადგებოდა! მარტო იმიტომ, რომ 2-მა ბიჭმა ერთ ღამეში შუაგულ თბილისში 11 ბენზინგასამართი სადგური დაუყაჩაღა. კარგით, ლექსო „თალიბანა“ იყო და ეს ახალი მინისტრი ვინაა? ბოთე? აბა, ვინ ხარ, 2 ყაჩაღს მანამ რომ ვერ დაიჭერ, სანამ 11 ობიექტს არ დაგიყაჩაღებს?

სინდისს ყიდიან, თორემ პრივატიზაციის დამუხრუჭება ისეთი უნდა, აქ, ამ ქვეყანაში, რომ იყო. ახლაღა, როცა ლარი გაუფრინდათ, ახლაღა გამოიტანეს ობიექტები გასაყიდად. ახლა თვითონ მიჰყვეს ხელი გაყიდვას და ეს არც ქონების განიავებაა და არც თვითონ ბრძანდებიან იუდები. პირიქით, „პატრიოტებად“ გვასაღებენ თავს _ „ნაციონალების“ დანიშნული ქადაგიძის გაუფასურებული ლარი უნდა გაამყარონ ამ გზით მოძიებული მილიონებით. ახლა, ვაჭრობის წესს არ იკითხავთ? დაასახელებენ თანხას, არ გამოჩნდება მყიდველი, დაწევენ, კიდევ არ გამოჩნდება, კიდევ დაწევენ და ასე გააგრძელებენ მანამ, სანამ იმ ფასამდე არ დავლენ, რა ფასადაც იყვნენ წინასწარ შეთანხმებულები მსურველთან. აი, ზუსტად ისე, როგორც იქცევიან ზუსტად ახლა _ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. 20 მილიონ დოლარად დააფასეს, არავინ იყიდა, ახლა ფასს დაწევენ და ბოლოს მიამღერებენ სასაცილო თანხად… ცხადია, ეს თანხა ჩემთვის და თქვენთვის კი არ იქნება სასაცილო, იმასთან შედარებით იქნება სასაცილო, რამდენიც ამ უნივერისტეტის აშენება დაჯდა, თავის დროზე… ასევე გაყიდიან იმ ყველა დანარჩენ ობიექტს და ისიც საკითხავია, გაყიდიან თუ იყიდიან? დიახ, ბატონებო, ყველას კარგად მოეხსენება, ვისაც აქვს ამ ყველაფრის საყიდელი ფული საქართველოში, დიახ, დიახ, აი, იმას, ვინც „უფასო ფულს“ გახარბებდათ…

გპირდებოდათ უფასო ფულს და ბოლოს ხელში შეგატოვათ გაუფასურებული ფული და ახლა უკვე ისეთ დღეშია ქვეყანა, რომ, მე მგონი, მართლა სინდისიღა იყიდება ამ ქვეყანაში _ ვეღარ იყიდება ტექნიკა, ვეღარ იყიდება ტანისამოსი, ვეღარ იყიდება არათუ ფუფუნების, ელემენტარული კომფორტისთვის საჭირო საგნები, მოკლედ, იყიდება მხოლოდ სინდისი და პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და მედიკამენტები…

ეს საზოგადოდ, თორემ თვითონ ყველაფერსაც ყიდულობენ. ეს ისთე, ზრდილობის გულისთვის თქვეს ქამრების შემოჭერა, თორემ საბიუჯეტო სახსრებს ისე ფლანგავენ, არც ქამარი ახსოვთ, აღარც პერანგი და აღარც იმის ამხანაგი ნიფხავი…

აგერ, ბატონო, არის ასეთი ვინმე _ ისნის გამგებელი _ ვახტანგ ქიზიყურაშვილი. კაბინეტში დახვდა წინამორბედის ნახმარი ტელევიზორი და მაცივარი, მაგრამ გამგებელი ის კაცია, ნახმარი იკადროს? გაქანდა და იყიდა 1545-ლარიანი მაცივარი და 1450-ლარიანი ტელევიზორი. ეს ყველაფერი „ქამრების შემოჭერის“ კვალდაკვალ, თორემ გამგებელი კაცი 1545-ლარიან მაცივარს იკადრებდა? ეს მაცივარი და ტელევიზორი რა მოსატანია იმასთან შედარებით, რაც მანქანებთან დაკავშირებით მოიმოქმედეს: იქით ობიექტებს ყიდიან, ლარს უნდა შევეშველოთო და აქეთ 4 მილიონ 700 ათასის მანქანები იყიდეს, თან ერთი ღონისძიებისთვის! და არ გაინტერესებთ, რისთვის? როგორც ციკნიჭამია მინისტრი ხადური ბრძანებს, მომსახურების სააგენტოს ეს მანქანები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თბილისში ჩასატარებელი ღონისძიებისთვის უყიდიათ. გაიგეთ? ერთი ღონისძიებისთვის იყიდეს! არა, ამ ღონისძიების მერე განა გადაყრიან, განა ასეთი უყაირათოები არიან, თვითონ გადაინაწილებენ მერე… ხადური ხელებს იფშვნეტს, ანალოგიური ტიპის მანქანები რომ გვექირავა და დაგვეზღვია, ღირებულების დაახლოებით 40-45% გვიჯდებოდა და ამიტომ ეს ხარჯი გამართლებულიაო.

გამართლებული ყოფილა. და ის სულ არაფერიო, რომ 4 მილიონ 700 ათასი მიაფლანგეს იმ ბანკის ერთი ღონისძიებისთვის, რომელ ბანკსაც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას და კრედიტს სთხოვენ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად…

სთხოვენ, კი, სთხოვენ, ხადური როცა ბატკანს შეჭამს _ ეკონომიკურ კრიზისს აღიარებს, როცა ციკანს უზამს ულაპს _ სიტყვა უკან მიაქვს და გაიძახის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი არააო. როცა ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომა მოითხოვა, ხადური გამოენთო, _ რა შეჭამეთ გული, საქართველში არანაირი ეკონომიკური კრიზისი არააო. არანაირი ეკონომიკური კრიზისი საქართველოში არ არის. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომლის ეკონომიკაც გაიზრდება. მართალია ცოტათი, მაგრამ _ მაინც. ახლა მე თქვენ გეკითხებით, _ ეს კაცი, აი, მაგ სიტყვების მთქმელი, რას ყიდის და რას ყიდულობს?

მაგრამ რა გინდა? _ საკმარისია, ვინმემ კრინტი დაძრას კორუფციულ გარიგებებზე, რომ იგი გამოენთება, ღაბაბს შეათამაშებს და იტყვის, _ კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას „ნაცების“ ის წევრები მოიკითხეთ, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიანო. ამას ისე ამბობს, გეგონება, ხელისუფლებაში მოსვლამდე თვითონ გლდანს არ ატალახებდა თავისი „კალოშებით“ და სულ ახლახან არ მიეტოვებინოს გლდანი და ცენტრისკენ არ დაძრულიყოს, მაგრამ რა გინდა, ის თავს არავის წინაშე არ გრძნობს ვალდებულად. აგერ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რომ შეახსენა, 5 მარტამდე უნდა წარმოგედგინათ ანტიკრიზისული გეგმაო, ხადურმა მის მიერ შეჭმული ციკანივით შეიკუნტრუშა, _ ჩვენ პასუხისმგებელნი მთავრობის წინაშე ვიყავით და წარვუდგინეთ კიდეცო. ანუ რა უთხრა პრეზიდენტს, შენ ვისი სტაფილო ხარო? და თუ პასუხისმგებელი არ ბრძანდებოდა პრეზიდენტის წინაშე, მაშინ კვირიკაშვილთან ერთად რატომ მისცა პირობა, რომ 5 მარტამდე წარუდგენდა ანტიკრიზისულ გეგმას? მაგრამ რა გინდა, ახლა საერთოდ იმასაც აღარ აღიარებს, ქვეყანაში რომ კრიზისია და გეგმა ვის რა სტაფილოდ უნდა?  გეუბნებით, ამ კაცს ბოტოქსი აქვს გაკეთებული, ამ ყველაფერს ისე ამბობს, ძარღვიც არ უტოკდება. ესაა, თორემ რაღაც მაინც შეირხეოდა მის სახეზე ასეთი უტიფარი განცხადებების კეთების დროს. ნამუსიც კარგი ციკანია, მართლა და მართლა!

ის ცალკე თემაა, სწორედ ეს ხადური რომ გამოვა და ღაბაბის ცმაცუნით პატრიარქის ეპისტოლეს რომ შეაფასებს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ავად აფასებს თუ კარგად, მაგრამ ფინანსთა მინისტრი რომ პატრიარქის ეპისტოლეს აფასებს, ეს რამდენად გენორმალურებათ? გამოვიდა და ყინჩად გვითხრა, პატრიარქის გამონათქვამები აბსოლუტურად თანამედროვეაო. თურმე, ნუ იტყვით და ფრიად თანამედროვე და გენდერულად დაბალანსებული ყოფილა ქალის დანიშნულებაზე „ც“-თი საუბარი და ოჯახის თავად ქმრის გამოცხადება დღეს, თან იმ ქვეყანაში, სადაც ლეკვი ლომისა სწორი იყო, ჯერ კიდევ, მე-12 საუკუნეში. ახლა კი ამ ლეკვების გათანასწორება იცით, როგორ უნდათ? _ კვოტირებით! თურმე, ქალები დიდი დოზით უნდა იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. იყვნენ, უშლის ვინმე? ამაზე არაა, თურმე, კანონმა უნდა დაადგინოს კვოტები და ამ გზით უნდა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. აი, ასე სურს მის მაღალკეთილშობილებას, ყოველთა ჩინელთა, სპარსთა და ეგვიპტელთა შემავიწროებელს, ქსენოფობიაში მხილებულ თეას, წულუკიანს და კიდევ უჩა ნანუაშვილს. არა მარტო მათ, აგერ, აქციებიც გამართეს _ მეტი ქალი პარლამენტშიო, _ ეს რა უბედურებაა, ამხელა პარლამენტში სულ 17 ქალიაო! პროპორციული სიის 50%-ს ითხოვენ, რომ პარლამენტში 38 ქალი იყოს, ეს მხოლოდ პროპორციული წესით. რას გამოიწვევს ეს? პარტიები იძულებული გახდებიან, ქალები ჩასვან სიაში _ მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა თავის რიგებში სათანადო კვალიფიკაციის მანდილოსნები. და თვითონ ეს ხელოვნური მიდგომა არ ლახავს ქალის ღირსებას? სიაში მარტო იმიტომ ჩაგწერენ, რომ ქალი ხარ და კანონი ავალდებულებს ამას? მაგრამ მათი მიზანი „დიადია“ _ ამ გზით ქალების ჩართულობის გაზრდა უნდათ პოლიტიკაში. კი მაგრამ, ეს ქალებზე ძალადობა არაა, თუ მათ პოლიტიკაში ჩართვა არ უნდათ და აიძულებ? და თუ უნდათ, უშლის ხელს ვინმე? და თუ უშლის, მაშინ რანაირად მოხვდნენ ქართულ პოლიტიკაში თავის დროზე ირინა სარიშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, იგივე ელენე თევდორაძე თუ ლანა ღოღობერიძე? ან დღეს რანაირად არის წარმოდგენილი პარლამენტში ის 17 ქალი? წინააღმდეგობები შეხვდათ? რა, კაცებს არ შეხვდათ წინააღმდეგობა? კაცებმა არ გამოიარეს საარჩევნო ბრძოლის პერიპეტიები? თუ პოლიტიკაც ავტობუსია _ კაცი ადგეს და ქალს დაუთმოს ადგილი? კი მაგრამ, ასე გესმით გენდერული თანასწორობა?

ახლა, თუ თქვენ პარლამენტში იოლი გზით მოხვედრა გინდათ, ეგეც თქვით ბარემ ღიად: „ადექით, დაგვსვით“. საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც ფემინისტი და გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი, მამაკაცისგან კატეგორიულად ითხოვს ბებიაჩემისქალიშვილობისდროინდელ გალანტურობას _ ფეხზე ადგომას და ადგილის დათმობას. როცა უნდა სუსტია და როცა უნდა _ ძლიერი. როცა უნდა კი არა, როგორც კი სადავეს ხელთ მოიგდებს _ იმწამს ძლიერია. ქართველები ადრე ამბობდნენ, _ როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო. დღეს ამანაც ფერი იცვალა და იქცა: „როგორც გაწყობდეს, ისე გილხინდეს“.

რა ამის პასუხია და გააკავეთ წულუკიანი! ამაყობს, ჩინელები შევავიწროვეო. გააკავეთ, სანამ ჩინეთის კედელს მისდგომია დასანგრევად. ყოველ შემთხვევაში, აუხსენით მაინც, რომ ჩინეთის კედელი „გიფსოკარდონის“ არაა…

 

რეზო შატაკიშვილი