რატომ არ უშუშდება იარები ღარიბაშვილს?!

11042185_10205390543018441_1024385126_n

საკვირველი განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა: „იარები მანამდე არ მოშუშდება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება“. პრემიერი „ნაციონალების“ მიერ ჩადენილ დანაშაულებს გულისხმობს და „ავშენდით, გონია“, _ სამართლიანობის აღდგენას რა სჯობია, მაგრამ ამ ტემპით თუ გააგრძელეს სამართლიანობის აღდგენა, ან ღარიბაშვილს რა მოუშუშებს იარებს, ან _ ხალხს? ჰო, რა, ტემპია მთავარი, ტემპი, თორემ დრო ყველაფრის მკურნალიაო და როდესმე სამართლიანობა თავისით თუ აღდგება, ანუ თავისით თუ მოშუშდება იარები, ეს ღარიბაშვილის დამსახურება უკვე ნამდვილად ვერ იქნება.

ისე, ხუმრობა იქით იყოს და ღარიბაშვილის ეს განცხადება სხვა მხრივაც იპყრობს ყურადღებას: „ქართული ოცნება“ რომ სამართლიანობის აღმდგენი არ არის, უკვე კარგად გამოჩნდა ბოლო ორი წლის მანძილზე. ამ დროის განმავლობაში ღარიბაშვილსა და მის გუნდს თითი თითზეც არ დაუკარებიათ სამართლიანობის აღსადგენად და ძნელი დასაჯერებელია, რომ ახლა შეიწუხოს თავი _ გუნდსა და კლანს სხვა ინტერესები აქვს და იმიტომ. ასე რომ,  პრემიერის ეს განცხადება იმით არის საინტერესო, რომ სინამდვილეში კი გრძნობს ღარიბაშვილი, რისი გაკეთება არის საჭირო, მაგრამ ამ გრძნობას ადეკვატური საქციელი არ მოსდევს მთავრობის მხრიდან.

ახლა არაადეკვატური თემაც ვნახოთ: ღარიბაშვილი საქართველოში ბიზნესის განვითარების საკითხსაც შეეხო და მთავრობის სხდომაზე ბრძანა, რომ არ უნდა შეიქმნას ხელოვნური ბარიერები ბიზნესისთვის. მისი თქმით, ის დაინტერესდა ბიზნესის მდგომარეობით და იმ პრობლემებით, რომელიც დღეს ბიზნესსექტორს ყველაზე მეტად უშლის ხელს და განაცხადა, რომ ის ბიზნესმენების პასუხით გაოცდა: „დავინტერესდი, თუ რა პრობლემები ექმნება, ზოგადად, ბიზნესს, ან რა შეფერხებები აქვს, ზოგადად, ბიზნესს საქართველოში და მართლაც გავოცდი, ყველამ მითხრა, რომ გასული წელი იყო საუკეთესო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, _ ასეთი სიტუაციით აღფრთოვანებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა სამინისტროს დაავალა, რომ მაქსიმალურად დააჩქარონ ნებისმიერი პროცესი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის საჭირო და ასევე მაქსიმალურად გაამარტივონ ბიზნესის წარმოება ქვეყანაში: „ბიზნესს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნათ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში. ასე რომ, ეს მოწოდება ყველამ მიიღეთ, როგორც დავალება. არც ერთმა არ შექმნას რამე ბარიერი. თუ ვინმე შექმნის ბარიერს, აუცილებლად დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ უნდა იყოს ეს!“ ერთი სიტყვით, მთავრობის აზრით, ყველაფერი რიგზეა და ქვეყანაში ბიზნესი ყვავის, მაგრამ ეს არ არის რეალობა. სინამდვილეში, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია, რომელიც იმ ფაზაში იმყოფება, საიდანაც ქუჩის აქციები და დესტაბილიზაცია იწყება ხოლმე.

მოდით, პუნქტობრივად განვიხილოთ რამდენიმე ასეთი ფაქტორი:

პირველი _ პოლიტიკური კრიზისის პირველი ნიშანი შეუთანხმებელი მუშაობაა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. არსებობს გარკვეული სიტუაციები, როცა ეს შეუთანხმებლობა და პატარ-პატარა წაკინკლავებები შეუმჩნეველია და, როგორც წესი, საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე… მაგრამ ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს სტაბილურ სიტუაციებში, ანუ მაშინ, როცა საზოგადოებას არ აინტერესებს, რა კულუარული ბრძოლები მიმდინარეობს ხელისუფლებაში. თუმცა სულ სხვანაირადაა საქმე, როცა ქვეყანაში კრიზისია და იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლებო წრეებმა ამ პროცესის დარეგულირებაზე იზრუნონ, ერთმანეთთან ბრძოლით არიან დაკავებულები. მაგალითად, მოგეხსენებათ, ბოლო თვეების მთავარი სალაპარაკო თემა ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა იყო. ახლა ვნახოთ, როგორ აერთიანებს სახელისუფლებო შტოებს ეს პრობლემა _ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, უფრო ზუსტად, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა, ასეთი განცხადება გააკეთა: „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობას შეახსენებს, რომ სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა აქვთ წარმოსადგენი, რომელიც აუცილებელია ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა მის წარმოდგენას არავინ ჩქარობს. საქმე ის არის, რომ აბაშიშვილის თქმით გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს. აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვევის მიუხედავად, გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ იმყოფებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. შეხვედრის შედეგად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები პრეზიდენტსა და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ წარმოადგენდნენ სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტულ გეგმას, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 5 მარტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე მსგავსი გეგმა წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა შევახსენოთ პროცესში მონაწილე ყველა პირს საზოგადოების წინაშე მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, წარმოდგენილ იქნას სტაბილიზაციის გეგმა…“ აბაშიშვილის ამ განცხადებაში კრიზისის ნიშნები თუ არ იგრძნობა, მაშინ ძნელი სათქმელია, საერთოდ რა არის კრიზისი? კაი, ბატონო, ეროვნული ბანკის ქადაგიძე `ნაციონალების~ კაცია, ამათ ჯიბრში უდგას და საერთოდ არანაირი გეგმა არ წარმოუდგინა. წესით, ესეც კრიზისია, მაგრამ თავი გავანებოთ. ეკონომიკური გუნდის წევრებიც რომ ჯიბრში უდგანან პრეზიდენტს, აქაც ქადაგიძეა? ან ასეთ სიტუაციაში ერთმანეთის ჯიბრში დგომა რა უბედურებაა?! ასე უნდა ღარიბაშვილს, ეკონომიკას მიხედოს და იარები მოიშუშოს?

მეორე _ რამდენიც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, რომ საქართველოში ბიზნესს „ოქროს ხანა“ უდგას, ასე არ არის. საქართველოში კი არა, ბიზნესი მთელ მსოფლიოში მძიმე პერიოდს განიცდის და არანაირი ობიექტური გარემოება არ არსებობს, რომ ქართული ბიზნესი გამონაკლისი იყოს. თანაც მაშინ, როცა მასზე ობიექტური ფაქტორების გარდა სუბიექტური ფაქტორებიც მოქმედებს. სუბიექტურ ფაქტორებში ისევ ეკონომიკური გუნდის არაგუნდურ თამაშს და არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებებს ვგულისხმობ. მართალია, ღარიბაშვილი კმაყოფილ ბიზნესმენებზე საუბრობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, საქართველოში სად ნახა კმაყოფილი ბიზნესმენები?! ეტყობა, ან გაეხუმრნენ, ან შეეშინდათ მისი და სიმართლე დაუმალეს. რეალურად კი სრულიად სხვანაირი სურათია: არასწორი რეგულაციების წყალობით საქმე უკან მიდის. ლარზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ ამჯერად მასზე აღარ შევჩერდებით. სხვა სფეროში არსებული სიტუაციაც ვნახოთ: თითქმის ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო დროს მიიღო,  ეკონომიკურად წამგებიანია. მაგალითად, აქციზების გაძვირება ლუდსა და სპირტიან სასმელებზე, რაც ეკონომიკის მამებმა შემოსავლების ზრდის აუცილებლობით ახსნეს. მართლაც, თუკი აქციზის ფასს გაზრდი, შემოსავალიც მეტი შემოვა ბიუჯეტში, მაგრამ არ მოხდა ელემენტარული ფაქტორის გათვალისწინება. კერძოდ, როცა იზრდება ფასი აქციზზე, შესაბამისად ეს იწვევს პროდუქციის ფასის მატებასაც. ფასის მატებას კი რეალიზაციის შემცირება რომ მოსდევს, ეს ყველამ იცის, ეკონომიკური გუნდის გარდა. რეალიზაციის შემცირებას კი, თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შემცირებაც მოსდევს. მოკლედ, აქ უარყოფით შედეგთა მთელი ჯაჭვია, რაც ხელისუფლების ამ არასწორ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ლუდზე და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ ეს პროდუქცია ერთ-ერთ იმ მცირედ ჩამონათვალშია, რაც, ასე თუ ისე, საქართველოში იწარმოება. გამოდის, მცირედსაც კი კლავენ და ამ ფონზე სასაცილოც კია ბიზნესის წარმატებებზე საუბარი. სხვათა შორის, ღარიბაშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორედ ასეთმა ბაქიბუქმა დაღუპა სააკაშვილი, რომლის აზრით, ქართული ბიზნესი იაპონურ და გერმანულ ბიზნესსაც კი უსწრებდა. ახლა, არავინ თქვას, რომ პიარში ღარიბაშვილი აჯობებს სააკაშვილს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუკი ხელისუფლება რეალური საკითხების მოგვარებით დაკავდება და ღარიბაშვილიც უფრო ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს, თორემ ტყუილებმა და არაადეკვატურმა ტრაბახმა სააკაშვილს რაც გაუკეთა, ყველამ კარგად ვიცით.

მესამე _ ეკონომიკური პრობლემების პარალელურად მთლად დალაგებულად არც პოლიტიკურ ფრონტზეა საქმე. იმას ვგულისხმობ, 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას რომ აანონსებს. საბედნიეროდ, საქმე იმდენად არ არის გაფუჭებული, რომ უკმაყოფილო ხალხი „ნაციონალების“ დაძახილზე გამოვიდეს ქუჩაში, თუმცა ლეთარგიაში მყოფი ხელისუფლება დროზე თუ არ გამოფხიზლდა, შეიძლება ეს დროც მალე დადგეს. ისე, სასაცილოც კია, ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის თავზე უკვე „ნაციონალები“ იმუქრებიან მიტინგებით. ეს თუ „ოცნების“ კრიზისი არ არის, მაშინ ძნელი სათქმელია, სხვა რა ტერმინი შეეფერება ამ სიტუაციას?

მეოთხე _ მძიმე სურათია საგარეო ურთიერთობებში. რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს უარი უნდა ეთქვათ. ეს ფრანსუა ოლანდმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და სტოლტენბერგმაც კვერი დაუკრა. ოლანდის თქმით კი ალიანსის გაფართოების საკითხი აქტუალური არ არის. „რაც შეეხება ქვეყნებს, რომელთაც სურთ, რომ ნატოს შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს“. მართალია, ქვეყნები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ისედაც ყველამ იცის, რომ მან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იგულისხმა. რის გამო გაკეთდა მსგავსი განცხადება, ცნობილია. პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ევროპა და ნატო რუსეთის დაშოშმინებას ცდილობენ და ამიტომაც აკეთებენ მსგავს განცხადებას. არსებობს მეორე, რეალობასთან უფრო ახლოს მდგომი ვერსიაც: საფრანგეთი უკან იხევს. ეტყობა, იქ აღარ მოსწონთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რამაც თვითონ საფრანგეთიც დააზარალა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებიც, ამიტომ უარს ამბობენ საქართველოსა და უკრაინაზე და ისევ რუსეთთან აპირებენ ურთიერთობის დათბობას. საბედნიეროდ, ასეთი პოზიცია დღეს ევროპაში მხოლოდ საფრანგეთს, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანას აქვს და მთელი ევროპა ამ აზრს არ იზიარებს. თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ რუსეთმა ჩვენ მიმართ გაცილებით თავისუფლად იმოქმედოს, ეს კი, დამეთანხმებით, პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში ძალიან მყიფეს ხდის. საქმე ის არის, რომ მსგავს განცხადებებზეც არაადეკვატურად იქცევა ჩვენი ხელისუფლება. ჯერ ერთი, პაატა ზაქარეიშვილს, რატომღაც, პუტინზე ლაპარაკი მოუნდა და საოცარი მარგალიტები შემოგვთავაზა: პუტინი საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი არ არის. რა, პუტინი იჯდა ტანკში და ქართველებს ხოცავდაო? მოკლედ, თუკი ხელისუფლებაში სხვასაც ეს აზრი აქვს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! მით უმეტეს, ოლანდის განცხადების შემდეგ პუტინის ქება მართლაც დამაფიქრებელია. მოკლედ, ძალიან უხერხული სიტუაციაა შექმნილი. სხვათა შორის, მისი განეიტრალება პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა, _ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს, _ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ცოტა ხნით ამ მოვლენებამდე ადრე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია: „საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არსებობს კითხვა, სად უნდა იყოს საქართველო. თაობების განმავლობაში ეს პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ვეკუთვნით და გვინდა, რომ ვიყოთ მისი ნაწილი. სწორედ ამიტომ ვაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, მიუხედავად იმისა, იქითა მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის ადგილი არ არის და ერთ ოთახში უკვე 28 სუბიექტია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს. ჩვენ უზარმაზარი პროგრესი განვიცადეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გასულ ზაფხულს, რაც ჩვენს პოლიტიკას ევროპული სტანდარტების მიმართულებით წარმართავს. ჩვენ, ასევე, ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, რადგან ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომელიც იქნება მდგრადი და საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ დაგვიცვას, რადგან ბოლო 200 წლის განმავლობაში ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს ხან ოფიციალურად, ხან არაოფიციალურად, სხვადასხვა მიზნებით, უბრალოდ, სჯერა, რომ საქართველო მისი ტერიტორიაა“, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და იმედი დაგვიტოვა, რომ ოდესმე ჩვენს კაკუნს ვინმე გამოეხმაურება და კარს გაგვიღებს. მოკლედ, ვაკაკუნოთ და ვიყოთ, მაგრამ ერთი კია, როცა გეუბნებიან, სახლში ვერ შემოგიშვებ, რადგან არაფერში მჭირდებიო და ამ დროს კი შენ მაინც კარზე უკაკუნებ, ეს უკვე ლამაზი არ არის. წესით, ასეთ დროს კაკუნს უნდა მოეშვა და გამოსავალზე იფიქრო. აი, ამ გამოსავლის პოვნის პრობლემა აქვს დღეს ხელისუფლებას. აგიხსნით, რისი თქმაც მინდა: წესით და რიგით, ოლანდის ნათქვამზე საქართველოს ხელისუფლებას საკმაოდ ხისტი განცხადება უნდა გაეკეთებინა. მე არ ვამბობ, რომ კარი უნდა გამოვიჯახუნოთ და ნატოსა და ევროპისკენ სწრაფვაზე უარი ვთქვათ. დღევანდელ პოლარიზებულ სამყაროში ან ერთ მხარეს უნდა იყო, ან _ მეორე მხარეს. ნეიტრალიტეტზე საუბარი, ჯერ ერთი, ბავშვობაა და ვერც ვიქნებით ნეიტრალურები მაშინ, როცა პოლარიზებულ მხარეთაგან ერთ-ერთს ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას თავისი ნატოსაკენ სწრაფვა და პარტნიორობა უნდა დაეფიქსირებინა და პუტინის ქებას არ უნდა გადაჰყოლოდა, რაც ოპოზიციას საშუალებას აძლევს, რომ ხელისუფლებას საგარეო კურსის ცვლილების სურვილში დასდოს ბრალი. რამდენიც არ უნდა იძახოს ღარიბაშვილმა, ასე არ არისო, ასე ჩანს და სხვა შეფასება როგორ უნდა გაკეთდეს? ასე რომ, ურიგო არ იქნება, თავისი გუნდის წევრებსაც თუ მოსთხოვენ პასუხს უაზრო განცხადებების გამო. აი, ეს იქნება ჭეშმარიტად ადეკვატური საქციელი ღარიბაშვილის მხრიდან და პოლიტიკურ რყევებსაც ავიცილებდით თავიდან.

 

დავით დევიძე