რატომ გადადო „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ბუნებრივი აირის გაძვირების გადაწყვეტილება?

impl88

 

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შევა, რაც საჯაროდ პირობას დაარღვევს და იურიდიული პირების მიმართ ბუნებრივი აირის მოხმარების ტარიფი გაიზრდება!“ _ განაცახდა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, რომელიც კომპანიის მიმართ საზოგადოებრივ კამპანიას ჩაუდგა სათავეში და არასამთავრობო სექტორიდან პირველი აღმოჩნდა, რომელმაც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მოქმედებები, _ გაზრდილიყო ბუნებრივი აირის მოხმარების ღირებულება, _ გააპროტესტა. არჩილ კაიკაციშვილი კომპანიისგან საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

რას აპირებს ორგანიზაცია, რატომ გადადო კომპანიამ ბუნებრივი აირის გაძვირების გადაწყვეტილება? მალავს თუ არა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ 2013 წელს გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულების ასლს?

„ქრონიკა+“-ს არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრება:

_ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1-ლი მარტიდან, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი აღარ გაძვირდება, მაგრამ, იმავდროულად, კომპანიას მიმართავს, გამოიჩინოს კორპორაციული პასუხისმგებლობა და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, რომელსაც, კომპანიის გაუაზრებელი მოქმედებებით, კომერციული სირთულეები შეექმნა და საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. ფაქტია, კომპანიამ გააცნობიერა თავისი მცდელობების რისკები და გამოწვევები, როდესაც უარი თქვა 1-ლი მარტიდან იურიდიული პირებისთვის გაზრდილ ტარიფზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ორგანიზაციის მიერ გაზრდილი ტარიფის მიმართ დაწყებულ შეურიგებელ საზოგადოებრივ კამპანიას და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ თანხმობას, კომპანიის მიმართ ერთობლივი სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით. ერთობლივი ძალისხმევით კომპანიის მოქმედებების შეჩერების შეთანხმება ძალაშია, თუ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საკუთარ პირობას დაარღვევს და იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის საფასურს გაზრდის. კომპანიის მიმართ ერთობლივი სარჩელის მომზადებას, დაახლოებით, 50-ზე მეტი ორგანიზაცია ვგეგმავდით, რადგანაც გადაწყვეტილება თანაბრად ეხება ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიულ პირს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას შეგნებულად არ მოაწერა ხელი და „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2015 წლის 5 თებერვალს სპეციალური წერილით მიმართა, რათა განმარტებები გაკეთებულიყო გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ სხვა იურიდიულ პირებსაც მიმართა და კომპანიის შემოთავაზებაზე თანხმობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ ტარიფის ზრდისგან თავშეკავების შესახებ განაცხადა, გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს _ ჩვენ კომპანიას მოვუწოდებთ, ცალკეული იურიდიული პირების მხრიდან ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებები ძალადაკარგულად სცნოს, ვინაიდან არსებობს მაღალი რისკი და კომპანიის კეთილსინდისიერების მიმართ ნაკლები ნდობა, კომპანიამ, გარკვეულ იურიდიულ პირებთან, სატარიფო პოლიტიკა ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით განახორციელოს.

_ არჩილ, რა გახდა კომპანიის თავდაპირველი გადაწყვეტილების მიზეზი, რომ იურიდიული პირების მიმართ ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური გაზრდილიყო?

_ „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 2015 წლის 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება, გაზის მომხმარებელ იურიდიულ პირებს მომსახურების ტარიფი და მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი განსაზღვროდათ ყოველი 1000 მ3 გაზისთვის 900 ლარით. ეს ფაქტი ჩვენ გავაპროტესტეთ და ვთქვით, რომ გადაწყვეტილება წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას, ხელშეკრულების ცვლილების ცალმხრივ მიზანს და მიუთითებდა კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების მცდელობებზე. კანონით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან დადებული აქვს ვადიანი ხელშეკრულებები, რომლის ცალმხრივი შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა სერიოზულ ზიანს აყენებდა იურიდიული პირების საქმიანობას და პირდაპირ არღვევდა მომხმარებლის უფლებებს. ჩვენ ვთქვით, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კომერციული ინტერესები არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს, რადგანაც გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლები დამოკიდებულია გრანტის ფინანსურ ნაწილზე და დონორთან უკვე შეთანხმებულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში კომუნალური გადასახადები. მიგვაჩნია, რომ კომპანიის ოფიციალური განცხადება, _ ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებით ცვლილების გამო გაზრდილიყო გაზის ტარიფი, _ არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო. კითხვებს ბადებს გარემოება, თუ რატომ ხდებოდა გაზის გაძვირება მხოლოდ იურიდიული პირებისთვის? ამასთან, რამდენად სამართლიანი იყო კომპანიის მხრიდან შემოთავაზებული ახალი სატარიფო პოლიტიკა, როდესაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზის ტარიფს აძვირებს 20%-ით, ხოლო გასულ წლებთან შედარებით ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებით ინფლაცია მხოლოდ 12-13%-ის შუალედში მერყეობს? აგრეთვე, ყურადღება დავუთმეთ იმ გარემოებასაც, რა დროსაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იურიდიული პირებისგან იმპერატიულად მოითხოვდა წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე თანხმობას 2015 წლის 7 თებერვლამდე; მაშინ როდესაც კომპანიის ახალი სატარიფო გეგმა 2015 წლის 1-ლი მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, არ არსებობდა კომპანიის მხრიდან გონივრული ვადა, რომელიც ცვლილებების შეფასებას დაეთმობოდა. ასეთი ფორსირებული მოქმედებები კომპანიის კეთილსინდისიერებაზე კიდევ უფრო მეტად მიუთითებს. ამასთან, ანალიზს მოითხოვს წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელების კონტექსტი და მიზანი, რომელიც ცალკეული ანალიტიკოსების შეფასებით, თავდაპირველად, მოსახლეობის მღელვარების შექმნას ემსახურებოდა, რაც, ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული. კომპანიას არ განუმარტავს ისიც, კერძო პირებზე გაზის ახალი სატარიფო პოლიტიკის ამოქმედებაზე უარი მთავრობის ჩარევის რა ფორმას ატარებდა და რატომ აღმოჩნდნენ თავდაპირველი ცვლილებების მორიგი მსხვერპლნი აწ უკვე იურიდიული პირები? ცხადია, კომპანიამ უკან დაიხია. შესაბამისად, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 1-ლი მარტიდან იურიდიულ პირებს მომსახურების საფასური არ გაუძვირა. შესაბამისად, არ გააძვირა ცხოვრება, ხელოვნურად, რასაკვირველია.

_ როგორც ინფორმაცია გავრცელდა, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, თქვენი წერილის საფუძველზე, არ გასცემს „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ასლს…

_ დიახ, ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რათა ორგანიზაციასთან 2013 წლის მომსახურების შესახებ დადებული ხელშეკრულების ასლი გადმოეცათ. ჩვენ გვჭირდებოდა დოკუმენტი გარკვეული შედარებისთვის, თუმცა 2015 წლის 3 მარტის მდგომარეობით კომპანია ინფორმაციის უზრუნველყოფაზე დუმს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველის, გია ბენაშვილის წერილით ირკვევა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის თაობაზე გვეცნობება მოგვიანებით. სპეციალური მმართველის წერილი 26 თებერვლითაა დათარიღებული, რომელიც ორგანიზაციამ 2 მარტს მიიღო. საკითხავია, რა უნდა გვეცნობოს მოგვიანებით თუ დამატებით? საჭიროა, დოკუმენტის ასლის გადამრავლება და მოწოდება. კომპანიის იურისტები 5 თებერვლიდან „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელშეკრულებას ამაოდ ეძებენ? საქმე ის არის, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტი კომპანიაში დაკარგულია, საკითხის ფართო გაგებით კი კომპანია ორგანიზაციას სამართალწარმოების პროცესში მიზანმიმართულ დაბრკოლებებს უქმნიდა. არსებობს ინფორმაცია, რომ დაკარგულია 2012-2013 წლებში დადებული სხვა ხელშეკრულების დედნებიც. ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით კომპანიის მოგვიანებით პასუხს, მაგრამ ვფიქრობთ, ჯეროვანი და სწორი კორპორაციული პასუხისმგებლობა, ამ მიმართულებითაც, აუცილებელია.

 

თამარ ბატიაშვილი