მამუკა ნოზაძე: „თუ გოცირიძე-ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩიეს, ეს იქნება საზოგადოების სულში ჩაფურთხება!“

fr5567

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზებსა და პარლამენტში ამასთან დაკავშირებულ ჩაწყობა-გარიგებებზე ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ „ქრონიკა+“-ს სკანდალური ამბები აცნობა.

მამუკა ნოზაძე:

_ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა დემოკრატიული პრინციპით შეარჩია და კონსტიტუციით სულაც არ იყო ვალდებული, ღია კონკურსი გამოეცხადებინა. ასე გამჭვირვალედ ამ თანამდებობაზე საქართველოში არასდროს არავინ აურჩევიათ. ყველას მიეცა შესაძლებლობა, თავისი კანდიდატურა წარედგინა. მართალია, პრეზიდენტთან მიტანილ სიაში ოდიოზური, სასაცილო კანდიდატებიც იყვნენ, რომელთაც არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდათ, ამ თანამდებობაზე პრეტენზია გამოეთქვათ, მაგრამ 5-6 კანდიდატი _ გია მეფარიშვილი, მამუკა მდინარაძე, დათო ასათიანი და კიდევ რამდენიმე, ნამდვილად ღირსეული იყო. პრეზიდენტმა საუკეთესო შეარჩია, რის გამოც რამდენიმე ადამიანს შური და ბოღმა გაუჩნდა.

_ კონკრეტულად გვითხარით, ვინ დაიბოღმა?

_ დაიბოღმა და შემდეგ ამ პროცესების ხელშეშლა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც თავად სურდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო. იგი მმართველი პარტიის უმრავლესობის ყოფილი თავმჯდომარეა, ასევე „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრია და, ეტყობა, გარანტიაც ჰქონდა, თუ პრეზიდენტი მას დაასახელებდა კანდიდატად, პარლამენტი მხარს დაუჭერდა, მაგრამ არ წარადგინეს და დესტრუქცია წამოიწყო _ არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გვენეტაძის საკითხი იხილებოდა, მერე კი განაცხადა, რომ აპირებდა საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას. პოლიტიკური თანამდებობის პირისგან ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებელია. იმის გამო, რომ სურვილები არ შეუსრულდა, ქუცნაშვილი კი არ უნდა განაწყენებულიყო, ხელი უნდა შეეწყო პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატის განხილვისთვისა და დამტკიცებისთვის. სიმართლე არის ის, რომ ამ თანამდებობაზე გვენეტაძე მისაღებია არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ საზოგადოების უმრავლესობისთვის და გვწამს, რომ იგი გახდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გარანტი. ქუცნაშვილი ასეთი პიროვნების დამტკიცებას ხელს უშლის და ამის შემდეგ რა უნდა ვიფიქროთ?!

_ გვენეტაძის კანდიდატურის ჩაგდებას და პროცესების გაჭიანურებას მხოლოდ ქუცნაშვილი უშლის ხელს?

_ გეტყვით, რა პროცესებიც მიდის ახლა პარლამენტში: `ოცნების~ შიდა წრეებში, ამ თანამდებობაზე, ქუცნაშვილთან ერთად, განიხილებოდა ევა გოცირიძის კანდიდატურაც, რომელსაც ლობირებს მინდია უგრეხელიძე. აქვე გეტყვით, რომ გოცირიძე არის უგრეხელიძის მეუღლე და გახლავთ იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ სამსახურში იგი ქმრის პროტეჟეობით დაინიშნა. მან გამოიყენა ის გარემოება, რომ თეა წულუკიანი დაახლოებულია უგრეხელიძესთან, თანაც მინდია უგრეხელიძე „ქართული ოცნებაში“ გახლავთ სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი. იურისტების საკმაოდ დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ გოცირიძე არ გამოირჩევა იმ მონაცემებით, რომელიც სჭირდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ის არის მეცნიერი და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროშიც აქვს გამოქვეყნებული მონოგრაფიები, უზენაეს სასამართლოშიც მუშაობდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის პირუთვნელი და ობიექტური. ევა გოცირიძე ისეთივე კონფორმისტია, როგორიც გახლავთ მისი მეუღლე, მინდია უგრეხელიძე, რომელმაც მხოლოდ ახლახან ამოიღო ხმა სამართლიანობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში ის წლები მუშაობდა და იმის გაკეთება მაინც შეეძლო, რომ ამ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების დიდი ნაწილი განხილულიყო, ან მათზე ობიექტური გადაწყვეტილებები გამოსულიყო. ვერავინ იტყვის, რომ უგრეხელიძე ასეთ რამეს ხელს უწყობდა. მას ასევე აქვს განდიდების მანია და მიაჩნია, რომ სამართალში „სამყაროს ჭიპია“, რაც, ცხადია, ასე არ არის. უგრეხელიძე საკმაოდ ლოიალურად იყო განწყობილი „ნაცმოძრაობის“ მიმართ და როცა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში სამოსამართლეო უფლებამოსილება ამოეწურა, კარგა ხანს იყო გაყუჩებული… რადგან ამ პერიოდში არ შესთავაზეს მისაღები თანამდებობა, ურთიერთობა `ქართულ ოცნებასთან~ დაიწყო. მიუხედავად ამისა, სამართლებრივი კუთხით სახელმწიფოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი მძაფრი კრიტიკა არ მახსენდება. ახლა ის მეუღლის კარიერაზეც ზრუნავს. პარლამენტში, კულისებს მიღმა მიდის გარიგებები და რადგან ვერ მოხდა ევა გოცირიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენა, გარკვეული სუბიექტები ახლა სხვა ულტიმატუმებს აყენებენ.

_ ვინ და რა ულტიმატუმებს აყენებენ?

_ ჩემი სანდო წყაროს ინფორმაციით, ქუცნაშვილსა და გოცირიძეს ამჟამად უზენაესი სასამართლოს წევრობა სურთ. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს წევრებს 10 წლით ირჩევენ. პალატის ორ წევრს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პალატების მოსამართლეებს, წკეპლაძეს და თოდრიას, უფლებამოსილება 25 თებერვალს შეუწყდათ. ერთ წელიწადში, ანუ 2016 წლის მარტში კი, უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლეს _ ლევან მურუსიძეს, ზაზა მეიშვილსა და მაია ოშხარელს უწყდებათ უფლებამოსილება. მეიშვილი გახლავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. შესაბამისად, ქუცნაშვილსა და გოცირიძეს ახლა უნდათ, რომ უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრებად აირჩიონ, ერთი წლის მერე კი, როცა განთავისუფლდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და პალატის თავმჯდომარის ადგილები, იქ გადავიდნენ და დაწინაურდნენ. კულისებში ახლა ამაზე მიდის მოლაპარაკებები, გარიგებები და ამიტომ ჭიანურდება გვენეტაძის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნაც. `ოცნების~ გარკვეული ჯგუფი ამბობს, _ კი ბატონო, გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძე, მაგრამ მერე ეს ორი ადამიანიც უნდა მოხვდეს უზენაეს სასამართლოში და ერთი წლის შემდეგ მაღალ თანამდებობებზე გადავიდნენო.

_ ამ მოთხოვნებს პარლამენტში ვინ  აყენებს?

_ „ოცნების“ კლანებს შორის ხდება ეს მოლაპარაკებები და ულტიმატუმების წაყენებაც. ამ ეტაპისთვის ქუცნაშვილისა და გოცირიძის უზენაესი სასამართლოს პალატის წევრად გახდომაზეა მსჯელობა და შეთანხმებები. ამას წინათ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს პალატის წევრებად აირჩია ნინო ბაღათური და ზურაბ გრძელიშვილი. ეს მოსამართლეები „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ არ არიან. ახლა კიდევ სამი არანაციონალი მოსამართლე დაინიშნება და, შესაბამისად, პალატაში ადვილი გახდება „ოცნების“ კანდიდატების გადაყვან-გადმოყვანა მაღალ პოსტებზე. რასაც ახლა საპარლამენტო უმრავლესობა აკეთებს, ეს არის დანაშაულებრივი საქციელი და აგიხსნით, რატომ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად ასრულებს ზაზა მეიშვილი, რომელიც გახლავთ „ნაციონალების“ დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სწორედ მეიშვილი „აპრავებდა“ დანაშაულებრივად შეთითხნილ და შეკერილ სისხლის სამართლის საქმეებს. მისი იდეოლოგიის ქვეშ ხდებოდა დანაშაულებრივი ჰედლაინების შექმნა და მოსამართლეებს პირდაპირ უკვეთდნენ, კონკრეტულ საქმეებზე რა სახის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ეს იყო ის ადამიანი, რომელიც 2005 წელს, საოლქო სასამართლოს გაუქმების შემდგომ, არჩევდა, რომელი მოსამართლე უნდა დაეტოვებინათ და რომელი _ გაეშვათ? მან თავისი საახლობლოთი დააკომპლექტა უზენაესი სასამართლოს სისტემა. ერთ-ერთ ნათესავს, ბექა კულულაშვილს კი ჯერ გამოცდა ჩააბარებინა, მერე იუსტიციის საბჭოს კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა და ახლა მოსამართლეობის კონკურსზე გაჰყავს. არ არის გამორიცხული, მალე ის მოსამართლედაც დაინიშნოს, არადა, იურისტის თვისებებიც არ გააჩნია. სასამართლო სისტემაში ასეთი ნეპოტისტური დამოკიდებულებაა და „ქართული ოცნება“, პარლამენტი, ხელს უწყობს, გაჭიანურდეს ეს პროცესები. ფაქტობრივად, ამით „ნაცმოძრაობას“ აძლევენ შესაძლებლობას, რომ კვლავ დანიშნონ თავიანთი კადრები სასამართლო სისტემაში.

პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა, რომლებიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არანაირი მუხრუჭი არ გააჩნდათ, იციან, რომ გვენეტაძე პასუხს მოსთხოვს მათ ჩადენილ ქმედებებზე, ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესის გაჭიანურებაში მათაც აქვთ წვლილი. ეს არის დიდი გარიგება და უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობას მანდატი იმიტომ არ მისცა, რომ ასე მოქცეულიყვნენ. გვენეტაძეს „ნაცმოძრაობა“ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით უპირისპირდებოდა და ახლა ამ პროცესს ესენიც  შეუერთდნენ. როგორც ჩანს, „ოცნება“ ფიქრობს, რომ გვენეტაძე ვერ იქნება მართული და ის მათთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. 3 კვირაზე მეტია, მისი დანიშვნის პროცესი მიდის და ბოლო არ უჩანს.

_ ქართველი ხალხი კარგა ხანია იბრძვის სამართლიანი სასამართლოს დასამკვიდრებლად. გოცირიძე და ქუცნაშვილი ახლა თუ აირჩიეს უზენაესი სასამართლოს წევრებად, გარდა იმისა, რომ ეს იქნება არაკანონიერი გადაწყვეტილება, სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას ხელს როგორ შეუშლის?

_ თუ მათი ჩანაფიქრი განხორციელდა და გოცირიძე-ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩიეს, ეს იქნება საზოგადოების სულში ჩაფურთხება. ეს ხალხი ვერ იქნება სამართლიანობის გარანტი. დაუშვებელი მეთოდებით მოსამართლეებად ქცეული ადამიანები საზოგადოებას ვერ წაადგებიან, რადგან მოსამართლეობა მხოლოდ კომფორტი არ არის, ის გახლავთ დიდი ტვირთი, ჯაფა, ბრძოლა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამჟამად დიდი ბაკქანალიაა, რადგან იქ მომუშავე მოსამართლეები უხეშად არღვევენ კანონს, რაც იმაზე უფრო მეტი დანაშაულია, ვიდრე მშიერი კაცის მიერ პურის, ან კარაქის მოპარვა. ხალხს კიდევ აქვს იმედი, რომ ეს დასრულდება, მაგრამ როგორც გითხარით, ამ პროცესებს ხელოვნურად აფერხებენ. პარლამენტის წევრებს წელიწადნახევარში შეუწყდებათ უფლებამოსილება, მერე არჩევნები ჩატარდება და, ალბათ, ბევრი მათგანი იქ ვეღარ მოხვდება. იუსტიციის საბჭოს წევრობაც დროებითია და ამ ეტაპისთვის პირადი კეთილდღეობის უფრო ხანგრძლივი პერსპექტივა უზენაესი სასამართლოს წევრობაა. ამ პიროვნებებს არ ჰყოფნით, რაც აქვთ და კიდევ უფრო მეტი უნდათ. უკვე იმისთვის იბრძვიან, მთელი ცხოვრება კომფორტში რომ იყვნენ. ასეთები ადამიანის უფლებებს ვერ დაიცავენ, რადგან სამართლიანი სასამართლოს პრინციპები ფეხებზე ჰკიდიათ. მათთვის მთავარია, თავად იყვნენ კარგად.

უზენაეს სასამართლოში ხშირად ინიშნებოდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ერუდიციითა და ინტელექტით არ შეეფერებოდნენ ამ თანამდებობას, რაც საზოგადოების მდგომარეობაზე აისახა კიდევაც. ხალხს სწორედ ეს არ მოსწონდა და „ოცნებაც“ დაჰპირდა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა, მაგრამ უზენაეს სასამართლოში მუშაობს მოსამართლე ალავიძე, რომელსაც იურისტის დიპლომი არ აქვს. მის გამო ერთ-ერთმა ადვოკატმა პროკურატურასაც მიმართა, მაგრამ ის დღესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. იურისტის დიპლომის არმქონე მოსამართლე რუსთავის სასამართლოშიც ჰყავთ და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების ხმა დატოვა `ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა~.

_ პარლამენტს როდემდე შეუძლია გადაავადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დამტკიცება?

_ მას განსაზღვრული ვადა არ აქვს. კომიტეტებმა და ფრაქციებმა გვენეტაძეს მოუსმინეს, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება. თუ ამ თვეშიც არ დაამტკიცეს, საზოგადოების მიმართ საბოტაჟი ცხადი გახდება. საქმე ის არის, რომ გვენეტაძემ პირდაპირ განაცხადა, _ მზად ვარ, სასამართლო სისტემაში შევქმნა რგოლი, რომელიც დაიწყებს 9 წლის მანძილზე სასამართლოს მიერ გამოტანილი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და განაჩენების გადასინჯვასო. როგორც იცით, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის წესის დამტკიცება `ოცნებამ~ ორი წლით გადაავადა. გვენეტაძეს ამ საკითხის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვს და თქვა კიდევაც, რომ მისი ამ პოსტზე დამტკიცებისთანავე სასამართლო მზად იქნება, მოსამართლეებმა პირდაპირი წესით, სასამართლო პროცესზე დაკითხონ მოწმეო. ამ სისტემაში დემოკრატიულ პროცესებს სწორედ უზენაესი სასამართლო განსაზღვრავს და თუ ხელისუფლებას აქაც შეეშალა, ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით წავა. ახლა, როცა ადამიანები უჩივიან მოსამართლეებს, საჩივარზე მათ პასუხსაც არავინ აძლევს და მოსამართლის რამე ფორმით დასჯის საკითხიც, რატომღაც,  კონფიდენციალურია. არავინ გეუბნება, როგორ დაისაჯა იგი და, ბოლოს და ბოლოს, შენიშვნა მაინც თუ მიიღო? ადვოკატურაში ასეთი ფაქტები თუ გამჭვირვალეა და დასჯილი ადვოკატის გვარ-სახელი საიტზე იდება, მოსამართლე რატომ უნდა იყოს გამონაკლისი და მას დანაშაული, ან გადაცდომა რატომ უნდა ეპატიოს? როცა საზოგადოების მხრიდან კონტროლის ბერკეტი არ არსებობს, ცხადია, ისინი დანაშაულს კვლავ ჩაიდენენ. ამ სისტემაში არსებული თავაშვებულობა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, სხვანაირად საშინელებები მოხდება. მოსამართლეები როცა უნდათ, ატარებენ სასამართლო სხდომებს და როცა უნდათ _ არ ატარებენ. ზოგი პირდაპირ გეუბნება, დღეს რაღაც თავი მტკივა, ცუდ ხასიათზე გავიღვიძე და პროცესი უნდა გადავდოო. ამ დროს პროცესზე დასასწრებად ადამიანები ზოგჯერ რაიონებიდან ჩამოდიან, ფულს, ენერგიას, დროს ხარჯავენ და თბილისში დარჩენის საშუალებაც ხშირად არ გააჩნიათ. ზოგი ცუდად არის და მოსამართლის ხუშტურების გამო წვალობს, რაც დანაშაულია. ერთ-ერთ ასეთ მოსამართლედ შემიძლია დავასახელო მანანა ჩოხელი, რომელიც უმიზეზოდ, სისტემატურად დებს სასამართლო პროცესებს და ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებს. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს ამ პროცესების დარეგულირება არ აწყობთ და უნდათ, რომ სასამართლო სისტემაში ქაოსი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამით ისინი პირად სარგებელს ელიან და მათთვის დემოკრატიაც მხოლოდ ეს არის.

 

ნელი ვარდიაშვილი