რაში ამხელს ხაშურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარ დეპუტატს?!

wq22345

„ქრონიკა+“-ის დღევანდელი სტუმარია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაჟა შუბითიძე. ბატონი ვაჟა სულ ახლახან ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ წარმატება მივულოცეთ და ხაშურის რაიონის პრობლემებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. მოგეხსენებათ, ჩვენი გაზეთი სისტემატურად აშუქებს ამ რაიონში შექმნილ სიტუაციას და საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე?

ვაჟა შუბითიძე:

_ ბატონო ვაჟა, სერიოზული პრობლემები აქვს ხაშურის რაიონს. ჩვენ ხშირად გვიწევს ამ თემებზე წერა და კარგად ვიცით, რაც თქვენს რაიონში ხდება. იქ არის გზების, ნაგვის, სტადიონების, სკვერების, კულტურის სახლისა თუ კიდევ უამრავი პრობლემა, რომელთა მოგვარებას პირი არ უჩანს. რატომ, რა ხდება?

_ ხაშურის რაიონთან დაკავშირებით მართლაც ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რაც, გარკვეულწილად, მიზანმიმართული შავი პიარის შედეგია, არადა, ხაშური ინფრასტრუქტურულად არის საქართველოს როგორც გეოგრაფიული, ასევე სატრანსპორტო კვანძი, საქართველოს ჭიპი და ამ გარემოებების  მოხერხებულად გამოყენების შემთხვევაში, ეს რაიონი შეიძლება იყოს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული _ შესაძლებელია, რომ საქართველოში მართლაც მისაბაძ ქალაქად ჩამოყალიბდეს… მაგრამ წლებია, რაიონს არ ეღირსა ნორმალური მმართველობა, არც გამგებლები და არც დეპუტატები, რომლებიც მის ინტერესებს კბილებით დაიცავდნენ და ახალ იდეებსა და პროექტებს შესთავაზებდნენ მოსახლეობას. ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 2014 წლის ივლისში, დაგვხვდა ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და სრულიად გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად ასეა. წინა მმართველების ხელში მართლაც ვერ მოხერხდა ხაშურში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ქალაქში თუ რამე ნორმალური იყო _ განათლება იქნება, სპორტი თუ ინფრასტრუქტურული პროექტები, ყველაფერი უკან-უკან წავიდა. არც ერთი წარმოება აღარ მუშაობს რაიონში. არადა, მანამდე ხუთი-ექვსი ძლიერი საწარმო ფუნქციონირებდა, სადაც ათი ათასამდე კაცი იყო დასაქმებული.

_ რა ტიპის საწარმოები ფუნქციონირებდა ხაშურში?

_ აქ იყო საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკა, მექანიკური ქარხანა, სურამის მინის ტარის ქარხანა, ე. წ. საკისრების ქარხანა _ „პაჩებნიკებს“ რომ ეძახიან, ადგილობრივი მრეწველობის კომბინატი და კიდევ ბევრი სხვა. მოკლედ, ეს ყველაფერი აღარ არსებობს და გაჩერებულია. მაშინ კი, როცა ფუნქციონირებდა, არა მარტო ხაშურლები, მეზობელი რაიონებიდანაც კი იყო დასაქმებული ხალხი.

_ მასე მოხდა მთელ საქართველოშიც. სადღა ნახავთ მოქმედ ფაბრიკა-ქარხნებს?

_ დიახ, მაგრამ ზოგან მაინც კარგმა სიომ დაუბერა და რაღაცამ გამოცოცხლება დაიწყო. ხაშურში კი ასეთი არაფერი მომხდარა _ არც ქარხანა ამოქმედებულა და არც არანაირი წარმოება. მხოლოდ ახლა ვიწყებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აქ არის საკონსერვო ქარხანა, რომელიც ადრე მუშაობდა. გვინდა, რომ მისი ამოქმედებით დაიწყოს ეს ყველაფერი. მინის ტარასთან დაკავშირებით მივწერეთ ეკონომიკის მინისტრს, რომ ადრე საქართველოში სულ იყო ხუთი მინის ტარის ქარხანა და ვერ აკმაყოფილებდა მოსახლეობის მოთხოვნას, დღეს კი მხოლოდ ერთი ქარხანა ფუნქციონირებს ქსანში, რომელიც თურქების კუთვნილებაა(!!!) და მოთხოვნის მხოლოდ ათ პროცენტს თუ აკმაყოფილებს, რის გამოც ბოთლები შემოდის სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან(!!!).

_ ხაშურში თუ აამუშავებთ ამ ქარხანას, პროდუქციის ბაზარი საძებარი არ იქნება?

_ რა თქმა უნდა! დღეს კი გაჩერებულია ეს ქარხანა. მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა, მე როგორც ვიცი, ბეჟუაშვილებს, ესენი კი ახლა თვითონ ყიდიან სრულიად უფუნქციო და ჩამკვდარ ქარხანას.

_ მერე იმხელა ბიზნესმენი კაცი გყავთ ხაშურლებს დეპუტატად და, ალბათ, დაგეხმარებათ ამ პროექტების განხორციელებაში.

_ სამწუხაროდ, ვალერი გელაშვილს ინფრასტრუქტურულად განსაკუთრებული ღონისძიება და პროექტი არ წამოუწყია. ერთადერთხელ გააკეთა გომში ე. წ ტერმინალი, მაგრამ იმანაც ვერ იმუშავა. დანარჩენი, ჯერჯერობით, მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია და თავისი ხელი არ დაუტყვია რაიონისთვის. ახლა აშენებს სასტუმროს, როგორც ვიცი, ცენტრალური ეკლესიაც შენდება, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი.

_ გელაშვილის თემას ისევ დავუბრუნდებით. წეღან შავი პიარი ახსენეთ და უნდა ჩაგეძიოთ: თქვენ არ ეთანხმებით იმ ყველაფერს, რაც ხაშურის თაობაზე ქართულ პრესაში ქვეყნდება?

_ პრესაში რაც იწერება, ყოველთვის არ არის ხოლმე გადამოწმებული, თუმცა გეთანხმებით, რომ პრობლემები მართლაც არსებობს. ფაქტი ერთია: ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სერიოზული პროექტები, რომლებიც მართლაც მიიქცევს ხაშურლების ყურადღებას. მხოლოდ ზოგიერთს ჩამოვთვლი და თავადვე მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვან პროექტებზეა საუბარი: ეს გახლავთ სურამის, როგორც კურორტის რეაბილიტაცია და ხაშურის სპორტკომპლექსის მშენებლობა. თქვენ ადრე უკვე საუბრობდით სტადიონის სავალალო მდგომარეობაზე, შეიძლება მისი რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდეს, რადგან ძალიან განადგურებულია და სჯობია, დავანგრიოთ და ახალი ავაშენოთ. მივმართეთ განათლებისა და სპორტის სამინისტროებს, დახმარებას დაგვპირდნენ და თუ მათ არ დაგვაღალატეს, ეს პროექტიც გაკეთდება იმერეთის ქუჩაზე ხაშურში; შემდეგ ასევე დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალის გაკეთება, რომელსაც პირადად მე ჩავუდექი სათავეში. ეს იქნება ფილიალი, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე ჰუმანიტარულ დარგებს და ხაშურში შეიქმნება კულტურისა და განათლების ახალი კერა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ უნივერსიტეტის ფილიალი მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს ქალაქს. ასევე გვაქვს გეგმაში პროფესიული სასწავლებლის გახსნა. ადრე ოთხი ასეთი დაწესებულება იყო ქალაქში, დღეს კი არც ერთი აღარ არის. არადა, პროფესიული კადრების აშკარა დეფიციტია დღეს არა მარტო ხაშურში, არამედ მთელ ქვეყანაში და ასეთი სასწავლებლის ამოქმედება რამდენადმე მოაგვარებს ამ პრობლემას. ცხადია, სხვა პროექტებიც არსებობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხაშურის  მდგომარეობას. სხვათა შორის, დაგეგმილია იმ საკონცერტო დარბაზის რეკონსტრუქციაც, რომლის თაობაზეც თქვენ ახლახან წერდით, მაგრამ აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი _ ხაშურის ბიუჯეტი არის სულ რვა მმილიონ ნახევარი ლარი. ეს თანხა ერთი გლახა ფეხბურთელი ღირს ევროპაში და ამ ფასად რა უნდა გააკეთო და ყველაფერს როგორ უნდა მიხედო?! მოკლედ, ფინანსური სირთულეებია. ჩვენ ახლა ვაპირებთ ხაშურის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის შექმნას, რომელსაც სათავეში ჩაუდგება მეუფე სიმეონი და ეს იქნება პროექტების დაფინანსების წყარო. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საქმე ადგილიდან დავძრათ. საქართველოს „მერსედესების“ წარმოება არ შეუძლია, მაგრამ რაც შეუძლია, ის დარგები უნდა ავამოქმედოთ. სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს და ადგილობრივი წარმოება. ყველაფერზე უცხოეთზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. ნიკო ნიკოლაძე ამბობდა, _ სანამ მოსატანი უფრო მეტი გვექნება, ვიდრე გასატანი, მონობას ვერ ავცილდებითო. დღეს  იმპორტი, ანუ მოსატანი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ექსპორტი და ამიტომაც ვართ ამ დღეში.

_ ამბობენ, რომ თქვენი დეპუტატი საერთოდ არ მონაწილეობს ასეთი პროექტების განხორციელებაში და მხოლოდ საკუთარი ბიზნესი აინტერესებს.

_ იცით, რა? ადამიანები სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნებიან _ ზოგი სიმართლეს ამბობს, ზოგი ცილს სწამებს, ზოგიც კიდევ ერთმანეთში ურევს ცილისწამებასა და სიმართლეს. მე კარგიც შემიძლია ვთქვა იგივე ვალერი გელაშვილზე და სასაყვედუროც რაც აქვს, ისიც ცნობილია ჩემთვის. კარგია, მაგალითად, ტერმინალის გაკეთება, სადაც ორი მილიონი ჩადო. მე როგორც ვიცი, სასტუმროსაც აშენებს და რაღაც გეგმები აქვს; მაგრამ, რა თქმა უნდა, ცუდი არის ის, თუ რა მეთოდებით ცდილობს იგივე ბიზნესების დაპატრონებას და კონტროლს, ასევე ყველგან თავისი კადრების გაყვანას.

_ რა მეთოდებს გულისხმობთ?

_ ვალერი გელაშვილს უნდა, თავისი კადრების გაყვანა და დანიშვნა ყველა ინსტანციაში. ამისთვის არ ერიდება არც შანტაჟს და არც თანამდებობების პირების მიმართ მუქარას. მაგალითად, უთვლის რამდენიმე თანამდებობის პირს ხაშურში, რომ შუბითიძეს თუ არ მოაშორებთ მაქედან, მე თვითონ მოვაშორებო. თავისი კაცის დასმა უნდა ჩემს ადგილზე, თორემ ერთმანეთში რა გვაქვს საჩხუბარი და სადავო? მე ამ თანამდებობაზე დამასახელა „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად პრემიერ-მინისტრმა. ამაზე ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია, თუ რატომ მისი ახლო ნათესავი არ დანიშნეს. ეს არ არის პრობლემა. თუ ჩემზე უკეთესია ვინმე, თუნდაც მაგის ნათესავი და უკეთ მიხედავს ხაშურს, წავალ, რა პრობლემაა? მაგრამ არ მგონია, ასე იყოს.

_ კი მაგრამ, თქვენ ხომ არჩეული თანამდებობის პირი ხართ და როგორ წარმოუდგენია დეპუტატს, როცა ითხოვს, თანამდებობიდან გაუშვითო?

_ ცდილობს, საკრებულოს  უმრავლესობა გადაიყვანოს თავის ჭკუაზე, რომ მე გამომიცხადონ უნდობლობა. ალბათ, ასე აქვს წარმოდგენილი და ეს ხერხია, თორემ დეპუტატებმა კარგად იციან, რომ მე პატიოსანი კაცი ვარ და, მაგისგან განსხვავებით, განათლებაც არ მაკლია და არც _ პატრიოტიზმი. მით უმეტეს, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მითვისებისა და კორუფციისა. ყველამ იცის, რომ ასეთ რამეებში არ გავერევი. პირიქით, მინდა, რომ ხაშურში ჩემი კვალი დავტოვო და საშვილიშვილო პროექტები გავაცოცხლო და ავამოქმედო.

_ სასტუმროს აშენებსო, წეღან თქვით. ადრე ერთი ასეთი სასტუმროც ააშენა, სადაც დღეს ბევრი ამბობს, რომ ბორდელი ფუნქციონირებს.

_ რაც არ ვიცი, იმას ვერ დავადასტურებ. მაგის რესტორანშიც სულ ერთხელ ვარ ნამყოფი (იცინის), თვითონ არ დავუპატიჟებივარ, სხვამ დამპატიჟა…

_ ამ ინტერვიუს შემდეგ ხომ საერთოდ აღარ დაგპატიჟებთ და პირიქით, კიდევ უფრო დაგიწყებთ ბრძოლას.

_ მე, პირადად, მაგას არაფერს ვებრძვი. პირიქით, ახლაც მინდა მოვუწოდო, რომ გვერდში დაგვიდგეს, ამდენი კარგი პროექტი გვაქვს წამოწყებული და სამივემ ერთად _ მე, გამგებელმა და დეპუტატმა _ გავაკეთოთ ეს საქმეები. გელაშვილი ასე უფრო დაამახსოვრდება ხალხს, ვიდრე იმით, რომ ყველაფერში თავისი გაიტანოს. ამით იგი ხალხში დიდ ანტიპათიასა და უარყოფით რეაქციას იწვევს. ძალიან ღიზიანდება მოსახლეობა მისი სახელის გაგონებისას და სანამ მთლად გვიან არ არის, ვურჩევ, ნუ გაიფუჭებს ავტორიტეტს. მშვენივრად იცის თვითონაც, რასაც აკეთებს და ვურჩევ, სჯობს, საერთო საქმეს მიხედოს, რაც ხაშურის რაიონს წაადგება. ხომ გეუბნებით, მთელი ძალებით ცდილობს, რომ დეპუტატები გადაიბიროს და მერე იმპიჩმენტი მოგვიწყოს მე და გამგებელს, რაც ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს, იმიტომ რომ ვინც ჩვენ მიგვიწვია ამ თანამდებობაზე და წარგვადგინა, ისინი გვერდით დაგვიდგებიან. საუბარია პრემიერ-მინისტრზე, გუბერნატორზე და ა. შ. მით უმეტეს ჩვენ, ვალერი გელაშვილისგან განსხვავებით, კარგი საქმეები გვაქვს წამოწყებული და არც მე და არც გამგებელი იქ ფულის საშოვნელად არ მივსულვართ; ანუ გელაშვილისგან განსხვავებით არც ბიზნესინტერესები გვაქვს.

_ ნახევარი ხაშური იყიდაო.

_ ჩვენ მოსვლამდე რა იყიდა, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა ხაშურში გასაყიდი აღარაფერი დარჩა. თბილისში ყიდულობს სხვადასხვა ობიექტს, როგორც მე ვიცი, ტენდერებში იმარჯვებს. ღმერთმა ხელი  მოუმართოს, თუ პატიოსანი გზით აკეთებს ამ ყველაფერს. მისი საქმე არის ბიზნესი და ვურჩევ, რომ პოლიტიკას შეეშვას და ბიზნესში გადაინაცვლოს, უფრო კარგი იქნება მისთვის.

_ მაგრამ იგი პოლიტიკიდან წასვლას არსადაც არ აპირებს. ღარიბაშვილსაც ებრძვის, ფაქტობრივად. თქვენ წინააღმდეგ ბრძოლით ერთგვარ გადატრიალებას გეგმავს. იმაზეც საუბრობენ, რომ „რესპუბლიკელების“ თამაშს თამაშობს.

_ რა გითხრათ, მე არ მგონია, მაგას „რესპუბლიკელებთან“ რამე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდეს. ერთი პერიოდი  კი აფინანსებდა „რესპუბლიკელებს“, მაგრამ დღეს, როგორც ვიცი, ასეთი ურთიერთობა არ აქვს. ასე რომ, მის აქტიურობას ხაშურში, როგორც ჩანს, მისივე ამბიციურობა განაპირობებს, რომ ლიდერი იყოს. თუნდაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობაზე რომ იყრიდა კენჭს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ უყვარს თავის გამოჩენა, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ შესაბამისი რენომე უნდა ამას და განათლებაც.

_ მერე, არ აქვს?

_ სამწუხაროდ, განათლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მე რომ არ ვთქვა, ყველამ იცის საქართველოში, გელაშვილს რა განათლება აქვს და როგორი ინტელექტის პატრონია. მაინცდამაინც არ გამოირჩევა ამ კუთხით. შეიძლება წიგნებსაც კითხულობს და რაღაცას სწავლობს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში ერთხელაც არ გამოსულა, კომიტეტებშიც არ გამოდის, პრობლემებს არ აყენებს, ანუ მუნჯი დეპუტატების სიაშია. ამიტომ ვურჩევ, პოლიტიკას საერთოდ თავი დაანებოს და იმ საქმეს მიხედოს, რაც კარგად გამოსდის. ეს მისთვისაც კარგი იქნება და ხაშურისთვისაც.

 

დავით დევიძე