ვინ გადაახია „ქართული ოცნების“ წევრებს თავზე ლექსო თამაზაშვილის სურათები?!

Capture

პრემიერ ღარიბაშვილის მშობლიურ კუთხეში მდებარე სოფელ არბოშიკში მცხოვრები მოქალაქეები „ნაციონალების“ მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე საუბრობენ. როგორც ისინი „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიმინალური მეთოდებით იცავდნენ, საჯარო სამსახურებში კვლავ გააგრძელებდნენ მოღვაწეობას, მათ უმრავლესობას კი თანამდებობებს „ოცნება“ ჩამოურიგებდა. როგორც ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან ირკვევა, შუაგულ ქიზიყში ისევ „ნაციონალური კანონები“ მოქმედებს, ხალხს აქეთ „ნაციონალების“ ეშინია, იქით _ „ოცნების“.

მამუკა კოჭლამაზაშვილი:

_ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვარ, ჩვენს სოფელში არსებული სიტუაცია ძალიან მძიმეა იმ კუთხით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რასაც ადრე აკეთებდნენ, არაფრით განსხვავდება დღევანდელი რეალობისგან. ოდნავ რამე ცვლილებაც კი არ შეინიშნება სოფელში, უარესობისკენ მიდის საქმე და მთავარი: 2 წელია ვამბობ, დაწყებული სკოლის დირექტორიდან, რომ ეს ქალი არის დამნაშავე! ფოტოსურათები, აუდიოჩანაწერები, ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სრული იგნორი! მთელი რიგი დოკუმენტაცია მომეპოვება, ექსპერტიზის დასკვნები, თუ რა ხდებოდა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით, რა ზეწოლები იყო ჩემს ცხონებულ ძმასთან დაკავშირებით, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა… ეს სხვა თემაა და არ გავაგრძელებ, ამ ყველაფრის მიუხედავად, გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი! სოფელში, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ოჯახი იყო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა, არ მრცხვენია ამ სიტყვების! ლექსო თამაზაშვილს მოუტანა გამარჯვება! ირაკლი ღარიბაშვილს! ერთმა სოფლმა და ერთმა ოჯახმა, რა თქმა უნდა, მხარდამჭერებთან ერთად, რომლებიც არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში შევიძინეთ, თორემ ხალხი იმ დონეზე იყო დაშინებული, ბებია გარდამეცვალა და ხალხი სამძიმარზე ვერ მოვიდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, მეზობელი ვერ მოდიოდა ჩვენთან! ამ სიტუაციაში ვიყავი და ახლა რა მოხდა? მოხდა ის, რომ დამნაშავე და კრიმინალი მოვიყვანეთ სოფლის რწმუნებულად და ის დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“! კონკრეტულად ვინ, არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეჭვები მაქვს! ასევეა საჯარო თუ მუსიკალური სკოლების დირექტორები, სოფელში მეტი კი არაფერი არ მუშაობს! შევარდნაძის პერიოდიდან არიან მოსულები და „ნაციონალებში“ ჩანერგილები, მერე როგორ ჩაენერგნენ „ქართულ ოცნებაში“, ვერ ვხვდები, მაგრამ ფაქტი სახეზეა! გაყიდეს ყველაფერი, თუკი სოფელს რამე გააჩნდა! სოფლის რწმუნებულმა ყველაფერი გაანიავა, თუკი სოფელს რამე ჰქონდა, წაართვა ყველაფერი, ეს იყო საძოვარი, წისქვილი, ზეთის სახდელი ქარხანა, მანქანა, ტრაქტორი, სოფლის საკრებულოს თუკი რამე ჰქონდა, სკამი, ხალიჩა, ისინიც ზედ მიაყოლა! 3 თვის განმავლობაში მე თვითონ ვმუშაობდი მაგ თანამდებობაზე, მისვლისთანავე, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი მივიტანე! ეს ადამიანი მოაბრუნეს, რომელიც პირადად ჩემთვის კრიმინალია! ამას ერთმანეთში მთელი სოფელი ლაპარაკობს, თუმცა ისე არიან დაშინებულები, ხმამაღლა საუბარს გაურბიან! აქედან „ნაციონალები“ აშინებენ, იქიდან _ „ქართული ოცნება“, შუაში ვდგავარ მე! ამ ეტაპზე არ მიმაჩნია საჭიროდ, გავახმაურო ის ფაქტი, რატომ წამოვედი სამსახურიდან, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა და შემდგომში აუცილებლად ვისაუბრებ თქვენს გაზეთთან. პროფესიით იურისტი ვარ, თბილისში მქონდა სამსახური და ამ ადგილზე ჩემი ძმა დაინიშნა, სხვა არავინ იყო, ან ვინ უნდა დაენიშნათ? გასული წლის 9 მაისს ავტოავარიით ჩემი ძმა გარდაიცვალა, ყოველ შემთხევვაში, ასე დაარქვეს. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ჩემზე და ჩემს ძმაზე, რაიონში ჩვენზე თუ ვინმე იტყვის აუგს, ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ჩვენი სოფლის სკოლის დირექტორმა, ქალმა, როგორ უნდა აიღოს თავზე ხელი და თქვას, _ შენი ძმა ხომ მოვიცილეთ და მარტო შენღა დაგვრჩიო! თან თითს მიქნევს! საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი სოფელ არბოშიკში, ეს ქალბატონი „ნაციონალების“ დამკვირვებელს წარმოადგენდა, პედაგოგები რომ დაინახა, კაბინებში უვარდებოდა, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ვიდეოკამერებით, ვერ მოვითმინე და ამ ქალბატონს ვუთხარი, _ დადექით 3 მეტრის მოშორებით, ან დავწერ საჩივარს, რომ გაგაძევოთ-მეთქი! ესეც დაფიქსირებულია! ეს ადამიანი დღესაც არის ის, ვინც არის! ის ხომ არ შეიცვლება?! შეურაცხყოფაა, სოფლის სკოლას ჰყავდეს ასეთი დირექტორი, იმან რა უნდა ასწავლოს ჩემს შვილს და ამ სკოლაში როგორ უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა?! ასევეა მუსიკალური სკოლის დირექტორი, თუნდაც ბაგა-ბაღის, ავიღოთ რაიონში ნებისმიერი სამსახური, აბსოლუტურად ყველგან არიან „ნაციონალები“ და იგივე საქმიანობას აგრძელებენ… ეს საკითხი დავაყენე ზემდგომების წინაშე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე! სრული დუმილია!..

ახლა სოფელ არბოშიკის მოქმედი რწმუნებული ვინც არის, მურად ელოშვილი, მისი მეუღლე სოფელ გამარჯვების სკოლაში სასწავლო ნაწილად მუშაობდა. ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი თვითონ მიადგა ზედ, როგორ ახევდა თავზე „ქართული ოცნების“ წევრებს და ფეხებით როგორ სრესდა ეს ქალბატონი ლექსო თამაზაშვილის სურათებს. ამას ვერც გავიგებდი, ჩემთან და ჩემს ძმასთან მოვიდნენ, _ არიქა, გვიშველე, 2000 ლარით არ დაგვაჯარიმონო! ადეკვატური პასუხი გავეცით, ჩვენ რომელი დამჯარიმებლები ვიყავით?! თვითონ რწმუნებული არაერთ ოჯახში შევარდა და პირდაპირ ემუქრებოდა. ამ ადამიანის სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშევერ დავასახელებ, თუმცა ნებისმიერი საგამოძიებო პროცედურა რომ ჩაატარონ, შემიძლია დავასახელო! თუმცა მე თვითონ ვაპირებ, პროკურატურაში შევიტანო განცხადება და ამ საქმის გამოძიება მოვითხოვო, მაშინ უკვე ვიტყვი, კონკრეტულად ვის ემუქრებოდა დღევანდელი რწმუნებული! ჩვენს უბანში ერთი „ნაციონალი“ ცხოვრობს, ღმერთმა გაუმარჯოს, ბოლომდე რჩება იმ აზრზე, რომელიც თავიდანვე ჰქონდა, აქეთ მხარეს არიან გაქართულოცნებებულები და აკეთებენ უფრო მეტს, ვიდრე აკეთებდნენ „ნაციონალები“ წინა ხელისუფლების დროს. „ნაციონალებთან“ რომ მივდიოდი და ვთხოვდი დოკუმენტაციას, მაძლევდნენ, ამათთან რომ მივდივარ და ვთხოვ, მომეცით ესა და ეს ინფორმაცია, მაგალითად, თანხა რაში გაიწერა, რა გაკეთდა-მეთქი, არაფერს მაძლევენ!

დავით ბატიაშვილი:

_ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოფელში არაფერი შეცვლილა. ადრე იყვნენ „ნაციონალები“, დღეს ისევ ისინი არიან! სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭო „ნაციონალებით“ გაავსო, იმ „ნაციონალებით“, რომლებიც მიტინგებზე დღე და ღამე სააკაშვილს დასდევდნენ და რას არ აკეთებდნენ _ ხალხს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ… ისევ ის დირექტორია სკოლაში, სასწავლო ნაწილი, მასწავლებლები… სოფლის რწმუნებულია მურადელაშვილი, მაგის ცოლმა სოფელ გამარჯვებაში ლექსო თამაზაშვილის სურათები თავზე დაახია „ქართული ოცნების“ წევრებს! მურთაზ ელაშვილი და „ნაციონალი“ ემზარ ჯანაშვილი სახლში მიუვარდნენ ხალხს… მურად ელაშვილი ახლა სოფლის რწმუნებულად გაუშვეს, ვითომ „ოცნების“ მხარეზე გადავიდა, სინამდვილეში, მათი წევრია… სოფელში, ვინც „ოცნებას“ ვუჭერდით მხარს, ყველა ზეწოლას განვიცდით! არ შევუშინდით, მაგრამ რა!.. სოფელში აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა, არც თხოულობს ხალხი, რადგან ესენი დარჩნენ თანამდებობაზე. მოთხოვნებს არ აყენებენ იმიტომ, რომ ეშინიათ, ხმა რომ ამოიღონ, გამოაგდებენ და ვინც საჯარო სამსახურებში მუშაობს, ურჩევნიათ, ჩუმად იყვნენ, რომ ხელფასი აიღონ! პატიოსან ადამიანებს ამცირებდნენ და დღეს ისევ ესენი არიან სათავეში! მივმართე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჩვენს რაიონში, ზვიად ჯავახიშვილს და ამ ფაქტების შესახებ ყველაფერი მოვუყევი. მიპასუხა, _ მერე რა, ბოდიში მოიხადაო! _ მე ვაპატიე, იმან რომ ბოდიში მოიხადა-მეთქი?

ჩემი მეუღლე პედაგოგია, მუდმივად განიცდის ზეწოლას სკოლის დირექტორისგან, მანანა ჭიღიტაშვილისგან, მაპატიეთ და საპირფარეშოში ისე ვერ გავა, 5 კაცი უკან არ გააყოლოს! მუდმივად კარებზე აქვთ ყური მიდებული და უსმენენ, რას ლაპარაკობს. დერეფანში მშობელს რომ დაელაპარაკება და მერე იმ ადამიანს ეჩხუბებიან, რატომ დაელაპარაკეო, ამას რა ჰქვია?! დირექტორის კონკურენტი იყო, კონკურსში მონაწილეობდა და იმის შემდეგ გადაკიდებული ჰყავს! ვისაც დაელაპარაკება, იმ ადამიანებს იბარებს და ეჩხუბება, მზვერავები ჰყავს მიჩენილი. ვინ უშლის დირექტორს, რომ გაკვეთილზე დაესწროს, მაგრამ კარების უკნიდან ამჯობინებს, რომ იქიდან უსმინოს! ეს მისაღებია? განათლების სამინისტროს უამრავჯერ მივმართეთ, ერთხელ გაფრთხილებაც მისცეს, მაგრამ რომ ვეუბნებით, შედით სკოლაში, შეამოწმეთ, ერთი და იგივე პასუხი მოდის, _ კი ბატონო, არის პრობლემები, მაგრამ კონკრეტული ფაქტები დაასახელეთო. გამოძიება თუ ჩვენ ვაწარმოეთ, სამინისტრო რაღას აკეთებს?! მოპოვებული გვაქვს ერთ-ერთი მოსწავლის ფარული ჩანაწერი, 14 წლის გოგო ჩვენს სოფელში იყო გათხოვილი, 9 კლასი დამთავრებული არ ჰქონდა, სკოლის დირექტორი ამტკიცებს, რომ სკოლაში დადიოდა და როგორც კანონია, ნიშნებს ისე ვუწერდითო. ეს ბავშვი ჩანაწერში ამბობს,  სკოლაში არ მივლიაო, სკოლაც კი არ იცის, სად არის! ამ ბავშვის დედამთილი გარიგებაში იყო შესული სკოლის დირექტორთან. დედამთილი  ქრთამს დაჰპირდა, რომ ატესტატი აეღო, მაგრამ ამ გოგომ ვეღარ მოასწრო აღება, რადგან მეუღლეს დაშორდა, მე-12 კლასში რომ იყო. დირექტორმა ეს ყველაფერი ვერ მოიყვანა სისრულეში, მაგრამ მცდელობა იყო! კაცმა არ იცის, რამდენი ასეთი ფაქტია, ყოველ შემთხვევაში, წაგებული მაინც არ დარჩა, ამით მან სახელმწიფოს ხომ გამოსტყუა ვაუჩერი?!

„ქრონიკა+“ სოფელ არბოშიკის რწმუნებულს, მურად ელაშვილს და საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ჭიღიტაშვილს დაუკავშირდა:

მურად ელაშვილი:

_ თქვენ უნდა მოხვიდეთ ჩემთან და ბევრ რამეში გაგარკვევთ, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ, ყველაფერი შემიძლია დეტალურად გაგაცნოთ. არ მინდა, ტელეფონით გელეპარაკოთ, რადიკალურად შეგიცვლით წარმოდგენას, თუ პირადად დამელაპარაკებით, როგორც ჩემზე, ისე ჩემ გარშემო მყოფ ხალხზე. რომ ამბობენ, სოფელში არაფერი შეიცვალაო, მაშინ იმაზე მიპასუხეთ, რა კეთდებოდა ადრე? ეს ყველაფერი ინტრიგანი ხალხის მოგონილია. ახლა არ გვაწყობს ჩვენ ასეთი საუბარი! სოფელში ყველაფერიც კეთდება და კიდეც გაკეთდება! თქვენ ისეთ ხალხს რატომ უსმენთ, ვისაც სოფელში ავტორიტეტი არ აქვს? ჩემზე, მსოფლიო რომ შემოიაროთ, ცუდს არაფერს იტყვიან! სკოლაში ვმუშაობდი, 24 წლის ასაკში დირექტორის მოადგილე ვიყავი, მერე სკოლიდან საკრებულოში მოვედი და თავმჯდომარე ვიყავი 14 წელი, 3-ჯერ ამირჩიეს. ახლაც ხალხის მოთხოვნით მოვედი და ამის შემდეგ რა მთავრობაც მოვა, კიდევ ვიმუშავებ იმათთან! მაგათ არც იციან, „ნაციონალებმა“ გამაძევეს 2006 წელს რომ დაიშალა თვითმმართველობა, 3 წლის წინ მომიყვანეს ისევ, ცოტა გვერდში დავუდექი, რაღაც-რაღაცები გავაკეთე და ახლა ვინ რას გეუბნებათ, არ ვიცი! რა ჩემი მეუღლე?! რა სურათების გადახევა?! თქვენ ჩემს მეუღლეს არ იცნობთ და რაღაცებს მელაპარაკებით, ჯერ გაიცანით და მერე ილაპარაკეთ! თქვენ საერთოდ, ვის უსმენთ, რატომ მირეკავთ ახლა, რა გაინტერესებთ?!

მანანა ჭიღიტაშვილი:

_ ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს, არანაირი სურვილი არ მაქვს, კიდევ მაგ ადამიანებს ავყვე. 3 წელზე მეტია, ეგენი აქეთ მაშანტაჟებენ, მირეკავენ, თანამშრომლები მომსწრენი არიან, მემუქრებიან, კაბინეტში შემომივარდნენ, წერენ საჩივრებს, ეს ცნობილია რაიონისთვისაც, სოფლის მოსახლეობისთვისაც, პედაგოგებისთვისაც, ამიტომ არანაირი კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს, როგორ უარყოფით კონტექსტშიც არ უნდა მომიხსენიონ!

 

თამარ ბატიაშვილი