ბატონო თამაზ – „Ещё не вечер!!!“

aviiiii

ქალს შუბლზე ძარღვი რომ გაუწყდება, იმას არ უნდა ელაპარაკოო, _ ამბობდა ჩემს ბავშვობაში დიდი ბებია.

შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ქალებისთვის პერსონალურ პასუხს არ ვაპირებ _ მხოლოდ რამდენიმე აუცილებელ განმარტებას გავაკეთებ დარეჯან მეფარიშვილის იმ „შედევრის“ გამო, რომელიც მან „მთავარი ინფოზე“ გამოაქვეყნა და რომლის ტირაჟირებასაც ამაოდ ცდილობდა „ქართული ოცნების“ „უფლებადამცველი“, ეკა ბესელია და პრემიერ ღარიბაშვილის ოჯახის „პიარკონსულტანტი“ ნინო ჯღარკავა.

თანმიმდევრობით იმ ტყუილებზე, რაც მეფარიშვილმა გაავრცელა და იმ სიმართლეზე, რომელიც მას, უბრალოდ, „დაავიწყდა“:

ორი წლის წინ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა შემომთავაზა საინფორმაციო სააგენტოს დაფინანსება და დაფუძნება. იმ მომენტისთვის მე უკვე მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია და რაკი ოფისის ხარჯები დამატებით არ დამაწვებოდა, ეს წინადადება სიამოვნებით მივიღე. საინფორმაციო სააგენტოში რამდენიმე ჩემს კოლეგას შევთავაზე მუშაობის დაწყება, მათ შორის იყო დარეჯან მეფარიშვილი და დიტო ჩუბინიძე. მახსოვს მეფარიშვილის მადლობის არზები, _ არავის გავხსენებივარ შენ გარდა, მადლია, ჩემი შვილებისთვის ის ანაზღაურება, რასაც მთავაზობო. იმხანად ორივე მათგანი „ალია ჰოლდინგში“ მუშაობდა. რამდენიმე დღეში მე დამიკავშირდა „ალია ჰოლდინგის“ რედაქტორი და დამფუძნებელი, გიორგი ბრეგვაძე, რომელმაც მაუწყა, რომ მისი თანამშრომლები განთავისუფლებულები არიან სამსახურიდან. სწორედ ამ დროს გაჩნდა გაზეთის შექმნის იდეა, დაფუძნდა „ქრონიკა+“. გამომდინარე აქედან, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმერ ინფოს“ აქტიური ფუნქციონირება საჭირო აღარ გახდა და მთელი ფინანსური და ადამიანური რესურსი მივმართეთ გაზეთისკენ. აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ დარეჯან მეფარიშვილის მიერ რეკომენდებულმა უცხოეთში მცხოვრებმა გიორგი ალანიამ ორი საიტი დაგვიმზადა და ორივე საიტის ღირებულება 420 ევრო სრულად გადაირიცხა ალანიას ანგარიშზე, მან საიტის კოდები შეცვალა იმ მოტივით, რომ ორივე საიტის ადმინი უნდა ყოფილიყო თავად, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის საიტისაც, რომელსაც ერთი დღე არ უფუნქციონირებია, ამიტომ საჭირო გახდა საიტის ხელახალი დამზადება. მე მივიღე მეფარიშვილის ბოდიშები და აზრადაც არ მომსვლია, მისთვის ხელფასიდან გამომექვითა ის ზარალი, რომელიც მის მიერ რეკომენდებულმა გიორგი ალანიამ მოგვაყენა, თან ზუსტად იმ დროს, როცა „პრაიმერ ინფოზე“ სისტემატურად ქვეყნდებოდა მამხილებელი მასალები ვანო მერაბიშვილისა და ძმები ახალაიების წინააღმდეგ (ორი კვირის განმავლობაში საიტი გათიშული იყო). მეფარიშვილს სრულად აუნაზღაურდა დაპირებული თანხა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის შეთანხმება მხოლოდ სიტყვიერი იყო და არა წერილობითი.

ერთადერთი სიმართლე, რასაც დარეჯან მეფარიშვილი საკუთარ „შედევრში“ წერს, არის ის, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ნამდვილად ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებდა და იღებდა კონვერტით, სწორედ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა იმ ბანკის ბარათი, რომელიც ჩვენ გვემსახურებოდა. ის, რომ ბუღალტრის ვინაობა არ იცოდა, ესეც სიმართლეა. არ დაგიმალავთ და შეგნებულადაც არ გვინდოდა, ის მძაფრსიუჟეტიანი ისტორია განმეორებულიყო, რომელსაც ასე აჟიტირებული ყვებოდა რედაქციაში: როგორ შეუვარდა „ალიას“ ბუღალტერს დანით, როგორ აუყირავა მაგიდა და როგორ აპირებდა მის ცემას!!!

რაც შეეხება საჰონორარო სისტემაზე გადასვლას, გაზეთის მაშინდელი რედაქტორი, ზურა დათუაშვილი, ღვთის მადლით, ცოცხალია, ამიტომაც ტყუილს არ მათქმევინებს _ ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ გაზეთის მორიგი ტირაჟისას, გაზეთის ნომრის შესავსებად მასალები საკმარისი არ იყო, რომ მუდმივმა და სტაბილურმა ხელფასმა გამოიწვია სტატიების შემცირება. სწორედ ამ ფაქტის გამო მე, როგორც მთავარმა რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები საჰონორარო ანაზღაურებაზე გადამეყვანა. ვფიქრობ, მენეჯმენტის თვალსაზრისით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამის შემდეგ კრიზისი აღარ გვქონია. უსინდისოდ იტყუება ქ-ნი მეფარიშვილი, როცა ამბობს, რომ მისი ხელფასი ქვემოთ მოდიოდა. გვერდის ჰონორარი „ქრონიკა+“-ში დღესაც ყველაზე მაღალია და ჩვენი ჟურნალისტები სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ. ხაზგასმით ვამბობ, _ მას არც ერთხელ არც საჯაროდ თათბირზე, არც პირად საუბარში არ გაუპროტესტებია მისი ჰონორარის ოდენობა. რაც შეეხება დიტო ჩუბინიძის წასვლას, მან მიიღო წინადადება „ასავალ-დასავალიდან“, მოვიდა, ამის შესახებ მითხრა და როგორც ყველა ცივილიზებულ სიტუაციაში ხდება, ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ჰო, თუ ქ-ნ მეფარიშვილს აინტერესებს, საბოლოოდ, ანგარიშსწორებისას, დიტოს ყველა უწყისზე აქვს ხელი მოწერილი, ის გადავიდა მეგობარ გაზეთში, რომელსაც მე ხაზგასმით პატივს ვცემ და ხშირად ვარ „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტი. მე და დიტო ჩუბინიძეც მეგობრები ვართ და მისი ხსენება გაზეთიდან უკმაყოფილოდ წასვლის კონტექსტში, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა.

ახლა რაც შეეხება „შემოგდებულ“ თემას ჩემი და „სუსის“ უფროსის მეგობრობის შესახებ _ მეფარიშვილს, ეტყობა, დაავიწყდა, რომ „სუსის“ მაშინდელ უფროსს, მალხაზ ჩიქვილაძეს, ისიც კარგად იცნობს, არა მხოლოდ იცნობს, არამედ მასთან აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც ჟურნალისტი, მეტიც: დავით დარახველიძის წინააღმდეგ „სუსში“ ჩვენებაც აქვს მიცემული და მის მიერ მოპოვებული ჩანაწერები საკუთარი ხელით აქვს მიტანილი „მოდულის“ შენობაში, რომელიც, მოგვიანებით, სრულად გამოქვეყნდა კიდეც „ქრონიკა+“-ში.

ახლა რაც შეეხება დევნილების ყოფილ მინისტრთან „ქრონიკა+“-ის დაპირისპირებას: დარეჯან მეფარიშვილმა რამდენიმე მასალა გამოაქვეყნა დევნილთა სამინისტროს თემაზე. „რეპორტიორში“ ჩემი მორიგი ბრიფინგის შემდეგ შევხვდი დავით დარახველიძეს, რომელიც იმავე პრესკლუბში მართავდა ბრიფინგს. დარახველიძემ მითხრა, რომ დარეჯან მეფარიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს და ის მის ქმედებებში მარტო არ იყო, მის უკან იდგა მეფარიშვილის მეგობარი სოფიო ხორგუანი, რომელიც დევნილთა მინისტრობისთვის ემზადებოდა. მე, ცხადია, ცალსახად დავიჭირე გაზეთის ჟურნალისტის მხარე, რასაც ჩემსა და მინისტრს შორის ცხარე კამათი მოჰყვა, ეს ხდებოდა არა ნუგზარ ფოფხაძის, არამედ „რეპორტიორის“ დირექტორის, გიორგი მამაცაშვილის კაბინეტში. მინისტრს შევუთანხმდი, რომ საუბარი მის უწყებასთან გაგრძელდებოდა მხოლოდ სტატიის ავტორის თანდასწრებით („ქრონიკა+“-ის ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ ჩვევად არ მაქვს, ჟურნალისტების თემებზე მათ ზურგსუკან გავმართო შეხვედრები და გარიგებები), ამიტომაც მეორე დღეს გაიმართა შეხვედრა ისევ „რეპორტიორში“, ამჯერად უკვე დარეჯან მეფარიშვილისა და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მონაწილეობით, სადაც მეფარიშვილს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ მასალების დამკვეთი იყო სოფიო ხორგუანი. შეხვედრა დასრულდა იმ შედეგით, რომ სამინისტროს მიეცემოდა საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. შევთანხმდით მინისტრთან ინტერვიუზე, მაგრამ ეს კომუნიკაცია აღარ გაგრძელდა. დევნილთა სამინისტრომ ხუთი სარჩელი შეიტანა „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ და ხუთივე სარჩელი სწორედ ჩვენი გაზეთის სასარგებლოდ დასრულდა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს მეგობარსა და ადვოკატს, გიგა გიორგაძეს.

მეორე ფაქტი, რომელზეც ქ-ნი მეფარიშვილი საუბრობს, თავისი არსით გაცილებით სკანდალურია. ამ ფაქტის მოხმობისას მას დაავიწყდა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების გახსენება, _ ჯერ ერთი, ტყუილია, თითქოს მან შემითანხმა, რომ მასალას ნელი თორდია გააკეთებდა. როგორც წესი, ჟურნალისტები ერთმანეთს ექსკლუზივებს არ ჩუქნიან, მით უფრო,  მეფარიშვილი _ თორდიას. მათი „მეგობრობა“ ცხადად გამოჩნდა ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხზე (იმედია, ორივეს ახსოვს დეტალები). ეს შიდა სარედაქციო სამზარეულოა და დეტალებზე ამჯერად არ შევჩერდები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თორდიასთვის მასალის ჩუქება შეგნებული ქმედება იყო დარეჯან მეფარიშვილის მხრიდან და მხოლოდ იმიტომ, რომ მას დაეფარა, ვინ იყო მასალის დამკვეთი. სამწუხაროდ, მასალის გამოქვეყნებისა და ამ ნომრის მომზადების პერიოდში ქუთაისში გახლდით, ამიტომაც აღნიშნულ სტატიაში შეცდომაც კი გაიპარა, ძმები კოდუების სურათები იყო არეული. მასალის დაბლოკვა რომ ეფიქრა ვინმეს, ამას ქუთაისიდანაც მოვახერხებდი, ბოლოს და ბოლოს, როგორც მთავარ რედაქტორს, ამის უფლებამოსილება ნამდვილად მქონდა. ხმამაღლა ვაცხადებ: „ქრონიკა+“-ში არ დაბლოკილა არც ერთი მასალა, არც კოდუების, არც თარგამაძის წინააღმდეგ! ობიექტურობისთვის და მეტი სიზუსტისთვის, _ დაიბლოკა მხოლოდ ორი მასალა _ ორივე დარეჯან მეფარიშვილის: პირველი, უკვე დაწერილი ჟურნალისტებზე (ყველამ იცის ჩემი პრინციპი _ კოლეგებზე არ ვწერ) და მეორე, დაუწერელი _ ეკა ბესელიას პირად ცხოვრებასა და პიკანტურ დეტალებზე. მე მას ამ მასალის დაწერის საშუალება არ მივეცი. ესაა სიმართლე!!!

რატომ აჩუქა დარეჯან მეფარიშვილმა ექსკლუზივი კოლეგას? როგორც ექვსი თვის მერე გაირკვა, სწორედ, კვალის დაფარვის მიზნით. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო მეფარიშვილის წყარო აღნიშნული მასალის მომზადებისას? _ არც მეტი არც ნაკლები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზური სახე, ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე!!! გაოცდით? მეც გავოცდი, როცა ეს გავიგე და დავიწყე გარკვევა, რა მოხდა ჩემს ზურგს უკან, რა დაკვეთას და გარიგებას ჰქონდა ადგილი. დეტალებზე მეფარიშვილის მორიგი სერიების გამოქვეყნების შემდეგ შევჩერდები. გეტყვით მხოლოდ ერთს, რომ თავის მართლების რეჟიმში გადასულმა დარეჯან მეფარიშვილმა ყველა მიმოწერა, რაც ამ თემას ეხებოდა, დამიკოპირა და გამომიგზავნა, ისევე როგორც ჩემს სამუშაო კაბინეტში იჯდა, როცა მეგი გოცირიძემ დაურეკა და ტელეფონზე უკიოდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), _ სასწრაფოდ იმ კაფეში გამოდი, სადაც ვხვდებით ხოლმეო. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მეგი გოცირიძე პარლამენტში სწორედ ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის ხაზით მოხვდა. ამის შემდეგ მაქვს თუ არა გონივრული ეჭვი ვიფიქრო, რომ დამკვეთი სწორედ მესხელი და მერაბიშვილი იყო და სწორედ კვალის დაფარვის მიზნით მოაწერინეს ხელი მასალაზე სხვა ჟურნალისტს? სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ყველა დეტალი გავარკვიე, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტები უკლებლივ სარედაქციო თათბირზე შევკრიბე და ეს ისტორია მოვუყევი. აღნიშნულ თათბირს ესწრებოდნენ მეფარიშვილის „მეგობრები“ ნელი თორდია და ნინო ლაბარტყავა. ორივე მათგანმა სიმართლე იცოდა მეფარიშვილის სამსახურიდან გაშვებიდან მესამე დღეს, არც ერთ მათგანს არ გასჩენია სოლიდარობისა და პროტესტის გრძნობა, ერთი მათგანი სამსახურიდან შემოქმედებითი კრიზისის გამო წავიდა, _ მინდა, ძალები ტელევიზიაში მოვსინჯოო, მეორე მათგანი კი ოჯახური მდგომარეობის გამო თურქეთში აპირებდა სავაჭროდ წასვლას (ოფიციალურ მიზეზად ეს დაასახელა) მანამ, სანამ ჩვენს გაზეთში დაწუნებული მასალა „მთავარ ინფოზე“ არ აღმოვაჩინეთ. ამ დროისათვის „მთავარი ინფოზე“ მეფარიშვილის მასალა მოხსნილია, გავრცელდა დამფუძნებლების განცხადებაც.

რა შუაშია ამ ყველაფერთან ნანუკა ჟორჟოლიანი? რატომ დაურეკა მას დარეჯან მეფარიშვილმა და არა მე? რატომ კიოდა ტელეფონზე ბოლო ხმაზე და რატომ იმუქრებოდა ხონსა და ვანში ჩემი კომპრომატების ამოქექვით? და მთავარი შეკითხვა, _ რატომ მოხდა ყველაფერი მაინცდამაინც ახლა?

დავიწყოთ იმით, რომ სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანი იყო ის ადამიანი, რომელმაც დარეჯან მეფარიშვილს და მისი თხოვნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მოუწყო, საიდანაც რამდენიმე ხნის მერე იმიტომ გამოუშვეს, რომ კულუარული ინფორმაციით, 300 $ იღებდა ნასამართლეობის მოხსნასა და ცნობის გაცემაში (ამ და სხვა საკითხებზე დეტალები ვიცი და თემას დაანონსებულ მორიგ სერიებში დავუბრუნდებით). მეფარიშვილმა ჟორჟოლიანს სამაგიერო იმით გადაუხადა, რომ როცა ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა დაიჭირეს, ტყუილი და მართალი ყველაფერი დაწერა. უმადურობაზე გამახსენდა:

მეფარიშვილის დას სამსახურიდან გასულ ზამთარს ნანა კუხალაშვილიც აგდებდა. ტირილით მომადგნენ დასახმარებლად და ნინო გიორგობიანთან ჩემი დარეკვისა და მისი ოპერატიული ჩარევის მერე ეს პრობლემა მოგვარდა (სამწუხაროდ, მას ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამ „შედევრში“ გამორჩა და მხოლოდ შვილების კარატის მწვრთნელზე გამოქვეყნებული მასალა გაახსენდა). ჰო, არშემდგარი აგენტი კენკებაშვილი გყავს ოფისშიო _ ინფორმაციაც ასეთი ზუსტი უნდა გაავრცელო. ჯერ ერთი, კენკებაშვილი არშემდგარი აგენტი კი არა, „კუდის“ ღრმა დაშიფრვის ოფიცერი იყო; მეორეც _ ის დიდი ხანია, ოფისში აღარ მყავს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში გადავიდა; მესამეც _ თუ მყავდა, სწორედ პრემიერის სიმამრის თხოვნით, რადგან თამაზაშვილი, სწორედ თემურ კენკებაშვილს ამუშავებდა შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის წინააღმდეგ კომპრომატების მოსაპოვებლად. ამ დეტალებზე კენკებაშვილმა საჯაროდ უკვე ისაუბრა და თუ მაინცდამაინც აუცილებლობამ არ მოიტანა, აღარ შევჩერდები, კენკებაშვილისა და ხვედელიძის წინააღმდეგ დარეჯან მეფარიშვილის აგრესია ზუსტად ჯდება პრემიერის სიმამრის გემოვნებაში.

რატომ გახსნა ცეცხლი ქ-ნმა დარეჯანმა სწორედ ახლა?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი მაქვს, _ „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ მისი „პატრონის“, ამირან მესხელისა და პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ინტერესები ერთი ერთზე ემთხვევა ერთმანეთს. პირველს პანიკურად ეშინია, რომ მე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მასალების გამოქვეყნებას ვაპირებ, მეორეს პანიკურად ეშინია იმ მასალების ფინალის, რომელიც „ქრონიკა+“-ში სისტემატურად იბეჭდება. სწორედ ჩვენთან გამოქვეყნებული მასალების მერე მოხდა პრემიერის ცოლის ნათესავების სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლა, ტენდერების თემების გამომზეურება და კახური კლანის დასუსტება, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის ნაწილი იყო ლადო ბედუკაძის მიერ მთელი ზაფხულის განმავლობაში პასკვილების სერია „საერთო გაზეთში“, შემოდგომაზე ოჯახის „პიარმრჩევლის“ ისტერიკები და მოგვიანებით, საჯარო ბოდიში, ახლა მეფარიშვილის „შედევრი“ და ამ ისტერიკაში, სრულიად გაუგებრად, ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართვა.

ბატონო თამაზ, თქვენი სხვა „ხოდების“ შესახებ ყველა დეტალური ინფორმაცია მაქვს და აქვე საჯაროდ გეუბნებით, _ არ გვეშინია!!!

ვიცი, როგორ აპირებთ ჩემ  წინააღმდეგ „მოხუცი“ პოეტის გამოყენებას, რომელთანაც სისტემატურად დადიხართ კონვერტებით. ვიცი, ვინ უნდა მისცეს ინტერვიუ გელა ხვედელიძის წინააღმდეგ (ტატამი არ დაგეკარგოთ არსად, ტატამი!) ვიცი, სად და როგორ გაქვთ კუდები გადანასკვული „ნაცებთან“, მაგრამ…

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

როგორც რუსები იტყვიან (ეს თქვენთვის მარტივად გასაგები ენაა): „Ещё не вечер!!!“

გაგრძელება იქნება!!!

 

ელისო კილაძე