მეტალურგთა პროფკავშირი კომპანია RMG-ის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებს

ttteeeeeeee

მეტალურგთა პროფკავშირი კომპანია RMG -ის ადმინისტრაციას პროფკავშირზე ზეწოლაში ადანაშაულებს. საუბარია იმაზე, რომ ბოლო თვეში კაზრეთის საწარმოში დასაქმებულმა 900-მდე პროფკავშირის წევრმა ორგანიზაციის რიგები დატოვა. პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი „არემჯის“ ადმინისტრაციის ღია ზეწოლით განხორციელდა.

„საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, სსRMG Copper -ისა და შპს RMG Gold-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის 1000-მდე წევრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დამსაქმებლის კომპანია RMG -ის მხრიდან, აქამდე ჯერ არნახული დისკრიმინაციული ქმედებებისა და სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მეთოდებით განხორციელებული ზეწოლის მსხვერპლი გახდა“, _ აცხადებენ „საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირში“.

თავის მხრივ, კომპანია „არემჯის“ პროფკავშირების წევრები გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილსა და სამთო-მეტალურგიული პროფკავშირების თავმჯდომარეს, თამაზ დოლაბერიძეს უპირისპირდებიან. როგორც „არემჯის“ პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ ბაქრაძე აცხადებს, ირაკლი პეტრიაშვილისა და თამაზ დოლაბერიძის მიერ ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები.

„2015 წლის თებერვალში საწარმოს მუშა-მოსამსახურეებმა მასობრივად დატოვეს პროფკავშირების რიგები, რასაც პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანიის ადმინისტრაციის ზეწოლას უკავშირებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანია „არემჯის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები დაშინებითა და შანტაჟით ცდილობდნენ კომპანიის მუშა-მოსამსახურეების იძულებას და მათ პროფკავშირების გაერთიანების დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მიგვაჩნია, რომ სრული აბსურდია იმის მტკიცება, თითქოს ათასობით ადამიანმა პროფკავშირების რიგები ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოთხოვნის საფუძველზე დატოვა. ჩვენი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის თანამშრომლებმა თვით მუშათა პროფესიული კავშირების ლიდერთა მიმართ უნდობლობისა და მათი უმოქმედობის საფუძველზე მიიღეს“, _ აცხადებს ავთანდილ ბაქრაძე.

მისივე თქმით, თანამშრომელთა მიერ პროფკავშირების რიგების დატოვება რამდენიმე მიზეზით მოხდა. პირველი მიზეზი იყო ის, რომ დარგისა და საქართველოს პროფკავშირების ლიდერებს _ ირაკლი პეტრიაშვილსა და თამაზ დოლაბერიძეს _ უამრავი შეუსრულებელი პირობა დაუგროვდათ მუშების მიმართ, რომლებიც წლებია, ვერ ან არ შესრულებულა:

„არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, კერძოდ, პროფკავშირების ლიდერების მხრიდან ყოველთვის იყო მცდელობა, რაც შეიძლება მეტი თანხა გაეტანათ პროფკავშირების საწევროდან და მუშა-მოსამსახურეებს არ ესარგებლათ თავისი ხელფასებიდან დაქვითული საწევრო ფინანსებით, როგორც მატერიალური დახმარებით, ასევე სხვადასხვა კულტურული ღონისძიების სახით. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ მუშათა რიგებში გაჩნდა ეჭვი, რომ პროფესიულ კავშირთა ლიდერები გარკვეული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებლები უფრო იყვნენ, ვიდრე პროფკავშირთა წევრი თანამშრომლების. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ მოკლე ხანში ათასობით ადამიანმა დატოვა პროფესიული გაერთიანება“.

მისივე განმარტებით, იგი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი და საწარმოში ჩამოყალიბდება ერთიანი დამოუკიდებელი მუშათა პროფკავშირები, სადაც შესული საწევრო ძირითადი თანხები მათივე კეთილდღეობას მოხმარდება.

„ქრონიკა+“ კაზრეთის საწარმოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრება სამთო-მეტალურგიული პროფკავშირების თავმჯდომარეს, თამაზ დოლაბერიძეს:

_ ზეწოლა იმით გამოიხატება, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელები სამ კვირაზე მეტია, მათ მიერვე ამობეჭდილი პროფკავშირიდან გასვლის განცხადებებით დარბიან, დასაქმებულებს ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მაგალითად, სატრანსპორტო უბნის თანამშრომელთან მიდის ამ უბნის ხელმძღვანელი და ეუბნება, რომ სამსახურიდან გაგიშვებ, ან სხვა პრობლემები შეგექმნება და მერე ჩვენ არაფერი დაგვაბრალოო; წინ უდებს და ხელს აწერინებს აღნიშნულ განცხადებაზე. ამ მეთოდით ასეულობით ადამიანს დააწერინეს განცხადება და ვინც არ დაწერა, მათ ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თორნიკე მუშკუდიანის კაბინეტში იბარებენ, სადაც უტარებენ დაკითხვას, რომელსაც ესწრებიან: თვითონ მუშკუდიანი, მისი მოადგილე მიშა სოსელია და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კარიჭაშვილი. ეს უკანასკნელი, თავის დროზე, კომპანიის თანამდებობის პირებმა გამაცნეს, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ისინი მუშებს უტარებენ დაკითხვებს, თუ რატომ არიან პროფკავშირის წევრები, რით არიან ადმინისტრაციის მიმართ უკმაყოფილონი და ამის შემდეგ ეუბნებიან, _ თუ პრობლემები არ გინდათ შეგექმნათ, დაწერეთ განცხადება და გამოდით პროფკავშირიდანო.

საქმე ის არის, რომ კომპანიამ ჩვენი პროფკავშირიდან, ჩემი სახელით, 3 თებერვალს, უკვე მეორედ, მიიღო წერილი. მათ შევახსენე, რომ 2014 წლის თებერვლის გაფიცვისას მედიაციის შედეგად დადებული შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეუსრულებელი აქვთ და სწორედ აქედან იწყება კომპანიის შეტევები დასაქმებულებზე… თუმცა ამისთვის მზადება ბევრად უფრო ადრე, ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ვიგრძენი, რომ კომპანია შარშანდელი შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას არ აპირებდა.

ახლა წარმოიდგინეთ პროცესები: ამის შემდეგ დავურეკე და ტელეფონით ვესაუბრე გეოლოგების სამსახურის უფროსს, ავთანდილ უგრეხელიძეს, რომელსაც ვუთხარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ის პროფკავშირიდან გასვლის განცხადების ბლანკებით დადის და მუშებს მასზე ხელს აწერინებს მუქარით. მისი პასუხი ამ ფაქტის უარყოფა კი არ ყოფილა, არამედ, მითხრა, _ ნუთუ, დანაშაულია, ადამიანი ჩემთან მოვიდეს, მთხოვოს, პროფკავშირიდან გასვლის განცხადება ამომიბეჭდეო და მეც რომ ეს გავუკეთოო? მან აღიარა, რომ თავის კაბინეტში თვითონ იდგა კლავიატურასთან და ბეჭდავდა მორიგ განცხადებას პროფკავშირის რიგების დატოვებაზე.

17 თებერვალს ქარხანაში ვიყავი და უკვე გამოვდიოდი, დავურეკე თორნიკე მუშკუდიანს და ვუთხარი, რომ ვტოვებ ქარხნის ტერიტორიას, _ ბატონო თორნიკე, კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაჩერდება და ურთიერთობებს ისევ პარტნიორულ რეჟიმში გადავიყვანთ-მეთქი. რაზეც მან შეკითხვა კი არ დამისვა, თუ რა პროცესებს ვგულისხმობდი, მითხრა, _ კი ბატონო, ამაზე საუბარი შესაძლებელია და თუ გნებავთ, შეხვედრის დღეზე შევთანხმდეთო… ანუ არ უარყო, რომ არსებობს პროცესი, რომელიც პროფკავშირს არ მოსწონს და ამ თემაზე შესაძლებლად მიიჩნევს შეხვედრას, სადაც ამ პროცესებისთვის მიმართულების შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა. ამით აღიარა, რომ მუშებზე ზეწოლა არსებობს და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი თვითონაა.

ასევე 13 თებერვალს ჩვენ, პროფკავშირების წარმომადგენლები, მე და გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე შევხვდით სერგეი ეგანოვსა და მის მოადგილე ბალანჩივაძეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანიის იურისტი, ვახტანგ ფარესიშვილი. როდესაც სერგეი ეგანოვსა და ბალანჩივაძეს მოვუყევი ამ ფაქტების შესახებ, შეშფოთდნენ, დაგმეს ყველას საქციელი, ვინც ამ ზეწოლას სჩადიოდა და შემპირდნენ, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე დაინტერესდებიან ამ თემით. მეორე დღიდან ადმინისტრაციამ გაათმაგებულად დაიწყო იმის კეთება, რასაც მანამდე აკეთებდა. ამან მიმანიშნა იმაზეც, რომ სერგეი ეგანოვიც და დავით ბალანჩივაძეც პროცესის აქტიური თუ არა, ირიბი წამქეზებლები, წამხალისებლები და ორგანიზატორები იყვნენ.

ბოლო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ქარხანაში ვიყავი: ბელაზების სარემონტო უბნის უფროსმა ზაურ გვარაძემ დაურეკა ერთ-ერთი ბელაზის მძღოლს და იგივე გაუმეორა, _ თუ გინდა, პრობლემები არ შეგექმნას, დატოვე პროფკავშირების რიგებიო.

ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს: როდესაც ოთხ დღეში 800-ზე მეტი ადამიანი წერს პროფკავშირის დატოვების განცხადებას, მსგავსი რამ არ მოხდება ისეთ ორგანიზაციაში, სადაც უნიათო, ადმინისტრაციასთან მართლა შეკრული პროფკავშირი რომ არის და დასაქმებულთა 90% პროფკავშირის მუშაობის უკმაყოფილოა. ასეთ ორგანიზაციაშიც კი არ მოხდება, რომ ოთხ დღეში ამდენმა ადამიანმა დაწეროს ორგანიზაციის დატოვების განცხადება, თუკი ვინმე ამას ორგანიზებულად არ ეხმარება.

მეორეც, კანცელარიაში რამდენიმე ასეული განცხადება ერთ პირს მიაქვს და აფიქსირებს. ეს პირი არც პროფკავშირის წარმომადგენელი და არც ერთ-ერთი იმ განცხადების ავტორთაგანია, ის ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანია, ანუ პროცესის უშუალო მონაწილეა. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა რა, რომ წინა წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები არ შეასრულოს და გააცნობიერა რა, რომ ამ პროცესის ყველაზე დიდი ხელშემშლელი სწორედ პროფკავშირი იქნება, გადაწყვიტა, დაანგრიოს კაზრეთის საწარმოში პროფკავშირის ორგანიზაცია. სავარაუდოდ, შექმნას თავისივე კონტროლირებადი ჯიბის პროფკავშირი, რომელსაც რაღაც-რაღაც საკითხებს „გააპრავებინებს“, ისევე როგორც კომპანიამ გამოაცხადა გარემოს დაცვითი აუდიტი და ახლა სურს „გააპრავოს“, რომ კაზრეთში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები კომპანიას არ უკავშირდება. ეს შემიძლია გითხრათ ზეწოლის იმ ფორმებზე, რასაც „არემჯის“ ადმინისტრაცია იყენებს.

_ მთლიანობაში რამდენი წევრი გყავთ აღნიშნულ საწარმოებში?

_ იცით, რა მინდა გითხრათ: ათასი წევრი გვყავდა კაზრეთში და იდეოლოგიურად დღესაც ამდენივე გვყავს საწრმოში, მაგრამ განცხადება არ დაუწერია დაახლოებით 150 ადამიანს, დანარჩენმა ყველამ დაწერა, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობა გვირეკავს და გვეუბნება, რომ ვერ გაუძლეს ადმინისტრაციის ზეწოლას. სიტუაციიდან სასწრაფოდ თავის დაღწევის მოტივით, ხელი მოაწერეს პროფკავშირიდან გასვლის განცხადებებს. ახლაც გვიფიქსირებენ, რომ ისინი რჩებიან პროფკავშირის წევრებად და როგორც კი ამის საშუალება ექნებათ, ხელახლა დაწერენ ორგანიზაციაში დაბრუნების განცხადებას.

_ ბრძანეთ, რომ იქ ყოფნისას თორნიკე მუშკუდიანს დაურეკეთ. თუ შეხვდით და ესაუბრეთ აღნიშნულ პრობლემატიკაზე?

_ არ შევხვედრივარ იქიდან გამომდინარე, რომ მივხვდი, გონივრული ეჭვი დამებადა, აღნიშნული პროცესების ორგანიზატორი სწორედ ის იყო. არ შევხვდები პროვნებას, რომელიც ცალი ხელით პროფკავშირს ანგრევს და, მეორე მხრივ, სალაპარაკოდ გეპატიჟება. მე საქმის კურსში ჩავაყენე პროკურატურა, პრემიერ-მინისტრს მოვთხოვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოწვევა და ამ საკითხის განხილვა; შრომისა და ჯანდაცის სამინისტროს მოვთხოვე, პროცესი პირად კონტროლზე აიყვანოს; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში დავაყენებთ ოფიციალურ საჩივარს საქართველოს პროფკავშირების სახელით; საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალური ანგარიშები დაეგზავნათ. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ სერიოზულ საპროტესტო გამოსვლებსაც, რადგან ამ ფაქტს ჩვენი მხრიდან ადეკვატური და სრული მასშტაბის რეაქცია ექნება.

_ რა რეაგირება მოჰყვა ქვეყნის შიგნით თქვენს მოთხოვნებს, თუნდაც შრომის სამინისტროდან?

_ სამინისტროში შეხვედრაზე ვიყავი და, ჯერჯერობით, გამოკვეთილი რეაგირება არ არის. მთავრობა დაინტერესდა ამ თემით და შემიძლია გითხრათ, ეძებენ ფორმატს, რომ ამ საქმეში ჩაერთონ.

_ „არემჯის“ პროფკავშირების წევრები  აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის თანამშრომლებმა თვით მუშათა პროფესიული კავშირების ლიდერთა მიმართ უნდობლობისა და მათი უმოქმედობის საფუძველზე მიიღეს…

_ ავთანდილ ბაქრაძე ჩვენი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო „არემჯი გოლდის“ გადამამუშავებელ ფაბრიკაში. 2013 წლის შემოდგომაზე უფლებამოსილების ვადა გაუვიდა (ჩვენთან საარჩევნო ციკლი ოთხწლიანია) და ამ დროიდან ვცდილობ ჩავატარო საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია, რომელზეც თავმჯდომარის ხელახლა არჩევა, ან გადარჩევა მოხდება, რასაც მუშები გადაწყვეტენ. რამდენჯერმე დაინიშნა კიდეც კონფერენციის თარიღი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ადმინისტრაციას პროცესში ჩართვის დიდი სურვილი ჰქონდა ავთანდილ ბაქრაძის სასარგებლოდ. 2014 წლის გაფიცვაზე ჩვენც და მუშებიც მივხვდით, რომ ბაქრაძე არის ადმინისტრაციის მიერ პროფკავშირში ჩანერგილი სპეციალური აგენტი, რომ პროფკავშირული კრებებიდან, ღონისძიებებიდან სიტყვა-სიტყვით მიიტანოს ადმინისტრაციასთან ყველა ეს ინფორმაცია, რათა ადმინიტრაციას პროფკავშირის ტოტალური კონტროლის მექანიზმი ჰქონდეს.

სწორედ ამის გამო, ბაქარაძეს ბევრჯერ მივეცით რეკომენდაცია, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან. ვუთხარით, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით. გაფიცვების დროს ყველა ამჩნევდა, რომ როდესაც საგაფიცვო კომიტეტის სხდომები იმართებოდა, ავთანდილ ბაქრაძე მუდმივად მესიჯებით გადასცემდა ვიღაცას ინფორმაციას. კომპანიის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა, კერძოდ სოსო ბიბილაშვილმა (მის ზუსტ თანამდებობას ვერ გეტყვით), ყოველი შეხვედრისას საკითხი დამიყენა, რომ არ ჩამეტარიბინა პროფკავშირის არჩევნები, ვითომდა ეს არეულობას გამოიწვევდა, თითქოს ავთო ბაქრაძეს იმდენი მექანიზმი აქვს, სიტუაცია არიოს და ვგრძნობდი, რომ კომპანიის ადმინისტრაცია მას ლობირებდა.

საბოლოო ჯამში, ავთო ბაქრაძემ ჩაატარა არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ დავურეკე და ავუკრძალე. მითხრა, რომ კომიტეტის სხდომა უნდა მოიწვიოს და ლიკვიდაცია მოახდინოს პროფკავშირის. ავუკრძალე ამის გაკეთება. თუ პროფკავშირიდან წასვლა უნდოდა, კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ შეეძლო განცხადება დაეწერა და წასულიყო, _ შენ არ გაქვს იმის განხორციელების უფლება, რაც ყრილობამ და ორგანიზაციის წესდებამ უნდა გადაწყვიტოს-მეთქი! ამის შემდეგ ბაქრაძის ენით საუბრობს უკვე ადმინისტრაცია.

ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ჩახვიდეთ კაზრეთში და იკითხოთ.  სხვათა შორის, შარშან, გაფიცვების დროს, ავთანდილ ბაქრაძის მეუღლე ქარხანაში შედიოდა და მუშაობდა. ამაზე ბევრი დასაქმებული პროტესტს აცხადებდა იმიტომ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის მეუღლე როცა გაფიცვისას მუშაობს, ეს ყველასთვის მიუღებელი ფაქტია. ასე რომ, ბაქრაძე პროფკავშირის რეალური ხელმძღვანელი კი არა, ადმინისტრაციის მიერ ჩასმული იყო და პროფკავშირებიდან ყველანაირ ინფორმაციას ეზიდებოდა. ამდენად, ნუ წარმოიდგენთ, რომ პროფკავშირს დასაქმებულები დაუპირისპირდნენ.

_ ბაქრაძე აცხადებს, რომ „არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, კერძოდ, პროფკავშირების ლიდერების მხრიდან ყოველთვის იყო მცდელობა, რაც შეიძლება მეტი თანხა გაეტანათ პროფკავშირების საწევროდან“…

_ პროფკავშირის წესდებით განსაზღვრულია, აკრეფილი საწევროს რამდენი პროცენტი უნდა დარჩეს პირველად ორგანიზაციაში და რამდენი უნდა წავიდეს დარგობრივ პროფკავშირში. ეს არის წესდებით განსაზღვრული და ასე ხდება ყველა ორგანიზაციაში. ის აფერისტობს, როცა პედალირებას აკეთებს აღნიშნულ თემაზე. მინდა გითხართ, რომ ამ მხრივ ჩვენი ორგანიზაცია ღიაა. დავუშვათ, საპირველმაისო ღონისძიება უნდა დაფინანსდეს და ჩავატარე გამგეობის სხდომა, მოვიწვიე პირველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ვეუბნები, რომ, იქნებ, შეძლოთ და თქვენივე ხალხი რომ ჩამოვა 1-ლ მაისს ღონისძიებაზე, დროშების, მაისურების, ბუკლეტებისა და ა. შ. საჭიროებები დააფინანსოთ-მეთქი. ამას ყოველთვის რეკომენდაციული ხასიათი აქვს.

მოკლედ, ძალიან მიმძიმს მის საუბარზე კომენტარის კეთება. გთხოვთ, მიიღოთ ისე, რომ ეს კაცი პროფკავშირელი არ არის და, რეალურად, ადმინისტრაციის წარმომადგენელია. მისთვის პროფკავშირი ყოველთვის იყო და რჩება თავისი ოჯახის ბიზნესისა და პირადი შემოსავლის წყაროდ.

_ ის, რომ უმრავლესობა ადმინისტრაციის ზემოქმედებას დაემორჩილა და ამ ეტაპზე მაინც პროფკავშირის რიგები დატოვა, მიზეზებს სად ხედავთ?

_ როდესაც ადამიანებს ეკონომიკური უსაფრთხოების კაბინეტში ყოფილი სამართალდამცველები დაკითხვას უტარებენ, ფიქრობთ, რომ ის გავლენის ქვეშ არ მოექცევა? ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე უარი ათქმევინეს. კომპანიამ დისკრიმინაციულ-დანაშაულებრივი ორგანიზებული ქმედება განახორციელა პროფკავშირების წევრების წინააღმდეგ. ეს არის მიზეზი და ამას რატომ აკეთებენ, მოგახსენებთ: იმიტომ, რომ პროფკავშირის თავმჯდომარის არჩევნებში ჩარევის საშუალება არ მივეცით; იმიტომ, რომ 2014 წელს დადებული შეთანხმების შესრულება მოვთხოვეთ; კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების შესრულება მოვთხოვეთ; სპეცტანსაცმლისა და სპეცფეხსაცმლით ადამიანების მომარაგება მოვთხოვეთ; სარეზერვო სიიდან ადამიანების დასაქმება მოვთხოვეთ.

7 თებერვალს ბიძინა ლაშხი რომ ჩამოუვარდათ კარიერის ტერასიდან, 30 მეტრის სიმაღლიდან, დაემტვრათ, ეს ფაქტი საზოგადოებას რომ დაუმალეს და არ შექმნეს უბედური შემთხვევის გამოკვლევის კომისია; ეს ფაქტი შსს-ს 2015 წლის სტატისტიკაში ვერ მოხვდა და ჩვენ წერილი მივწერეთ ამაზე. ყველაფერი მოხდა ამის გამო და არც კი ვიცი, კიდევ რა გითხრათ! არ უნდათ პროფკავშირი, რომელიც პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ეს იყო მთავარი მიზეზი, თუ რატომაც განახორციელა კომპანიამ ზეწოლა პროფკავშირების წევრებზე.

_ გასული წლის შეთანხმებიდან რა შეასრულა კომპანიამ?

_ ერთადერთი, რაც ბოლომდე შესრულდა, 2014 წლის პირველ აპრილამდე „არემჯი კოპერში“ ტოლფას სამუშაოებში ხელფასებს შორის განსხვავებები უნდა აღმოფხვრილიყო. 120 ადამიანს ხელფასი მოემატა ამ კუთხით, 60-60 ლარით. მეორე: პირველ ოქტომბრამდე უნდა მომხდარიყო უკვე ასეთი გათანაბრება „კოპერსა“ და „გოლდს“ შორის, დაახლოებით 137 ადამიანს უნდა მომატებოდა ხელფასი, დაახლოებით, 150-150 ლარით. ამის მაგივრად, ადმინისტრაციამ იმ პირობით, რომ მეორე ეტაპსაც გააკეთებდა და ჩვენ დავეთანხმეთ და 137-ის ნაცვლად 500 ადამიანს მოემატა 40 ლარით ხელფასი. ვიმეორებ, ამას იმ პირობით დავთანხმდით, რომ ადმინისტრაცია ამის მეორე ეტაპსაც გააკეთებდა და შემდეგ უკვე დეკემბერში მოხდებოდა მოლაპარაკება, რადგან კომპანია ამ თვეში თავის ბიუჯეტს განიხილავს… მაგრამ მეორე ეტაპი აღარ შესრულებულა, „კოპერსა“ და „გოლდს“ შორის გათანაბრებისა და ასევე ხელფასების მატების შესახებ გადაწყვეტილების მიღება აღარ მომხდარა. მათ გადაწყვიტეს, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი არ არის და… _ ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ შეთანხმების შესრულება არ მომთხოვოთო, _ ასეთი მესიჯებია ადმინისტრაციის მხრიდან.

_ ბრძანეთ კომპანიის მხრიდან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მოხსნაზე. იქნებ, განმარტოთ, რა ხდება?

_ ვიცი, რომ ტენდერი გამოაცხადეს ეკოლოგიის, გარემოს დაცვის აუდიტთან დაკავშირებით. ამ დღეებში უნდა გაირკვეს კომპანია, თუ რომელს დააფინანსებს „არემჯი“. უბრალოდ, ვვარაუდობ, რომ ამ ტენდერს მოიგებს მისივე ხელშეწყობით შექმნილი რაღაც ორგანიზაცია, რომელიც, ალბათ, „გააპრავებს“ არსებულ სიტუაციას. ეს ჩემი ვარაუდებია და როდესაც ამხელა დანაშულებრივი ქმედება ჩაიდინეს თავისივე თანამშრომლების მიმართ, დარწმუნებული ვარ, ახლა კომპანია მხოლოდ პიარით არის დაკავებული, რომ რამენაირად თავი წარმოიჩინოს, როგორც კეთილმა და პატიოსანმა დამსაქმებელმა. სინამდვილეში, მეტი რაღა უნდა დააშავოს უცხოურმა კომპანიამ, რომელმაც უკანონოდ ხელყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ანადგურებს ეკოლოგიას?! ეს არ იმყოფინა და იერიში მიიტანა, სამოქალაქო და კონსტიტუციური უფლებებისგანაც კი გააშიშვლა საკუთარი დასაქმებულები. მეტი რა უნდა დააშავოს ამ კომპანიამ, მე არ ვიცი?!

„არემჯი“ პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელების ბრალდებებს პასუხობს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, RMG ჯგუფის კომპანიებში დასაქმებულთა მიერ პროფკავშირის რიგების დატოვებასთან დაკავშირებით ბოლო დროს არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა.

„სინამდვილეს არ შეეფერება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, თამაზ დოლაბერიძისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლების იძულებას, მუქარასა თუ ზეწოლას პროფკავშირის რიგებიდან გასვლის მიზნით.

კომპანიის ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ იგი არასდროს ჩარეულა პროფკავშირული ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში და თანახმაა, მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საწარმოს მუშა-მოსამსახურეებთან მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ამის დასტურია 2014 წლის მარტში გაფორმებული სამედიაციო შეთანხმება კომპანიასა და დასაქმებულთა ჯგუფს შორის. თამაზ დოლაბერიძის ცილისწამების პასუხად, თითქოს კომპანიის მხრიდან არ სრულდება სამედიაციო შეთანხმების პირობები, უნდა აღინიშნოს, რომ შეთანხმებაში არსებული ძირითადი პუნქტები უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენ ვალდებულებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები.

რაც შეეხება დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის რიგების დატოვებას, კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს საწარმოს მუშა-მოსამსახურეებში გაჩენილი უნდობლობა პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიმართ. ეს დაკავშირებულია მათი მხრიდან არაერთ შეუსრულებელ დაპირებასთან, ასევე საფუძვლიან ეჭვებთან პროფკავშირის მხრიდან საწევრო ანარიცხებისა თუ სხვა ფინანსების გაუმჭვირვალე და არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გაჟღერდა თვით პროფკავშირის რიგებიდან გამოსული თანამშრომლების მხრიდან.

ამდენად, კიდევ ერთხელ გვსურს დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ პროფკავშირული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პროფკავშირის ყოფილ თუ ამჟამინდელ წევრებს შორის მიმდინარე პროცესებზე კომპანიის ადმინისტრაციას არანაირი ზეგავლენა არ გააჩნია და შექმნილი პრობლემების მიზეზების ძებნა ისევ პროფკავშირის შიგნით უნდა მოხდეს და არა ადმინისტრაციისადმი უსაფუძვლო და პროვოკაციული გადაბრალების გზით“, _ ნათქვამია „არემჯის“ განცხადებაში.

 

გელა მამულაშვილი