ლუკა კურტანიძე ეკა ხერხეულიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს!

3n

ხუთგზის ევროპის, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და არაერთი სპორტული ჯილდოს მფლობელი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე, დღეს უკვე პარლამენტის დეპუტატის რანგში არის „ქრონიკა+“-ის სტუმარი. იგი უახლოეს წარსულს იხსენებს და შეფასებებს აკეთებს. ამასთანავე, საკუთარ გეგმებზე საუბრობს, რის განხორციელებასაც პარლამენტში აპირებს:

_ ბატონო ლუკა, პარლამენტარობას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. რას აპირებთ, რომელ სფეროში გეგმავთ აქტიურობას?

_ დიდი მადლობა მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის. მეც წარმატებებს გისურვებთ და, პირველ რიგში, მინდა დავაფიქსირო ჩემი დიდი პატივისცემა თქვენი ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ ავბედითი წლები ერთად გამოვიარეთ, ერთად ვიბრძოდით საქართველოსთვის, მისი ღირსებისა და დიდებისთვის. ასევე იმიტომაც, რომ სწორედ ჟურნალისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მთელ ქვეყანას ამცნობდნენ ჩემს სპორტულ მიღწევებსა და გამარჯვებებს. სპორტული კარიერის შემდეგ როცა ჩავერთე პოლიტიკაში, ისევ და ისევ ჟურნალისტებს გაჰქონდათ ჩემი ხმა ხალხამდე და მიუხედავად იმისა, მათი პოზიცია ჩემ მიმართ კრიტიკული იქნება თუ არა, მე ყველა შემთხვევაში დადებითად ვარ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

_ არ ვიცოდი, ასე თუ გვაფასებდით.

_ დიახ და ამას მლიქვნელობად ნუ ჩამითვლით, გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს არის ჩემი ალალი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ჯერჯერობით, ტექნიკურ საკითხებს გავდივარ და აკლიმატიზაციის პროცესში ვარ _ ისევ ვფიქრობ, რა და როგორ უნდა გავაკეთო. იმ დროიდან, როგორც კი დადგა ჩემი დეპუტატობის საკითხი, საზოგადოების თითოეული წევრისგან, ჩემი თანამებრძოლებისგან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანებისგან ვიღებდი კონსულტაციებს, თუ რამდენად საჭირო იყო ლუკა კურტანიძე პარლამენტში და, ძირითადად, რომელი სფეროთი უნდა ვყოფილიყავი დაკავებული.

_ ანუ ბევრი იფიქრეთ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით?

_ დიახ, ბევრი ვიფიქრე. თქვენც და ყველამ კარგად იცით, რომ ძალიან გაჭიანურდა ჩემი პასუხი, მაგრამ მე ვხედავდი და ვრწმუნდებოდი, რომ გუნდს, რომელთანაც ერთად მოვედით  ხელისუფლებაში, ბოლომდე გვერდით უნდა ვდგომოდი. თანაგუნდელებისგანაც უდიდესი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე. ვიმეორებ: ეს გადაწყვეტილება იოლად არ მოსულა. თქვენ კარგად იცით, რომ მე ვიყავი და ვარ შსს-ს ოფიცერი და ამ უწყებაში მებარა ის, რაც ყველაზე კარგად ვიცი _ სპორტული კუთხე. აი, აქ ვემსახურებოდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს _ მე ვფიქრობ, რომ არა მარტო თეორიულად მომზადებულები უნდა გვყავდეს პოლიციელები, ასევე უნდა იყვნენ მოწესრიგებულები და კარგ ფიზიკურ ფორმაში. სწორედ ამ მიზნით ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაგეგმარებდი და ვახორციელებდი სპორტულ ღონისძიებებს. ჩვენმა პოლიციელებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღეს ირლანდიაში, რაც ბრწყინვალე შედეგით დააგვირგვინეს _ 12 ოქროს მედალი მოვიპოვეთ! ჩვენი პატარა საქართველოსთვის ეს არ არის უმნიშვნელო ციფრი. ასე რომ, მე ვამაყობ იმით, რომ ორი წელი ვიმსახურე იქ და ამ გამარჯვებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. აქედან გამომდინარეც ძალიან რთული იყო ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება წამოსვლის თაობაზე, თუმცა პრემიერ- მინისტრთან, მერე ბატონ კახი კალაძესთან, პარტიაში ირაკლი და თედო კობახიძეებთან კონსულტაციებისა და ყველა ტექნიკური საკითხის გავლის შემდეგ მაინც მივიღე გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე და მიმდინარე წლის 18 თებერვალს პარლამენტმა ერთხმად ხმა მისცა ჩემს დეპუტატობას. ასე რომ, დღეს უკვე პარლამენტის წევრობაა ჩემი უდიდესი პასუხისმგებლობა. უკვე დავესწარი რამდენიმე სესიას, ასევე ფრაქციაზე ვესწრებოდი რამდენიმე საკითხის განხილვას და მოკლედ რომ მოვჭრა, დაკვირვების პროცესში ვარ. ჯერ არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ რაღაც მიმართულებით განცხადება გავაკეთო, თუმცა უკვე გადავწყვიტე, თუ რომელ კომიტეტში ვიქნები, ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება და ასევე, ცხადია, სპორტის კომიტეტი.

_ სესიებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე მინდა გკითხოთ: თქვენ გყავთ ძალიან ბევრი ოპონენტი, თუ მტერი…

_ მოწინააღმდეგე დავარქვათ.

_ კი ბატონო, სპორტული ტერმინი გამოვიყენოთ. თქვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, ამ კაცმა ჭიდაობის ფედერაციაში ვერ გაქაჩა და პარლამენტში რა უნდა გაქაჩოსო?

_ პირველ რიგში, ყველაფერი იზომება შედეგიდან გამომდინარე და დასკვნებიც შედეგებიდან გამომდინარეობს. საკუთარ თავზე და მიღწევებზე საუბარი საჩოთირო საქმეა, მაგრამ რადგან ასე ისმება საკითხი, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: როცა ფედერაციაში მოვედი, პირველად ჩვენი ქვეყნის ჭიდაობის ისტორიაში, აქ ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი და საქართველოში 47 ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული. ამ ჩემპიონატის ორგანიზების საკითხში უმაღლესი შეფასება მივიღეთ. ეს მოხდა 2013 წლის მარტში. მე რამდენიმე თვის მოსული ვიყავი _ 2012 წლის დეკემბერში ამირჩიეს და აქ დამხვდა პრობლემების ზღვა! ამის მიუხედავად, ოცდაოთხსაათიანი რეჟიმით ვმუშაობდით და, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, სამთავრობო კომისიის მიერ ყველა ტექნიკური საკითხის სწორად წარმართვით შევძელით, ჩემპიონატისთვის გვემასპინძლა, სადაც, როგორც გითხარით, უმაღლესი შეფასება მივიღეთ და ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციიდან მადლობის წერილები დღემდე მოდის. კიდევ ერთი შედეგის შესახებ ვიტყვი და ბევრს აღარ გავაგრძელებ: როცა მე უფლებამოსილება გადავეცი ფედერაციის ახალ პრეზიდენტს, მას ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი დავუტოვე.

_ ანუ მინუსში არ ყოფილხართ წასული, მაგრამ აქ რა არის განსაკუთრებული?

_ როდესაც მე მივედი ჭიდაობის ფედერაციაში, რამდენიმე ლარი დამხვდა ფედერაციის ანგარიშზე, რომელიც ერთ თანამშრომელსაც არ ჰყოფნიდა. ექვსი პრეზიდენტი იყო ჩემამდე, მე მეშვიდე ვიყავი და არც ერთ პრეზიდენტს თავისი შემცვლელისთვის არასოდეს არაფერი დაუტოვებია. მე კი, როგორც მოგახსენეთ, ბევრი პერსპექტივა და ნახევარი მილიონი დავტოვე ანგარიშზე, რაც ადრე არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში.

_ აბა, რატომ დაგიწყეს ბრძოლა ფედერაციაში?

_ რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი: თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული სპორტის ნგრევა და სადაც კი იყო სპორტული ობიექტები, თუნდაც განათლების ობიექტები, ეს ყველაფერი გაიყიდა. თბილისში უამრავი დარბაზი გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი ლენინის დარბაზი, რომელიც შემდეგ ეგნატიშვილის სახელს ატარებდა და გახლდათ სპორტის სასწაულებრივი ობიექტი, რის მსგავსსაც იშვიათად ნახავთ მსოფლიოში, გაყიდეს და დღეს იქ არის ბაზრობა. ასეთივე ბედი ერგო სხვა ობიექტებსაც.

_ სააკაშვილმა გაყიდა?

_ რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში და ე. წ. სააკაშვილი, მათი გადაწყვეტილებით უამრავი დარბაზი გასხვისდა და გაიყიდა. ასე რომ, როდესაც ეს ყველაფერი დაინგრა და განიავდა, ცხადია, სპორტსაც გაუჩნდა პრობლემები. შედეგიანობას ვგულისხმობ. საჭიდაო დარბაზი თუ არ იქნა, როგორ ივარჯიშებ, ან მომავალ თაობებს როგორ გაზრდი? მე გადავწყვიტე, რომ ეს ხარვეზი გამესწორებინა და წელიწადი და ცხრა თვის მანძილზე, რაც მე იქ ვიყავი, ოცდაოთხსაათიანი მუშაობა დავიწყეთ, რომ დიღომში, ამერიკის საელჩოს გვერდით, ექვსი ობიექტი გაგვეკეთებინა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ოლიმპიურ თამაშებს ვმასპინძლობთ და ამ ობიექტების დროზე ამოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი სრულდება ისე, რომ ამ ვადებისთვის მოესწროს, მაგრამ შენებას, ზოგადად, დრო სჭირდება. დამერწმუნეთ, ეს დიდი რუდუნებითა და მონდომებით საკეთებელი საქმეა და ცხადია, რომ ორ წელიწადში იმის გამოსწორება, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში ინგრეოდა, შეუძლებელია.

_ და თქვენ დაგაბრალეს, რომ ორ დღეში ვერ გამოასწორეთ ოცი წლის დანანგრევი? ვინ იდგა ამის უკან?

_ ის ადამიანები, რომლებიც პირადად ჩემზე იყვნენ განაწყენებულები. მე ხომ არჩევნებით მოვედი ფედერაციის პრეზიდენტად და მხოლოდ შვიდი ხმით მოვიგე, ანუ ერთპიროვნულად არ მომიგია და კონკურენტი მყავდა, რომლის მომხრეებმაც იმუშავეს და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. კი ბატონო, მეც კარგად ვიცი, რომ ჭიდაობის სამყარო მეტს იმსახურებს, მაგრამ ერთბაშად არაფერი ხდება, მთავარია, რომ დავიწყეთ. მომავალ წელს ექვსი ახალი ობიექტი გაიხსნება და ასეთი რამ არასოდეს მომხადრა. ასე რომ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა და ამაყი ვარ იმით, რომ ეს ორი წელიწადი უანგაროდ ვიმუშავე… მაგრამ საზოგადოების უმრავლესობამ, ვინც იქ არის, მოითხოვა, რომ გადავმდგარიყავი და ჩატარებულიყო ხელახალი არჩევნები. ეს მოთხოვნა რამდენად სამართლიანი იყო, ახლა ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩვენი მონაპოვარი ის არის, რომ საზოგადოებამ რაღაც მოითხოვა და წინააღმდეგობა არავინ გაუწია. დემოკრატიის ხარისხზე, მიდგომასა და ახალ რეალობაზე ვსაუბრობ.

_ თქვენი მომხრეები ამბობენ, რომ თქვენ ფედერაციაში არსებულ მანკიერებებს ებრძოდით, მაგალითად, „ატკატებს“, რაც ფართოდ არის გავრცელებული და ამის გამო მოგიცილეს; ხოლო მოწინააღმდეგენი პირიქით ამბობენ, რომ თქვენ მიერ შავი ფულის სრული კონტროლის სურვილის გამო მოხდა ეს ყველაფერი.

_ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მოვედი ჭიდაობის ფედერაციაში მაშინ, როდესაც ანგარიშზე საერთოდ არ იყო არაფერი. ვიმუშავე და დავტოვე ნახევარი მილიონი ლარი. თავისუფლად შემეძლო, ასეთი რამ არ მექნა. ამ თანხის გარდა მე კიდევ 250 ღონისძიება ჩავატარე, სადაც ბევრი მილიონი დაიხარჯა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: არასოდეს არაფერზე ხელი არ წამცდენია! ეს არ დევს ჩემში, რადგან მე მიმაჩნია ასე: თუ დარგი ჩაგაბარეს და გენდნენ, წელებზე ფეხი უნდა დაიდგა, ყველა ცდუნებას უნდა გაუძლო და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს ნდობა გაამართლო. ჩემს შემთხვევაში მე მენდო ჩემი სამშობლო და მეც სუფთად და ალალად ვემსახურე. მთელი ოცი წელი ვიბრძოლე ჩემი ქვეყნისთვის. როდესაც ის ტიროდა, მასთან ერთად ვტიროდი, როდესაც უჭირდა, არასოდეს მიმიტოვებია და ყოველთვის გვერდში ვედექი, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა უზარმაზარი შემოთავაზებები, რისი წყალობითაც ეკონომიკურად ასჯერ უფრო გამართული ვიქნებოდი, ვიდრე დღეს ვარ. არასოდეს მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის და ბატონმა ბიძინამ როცა ჩამაბარა რამდენიმე სფერო, რა უნდა გამეკეთებინა იმაზე მეტი, რომ პატიოსნად და წრფელად მემსახურა და ეს ნდობა გამემართლებინა? ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და სხვანაირად ვერც ვერასოდეს მოვიქცევი. რაც შეეხება მანკიერებებს, ისინი, რა თქმა უნდა, იყო. ეს არა მარტო სპორტში ხდება, ყველა სფეროშია და ბევრს დღესაც უცდება ხელი, მაგრამ მე ორი წლის განმავლობაში, ევროვიზები იქნებოდა, ამერიკის ვიზები, სასტუმროებთან ურთიერთობა, თუ სხვა დანარჩენი, „ატკატები“ კი არა, სწორი მენეჯმენტის დანერგვით პირიქით გავაკეთე: რაც ჰქონდა ფედერაციას ბიუჯეტი 2 მილიონი, ამ თანხიდან 180 ათასი ჩემი ურთიერთობებით და ფასების დაწევით სახელმწიფოს დავუბრუნე.

_ და მანკიერებებთან ბრძოლის გამო მტერიც გაიჩინეთ?

_ მოწინააღმდეგის რაღაც სეგმენტი ამ მხრივაც არსებობს, მაგრამ მთლიანად ამის გამო მოხდა ყველაფერიო, რომ ვთქვა, მართალი არ იქნება. ისე, კი ბატონო, არსებობს სეგმენტი, რომელიც თქვენ მიერ ხსენებული „ატკატებით“ ხელს რომ ითბობდა და ეს წყარო ჩავუჭერი. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ყველაფერს გადააჭარბეს. კრიტიკა კარგია, მე ვიღებ კრიტიკას, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიან და შეურაცხყოფას არ ერიდებიან, ეს უკვე გულსატკენია. თანაც ის იკადრეს, რაც  ჩემპიონებს არ ეკადრებათ და მთელი მსოფლიოს მოჭიდავეებისთვის არის მიუღებელი! ჩემპიონ კაცს, თუ ჩემპიონობის პრეტენზიის მქონე ადამიანს ჯიბეში კვერცხები როგორ უნდა ედოს და სროლა იკადროს?! ვერ გახდება ასეთი ადამიანი დიდი ჩემპიონი. დამერწმუნეთ, ასეა! კვერცხისროლია კაცი ჩემპიონი ვერასოდეს გახდება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა დიდი ადამიანური ტკივილი მომაყენა, მზად ვარ, რომ ყველას გვერდით დავუდგე. ახალ პრეზიდენტს, რომელიც აირჩიეს _ ბატონ მანუჩარ კვირკველიას, ოლიმპიურ ჩემპიონს ვთავაზობ და ოფიციალურად მივმართავ, რომ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩავატარებ მასტერკლასებს კვირაში ორი დღე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მე მინდა, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა და არა მარტო სპორტსმენები, არამედ ღირსეული ადამიანები გავზარდო, რომლებიც სამშობლოსთვის იმ ღირსებით ივლიან ამ ქვეყანაზე, უკან რომ მოიხედავენ და მათ ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს. ასე რომ, ჩემი ოჯახური ტრაგედიის მიუხედავად, რაც მე ამ შეურაცხყოფით მივიღე, არავის მიმართ ბოღმა არ მაქვს, პირიქით მინდა, რომ დავეხმარო. მე ბევრი ტკივილი მიმიღია, ბევრჯერ გაგვჭირვებია მეც და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილსაც და ბევრჯერ წავქცეულვართ, მაგრამ ღირსება, ადამიანობა, ადათ-წესები, ქართველობა არსად დამიკარგავს. დღესაც ასეა _ მე ხალხი და თანაგუნდელები მენდნენ და პარლამენტარი ვარ, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს ნდობა გავამართლო. იმიტომაც ავირჩიე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, რომ დაკარგული ტერიტორიები ჩვენი ყველაზე დიდი გულის ტკივილი, საფიქრალი და მოსაგვარებელი საკითხია. თქვენ კარგად იცით, რომ მე ვარ აფხაზეთიდან. არა მარტო თეორიული ცოდნა მაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით, პრაქტიკული ტრაგედიაც მაკავშირებს. პირადად შემეხო აფხაზეთის ტკივილი და ეს ყველაფერი, ანუ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ, ამ სეგმენტში ვიყო პროდუქტიული.

_ თქვენ ამბობთ, რომ კვერცხების სროლა ჩემპიონს არ უხდება, მაგრამ ეს მოსული ამბავია პოლიტიკაში. პირველივე სესიაზე გოგა ხაჩიძეს დაუპირისპირდით. რა უნდოდა `ნაციონალ~ დეპუტატს?

_ სხვათა შორის, წლების წინათ ხურვალეთში რაღაც კონტინგენტს უნდა შევხვედროდი და მაშინ ქვები დამიშინეს. ცოცხალი ძლივს გადავრჩი. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვერცხების სროლა უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ის, როდესაც ლოდებს მესროდნენ. რაც შეეხება ხაჩიძეს, როგორ გითხრათ, მე მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ მის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, იმიტომ, რომ უფრო იუმორისტული განცხადებები აქვს, რაც არასერიოზულია. გოგას ინიციატივა იყო არასერიოზული. საუბარი ეხებოდა უფასო ფულის თემას, რომელზედაც ბიძინა ივანიშვილი განმარტავდა, რომ ეს იყო არა უფასო ფული, არამედ იაფი კრედიტები, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. მაქსიმუმ სამპროცენტიან კრედიტებზეა საუბარი, რომელიც დროთა განმავლობაში, ფაქტობრივად, უფასოც კი გამოდის, იმიტომ რომ საქმის წარმოება თუ წარმატებით გაქვს გათვლილი, ყველაფერი ათმაგად გიბრუნდება და შესაძლებელია, რომ უფასოდ ჩათვალო. ეს იგულისხმა ბატონმა ბიძინამ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ამ ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვანს?

_ რა თქმა უნდა, მას ამის უნარი აქვს და გააკეთებს კიდეც, მაგრამ როდესაც ადამიანი, ბატონ გოგაზე ვლაპარაკობ, იმ დაჯგუფების წევრია, რომელმაც უზარმაზარი დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ყველაზე დიდი დანაშაული კიდევ ის არის, რომ თავის ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებენ, ბოდიშს არ უხდიან საზოგადოებას და პირიქით, ცინიკურად გვესაუბრებიან, თუ სად არის უფასო ფულიო, ეს მიუღებელია. მე მათ ვუპასუხე და საზოგადოებამაც კარგად იცის, თვითონ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ფულს როგორ შოულობდნენ, ხალხს როგორ ჰკიდებდნენ ფეხებით მერვე საპყრობილეში, როგორ ამცირებდნენ, ვინმეს თუ რამე ჰქონდა, სახელებით და გვარებით ვიცი, ვისზე აწარმოეს ძალადობა და ბიუჯეტს როგორ ავსებდნენ! მუქთა და იაფი ფული მაგათ მოიგონეს და ამ დროს „ნაციონალების“ მიერ იაფ ფულზე ლაპარაკი ძალიან არასერიოზულია. ვერ მივიღებთ ამას და ვერც საზოგადოება მიიღებს.

_ მაგრამ პრობლემებიც ხომ მართლა არსებობს, ბატონო ლუკა?

_ რა თქმა უნდა, არსებობს. პრობლემა იმან მოიტანა რომ ერთი წელი ე. წ. სააკაშვილი _ მე მხოლოდ ასე ვახსენებ ამ სუბიექტს, იმიტომ რომ სააკაშვილები კარგი ადამიანებიც არიან _ მსოფლიო მასშტაბით პრეზიდენტის სტატუსით ყველგან დადიოდა და თავისი განცხადებებით არათუ ახლანდელ ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას უქმნიდა პრობლემებს. მაშინ, როდესაც მომართულია ინვესტიციები, ამ დროს კი ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ხდება ათასი უბედურება და ბიზნესი იჩაგრება, ყველა ბიზნესმენსა და ინვესტორს გაუჩნდება კითხვა, _ ღირს კი საქართველოში ფულის დაბანდება? ამიტომ ეს ერთი წელი დაკარგული წელი იყო. მეორე პრობლემაა ის ნაცბანდა, რომელიც ახლა პარლამენტში ზის. მე მათ ოპონენტებს ვერ დავარქმევდი, ოპონირება სხვა რამეა. სესიაზე რომ ვიყავი, კიდევ ერთხელ კარგად დავინახე, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები. ისინი მუშაობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იმოქმედონ საზოგადოებაზე იმ პრობლემებით, რომლებიც თვითონ მათ მიერ არის გამოწვეული. ეს ის ხალხია, რომლის უკან სიცარიელეა, უფრო სწორად, ბოროტებაა, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, ამ ადამიანებისგან ასეთ განცხადებებს ვერ მივიღებ.

_ თქვენ კი ამბობთ, მათ ვერ მივიღებო, მაგრამ ბევრი გვინახავს, იგივეს რომ ამბობს, საღამოობით კი „ნაციონალებთან“ ერთად ქეიფობენ რესტორნებში.

_ ჩემთვის ყველანაირად მიუღებელია ასეთი რამ! მინდა, ყველამ იცოდეს: როცა ადამიანი შეცდება, დაინახავს თავის შეცდომას და მოინანიებს საზოგადოების წინაშე, ასეთ ადამიანს, რა უფლება გაქვს, რომ არ აპატიო? თუ ესენი გამოვლენ და იტყვიან, ე. წ. სააკაშვილის დროს, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორის გამო, იძულებული ვიყავით, რომ ეს შეცდომები დაგვეშვა, რის გამოც მთელ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდითო, ამის შემდეგ შესაძლებელია მათ რეაბილიტაციაზე საუბარი. გულწრფელად ვინც აღიარებს შეცდომას, ის ათჯერ მეტ სიკეთეს გააკეთებს მომავალში, მაგრამ ეს ადამიანები დღეს საქართველოში მხოლოდ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და მათი ქმედებები ხელის გულზე ჩანს, ხალხის ნერვებს აფეთქებენ, მე ამ ადამიანებთან ერთად ვერასოდეს ვიქნები. ამას ყველა დაინახავთ.

_ ორი ახალი პარლამენტარი ერთდროულად შედით პარლამენტში: ეკა ხერხეულიძე _ „ნაციონალებში“, თქვენ _ „ოცნებაში“. როგორ ფიქრობთ, ახალი ძალით რომელი ფრთა უფრო გაძლიერდა?

_ ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, რომ საკუთარი შეფასებები ვაკეთო. თქვენ შეაფასებთ რაღაც დროის შემდეგ და დაინახავთ, ლუკა კურტანიძემ რა შეძლო და რა გააკეთა. რაც შეეხება ეკა ხერხეულიძეს, ეს ის ადამიანია, რომელსაც სახეზე ატყვია, ვინ არის, ანუ ისეთი ადამიანი შევიდა პარლამენტში „ნაციონალებთან“, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ინიციატორი და მეხოტბეა. მანამდე 7 ნოემბერი აქვს გავლილი და 2009 წლის მაისი. მოკლედ, ამ ადამიანებს ყველას სახეზე აწერია, ვინ არიან და რასაც წარმოადგენენ. მე გაგონილს კი არ გიყვებით, საკუთარ თავზე გადავიტანე მათი ბოროტმოქმედებანი. 26 მაისის დაზარალებულად მაღიარა სასამართლომ და ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვიცი, რომ დარბევის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ეს ქალბატონი გახლდათ. როცა იქ ხალხი დაიღუპა და დაშავდა, მთლიანად ამართლებდა ამ რეჟიმს და დღესაც ამართლებს. თუ ბოდიშს მოიხდის ეს ქალბატონი და აღიარებს თავის დანაშაულს, ბევრი წარმოუდგენელი რამ მიპატიებია ადამიანებისთვის და ამასაც ვაპატიებ. ამას რა აჯობებს ხერხეულიძის მხრიდან! მაგრამ მთლად ოცნებებშიც ნუ გადავვარდებით. არ მგონია, ამ ხალხს ბოდიშის მოსახდელად ვაჟკაცობა ეყოს. ყოველ შემთხვევაში, აქ ვართ და მალე გამოჩნდება, ვინ რისი გამკეთებელია, მათ შორის, მეც. თქვენ ნახავთ ამ ყველაფერს.

 

დავით დევიძე