ვინ გეგმავს გაზაფხულზე საპროტესტო აქციებს?

1n

რა არ ხდება ქვეყანაზე და „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო  აქციებით იმუქრება. გაზაფხულის დადგომამ ყოფილ მმართველ გუნდს, ეტყობა, სისხლი აუჩქროლა და საპროტესტოდ განაწყო, 21 მარტს თბილისში მიტინგის გამართვას აანონსებენ.

„აქცია იქნება ერთჯერადი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაჩერებას ვაპირებთ. და 21 მარტი მასშტაბური აქციების დასაწყისი გახდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უნიათო ხელისუფლება საიდანაც მოვიდა, იქვე გავისტუმროთ. დღევანდელი დღით ყველანი ერთად დავრწმუნდით, რომ ეს ხელისუფლება პრობლემების მოგვარებასა და გამოსწორებაზე არ ფიქრობს“, _ განაცხადა „ნაციონალების“ ერთ-ერთმა სახემ და სიამაყემ, ნუგზარ წიკლაურმა. `ნაციონალები~ და მისი ლიდერები ყველა სეზონზე იმუქრებიან ასე, _ შარშან, მაგალითად, კარგად გახსოვთ, რომ შემოდგომაზე შეეცადნენ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ხალხის ქუჩაში გამოყვანას, თუმცა მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იმდენი ხალხი ვერ გამოიყვანეს ქუჩაში, რამდენზედაც ოცნებობდნენ. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლების  უკმაყოფილო ხალხის დეფიციტია ქვეყანაში, უბრალოდ, „ნაცებს“ არ ენდო ეს უკმაყოფილო ხალხი. დღეს კი, ეტყობა, საპარლამენტო უმცირესობა ფიქრობს, რომ ზამთრის განმავლობაში ამ ხალხის პოზიცია შეიცვალა და ახლა მაინც გამოვა ქუჩაში. მოკლედ, რამდენად სწორია ასეთი შეხედულება, დაველოდოთ და ვნახავთ. 21 მარტი არც ისე შორს არის. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, გასაპროტესტებელი და აქციების მოსაწყობი ბევრი რამ მართლაც კი აქვს ამ ხელისუფლებას. ამაზე ცოტა ქვემოთ. რაც შეეხება „ნაციონალების“ მუქარას, ამჯერად მათი უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ეკონომიკური სიტუაციის განსახილველად პარლამენტში „ოცნების“ დეპუტატობამ მისვლაც კი არ იკადრა. არადა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დგას და ასეთ სიტუაციაში პარლამენტი მოიქცა უპასუხისმგებლოდ, როდესაც უარი თქვა განეხილა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა. ისე, ეს ის შემთხვევაა, როცა მართლა ღირს დაფიქრება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომის ჩასატარებლად პლენარულ სხდომათა დარბაზში, მინიმუმ, 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა პირველ ჯერზე რეგისტრაცია პარლამენტის 42-მა წევრმა, მეორედ _ 41-მა, მესამედ კი 42-მა წევრმა გაიარა. რეგლამენტის შესაბამისად, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, ის ჩაშლილად გამოაცხადა. არადა, სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა მას უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა არ ესწრებოდა და „ნაციონალებმაც“ გული ვერ მოიოხეს, ანუ სათქმელი ვერ თქვეს. თანაც სხდომა ხომ სწორედ მათი _ საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული და თუკი შედგებოდა, მასზე კანონმდებლებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე უნდა ემსჯელა. აი, ამ სხდომის ჩავარდნას მოჰყვა „ნაციონალების“ გაწიწმატება და ნუგზარ წიკლაურს თანამებრძოლმა ზურაბ ჯაფარიძემაც აუბა მხარი, რომელმაც ცარიელი პარლამენტიდან მოსახლეობას კოლეგებთან ერთად მიმართა და განაცხადა, რომ ამ ვითარებაში მთავრობას კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია და ის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმის განხილვაზეც უარს ამბობს, ამიტომ 21 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაზე მისვლისკენ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს მოუწოდებს, ვინც თავს მოტყუებულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მთავრობა უნიათოაო: „დღეს უნდა გამართულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნებოდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. მთავრობა, ისევე როგორც პარლამენტის უმრავლესობა, მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე. ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი. კლებულობს ექსპორტი და ტურიზმი და წელს პირველად მრავალი წლის შემდეგ კვლავ რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო. მას არ გააჩნია მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. საქართველოს რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომ დაიქირაოს ბანკირები და ისწავლოს ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და ამ დაცინვას `ქართული ოცნება~ მთელი შემადგენლობით კვერს უკრავს. საქართველოს მთავრობა იმის გარდა, რომ არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, აღარ უსმენს ხალხს, მას არ ესმის ხალხის ენა, ამიტომ ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის პირდაპირი მოვალეობაა, მას ეს ხმა გავაგონოთ. რადგან ეს არ მოხერხდა დღეს, აქ _ პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც ფიქრობს, რომ ამ ამ ხელისუფლებამ მოატყუა, ვინც მიიჩნევს, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ, გადადგეს უნიათო მთავრობა!“ _ ასეთი რამე განაცხადა ჯაფარიძემ. პრინციპში, ტყუილიც არაფერი უთქვამს, მაგრამ „ნაციონალების“ პრობლემა ის არის, რომ მათი ძალიან ცოტას თუ სჯერა, ანუ ეს ის შემთხვევა არ არის, „ნაციონალების“ დაძახილზე მთელი რუსთაველი და თავისუფლების მოედანი ხალხით რომ გაივსოს. არადა, ეს „ნაციონალების“ ინიციატივით არა, მაგრამ მართლაც გასაკეთებელია. როდესაც პარლამენტში 76 დეპუტატი ვერ შეიკრიბება, რომ ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე იმსჯელოს, იმ პარლამენტზე ახი კია საპროტესტო გამოსვლები და თუნდაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა.

არადა, მსგავს სიტუაციაში საქართველოს პარლამენტის უმოქმედობა მართლა დანაშაულის ტოლფასია. ცხადია, პარლამენტს შეიძლება არც არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. იმ გადაწყვეტილებას ვგულისხმობ, ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას რომ გამოასწორებდა. ამისთვის პარლამენტს არც პროფესიონალიზმი აქვს და არც ამბიცია, მაგრამ რომ შეკრებილიყვნენ და რაღაცაზე ელაპარაკათ, ხალხი იფიქრებდა მაინც, ქართველ პარლამენტარებს ქვეყნის ბედი აწუხებთო. ასე კი გამოდის, რომ მარტო აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ პრემიერ-მინისტრი და მისი ეკონომიკური გუნდის საზრუნავი ყოფილა ქვეყნის ეკონომიკა და მისი მომავალი. ჰოდა, ღარიბაშვილმა და კომპანიამ გენიალურ გამოსავალს მიაგნო: ლარის გასამყარებლად საპრივატიზაციო ობიექტების სია გამოაქვეყნა. ჭკვიანური გათვლაა და თან, _ მომგებიანი: ობიექტების გაყიდვით შემოსული ფული ბიუჯეტს შეავსებს და ლარის სტაბილურობას შეუწყობს ხელს, ანუ შეიძლება დავასკვნათ, რომ ღარიბაშვილის გუნდმა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის ოპტიმალურ ვარიანტს მიაგნო, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ასე არ არის. ობიექტების გაყიდვა იგივე აქტია, უფულობით გაჭირვებულმა კაცმა ცოლის საყურეები რომ გაყიდოს და ამით შეავსოს ოჯახის ბიუჯეტი. გაუთავდება ეს ფული და ისევ იგივე პრობლემებში აღმოჩნდება, როგორც საყურის გაყიდვამდე იყო, თანაც ამჯერად აღარც ფული ექნება და აღარც _ საყურე. საინტერესოა, ამის თაობაზე თუ იციან აღმასრულებელ ხელისუფლებაში?  შეიძლება არც კი იცოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ზომებსაც მიიღებდნენ ობიექტების გაყიდვასთან ერთად. აი, აქ კი უკვე რთულად არის საქმე. ეკონომიკის აღორძინების ერთადერთი გზა ექსპორტის გაზრდაა, რისი არანაირი შანსიც არ არსებობს ამ ეტაპზე. პრობლემა ის კი არ არის, რომ საექსპორტო საქონლის წარმოება შეუძლებელია საქართველოში, პრობლემა ის არის, რომ სახელისუფლებო გუნდი არაფერს აკეთებს ამისათვის. ფაქტობრივად, დღეს მთელი ეკონომიკა ემსახურება რამდენიმე ოჯახს, რომელსაც ბოლო ოცი წლის მანძილზე იმპორტზე მონოპოლიზაცია აქვს და ყველანაირად უშლის ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. თორმეტი წლის წინ სააკაშვილი რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, ხალხს ჰპირდებოდა, რომ ამ მანკიერ რეალობას მოსპობდა, მაგრამ მერე, ეტყობა, საერთო ენა გამონახა ასეთი რეალობის ავტორებთან და ამით გვარიანი მოგება ნახა. იგივე პროცესები მიდის ამჟამადაც. დამალული არავისთვის არის, რომ ღარიბაშვილის საახლობლო ამ მონოპოლისტური ბიზნესებიდან წილების ხელში ჩასაგდებად იბრძვის, თვითონ პრემიერი კი ამ ყველაფერს უარყოფს და არანაირი კრიტიკული აზრის გაგონებაც არ სურს. აი, ასეთი მიდგომა ბადებს პესიმიზმს და უიმედობას. შესაბამისად, თუკი ხელისუფლებამ პოზიცია არ შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გაზაფხულზე მართლაც დიდ საპროტესტო აქციებს გამოჰკრან ხელი. ამ აქციების შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“, ალბათ, ვერ იქნება და არც არის საჭირო, მაგრამ მათ გარეშეც უკვე არსებობენ ძალები, რომელთაც დღევანდელი ხელისუფლების უნიათობა ყელში ამოუვიდათ და უკმაყოფილო მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანაც შეუძლიათ.

 

დავით დევიძე