რატომ არ უნდა გადაიხადოთ ხანდაზმული სესხები!

noo,

დიდი ხანია, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რიცხვმა 110 000-ს გადააჭარბა. ექსპერტული გათვლებით, სხვადასხვა სახის ვალი საქართველოში 10-დან 7 ადამიანს აქვს. ზოგადად, სესხების მოცულობის ზრდაში ექსპერტები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ქართულ რეალობაში მოსახლეობა სესხს იმიტომ იღებს, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანოს. თუკი ცივილიზებულ სამყაროში მოქალაქეები სესხის აღებით მატერიალურ კეთილდღეობას იწყობენ, საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა და აქ მოსახლეობა ღარიბდება. მოსახლეობის გაღარიბებას ბოლოდროინდელმა სავალუტო კრიზისმაც შეუწყო ხელი, ბანკებმა კი მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს.

მოკლედ, საქართველოში ბანკი ყოველთვის მოგებულია, მოსახლეობა კი _ წაგებული.

ამ ყველაფერს ჩვენი რესპონდენტის მონაყოლიც მოწმობს, რომელიც „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა და მისი ვინაობის ანონიმურად დაცვა ითხოვა. რესპონდენტი პრობლემური აქტივების მართვის ერთ-ერთი კომპანიის ყოფილი თანამშრომელია და, თავის დროზე, უშუალოდ იყო ჩართული ბანკის კლიენტებისგან სესხების ამოღების საქმეში:

_ ხშირად ვადევნებ თვალს ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს საბანკო სექტორისა და მათი მევალეების შესახებ და არასოდეს შემხვედრია სტატია უიმედო სესხებზე. არც არავის დაუწერია იმის შესახებ, როგორ აყაჩაღებენ პრობლემური  აქტივების მართვის კომპანიები იმ ხალხს, რომელთაც საბანკო დავალიანება ჩამოწერილი აქვთ; როგორ ამუშავებენ ეს კომპანიები სტუდენტებს, რომლებიც, ფაქტობრივად, თაღლითობის მსხვერპლნი ხდებიან… თუმცა ისე აქვთ მოწყობილი ყველაფერი, ვერსად იჩივლებ და სამართალსაც ვერ იპოვი. მე თვითონ ვმუშაობდი ასეთ კომპანიაში. ვიცი, რაც ხდება და რა სქემითაც მუშაობენ. შეძლებისდაგვარად, აგიხსნით: როდესაც ბანკს აღარ დარჩა რესურსი, რომ კლიენტისგან თანხა ამოიღოს, ასეთ დროს უიმედო სესხებში აგდებენ, მერე ამ სესხებს ყიდულობენ შპს-ები, რომლებიც ვალების ამოღებას აწარმოებენ. ეს ფირმები ქირაობენ, ძირითადად, სტუდენტებს და ერთი თვით, გამოსაცდელი ვადით იყვანენ იმ იმედით, თითქოს მომავალში დაასაქმებენ. ერთი თვე ამუშავებენ და მერე უშვებენ, რომ ხელფასი არ გადაუხადონ. თვეში უნდა ამოიღო 10 000 ლარი, უფასო ტელეფონს გაძლევენ, უნდა იჯდე, მთელი დღის განმავლობაში რეკო კლიენტებთან სპეციალური ტექსტებით და აიძულო ხალხი, რომ თანხები შემოიტანონ. ისეთი ტექსტებით უნდა მიმართო, რომ ხალხი შეაშინო. დამქირავებელმა ზუსტად იცის, რომ ეს უიმედო სესხია და ამ თანხას ვერ ამოიღებ, ისიც იცის, რომ ეს თანამშრომელი უნდა გააგდოს. ეს არ არის სამართლებრივად ჯანსაღად დადებული ხელშეკრულება! 20-30 კაცი მუშაობს ორგანიზაციაში. აქედან, მაქსიმუმ, 1-მა ამოიღოს 10 000. ესეც არარეალურია. თითომ რომ ამოიღოს თვეში 200-300 ლარი, ეს გადაამრავლეთ 20-30-ზე, უხელფასოდ ხომ ამუშავა ამდენი ადამიანი? ყოველ თვე დაქირავებული ბავშვების ნამუშევარი რჩება ორგანიზაციას და ისინი არიან მოტყუებულები. მოქალაქეებიც ხომ არიან დაშანტაჟებულები და დაპანიკებულები, რამდენი ამ ზარის შემდეგ ექიმთან მიდის, ზოგს შეიძლება გულიც გაუსკდეს, არის ვინმე ამაზე პასუხისმგებელი?! რატომ არ უხსნიან ხალხს ღიად, ხომ შეიძლება თვითონ ბანკს ჰქონდეს ურთიერთობა თავის კლიენტთან, რა საჭიროა სხვა ორგანიზაცია?! სხვათა შორის, ამ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს თვითონ ქმნიან ბანკის თანამშრომლები სხვების სახელზე. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, კომპანიებმა, რომლებმაც ვალები იყიდეს, სასამართლოში წავიდნენ და იქ საქმე მოიგეს!

„ქრონიკა+“-მა სცადა, ამ საკითხზე ინფორმაცია უშუალოდ ბანკებისგან და პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებისგან მიეღო, თუმცა ამაოდ. მათ საუბრისგან თავი შეიკავეს იმ მიზეზით, თითქოს ეს ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა. `ქრონიკა+~ ასევე დაუკავშირდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მარიკა არევაძეს, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საბანკო სექტორსა და კლიენტებს შორის არსებული პრობლემების კვლევაში, რომელსაც მათი ორგანიზაცია აწარმოებს.

სანამ ადვოკატთან საუბარს შემოგთავაზებთ, გაგაცნობთ საქართველოს ეროვნული ბანკის 2000 წლის N350 ბრძანებას, რომელიც საბანკო სესხების კლასიფიცირების მოქმედ პრინციპებს შეეხება და სადაც ერთ-ერთი პუნქტი უიმედო სესხების ცნებას განმარტავს:

ა) სესხი კლასიფიცირდება „უიმედოდ“, თუ:

_ მსესხებლის გადახდისუუნარობის გამო შეუძლებელია მისი ამოღება, ან ამოღებადი თანხა იმდენად მცირეა, რომ იგი ბანკის ბალანსზე არ უნდა დარჩეს;

_ გირაოს ან იპოთეკის მიუხედავად, მისი ძირითადი თანხის ან პროცენტის გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღით;

_ 150 დღით ვადაგადაცილების მიუხედავად, მსესხებლის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სესხის ამოღება მთლიანად შეუძლებელია, ან ამოსაღებად მოსალოდნელი თანხები არ შეესაბამება ამოღებისათვის დახარჯულ დროსა და ხარჯებს;

ბ) დანაკარგები სესხებიდან ბალანსზე აისახება იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც დადგინდა, რომ მათი ამოღება შეუძლებელია. მათი საბუღალტრო აღრიცხვა უნდა შეწყდეს და ისინი უნდა ჩამოიწეროს იმავე პერიოდის ბალანსიდან;

გ) ბანკებმა ძალისხმევა უნდა მიმართონ „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხების კანონიერად ამოღებისაკენ სათანადო ზომების გამოყენებით, ყველა არსებული გირაოს, ან იპოთეკის დასაკუთრებასთან და გაყიდვასთან დაკავშირებული (კანონმდებლობით გათვალისწინებული) პროცედურების დაცვის ჩათვლით;

დ) ყველა კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული „უიმედოდ“ კლასიფიცირებული სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100%-ის ოდენობით.

„ქრონიკა+“-ს მარიკა არევაძე ესაუბრება:

_ როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია საბანკო სექტორის შესახებ კვლევას აწარმოებს. იქნებ, აგვიხსნათ, რატომ აწარმოებენ ბანკებში არსებული პრობლემური სესხების ამოღებას სხვა კომპანიები? რა გარიგებაა დადებული და რასთან გვაქვს საქმე?

_ ბანკებსა და პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ახორციელებენ ურთიერთთანამშრომლობას, ანუ ბანკი მათ გადასცემს პრობლემური სესხების შესახებ ინფორმაციას და შემდგომ ეს კომპანიები იწყებენ ვალების ამოღებას. არის ქვეყნები, სადაც უიმედო სესხების გაყიდვა აპრობირებული მეთოდია, ანუ პრობლემური აქტივები იყიდება. ყიდულობენ ასეთი ტიპის კომპანიები და შემდგომ თვითონ ახორციელებენ, ასე ვთქვათ, ზრუნვას, რომ ეს პრობლემური აქტივები გააცოცხლონ, მაგრამ საქართველოში მე რაც შეხება მქონია პრობლემური მართვის კომპანიებთან, არც ერთ მათგანს არ აქვს ყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულება ბანკთან, ანუ, რეალურად, ასეთი კომპანიები ბანკს უწევენ მომსახურებას, რომ ეს თანხები ამოიღონ. ისინი ამოღებული თანხების მიხედვით იღებენ ბანკისაგან მომსახურების საფასურს. მე რა ხელშეკრულებებიც მინახავს, ამ ფორმით არის გაფორმებული, მომსახურების ხელშეკრულებაა. პრობლემური მართვის კომპანიები, თუკი ვერ მოახერხებენ თანხის ამოღებას, ისევ უკან უბრუნებენ ბანკს.

_ ეს რამდენად არის კანონიერი და ამ დროს ირღვევა თუ არა მსესხებლის უფლებები?

_ კონსტიტუციით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, სამოქალაქო კოდექსით, არავის აქვს ამის უფლება. ბანკში არსებული კლიენტის შესახებ ინფორმაცია დაცული უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, ამის შესახებ ინფორმაცია კლიენტის თანხმობის გარეშე გადასცეს სხვა, მესამე პირს, მათ შორის, არც სს „კრედიტინფოს“, არც პრობლემური სესხების მართვის კომპანიებიდან რომელიმეს, არავის, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგამოძიებო მოქმედებების დროს რომ არის ხოლმე საჭირო. თუ კლიენტისგან არ გაქვს აღებული თანხმობა, ამ ინფორმაციის გაცემა დაუშვებელია! თუ ბანკსა და კლიენტს შორის არსებობს ხელშეკრულება, სადაც ხელია მოწერილი და ითვალისწინებს, რომ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას, კლიენტის შესახებ ბანკში არსებული ნებისმიერი, ან კონკრეტული ინფორმაცია გადასცენ სხვას, მაშინ ბანკი მოქმედებს კანონიერად და შეუძლია, რომ გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

_ კლიენტს თუ აქვს უფლება, რომ უჩივლოს ბანკს ამ ინფორმაციის გასაჯაროებისთვის? თუ არსებობს ამის პრეცედენტი?

_ ასეთ შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია, დაწეროს განცხადება და მიმართოს პერსონალური დაცვის მონაცემების ინსპექტორს. პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატი დაიწყებს მოკვლევას და თუ დადგინდა, რომ ადგილი აქვს სამართალდარღვევას, გამოიყენებს საჯარიმო სანქციებს დამრღვევის მიმართ, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკის მიმართ მათ ამის უფლებამოსილება აქვთ. თუ არ დადგინდა სამართალდარღვევის ფაქტი, ან განმცხადებელი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ იქნება, შემდგომ, ადმინისტრაციული წესით, ეს გადაწყვეტილება შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს. რაც შეეხება პრეცედენტს, არ მსმენია ასეთის არსებობა.

_ უიმედო სესხებზე ვსაუბრობდით… ეროვნული ბანკის ბრძანებულებაში სესხის ხანდაზმულობის შესახებ არაფერია ნათქვამი. იქნებ, განმარტოთ, როდის ითვლება სესხი ხანდაზმულად?

_ ხანდაზმულობა იურიდიული ტერმინია და გულისხმობს იმას, რომ კრედიტორს მოთხოვნის უფლება ეკარგება, როცა სესხი ხანდაზმულია. ხანდაზმულად ითვლება სესხი, ვალდებულების შესრულების დრო რომ დადგა, მაგალითად, მაისში იყო გადასახდელი შემდგომი შენატანი და არ მოხდა გადახდა. ამ დღიდან გავიდა 3 წელი, ანუ ვალდებულების დარღვევიდან გასულია 3 წელი. როდესაც პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები მსესხებლისგან ითხოვენ თუნდაც 10 ლარის შეტანას, იმიტომ ხდება, რომ ხანდაზმულობა შეწყვიტონ, ანუ ძალიან მარტივი სქემაა _ სესხი ხანდაზმული ხდება ბოლო გადახდიდან 3 წლის განმავლობაში, მაგრამ თუკი თუნდაც ერთი ლარი შევა სესხის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ მსესხებელმა ვალი აღიარა, ხანდაზმულობა წყდება და ზუსტად იმ თუნდაც ერთი ლარის შეტანის დღიდან იწყება ხელახალი 3 წელი, ხანდაზმულობა რომ გავიდეს.

_ ხანდაზმულობის აღდგენა რაზეა გათვლილი, მსესხებელს თუ გაუჩნდება რაღაც თანხა, ყოველთვის ჰქონდეთ მოთხოვნის უფლება?

_ კი, ამ შემთხვევაში მაგაზეა გათვლილი, რომ მოთხოვნის უფლება ექნება გამსესხებელს, ამ შემთხვევაში _ ბანკს. თუ მსესხებელი გახდება გადახდისუნარიანი, დაიწყებს მუშაობას, ან გაუჩნდება ქონება, რითაც ვალდებულება შეიძლება განხორციელდეს, ბანკს ეძლევა უფლება, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სესხის დაბრუნება. ხანდაზმულობის შემთხვევაში ბანკმა რომ მიმართოს სასამართლოს, მსესხებელი იტყვის, რომ სესხი ხანდაზმულია და ბანკი წააგებს. ასეთ შემთხვევებში ამიტომ არ მიმართავენ ხოლმე სასამართლოს. მე მაქვს ერთი ქეისი ხანდაზმულ სესხზე, არც ინფორმაციას მისწორებს „კრედიტინფო“ მონაცემებში, არც ბანკი თავის მონაცემებში და არც სასამართლოს მიმართავენ, რომ სესხის ხანდაზმულობა დავადგინოთ.

_ თუ სესხი უიმედოდ ითვლება, ხანდაზმულობის ვადაც გასულია, მაგრამ მსესხებელი „შავ სიაში“ ისევ რჩება, ასეთ დროს რა უფლება აქვს მსესხებელს, რა უნდა გააკეთოს, რომ ეს მონაცემი გაუქმდეს?

_ ფიზიკურ პირს უფლება აქვს მის შესახებ, ინფორმაცია თუ არ სურს, რომ სადმე იყოს, მიმართოს კონკრეტულ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი გასწორება, ან ამოღება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება მიუხედევად იმისა, რომ თვითონ „კრედიტინფოს“ ამის შესახებ ოფიციალურად საიტზე უდევს მემორანდუმი. თუ კლიენტი მივა და მოითხოვს ინფორმაციის შესწორებას, ამას არ ახორციელებენ და ხელს იშვერენ ბანკისკენ. ამბობენ, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია, ვერ ამოვიღებთ და ბანკს მიმართეთო. ბანკში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ სესხი გაქვთ ხანდაზმული და ვიცი, რომ თქვენ მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ მაქვს, სესხი არ დაგიფარავთ და ამიტომ ამ მონაცემს არ შევცვლიო. ამით რაღაც წრე იკვრება, რომელიც ჯერ ვერ გავხსენით, თუმცა გარკვევას ვცდილობთ.

 

თამარ ბატიაშვილი