ვის ინტერესებშია რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა?

terr

ბოლო დროს გახშირდა საუბრები რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის შესაძლო აღდგენაზე. პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, ამაზე მსჯელობას არ უარყოფს, მაგრამ მთავრობა არ ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში რამე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. აშკარაა, რომ სომხეთისკენ გზის გახსნა უპირველესად მოსკოვისა და მისივე დამქაშების ინტერესებშია. ზურაბ აბაშიძე იმასაც იმედოვნებს, რომ მოსკოვი თბილისს აფხაზებთან და ოსებთან უშუალო დიალოგში ხელს შეუწყობს, მაგრამ რით სრულდებოდა ხოლმე აქამდე მსგავსი `ხელშეწყობები~ ამაზე ბევრი არაფერია ნათქვამი.

„ქრონიკა+“ აფხაზეთის გარშემო მიმდინარე პროცესებზე მოძრაობა `დაბრუნების~ თავმჯდომარეს, მალხაზ პატარაიას ესაუბრება:

_ რკინიგზის საკითხს დიდი ხანია, რუსეთი თავს გვახვევს და ამას ჩვენს ხელისუფლებაში მიმდევრები ყოველთვის ჰყავდა. თავის დროზე, ჯერ კიდევ, ასლან აბაშიძე აჟღერებდა ამ იდეას. დღესაც, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ამ რუსულ გეგმაზე მუშაობს.

_ რა ინტერესი ამოძრავებს რუსულ მხარეს?

_ ეს ღია და ოფიციალური ინტერესია, რადგან რკინიგზა მისთვის, უპირველესად, სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია. მას სურს პირდაპირი კავშირი სომხეთთან, იქ არსებულ სამხედრო ბაზასთან, იქით _ ირანში გაგრძელებით. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ეს აფხაზეთის დანარჩენ ქვეყანასთან ლეგალურად ჩამოშორების გეგმის შემადგენელი ნაწილია.

_ ჩვენი მთავრობის მოტივაცია რა შეიძლება იყოს ამ საკითხში?

_ რაც რუსეთის მთავრობის მოტივაციაა, რადგან დღევანდელი საქართველოს მთავრობა მოსკოვისგან ხელდასხმულია და ქვეყანაში მის პოლიტიკას ახორციელებს.

_ აფხაზებს რა დამოკიდებულება აქვთ?

_ იგივე დამოკიდებულება ექნებათ, რაც რუსებს. ამიტომ გეტყვით, თუ რა საფრთხეს შეიცავს ეს რკინიგზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ნიშნავს, რომ რუსული გეგმით აფხაზეთი უკვე ოფიციალურად განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების სფერო უნდა გახდეს. კერძოდ, ჩვენ გვაქვს სარკინიგზო კოდექსი, რომლის თანახმად, იურიდიულად ტვირთის მოძრაობის ორი ფორმა არსებობს _ შიდა და საერთაშორისო გადაზიდვა. შიდა გადაზიდვაზე ქვეყნის კანონმდებლობა და საერთაშორისოზე, ბუნებრივია, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ვრცელდება.

ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს იურისდიქცია, ფაქტობრივად, არ ვრცელდება აფხაზეთზე, რომელ გადაზიდვასთან გვექნება საქმე? კერძოდ, სად იქნება საბაჟო კონტროლი და მეორე _ რომელი ქვეყნის სამართლებრივი იურისდიქციის ქვეშ მოექცევა ეს რკინიგზა ენგურიდან ფსოუმდე?

ჩემი აზრით, რახან ფაქტობრივი იურისდიქცია ვერ ვრცელდება, შესამაბისად, ქართული სამართალი ამ ტერიტორიაზე ვერ იმოქმედებს, ამიტომ ვერც სასამართლო, ვერც საგამოძიებო ორგანოები იმუშავებენ და ა. შ. ერთი უბრალო მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ვთქვათ, გაფუჭდა ტვირთი, რომელიც გადაიზიდებოდა რკინიგზაზე სადღაც ოჩამჩირეში, ან გუდაუთაში; გაფუჭდა ან დაზიანდა, ამ ტვირთის პატრონმა რომელ სასამართლოს უნდა მიმართოს ზიანის ასანაზღაურებლად? განვიხილოთ მეორე შემთხვევა: მოიპარეს ეს ტვირთი… რომელი პოლიცია ჩაერთვება მოკვლევაში და აღძრავს საქმეს? რომელი სასამართლო განიხილავს ამ საქმეს და ა. შ., ანუ რკინიგზასთან ერთად იურისდიქციის საკითხი შემოდის. ამიტომ საფრთხე საკმაოდ აშკარაა, რომ პირველივე, თუნდაც, სამოქალაქო-სამართლებრივი დოკუმენტი რომ დაიდება ამ რკინიგზის გახსნის შესახებ, ფაქტობრივად, ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის დოკუმენტი იქნება.

ამას გარდა, რკინიგზის გახსნის გეგმა სხვა საფრთხეებსაც შეიცავს: თუ რკინიგზა იხსნება, ამავე ლოგიკით რატომ არ უნდა გაიხსნას, ვთქვათ, სოხუმის აეროპორტი, ან საზღვაო აკვატორია, ან ლეგალური გახდეს მობილური კავშირგაბმულობა, რუსული ბანკები აფხაზეთში და ა. შ.? ბოლოს და ბოლოს, მთლიანი ეკონომიკური ექსპანსია რუსული კაპიტალის, რომელიც ამ შემთხვევაში ზუსტად ამავე პარამეტრებს დაექვემდებარება, როგორც რკინიგზა; ვერავითარი საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტები მის მიმართ ჩვენ ვერ გვექნება.

რუსეთის ინტერესი რკინიგზის ამ მონაკვეთის მიმართ სავსებით ნათელია. ახლა კი სავაჭროდ ხდის იმას, რაც სავაჭრო ნამდვილად არ არის, რაც მისი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის პირობას წარმოადგენს. უფრო სწორად, შვეიცარიელების განთავსება იმ ადგილებზე, რაც ცნობილი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ხდება სრულიად უპირობოდ და არავითარი დამატებითი პირობა ამისთვის საჭირო არ არის. ხოლო თუ შვეიცარიელებთან ერთად აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთსაც მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ძალიან სერიოზულ იურიდიულ დოკუმენტსაც იღებს; შესაბამისად, თავის ოკუპაციასა და ანექსიისკენ მცდელობას უკვე საქართველოს ხელისუფლების ხელმოწერით გაამაგრებს.

_ ამ მომენტების გათვალისწინებით რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩვენი მთავრობა წავა ამ ნაბიჯზე?

_ იცით, რა ხდება, ეს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება. შინაგანად საქართველოს მთავრობა ამისთვის განწყობილია. უბრალოდ, დღეს ამას ვერ ბედავს. ისევე, როგორც აქეთკენ იყო მცდელობა, როცა პარლამენტში განიხილებოდა საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის გადმოკვეთის განსხვავებული სამართლებრივი რეგულირება. ისიც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, როდესაც, მოგეხსენებათ, საზღვრის დარღვევა გამოდიოდა სისხლის სამართლებრივი სფეროდან და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სფეროში გადადიოდა. ეს აფხაზეთისთვის განსხვავებულად კეთდებოდა, ვიდრე დანარჩენი ქვეყნის სასაზღვრო ზოლის მიმართ. მაშინ ხელისუფლებამ ამის გატანა ვერ შეძლო, რადგან ძალიან დიდი უარყოფითი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა.

ჩემი აზრით, მსგავსი მცდელობები ისევ იქნება. მთავრობა ამ რკინიგზის გასახსნელად განწყობილია, კარასინთან ამის თაობაზე გარკვეულ მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ საზოგადოებრივი ფონი ამის სასარგებლოდ არ მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ნაბიჯის გადადგმას, ჯერჯერობით, ვერ ბედავენ. რაც უფრო დრო გავა, მცდელობა მით უფრო ინტენსიური გახდება.

_ კარასინთან მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე მიესალმება, თუკი მოსკოვი აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში თბილისს ხელს შეუწყობს. რამდენად წარმოსადგენია ასეთი ხელშეწყობა?

_ რუსეთი ხელს შეუწყობს ფორმატის შეცვლას. დღეს მოსკოვის სასიცოცხლო ინტერესშია აფხაზეთის შესახებ არსებული ფორმატის შეცვლა და უკან, აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში ჩაჭედვა. ასეთი განცხადება გააკეთა თავის დროზე პუტინმა, როცა თქვა, პირდაპირ მოელაპარაკეთ ე. წ. აფხაზურ მხარესო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ 2008 წელს მიღებული ოკუპაციის კანონის წინანდელ მდგომარეობას. რუსეთს, რასაკვირველია, ყელში ეჩხირება ეს ოკუპაციის კანონი, მისით დადგენილი ყველა ნორმა. ეს ფორმატი კი, ბუნებრივია, დადგენილია ამ ოკუპაციის კანონით; ანუ მხარეები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ცნობილია და ეს არის რუსეთი და საქართველო. შესაბამისად, ამ ფორმატის ცვლილება დღეს რუსეთის სასიცოცხლო პოლიტიკურ ინტერესშია, ისევე როგორც ოკუპაციის კანონის გაუქმება.

_ რას მოიტანს დასავლეთის კავშირები სოხუმთან, მაგალითად, ევროკავშირის ოფისის გახსნა?

_ არა მგონია, ეს პირდაპირი კავშირი იყოს. ამ შემთხვევაში დასავლეთი იცავს ოკუპაციის კანონს. ამ კანონით დასავლური სტრუქტურების შეღწევა აკრძალული არ არის, მხოლოდ ეს საქართველოს ხელისუფლების თანხმობით უნდა მოხდეს.

_ რა მიიღო აფხაზურმა მხარემ მოსკოვთან ე. წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებით?

_ ეს ტერიტორია ოკუპირებულია არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მათთვისაც, მაგრამ აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, რას იღებს ხალხი და რას იღებს _ ელიტა? ე. წ. აფხაზურმა ელიტამ სერიოზული დივიდენდები მიიღო აღნიშნული სამოკავშირეო ხელმოწერისგან. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თვითონ საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც, პრაქტიკულად, რუსეთიდან ფორმირდება, დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. შესაბამისად, სახრავი, რასაც მოსკოვი წლების განმავლობაში აგდებს, გაზრდილია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით მათი დაინტერესება აშკარაა.

მეორეა, რომ იქ ხალხს არავინ არაფერს ჰკითხავს. დგას საოკუპაციო ჯარი, უშიშროებისა და ყველანაირად რუსული სამხედრო-რეპრესიული სტრუქტურები. აქედან გამომდინარე საზოგადოების განწყობა, რომ რამენაირად შეეწინააღმდეგონ რუსეთის ამ გეგმას, იმთავითვე აღკვეთილი იქნება. საბოლოოდ, აფსუა ხალხი ამისგან არაფერს იგებს, რადგან ის უფრო სცილდება საქართველოს და ქართველ ერს, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში, ბუნებრივია, გარკვეული ფინანსური სარგებელი ამ საზოგადოებას რუსეთისგან აქვს.

მეორე, რუსეთი აფხაზეთში ეთნოკრატიულ რეჟიმს ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, ეს მუქთახორა აფსუა ე. წ. ელიტა და საზოგადოება გალის რაიონში მცხოვრები ქართველების ნაშრომით, უფრო სწორად, მისი წართმევით საზრდოობს. ძალიან დიდი შემოსავლები აქვთ გალის რაიონის ქართველობისგან ბეგარისა და ხარკის სახით. ფაქტობრივად, იქ ბატონყმური წყობილებაა და ამის ხარჯზე აფსუები საკმაოდ მდიდრდებიან.

_ ამის გათვალისწინებით ქართულ სახელმწიფოს რა გზები რჩება აფხაზეთის დასაბრუნებლად?

_ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია ოკუპირებულია! ოკუპანტისგან ტერიტორიების განთავისუფლება სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შემთხვევაში სავსებით რეალურია. ამის ძალიან დიდი ისტორიული და ასევე თანამედროვე გამოცდილებაც არსებობს. საქართველოს სჭირდება დასავლური აზროვნების, მიმართულების ხელისუფლება, ასევე მართალი და გამბედავი მთავრობა. ეს უმთავრესი პირობაა, რომ ჩვენ ტერიტორიები დავიბრუნოთ.

თუ კონკრეტულ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი მიმართულებაა, უპირველესად, ეს არის საერთაშორისო-სამართლებრივი ბერკეტების აქტიური გამოყენება. არა ლაქუცი რუსეთის წინაშე და თავზე ნაცრის წაყრა, საკუთარ თავზე ცხინვალის პროცესების დაბრალება, არამედ აგრესორის ძალიან აქტიური მხილება! დღეს უკრაინის გვერდით დგომა ყველა არსებული საშუალებით და, უკრაინასთან ერთად, საქართველოს საკითხის წამოწევა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებს.

ამას გარდა, არსებობს სხვა საკითხები, იგივე გალში ქართველების მდგომარეობა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მხილება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით და ბევრი სხვა საკითხი. როცა ქართულ სახელმწიფოს ამის ნება ექნება, მათზე იმუშავებს კიდეც. აღნიშნული საკითხების გატანა და, რაც მთავარია, პრობლემის მოგვარება, აფხაზეთში ქართული მოსახლეობის დაბრუნება (ისევე როგორც ცხინვალში), სავსებით რეალურად მესახება.

 

გელა მამულაშვილი