„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური სია – წარსულში გასამართლებულ პირებს ისევ ციხეში აბრუნებენ?!

yess

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე კობაიძემ, „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად გადასცა ბოლო პერიოდში დაპატიმრებული ადამიანების სია და განუმარტა, _ ამ ადამიანების უმეტესობა მეოცნებე ხელისუფლებამ ამნისტიით და შეწყალებებით გაათავისუფლა, ახლა კი მათ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებენ ბრალს და უკან აბრუნებენ.

ალექსანდრე კობაიძე:

_ პოლიციამ დაიწყო წინათ ნასამართლები ადამიანების უმიზეზოდ დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებებით მათი ციხეში შებრუნება. ამას აკეთებენ პროკურატურის დახმარებით. უკვე უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს.

_ კონკრეტულად, ვინ დააკავეს გამოგონილი ბრალდებით და რატომ?

_ ზურაბ სამნიაძე წარსულში ნასამართლები იყო. სასჯელი ბოლომდე მოიხადა, ახლა კი 178-ე მუხლით დააკავეს და ფულის გამოძალვას აბრალებენ. ეუბნებიან, თითქოს შშ-ს გამოსძალა 200 დოლარი, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. სამნიაძეს გამომძიებელმა პირდაპირ უთხრა, _ ნასამართლები რომ არ ყოფილიყავი, არც დაგაპატიმრებდითო. სამნიაძის დაპატიმრებაში გლდანი-ნაძალადევის პოლიცია მონაწილეობდა;

ზაზა ჭყონიაც წარსულში ნასამართლებია. ახლა ის უმიზეზოდ დააკავეს. ჭყონია სასამართლომ გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა, რადგან მის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იდო. ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მან სინამდვილეში ჩაიდინა დანაშაული. საქმე ის არის, რომ მასაც იგივეს ედავებოდნენ _ თანხის გამოძალვას. გამოძიება მასაც ეუბნებოდა, წინათ ნასამართლევი რომ იყავი, ამიტომ დაგაკავეთ, სხვა შემთხვევაში ასე არ მივიქცეოდითო, ანუ ადამიანებს პირდაპირ უცხადებენ, არაფერი ჩაგიდენიათ და მხოლოდ იმიტომ გსჯით, წინათ ციხეში რომ იჯექითო. ჭყონია დააკავა ვაკე-საბურთალოს სამმართველომ;

რუსთავში უმიზეზოდ დააკავეს წინათ ნასამართლები ავთანდილ ნარსია, ასევე დააკავეს ყოფილი პატიმარი ტერენტი ქავთარაძე. ორივეს ქურდობას აბრალებენ, თუმცა მათი ბრალიც რომ შეთითხნილია, საქმის მასალებიდან აშკარად ჩანს;

ოთარ ვარამაშვილიც წინათ დაპატიმრებული იყო, ახლა კი ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ესეც გამოგონილი და შეთითხნილი ბრალდებაა, თუმცა ის უკვე დააბრუნეს ციხეში;

ლერი ხარებავა წესიერი პიროვნებაა, ჰყავს ოჯახი. წარსულში ისიც იყო ნასამართლები, რაც ამჯერად მისი დაპატიმრების მიზეზი გახდა. დაკავებულის ბრალი არ არის გამყარებული მტკიცებულებით. ჩვენმა ორგანიზაციამ წინათ ნასამართლეობის ბრალდებით ამჟამად დაპატიმრებულთა სიაც კი შეადგინა და ამ სიას ახლა „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ვაძლევ.

_ ვინც უკვე დაგვისახელეთ, მათ გარდა კიდევ არიან უმიზეზოდ დაპატიმრებულები, თუ სია ამით ამოიწურება?

_ კიდევ არიან: ნიკოლოზ ნოდარიშვილი ამნისტიით გამოვიდა და ახლა შეაბრუნეს ციხეში. მას ვაკე-საბურთალოს პოლიცია ქურდობას ედავება; გიორგი ლომიძე ციხიდან ამნისტიით გამოვიდა, თუმცა ახლა ქურდობის მცდელობას ედავებიან. მის საქმეს გლდანი-ნაძალადევის პოლიცია იძიებს; წინათ ნასამართლები სერგი მაჭარაშვილი ახლა ძარცვის ბრალდებით გაუყენა საპატიმროს გზას დიდუბის პოლიციამ; ზაზა შველიძე წინათ ნასამართლები იყო და ის ახლაც გამოგონილი ბრალდებით კვლავ პატიმარია. ამჯერად მას ნარკოტიკი ჩაუდეს და მისი საქმე რუსთავის მთავარ სამმართველოშია; წინათ ნასამართლები კახა შპეტიშვილიც ნარკოტიკის გამო აიყვანეს, თუმცა აქაც ჩადება მოხდა. მისი საქმე არის ვარკეთილის პოლიციაში; ავთო თოფრომაძე წინათ ნასამართლები იყო. თერჯოლის პოლიცია მას ახლა ქურდობის მცდელობას ედავება; უკვე ნასამართლები ლაშა ჩუბინიძე კი იარაღის გამო დააპატიმრეს. ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მას იარაღი არ ჰქონია, ციხეში შებრუნება კი ქუთაისის პოლიციამ „გაუჩალიჩა“.

_ გინდათ მითხრათ, რომ ეს ადამიანები „ოცნებამ“ გაათავისუფლა ციხიდან და ახლა უკან ისევ თვითონ აბრუნებს?

_ დიახ, ასეა. მედია ხშირად აქვეყნებს დანაშაულის კონკრეტულ ფაქტებს. ისიც ცხადია, რომ ქვეყანაში დანაშაულის რიცხვმა იმატა. ძალოვანი სტრუქტურები საქმეებს ვერ ხსნიან, ზოგსაც არ ხსნიან, მაგრამ უნდათ, ხალხს მოაჩვენონ, რომ თითქოს მუშაობენ, საქმეს აკეთებენ, ამიტომაც ისევ ყოფილ პატიმრებს აბრალებენ ყველაფერს და უკან აბრუნებენ. თუ ჩემი არ გჯერათ, იკითხეთ. ციხეები ადრინდელივით ნელ-ნელა ივსება. იქ უკვე ძალიან ბევრია უდანაშაულო პატიმარი. კიდევ კარგი, ახლა სასამართლო შედარებით ობიექტური, დამოუკიდებელია და უშვებს პრეცედენტებს, რომ სამართალმა პური ჭამოს. ასეთი ადამიანების მიმართ გამამართლებელი განაჩენიც გამოდის, რაც წინათ არ ხდებოდა. უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების მიმართ პროცესუალური ნორმები და უფლებებიც ირღვევა. ოთარ ვარამაშვილი ნაწამები იყო და ამის შესახებ სახალხო დამცველი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელებიც არიან საქმის კურსში. ეს ადამიანი კინაღამ შემოაკვდათ და სასწაულებივად გადარჩა.

_ ცნობილია, სად და ვინ აწამა ვარამაშვილი?

_ მას რუსთავის #2-ის განყოფილებაში ოთხმა პოლიციელმა სასიკვდილოდ სცემა. ამის გამო ვარამაშვილი შიმშილობდა კიდევაც, ახლა კი ძლივს ახერხებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილებას.

მეოცნებე ხელისუფლებას ვერ მოუხერხებია ქვეყანაში გამეფებული კრიმინალის რეალურად აღკვეთა და ყოფილ პატიმრებზე ამტვრევს ჯოხს. უნდა, რომ ყველაფერი მათ დააბრალოს. ძალოვან სტრუქტურებს იმის ჭკუაც კი არ ჰყოფნით, რომ ერთი და იგივე ბრალდებით არ დადგას სპექტაკლები. პოლიციისგან შეთითხნილ ბრალდებებს კითხულობს სასამართლოზე პროკურატურაც.

_ რით ამტკიცებთ, რომ ამ ადამიანებს დანაშაული მართლა არ ჩაუდენიათ და ძალოვნები მათ მხოლოდ წინათ ნასამართლეობის გამო უშვებენ ციხეში?!

_ უკვე გითხარით, რომ არსებობს სასამართლოს გაგამართლებელი განაჩენი და მათ მიერ დაკავებული პიროვნება სასამართლო პროცესზე გამართლდა. მოსამართლემ პროკურატურას პროცესზე  პირდაპირ უთხრა, _ რას აკეთებთ, ასეთი რამ როგორ შეიძლებაო?! ეს მოხდა ზაზა ჭყონიას სასამართლო სხდომაზე, რის შემდეგაც იგი სასამართლომ გაათავისუფლა. სხვათა შორის, ეს პიროვნება 2013 წელსაც უკანონოდ იყო დაპატიმრებული და მაშინაც გამამართლებელი განაჩენით გაათავისუფლეს. 8 თვე უკანონოდ იჯდა  ციხეში. მაშინ ჭყონიამ იჩივლა და სახელმწიფოს 4 ათასი ლარი დააკისრეს ზარალის ანაზღაურებისთვის. მიუხედავად ამისა, ახლაც იგივე მოხდა და ის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესი ახლაც მოიგო.

ის ტენდენცია და პოლიციელების სითამამე, რომ რადგან ადამიანი წინათ დაკავებული იყო, გარეთ აღარ უნდა დადიოდეს, ძალიან ცუდია. ამ პროცესს უკვე მიეცა კამპანიის სახე და ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებთ.

მასობრივ დაპატიმრებებში პოლიტიკური ნიშნებიც იკვეთება. ზურაბ სამნიაძის დედა არის ჟურნალისტი, პოლიტიკურად აქტიური ქალბატონი. ის ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს და პირდაპირ მიუთითებს, რომ ზურაბი დედის პოლიტიკური აქტიურობის მსხვერპლია და ამის გამო შეაბრუნეს ციხეში. „ნაციონალების“ დროს 300 ათასი ადამიანი იყო დაპატიმრებული და ნულოვანი ტოლერანტობა მოქმედებდა. ფაქტობრივად, დღესაც იგივე დევიზია, თუმცა ახლა ყველაფერი შეფარვით ხდება. ადამიანების უკანონოდ დაპატიმრებებს არ მოჰყვება დადებითი შედეგი, ამიტომ არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში იგივე პროცესები, თუნდაც, შეფარულად განახორციელოს. მეოცნებე ხელისუფლება ცდილობს, ისეთივე მეთოდებით მართოს ქვეყანა, როგორც „ნაციონალები“ მართავდნენ. აუცილებლად გავუწევთ ამ პროცესებს წინააღმდეგობას შესაფერისი ფორმით. საქმე ის არის, რომ ნულოვან ტოლერანტობას ყოველთვის მოჰყვება მსხვერპლი. ჩამოთვლილი ადამიანები სწორედ ამ კატეგორიად უნდა მივიჩნიოთ.

_ ამ დაჭერებით იმის ხაზგასმაც ხდება, რომ „ოცნების“ მიერ განხორციელებული მასობრივი ამნისტია და პოლიტიკა _ „ყველანი გარეთ“ _ სწორი არ იყო. ისინი იმ ტოტს რატომ ჭრიან, რომელზეც თავად სხედან?

_ საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე მხოლოდ დადებითი სტატისტიკის შექმნისთვის მუშაობს. მისი მიზანი იმის წარმოჩენაა, თითქოს კრიმინალს შესასაბამისად ებრძვის. უნდათ, რომ ციფრებით იამაყონ საერთაშორისო დონეზე და თქვან, რომ ქვეყანაში დანაშაული თუ ხდება, ის იხსნება კიდევაც, რომ ამ უწყებებში კომპეტენტური ადამიანები სხედან და ა. შ. ერთი რამ ავიწყდებათ, უამრავ ადამიანს რომ გაუშვებენ ციხეში, მათ საქმიანობას ვერ დაერქმევა რეფორმატორული. სამწუხაროდ, „ოცნება“ პირდაპირ მიჰყვება „ნაციონალურ“ კვალს, რაც კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის. ეს პროცესი თუ გაგრძელდა, ხელისუფლება ხალხისგან აუცილებლად მიიღებს აქციებით პასუხს. მათ აუცილებლად გავაგებინებთ, რომ ქართველი ხალხი არ არის „საცდელი ობიექტი“ და ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ახალი ექსპერიმენტები უნდა მოჰყვეს. ბოლოს და ბოლოს, კანონი ყველაფერზე უზენაესი უნდა გახდეს. ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილი პატიმრები უსამართლო და არაობიექტური ბრალდებებით კვლავ ციხეებში შეყარონ, აუცილებლად გამოჩნდება და მიიღებს კიდევაც  საკადრის პასუხს.

„ქრონიკა+ “ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა:   

„გადავამოწმე თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. რამდენიმე საქმეზე გამოძიება დასრულებულია, საქმეები იყო გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებით და დამდგარია სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ დამნაშავედ სცნო: ავთანდილ ნარსია ქურდობის ფაქტზე, ვალერი ხარებავა ქურდობის ფაქტზე, გიორგი ლომიძე ქურდობის ფაქტზე, ზაზა შველიძე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, ავთო სოფრომაძე ქურდობის მცდელობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტებზე. ლაშა ჩუბინიძის მიერ უკანონო იარაღის შენახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიძებნა. სხვა პირებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუ კი ვინმეს გააჩნია ინფორმაცია სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომის შესახებ, მიმართონ გენერალურ ინსპექციას და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები“.

 

ნელი ვარდიაშვილი