კალიგულას პონი

33ww

ადამიანის, მათ შორის, პოლიტიკოსის (რადგან პოლიტიკოსიც ადამიანია, სანამ მთლად ცხოველად არ მოგვევლინება) პორტრეტი ჩვენს თვალწინ იხატება მისი ქცევებიდან თუ განცხადებებიდან გამომდინარე. იხატება იმის მიხედვით, თუ როგორ გვამახსოვრებს თავს და რა ილექება მასზე ჩვენში, ჩვენს მეხსიერებაში.
და როგორ გამოიყურება მერი იგი თბილისისა, ბატონი ნარმანია?
მის უსაქმურობით, არაფრისმკეთებლობით განთქმულ პორტრეტს დიახაც რომ მსუყე ფერები ამშვენებს. მსუყე სკანდალებისა და დავიდარაბის.
დავით ნარმანია ჩვენს ცნობიერებაში 2012 წელს შემოიჭრა, როცა იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნეს. მისი გაკეთებული ვერც ვერაფერი ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ მას ხან გუბაზ სანიკიძე იხსენიებდა ეფექტურ მინისტრად და ხან _ დავით უსუფაშვილი. სწორედ ამ ნარმანიას კისერზეა ის, რომ დღეს თბილისი საცობებს მიაქვს; სწორედ მისი დიდი ძალისხმევის შედეგად შეჩერდა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გიგი უგულავა აკეთებდა და რომელიც განტვირთავდა თბილისს _ საუბარია ხიდზე, რომელიც ვეფხისა და მოყმის ძეგლიდან სამტრედიის ქუჩაზე უნდა გადასულიყო. მის კისერზეა ასევე თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჩაგდებაც და ისიც, საერთოდ რაც ხდებოდა მთელი ქვეყნის გზებზე. არათუ თავს ვერ აბამდა ახალ გზებს, მის ხელში და მისი მინისტრობისას დედა ეტირა მიშას დროს დაგებულ გზებს. ან სხვა რა შედეგი ექნებოდა, როცა გზების დეპარტამენტში მაღალ პოსტებზე ნიშნავდა ხალხს, რომლებიც წარსულში ნასამართლევი იყვნენ და შემდეგ გაქარწყლებული ჰქონდათ ნასამართლობა. არა, არა, ლეგენდარულ ჯოკია ბოდოკიაზე არ მოგახსენებთ, მოგახსენებთ იოსებ ქადაგიშვილზე, რომელიც მინისტრმა ნარმანიამ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. ქადაგიშვილი წარსულში ქრთამის აღების დროს შუამავლობისთვის იყო ნასამართლევი, ითანამშრომლა კიდეც გამოძიებასთან და აღიარა კიდეც დანაშაული თავის დროზე. პოსტზე დანიშვნის დროს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. კი ბატონო, კანონი არ კრძალავს ასეთების დასაქმებას, მაგრამ როგორ მოგწონთ? _ კაცი, რომელიც ნასამართლევია ქრთამის აღებაში შუამავლობისთვის, დანიშნო თავმჯდომარის მოადგილედ, მეტიც, ჩააბარო სატენდერო კომისია და მიუშვა მრავალმილიონიან ტენდერებთან? მაგრამ ნარმანიამ მიუშვა. ჯოკიაც მიუშვა. ჯოკიაც ასევე ნასამართლევი იყო და შემდეგ გაქარწყლებული ჰქონდა ნასამართლობა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ნარმანიამ ასე იმართლა თავი, _ ჯოკიას ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია არ მქონდა, კოალიციაში დამხვდა, შტაბში შეხვედრების კოორდინატორი იყო და დანიშვნისას მას ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდაო…
ჯოკიას ეპოეპა დროში ახალია და მოგვიანებით შევეხებით. ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, როგორ შემოდიოდა ჩვენს ცნობიერებაში დავით ნარმანია.
ბიძინა ბატონმა წამოაყენა მისი კანდიდატურა და ატყდა გნიასი. მძაფრი წინააღმდეგობა მისმა არათბილისურმა წარმოშობამ გამოიწვია და არა _ არაფრისმაქნისობამ. გნიასი იმაზე კი არ ატეხეს, რომ ნარმანია არაფრის მაქნისი მინისტრი იყო და არც მერად ივარგებდა, არამედ იმაზე, რომ თბილისელი არ იყო. კახი კალაძემ ბევრი კი იძახა, საბურთალოელი მეგრელიაო, მაგრამ არც მომავალი მერის თბილისელობა იწამა ვინმემ და არც მისი მილანელობა.
საკითხი იმთავითვე არასწორად დაისვა. აქცენტი გაკეთდა ნარმანიას არათბილისელობაზე. იქნებ, სწორედ ესეც გათვალა იმ ბრძენმა კაცმა, რომ გნიასს მის არათბილისელობაზე ატეხდნენ და მთავარი გადაავიწყდებოდათ? ისე, ნარმანიას არათბილისელობას ყველაზე მეტს სწორედ ქოციონალები განიცდიდნენ, ზეპურნიც და რიგითნიც და, უბრალოდ, მათი მხარდამჭერებიც. ზეპურთაგან ცოტა თუ ბედავდა იმის თქმას, რომ არ სურდა არათბილისელი მერი. არადა, ამ გაუბედაობაშიც იყო რაღაც ჭიანი.
საზოგადოებას, ვფიქრობ, აქვს უფლება, სურდეს, რომ მისი ქალაქის მერი იყოს ამ ქალაქის მკვიდრი. სურდეს და შეეძლოს ამის თამამად თქმა, ისე თქმა, რომ ზედ ლაფი არ გადაასხან და სნობი და ათასი სისულელე არ ეძახონ. ზუგდიდლებს მოეწონებათ თბილისელი მერი? ან ქუთაისლებს? სურვილზე და მოწონებაზეც არაა, დაილია ამა თუ იმ ქალაქში ისეთი კაცი, რომელიც თან ვარგისი იქნება და თან იმ ქალაქში გაზრდილი? და არათბილისელი დაინიშნოს, ბატონო, სხვა წამყვან პოსტზე. გააპროტესტა ვინმემ მაგ ნარმანიას დანიშვნა მინისტრად?
და რატომ მოინდომა ივანიშვილმა, თბილისისთვის მერად დაესვა არათბილისელი? იქნებ, ამ გადაწყვეტილების ძირებიც მის არათბილისურ წარმოშობაშია? და, იქნებ, ისიცაა, რასაც ამბობდნენ, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა შური იძია თბილისურ საზოგადოებაზე, ელიტასა თუ „ინწელიგენციაზე“, საერთოდ ქალაქზე, რომელმაც არ მიიღო იგი? შურისძიების რა მოგახსენოთ, მაგრამ ბიძინამ ჩვენ გვანახვა კინო, თუ როგორ აძლევდა ხმას კოკელ ნარმანიას ზუსტად ის ხალხი, ვინც ცოტა ხნის წინათ ქალაქელობას აწვებოდა… ხმის მიცემამდე კი, ანუ არჩევნებამდე, ნარმანიას არათბილისელობის სკანდალი კიდევ უფრო გაამწვავა დედამისის ანტითბილისურმა განცხადებებმა. პირველად მაშინ გამოჩნდა მითიური ნორა არენაზე. ნორას რომ ჰკითხო, თურმე, აღმოსავლეთის ხალხს, განსაკუთრებით თბილისელებს, გართულება აქვთ მეგრელებზე, თურმე აფხაზეთი იმიტომ დაგვიკარგავს, რომ თბილისელებს არ სდომიათ აფხაზეთი. „მაშინ ეს თბილისი გამოაცხადონ, როგორც ვატიკანი ისე, დამოუკიდებელი ტერიტორია და გვეცოდინება ჩვენც, მეგრელ ხალხს“, _ ამბობდა ნორა და ამ „ვატიკანმა“ მისი ბიჭი აირჩია მაინც მერად….
და მაინც, რატომ? ასეთს, განა, რას დაჰპირდა ნარმანია თბილისს? მილიონ ხეს? დიახ, ნარმანია თბილისს მილიონი ხის დარგვას დაჰპირდა და ეს მერე მალევე გაირკვა, რომ როგორც დედამისს მოსკოვიდან წელიწადში 2-ჯერ ჩამოჰქონდა ტანისამოსი და დელიკატესები, ასე ჩამოუტანია თვითონ ნარმანიას ეს მილიონი ხის დაპირებაც მოსკოვიდან. დიახ, ბატონებო: „1 მილიონი ხე მილიონიან ქალაქში!“ _ ამ ლოზუნგით 2013 წელს დაიწყო აქცია რუსეთის მთავრობამ. ამანაც ადგა და „კოპიპეისტით“ გადმოგვიტანა.
გადმოგვიტანა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამტკიცებდა, ეს დაპირება არარეალურიაო, მაინც ჯიუტად გვიმტკიცებდა, რომ ეს შესაძლებელია, რეალურია და გავლილია მეცნიერებთან. და იცით, ვის უწოდებს მეცნიერს? _ ნინო ჩხობაძეს, აი, იმას, შევარდნაძის დროს რომ გარემოს დაცვის მინისტრი იყო. დიახ, როდესაც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მაშინდელი უფროსი ამტკიცებდა, რომ მილიონი ხე თბილისში ვერც ტექნიკურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაირგვებოდა (რადგან ხეს ჯანსაღად ზრდისთვის 4-5 კვადრატული მიწა სჭირდება), სწორედ მაშინ გამოენთო ჩხობაძე და შესძახა, _ მილიონი ხის დარგვა შესაძლებელიაო, მეტიც, თბილისს 2 მილიონი ხეც არ ეყოფაო! ამ მეცნიერებზე დაყრდნობით გვიპირებს ნარმანია თბილისის უსიერ ტყედ ქცევას. აგერ, გასული წლის ნოემბერში დაიწყო კიდეც დარგვა და ისევ ჯიქურ ამტკიცებდა, რომ მილიონი ხის დარგვა რეალურია, მაგრამ როგორც „ტაბულამ“ დაუანგარიშა, იმ ტემპით, რა ტემპითაც მერია ხეებს რგავს, მილიონი ხის დარგვას 28 წელი დასჭირდება. მერიის პრეს-სამსახურს უთქვამს, 35 ათასი ხე დარგოო, მერე კი იქვე დაამატეს: „გასულ შემოდგომაზე მერიამ 19 500 ხე დარგო, 15 500 ხე კერძო სექტორმა დარგო მერიის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე“, ანუ ყველა მერიამ კი არ დარგო, კერძო სექტორს დაურგავს, ნარმანიამ კი, უბრალოდ, ტერიტორია მიუთითა, _ აი, იქ ჩაფალითო. მაინც ვერ გავიგე, რას დაგვპირდა ნარმანია? _ იმას, რომ მერობისას მილიონ ხეს დარგავდნენ, თუ იმას, რომ მისი მერობისას მილიონი ხე დაირგვებოდა თბილისში _ მის მიერ და ყველას მიერ? ანუ ლამარა ან ჟუჟუნა რომ ნერგს დარგავს _ დათონორის დამსახურებაა?
ან ვის რად უნდა თბილისის უსიერ ტყედ ქცევა? ესენი ისეთ დაპირებებს არიგებენ, რომ არ შესრულდება _ კმაყოფილიც კი უნდა იყო, რომ არ შესრულდა. დავბრუნდეთ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს ის დავით ნარმანიაა, რომელიც დაბეჯითებით, ჯიუტად აცხადებდა, რომ არანაირი მეორე ტური არ იქნებოდა და ისე მოიგებდა არჩევნებს: „არანაირი მეორე ტური!“ _ გაიძახოდა ჯიუტად. ამის იმედი თვით ბიძინასაც ჰქონდა _ დიდი ალბათობით. ჩატარდა პირველი ტური და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ქოცისტანი ნარმანიას პირველ ტურში გამარჯვებასაც ზეიმობდა. ხადური ისე იყო გახარებული, ნარმანიამ კინაღამ ციკნის ბედი გაიზიარა, მაგრამ ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებული გამარჯვების ქრონიკა ნაადრევი აღმოჩნდა. ნარმანია მელიამ გატურა და გატურული ნარმანია დარჩა გატრუნული… მაგრამ იმ არჩევნებს ახლდა სკანდალი. ნარმანიას დედა მეორედ გაეხვია სკანდალში _ ნორა ამომრჩეველს შემოხაზული ბიულეტენის ჩვენებას სთხოვდა. „ნაციონალებმა“ გაავრცელეს ეს ვიდეო და ატყდა გნიასი. გამოენთო კალაძე და გადაეფარა, _ ქალბატონი ნორა სულ სხვა რამეზე ელაპარაკება იმ ქალსო… ბოლოს, თვითონ ნარმანიამ ეს ყველაფერი დედობრივი მზრუნველობით ახსნა… მეორე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო აგრესიული ელექტორატის მობილიზება და ხელისუფლება ამაზეც წავიდა _ დაიჭირეს კონკურენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიგი უგულავა… „ამ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გადარჩენის მცდელობა“, _ ეს დაჭერამდე თქვა გიგი უგულავამ, მას შემდეგ, რაც ბრალი წარუდგინეს… შემდეგ დაიჭირეს პომპეზურად, ისე, როგორც ეამებოდა აგრესიულ ელექტორატს იმისთვის, რომ გული შემობრუნებოდა „ოცნებაზე“, რომელიც ცოცხლად არ წვავს „ნაცებს“… თუმცა ნარმანია გამოვიდა და უტიფრად ბრძანა, _ უგულავას დაჭერა მე კი არა, მელიას აწყობსო, გვერდში ჰყავდა დანაშაულებში მხილებული ადამიანი და ახლა პოლიტიკური ველი და სივრცე მოუსუფთავდაო. ეს იქ თქვა, მელიასთან დებატებში, რომელიც „ნეიტრალურ წყლებში“ მოითხოვა და გაამართინა _ უნდობლობა გამოუცხადა ქართულ ტელეარხებს, ტელეწამყვანებს… ვერ გეტყვით, რა მოიგო ამ ახირებით, მაგრამ საბოლოდ არჩევნები მოიგო _ თუმცა ძლივს, გაჭინთვით, მაგრამ ამ გაჭინთვას არ შეუნელებია მისი ჰონორი. მეორე დღეს გამობრძანდა და ბრძანა: „ვისაც არ მოსწონს ჩემი კვალიფიკაცია, შეუძლია ხვალვე დაწეროს განცხადება და მიბრძანდეს“. და შემდგომ ამისა ინდიელივით მესამე პირში ისაუბრა (იტრაბახა) საკუთარ გამოცდილებაზე. რატომღაც, ჰგონიათ, ტრაბახის დროს თუ მესამე პირში ისაუბრებენ, ამით სიტუაციას შეარბილებენ, არადა, მესამე პირში საუბრით სხვა არაფერზე მიგვანიშნებენ, გარდა ამბიციურობის ისეთი ზღვრული დონისა, რომლის იქითაც უკვე ფსიქიკა ირყევა…
ტრაბახიც უყვარს და არც კეკლუცობაზე ამბობს უარს. ასე მაგალითად, გადაწყვიტა, თავად შეხვედროდა ამომრჩეველს. ამისთვის სულ 4 საათი გამოჰყო და იქ ამბავი დატრიალდა, დედა შვილს არათუ არ აიყვანდა, აყვანილს გაისროდა. იყო ზედახორა, გამიშვი-გამატარე და უბედურება _ გულის პრანჭვებით და წასვლებით…
საერთოდ, დიდი უფხო და უმარილო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მარილისა და პილპილის რა მოგახსენოთ, მაგრამ ღვარძლი არ აკლია და ალაგ-ალაგ არც სიძულვილის ენის გამოყენებაზე ამბობს უარს, შეუძლია, გამოვიდეს და მოგახსენოს: „ორშაბათიდან დაწყებული, ყოველდღე გამოვაქვეყნებთ ძალიან კონკრეტულ ფაქტებს. ისეთ ფაქტებს, საიდანაც გამომდინარე, ენა უნდა ჩაიგდონ ადამიანებმა, რომლებიც რიტორიკით გვეუბნებიან და უბან-უბან და ქალაქ-ქალაქ დადიან იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ უნიათო ხელისუფლება ვართ“.
ამას მერობამდე ამბობდა, მინისტრობისას და არ გაინტერესებთ, მერობა როგორ დაიწყო ამ „ნიათიანმა“ კაცმა? გამოვიდა და ბრძანა, რომ მშვიდობის ხიდი უნდა აიღოს, რომ ველოსიპედი უნდა გადაიტანოს გარეუბანში _ თურმე, სიმბოლოდ 9-წლიანი მმართველობის; თურმე, იმისთვის, რომ ტურისტმა ნახოს, როგორი მიდგომები იყო ძეგლებთან და არქიტექტურასთან დაკავშირებით. ამბობს ამას და გაავებით იცავს პანორამა თბილისს.
მის ხელში თბილისი იქცა ქალაქად, სადაც ველოსიპედიც მახათად იქცა. არადა, როგორ წუხდა? იდგა და ჰამლეტის პოზაში გოდებდა, _ არ ვიცი, შუშის ხიდს რა ვუყოო? რა უნდა უყო? რასაც ხიდს უშვრებიან _ გაიარე და გამოიარე… ვერც ვერაფერი უქნა და ვერც უზამს. ველოსიპედიც თავის ადგილზეა…
მილიონი ხის დარგვას გვპირდებოდა და ქალაქის ცენტრში ერთი ნაძვის ხე ძლივს გვაღირსა, ისიც გიგისდროინდელი, კარგა ხანს გადამწვარი ნათურებით რომ იყო და ძლივს რომ გამოცვალეს…
და მერე იყო ჯოკია, ბოდოკია. ჯოკია ბოდოკია რომ ნარმანიას თანასოფლელი იყო, ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, როცა იგი დანიშნა ნარმანიამ. მაშინ დიდად არავის მოუკლავს თავი იმის მტკიცებით, რომ ჯოკია, თურმე, კოკელი კი არა, ვაკელია, ვაკელი! კოალიციაში დამხვდაო, არც ჩემი სოფლელია, არც კლასელი და არც ის ვიცოდი, ნასამართლევი თუ იყოო. ამბობს, კოალიციაში დამხვდა ჯოკიაო, არადა, ჯოკია ბოდოკია 2001-2003 წლებში ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა საფინანსო სამსახურის უფროსად, სწორედ ეს წლები აქვს მითითებული „სივში“, რომ მუშაობდა საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში… მოკლედ, ნარმანია მალე პილატეს გაუსწრებს ხელების დაბანაში… და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, კოკელია თუ ვაკელი, როცა შენი დანიშნული და აღზევებულია?
მისი გაკეთებული ვერც საქმე ვნახეთ ხეირიანი და ვერც განცხადება. აგერ, ახლა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა, უფრო სწორად, კვერი დაუკრა იმას, რომ ქმარი ოჯახის თავია და ქალსაც „არანაკლები დანიშნულება აქვს“; თურმე, ოჯახის ჰარმონია იმიტომაა საჭირო, რომ ოჯახის მთავარი საზრუნავი გამრავლება იყოს. ანუ? ერთი-ორი შვილის ღირსეულად აღზრდა კი არა, არამედ გამრავლება _ რაც შეიძლება მეტის გაჩენა და არავინ კითხულობს, იმ გაჩენილს და გამრავლებულს რომ გაზრდა და აღზრდა უნდა! შვილი ტარანია, რომ თვლით იყოს?
მთელი მისი „პროგრესულობა“ ისაა, რომ ვითომ „პოლიტპატიმრებისთვის“ ლამის მუქთა მგზავრობა მოინდომა, მერე თავი იმართლა, იუსტიციის სამინისტრომ გვთხოვაო. აი, იმას არ აკონკრეტებს, ის ვინ სთხოვა, რომ მისი მერობისას მკვეთრად შემცირდა ტენდერების გზით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა, ხოლო გაიზარდა გამარტივებული შესყიდვით (ერთ პირთან მოლაპარაკების გზით) დადებული ხელშეკრულებების რიცხვი?
მოკლედ, ყველა ხედავს _ ქოციც, ნაციც და შუაშისტიც _ რა „ფრუქტიცაა“ ნარმანია და რისი მაქნისიცაა, მაგრამ ნარმანიას სულ არ აღელვებს, რას ფიქრობს მასზე მოსახლეობა. არ აღელვებს და არც გაემტყუნება, რადგან მან ზუსტად იცის, რომ იგი თბილისს არ აურჩევია. არა, ხმა მისცეს, როგორ არ მისცეს, ცხადია, ცოტამ, მაგრამ მაინც. დიახ, ცოტამ _ არჩევნებზე მივიდა ამომრჩევლის 34,3%, აქედან ხმა მისცა 72%-მა, სულ 222 ათასმა კაცმა, მაგრამ არც ამ 222 ათასი კაცის აზრი აინტერესებს ნარმანიას, რადგან მან ზუსტად იცის, რომ მას კი არა, ივანიშვილს მისცეს ხმა. დიახ, ივანიშვილის ხათრით მას მისცეს ხმა და მასაც სწორედ ივანიშვილის ხათრი აქვს და არა _ ხალხის. აკი ამბობს კიდეც, რეიტინგი ჩემთვის თვითმიზანი არ არისო. იცის კაცმა, რომ ამ ქვეყანაში რეიტინგი კი არ წყვეტს რამეს, არამედ ის, ვინც 10 საათზე იძინებს და პირიქით _ რეიტინგულებს აპანღურებენ. რაც უფრო დაბალი რეიტინგი გექნება, მით უფრო სასურველი იქნები იქ, მაღლა, ბიზნესცენტრში.
ბიძინა კი ფიქრობს, რომ არ შემცდარა. დაგვმოძღვრა კიდეც, _ შეეგუეთ მისი მუშაობის მეთოდებსო. „მე მომწონს მისი მეთოდურობა, თუგინდ მისი ინერტულობაც კი, რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ხასიათთან“.
საინტერესოა, მაინც რას მიიჩნევს ნარმანიას მუშაობის მეთოდად ბიძინა ბატონი? ნასამართლევი პირების თანამდებობებზე ნიშვნას და მერე შეცხადებას, უი, არ ვიციოდიო? იმას, რომ ერთი თბილისობაც ვერ ჩაატარა ისე, რომ ჩურჩხელასავით არ ამოვლებულიყო კორუფციაში?
ანდა ახლა, აგერ, ჯოკია დაუჭირეს, ბოდოკია, მაგრამ ბიძინას, რომელსაც ღმერთი არ სწამს (მატერიალისტია, მოგეხსენებათ), ღრმად სწამს ნარმანია: „ნარმანიას პატიოსნებაში კი ეჭვი არ მეპარება“.
ასე რომ, ახლა შენ გინდა ეჭვი შეიტანე, გინდა ბრალი გამოიტანე, ნარმანიას სულ ცალ სტაფილოზე ჰკიდია ყველაფერი, სანამ ბიძინას ეჭვი არ ეპარება…
ბიძინას კი ნამდვილად არ შეეპარება ეჭვი, სანამ ნარმანია ისეთ განცხადებებს გააკეთებს, როგორიც გააკეთა ბაბლუანთან გადაცემაში. ბაბლუანმა ჰკითხა, _ რომელია თქვენთვის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ისტორიაზეო? და რა უპასუხა ნარმანიამ? _ „ქართველ პოლიტიკოსებს შორის ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე განსაცდელის ფონზე მოვიდა პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ, რომელმაც რადიკალურად შეცვალა არსებული სირთულე და ფონი“.
დათონორ, ოლიკო ბაბლუანმა გკითხათ, _ თუ ვინ მოახდინა გავლენა ისტორიაზე? ისტორიაზე და არა თქვენს კარიერაზე! ხოდა, ნუღა გეწყინებათ დღეს პატიმრობაში მყოფი უგულავასგან ის შეფასება, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოუხმო: „ახლა თბილისის მერად გვთავაზობენ კალიგულას პონს“…

რეზო შატაკიშვილი