„შესაძლოა, ნებისმიერი განათლების მუშაკი პოლიტიკური დევნის წინაშე აღმოჩნდეს“

3wa

არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ალიანსი“ სკოლის პედაგოგის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გთავაზობთ წერილებს, სადაც, სავარაუდოდ, ზემოაღნიშნული დასტურდება.

„ქრონიკა+“ პრობლემაზე „საგანმანათლებლო ალიანსის“ დამფუძნებელს, 53-ე სკოლის ყოფილ დირექტორს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:

_ 2014 წლის 30 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაჩქარებული წესით და გასაიდუმლოებულად მიიღო მასწავლებელთა დისციპლინური დევნის დოკუმენტი, სადაც მოცემულია რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პედაგოგთათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება და სამსახურიდან განთავისუფლება ისეთი მოტივებით განხორციელდება, რაც შესაძლოა საერთოდაც არ უკავშირდებოდეს პედაგოგის სასკოლო და პროფესიულ საქმიანობას.

პედაგოგიურ წრეებში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული დოკუმენტის შექმნა სამინისტროს შესაძლოა, ცალკეული პედაგოგების დევნისთვის გამოეყენებინა, პირადი თუ პოლიტიკური შეუთავსებლობის შემთხვევაში. შედეგმაც არ დააყოვნა: მიმდინარე წლის 2 თებერვალს თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში შედის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვითაც გენერალური ინსპექციის უფროსი ონოფრიშვილი სკოლის დირექტორისგან ითხოვს საჩივრის განხილვას, სადაც სკოლის ერთ-ერთ თანამშრომელს ადანაშაულებენ მმართველი პარტიისადმი არალოიალურ დამოკიდებულებაში. კერძოდ, საჩივარში მოხსენიებულია, რომ სკოლის ეს თანამშრომელი „ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრია“; ასევე საჩივარში განმარტებულია, რომ ხსენებული პიროვნება „ძალიან ცუდად არის განწყობილი პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნებისა“ და საერთოდ, მისი წევრების მიმართ“.

ონოფრიშვილი სკოლის დირექტორს სთხოვს, აღნიშნული საჩივრის განხილვის შედეგები აცნობოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს.

საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ, ხულიგნობა, რის გამოც მომჩივანი განათლების მინისტრს მიმართავს შემდეგი თხოვნით:

„გთხოვთ, განცხადება-საჩივარი განიხილოთ და დაიწყოთ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა“.

მაშასადამე, საჩივარში მოყვანილია ორი საკითხი, რაც გენერალური ინსპექციის დავალებით სკოლამ უნდა განიხილოს: 1. სკოლის თანამშრომლის არალოიალური დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ;

2. თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი.

ძნელი წარმოსადგენია, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის თანახმად, როგორ უნდა განიხილოს საჯარო სკოლამ სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი? თუმცა სკოლის თანამშრომლის მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა, თუნდაც, მაგალითად, ცხარე დისკუსიის ფორმატში, ახლად მიღებული რეგულაციების თანახმად, სკოლის დასაბუთებული ინტერესის საფუძველზე, შესაძლოა, პედაგოგის დისციპლინური დევნისა და, მეტიც, განთავისუფლების საფუძველი გახდეს.

საზოგადოების მხრიდან ხსენებული პრეცედენტის რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, ნებისმიერი განათლების მუშაკი პოლიტიკური დევნის რისკის წინაშე დააყენოს.

_ რას ელით, რა მოხდება ამის შემდეგ?

_ სამინისტროს მხრიდან, კერძოდ, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სკოლისადმი გაგზავნილი წერილი კანონით ითვალისწინებს აუცილებელ რეაგირებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, დირექტორი ახსნაგანმარტებით ბარათს მოსთხოვს წერილში დასახელებულ „ბრალდებულს“, რომელიც გულმოდგინებით დაწერს, რომ ის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი არ არის, ასეთი `უმსგავსო~ საქციელი არასოდეს ჩაუდენია და მეტიც, პოლიტიკური პარტიების არც ერთ შეკრებაზე არ ყოფილა არასდროს (შესაძლოა, მართალიცაა).

შემდეგ დირექტორი შეკრებს კოლექტივს გააცნობს წერილის შინაარსს და დასვამს ერთადერთ შეკითხვას, _ ხომ არ არის „ბრალდებული“ შემჩნეული სკოლაში პოლიტიკური განცხადებების მოწოდება-პროპაგანდაში? ასეთივე პათოსით დაწერს კოლექტივი წერილს, რომ „ბრალდებული“ საერთოდ არ ინტერესდება პოლიტიკური ამბებით და, საერთოდაც, არ აინტერესებს პოლიტიკა… (შესაძლოა, რომელიმემ საკუთარ თავზეც კი აიღოს ამ ფაქტების ჭეშმარიტება და უპირობო თავდებობა გამოუცხადოს კოლეგას). მერე ყოველივე ეს გაიგზავნება რეაგირებად განმცხადებელსა და შიდა აუდიტთან და ყველაფერი დამთავრდება.

თუმცა გაგრძელდება უსასრულოდ ის, რომ ყველა იფიქრებს, არასოდეს, არსად გამოჩნდეს და არ გამოთქვას თავისი განსხვავებული აზრი… რატომ? იმიტომ, რომ მავანი „კეთილისმსურველი“ მასზეც თუ დაწერს წერილს, არგუმენტები აღარ ექნება თავის გასამართლებლად და ჩაუდენელი „დანაშაულიც“ კი, შესაძლოა, სარწმუნო აღმოჩნდეს კოლეგებისთვის…

ამ წერილზე სამინისტროს მხრიდან დავალებული რეაგირება არ არის შემთხვევითი. ყველა შესაძლო კანონიერი თუ მორალური თვალსაზრისით სამინისტროს განმცხადებლისთვის უნდა მიეწერა, რომ დასახელებული არგუმენტების გამოკვლევა სცილდება მათ კომპეტენციას და ჭკუაც დაერიგებინა, მიემართა სამართალდამცველი ორგანოებისთვის… თუმცა ასე არ მოიქცა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სკოლებში გამეფებულ უამრავ დარღვევაზე შესული წერილი ჯერაც უპასუხოა მათი დროის უქონლობის გამო. ეს არ მეჩვენება შემთხვევით ამბად, მეტიც, მიზანმიმართული მგონია…

„საგანმანათლებლო ალიანსს“ მიაჩნია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება განათლების მინისტრმა და ახსნას მიზეზი, რატომ დასჭირდა სტრუქტურას რეაგირების გადაწყვეტილების მიღება, რა ტიპის პრევენციას ითვალისწინებდა, ან უკვე განხორციელების შემდეგ რა შედეგს მიაღწია?

მიგვაჩნია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გადააჭარბა კანონით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას და ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს. მსგავს წერილებზე რეაგირება სამინისტრომ უნდა გამორიცხოს.

თუ ამ ფაქტზე მკაცრ რეაგირებას არ მოვახდენთ, აუცილებლად მიეცემა გასაქანი და მივიღებთ ახალი საუკუნის 37-იან წლებს…

აქვე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ ვფიქრობ, ეს აქტივობა სამინისტროს მხრიდან გაუაზრებელი იყო. სკოლა ყველაზე დიდი სისტემაა პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების სახით და თუკი ამ სეგმენტს შეაშინებენ, საკმაოდ დიდ საქმეს გააკეთებენ. განსაკუთრებით მიძლიერებს ეჭვს ის მომენტი, რომ ტოტალური კონტროლისა და დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობა მმართველი გუნდის სხვადასხვა წევრების მხრიდან თითქმის საზოგადოების ყველა სეგმენტზე დაიწყო.

სამწუხაროდ, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასეთი ტიპის განცხადება-შენიშვნებზე აქტიურად პასუხის გაცემაში „შემჩნეული არ არის“ (ვისაც ეკუთვნის, ამას ადვილად გაიგებს). ამიტომ „ქრონიკა+“ ინტერვიუში გაჟღერებულ პრობლემატიკას ღიად ტოვებს სამინისტროს კომპეტენტური წარმომადგენლებისთვის, ადეკვატური რეაგირების მოსახდენად. ნებისმიერ დროს მზად ვართ, მათი მხრიდან არგუმენტირებული პასუხის მისაღებად.

 

გელა მამულაშვილი