„ლექტორთა ნაწილს დაზეპირებული აქვს ლექციების კონკრეტული კურსი“

2y

საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ ასანიშვილი, მიიჩნევს, რომ განათლების სისტემის დაბალი დონე ურთულეს ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს. მისივე თქმით, უმაღლესი სასწავლებლები უფრო კერძო პირების ეკონომიკურ ინტერესებს ერგება, ვიდრე სახელმწიფოებრივს, რაც, საბოლოო ჯამში, დამღუპველად იმოქმედებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებაზე. მეტიც, ქალბატონი თამარი მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე იმკის შედეგებს, რომლის საფუძველიც დაბალი განათლების დონეა.

„ქრონიკა+“-ი თამარ ასანიშვილს ესაუბრა:

_ კარგი განათლება, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ ქვეყნის წინსვლას სწორედ ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლების მაღალი დონე განაპირობებს, რადგან განათლების ობიექტები არიან ძალიან მაღალი გავლენის მქონე სოციალური აგენტები, რომლებიც ერში აყალიბებენ განწყობებსა და ღირებულებებს. უმაღლესი სასწავლებელი _ არის უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტი, სადაც ხორციელდება ხანგრძლივი პროგრამები სოციალური ინფრასტრუქტურის, სოციალურ-კულტურული იდენტურობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. უმაღლესი სასწავლებლის სოციალური პასუხისმგებლობა ხორციელდება საზოგადოების განვითარებისა და ამ განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მისი მონაწილეობით, რაც გამომდინარეობს უმაღლესი სასწავლებლისათვის დაკისრებული ფუნქციებიდან:

1. საზოგადოებრივი ინტელექტის კვლავწარმოება;

2. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;

3. შრომის ბაზრის ფორმირებაში აქტიური მონაწილეობა;

4. ქცევის კულტურისა და ქცევის ნორმების განვითარება, სრულყოფა;

5. სოციალური ურთიერთობების სტაბილიზაცია.

_ უკვე წლებია, საქართველოში განათლების სისტემის რეფორმა მიმდინარეობს. ფიქრობთ, რომ ცვლილებები არ ხდება?

_ მე ვხედავ ფაქტებს. მიუხედავად განხორციელებული რიგი რეფორმებისა, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სტუდენტთა დიდი ნაწილი ეკონომისტისა და იურისტის დიპლომის მოსაპოვებლად იღვწის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ამ პროფესიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოძიება ძალიან ჭირს. ამას არაერთი მიზეზი აქვს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი და უპირველესი მიზეზია საშუალო განათლების დონის კატასტროფული ვარდნა.

_ ფიქრობთ, რომ სკოლაში კრიტიკული მდგომარეობაა?

_ პირადად ჩემი სწავლის პერიოდი, როგორც მოსწავლისა და შემდეგ როგორც სტუდენტის, დაკავშირებულია საბჭოთა განათლების სისტემასთან. ამ სისტემის ჩაკეტილობისა და პოლიტიზებულობის მიუხედავად, ზუსტად ვიცი, რომ ჩვეულებრივი თბილისური სკოლის ზედა კლასების ნებისმიერმა მოსწავლემ იცოდა წყლის ფორმულა, ნიუტონისა და ომის კანონები, პითაგორას თეორემა. ახლა კი რა ხდება? თანაც, განა მხოლოდ საქართველოში, დასავლეთის ქვეყნებშიც, რომელთაგან ხშირად რეფორმების კალკირებას ვახდენთ და სულაც არ ვცდილობთ, რეფორმა რეალობას მივუსადაგოთ, დავიტოვოთ რაც კარგი გვაქვს და გადმოვიღოთ ის, რაც პრაგმატულად გვჭირდება. სულ ცოტა ხნის წინათ ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეების 50%-მა ვერ მოძებნა რუკაზე ნიუ-იორკის შტატი, 25% კი დარწმუნებულია, რომ ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა XX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა.

ჩვენი საშუალო განათლების სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების უმეტესობა, ზოგადად ქვეყანაში არსებული არასახარბიელო ეკონომიკური და სოციალური გარემოს ფონზეა წარმოქმნილი. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირველკურსელების უმრავლესობამ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების შესახებ, თითქმის არაფერი იცის. ეკონომიკის სწავლა, მაგალითად, ლიტერატურისაგან განსხვავებით, სკოლაში არ იწყება და მერე არ გრძელდება უნივერსიტეტში, ეს პირველკურსელებისათვის ახალი საგანია. სახელმძღვანელოები კი, რომლითაც მათ სწავლის დაწყება უწევთ, გაჯერებულია უცნობი ტერმინებითა და დაწერილია რთული ენით. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, აუცილებელია პირველკურსელებისათვის ადაპტირებული, გამარტივებული ეკონომიკური სახელმძღვანელოების შექმნა.

_ სტუდენტებისთვის დღემდე პრობლემად რჩება ქართულენოვანი სახელმძღვანელოების არსებობა.

_ ფაქტობრივად, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინათ მოგვეცა საშუალება, დაგვეწყო საბაზრო ეკონომიკის მეცნიერული საფუძვლების შესწავლა. ეს თითქოს არც ისე ცოტაა, მაგრამ არც ისე ბევრია. აქედან გამომდინარე, დადგა ეკონომიკის სწავლებისათვის საჭირო ქართულენოვანი სახელმძღვანელოების პრობლემა. მართალია, შემდგომ ნელ-ნელა ითარგმნა მაკონელის, სტენლი ბრიუს, ჯონ სლომანისა და სხვათა ნაშრომები, პოლ სამუელსონის „ეკონომიქსი“, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირეა სახელმძღვანელოები, რომლებშიც ეკონომიკური საკითხები განხილული იქნებოდა ჩვენი ქვეყნის რეალობასა და მოთხოვნებზე მისადაგებული ეკონომიკური მოდელის ჭრილში.

_ დამეთანხმებით, ალბათ, რომ მხოლოდ სახელმძღვანელო, თუნდაც ძალიან კარგი, არ კმარა. ხშირად სტუდენტები ლექტორების, პედაგოგების გულგრილობისა და მათი არცოდნის გამოც ჩივიან, _ გვაიძულებენ, ტექსტები დავიზეპიროთო.

_ უდიდესი პრობლემაა სათანადოდ მომზადებული პროფესორ-მასწავლებლების კადრების შერჩევა. მასწავლებლის ანაზღაურების სიმწირე საშუალებას არ იძლევა ავამაღლოთ პროფესიის პრესტიჟი. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანაში ამ მხრივ სიტუაცია უარესობისაკენ შეიცვალა. პედაგოგების მოსამზადებელი უმაღლესი სასწავლებლებიც კი გაუქმდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფასიანი და, მით უმეტეს, საკმაოდ ძვირად ღირებული უმაღლესი სასწავლებლების ფინანსური მდგომარეობა იძლევა მათი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვის საშუალებას. სხვა საკითხია, რამდენად იყენებენ ისინი ფინანსებს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

საბაზო ცოდნის დონის ამაღლების საშუალება, დამატებითი ხარჯების გაწევის მეშვეობით, მხოლოდ საზოგადოების შეძლებულ ნაწილს აქვს. მოგეხსენებათ, კერძო რეპეტიტორის დახმარებით სარგებლობა არცთუ იაფი სიამოვნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მატერიალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახის შვილებიც ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში,  ზოგჯერ მათ ნაწილს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს, რადგან მისი ოჯახი ვეღარ ახერხებს სწავლის საფასურის გადახდას.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება, მოიძიონ სამუშაო ადგილები, რათა თვითონ შეძლონ სწავლის საფასურის გადახდა, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა მათ ამის შანსს არ უტოვებს.

_ გამოსავალი სად არის?

_ ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნებოდა უმაღლესებში ყველა მსურველის მიღება და უკვე შემდეგ, სწავლის შედეგების მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან საუკეთესოთა დაფინანსება, რადგან არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა აბიტურიენტი, რომელმაც მისაღებ გამოცდებზე მოიპოვა გრანტი, შემდეგ უკვე უმაღლესში სწავლას სათანადოდ არ ან ვერ ახერხებს.

დღეს უმაღლესი სასწავლებლების დაახლოებით 3-4%-ია, სადაც სტუდენტთა უმრავლესობას შეძლებული ოჯახის შვილები წარმოადგენენ. მათი სასწავლო პროგრამები განსხვავდება სხვა უნივერსიტეტებში მოქმედი სასწავლო პროგრამებისაგან. უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილის პროგრამების უმრავლესობა კი გათვლილია მოკლევადიან შედეგებზე.

სამწუხაროდ, ხშირად სილაბუსის გაფორმებას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ცოცხალი ლექციის დონეს. ლექტორთა ნაწილს დაზეპირებული აქვს ლექციების კონკრეტული კურსი, ესა თუ ის საგანი და წლიდან წლამდე უცვლელად ერთსა და იმავეს ასწავლის. არის მასწავლებელთა ნაწილი, რომელიც ცდილობს, ისე წარმართოს ლექცია, რომ თავი აარიდოს სტუდენტთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს(!!!). უფრო ზუსტად, წინასწარ აღმოფხვრას შეკითხვის დასმის შესაძლებლობა, რამეთუ შიშობს, რომ ვერ შეძლებს ზუსტი და სწორად ფორმულირებული, ამომწურავი პასუხის გაცემას.

სწავლის პროცესში ნაკლები ყურადღება ექცევა პრობლემის ფორმულირების უნარის გამომუშავებას, პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო მიდგომების მომზადებასა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზის უნარის განვითარებას.

რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს არსებობს რაღაც ფარული შეთანხმება, რომელსაც ყველა ემორჩილება:

1) სკოლა ვითომ ამზადებს მომავალ აბიტურიენტებს;

2) უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა ვითომ ამზადებს მომავალ სპეციალისტებს;

3) სტუდენტები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ვითომ სწავლობენ;

4) შემდეგ მათ ურიგებენ ვითომ დიპლომებს;

5) ასე ჩნდებიან ვითომ სპეციალისტები, რომლებიც უკვე დიპლომის მიღების შემდეგ ეჯახებიან მკაცრ რეალობას.

ცხადია, რეალურ ცხოვრებასა და რეალურ საქმეს არ სჭირდება ეს ვითომ დიპლომირებული ვითომ სპეციალისტები.

წაიკითხავ ზოგიერთ საკმაოდ დიდი მოცულობის CV-ს და აღმოაჩენ, რომ ჩამოთვლილი სერტიფიკატების უმრავლესობის გასწვრივ არის აღნიშვნა მოისმინა. მარტო მოსმენა რომ საქმეს შველოდეს, ჩემი უსაყვარლესი უნივერსიტეტის მერხები ყველაზე განათლებული უნდა იყვნენ, რაც იმათ მოუსმენიათ! მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს „ვითომ სწავლების მექანიზმი“ ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი ათეული წელია, შესანიშნავად მუშაობს. ამ აწყობილი ბიზნესით მოგებული რჩებიან კერძო უმაღლესი სასწავლებლების მეპატრონე ბიზნესმენები, წაგებული რჩება მთელი ჩვენი ქვეყანა და ქვეყნის მომავალი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდებს, სემინარებს, ლაბორატორიულ, პრაქტიკულ საათებს, წვრთნებს, საქმიან თამაშებსა და ღია დებატების ჩატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაახლოებას, დამოუკიდებელი ეკონომიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას, სადაც სტუდენტებსა და ლექტორებს შორის მყარდება მჭიდრო ურთიერთკავშირი. ეს არის უმნიშვნელოვანესი სამუშაო კონკრეტულ სტუდენტთან, რამეთუ ამ ყველაფრის გარეშე შეუძლებელია სტუდენტთა სწავლების ხარისხზე რეალური კონტროლის განხორციელება.

ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, უკვე არსებული სტუდენტური თვითმმართველობის ბაზაზე, სტუდენტური საბჭოების შექმნა სასწავლო პროცესის ხარისხის მუდმივი კონტროლის მიზნით, მუდმივი კონტროლი კი ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლების საქმეს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოებში უნდა შევიდნენ წარჩინებული და მაღალი ზნეობით გამორჩეული სტუდენტები, რათა საბჭოების საქმიანობა არ იქცეს პროფესორ-მასწავლებლებთან ანგარიშსწორების ინსტრუმენტად.

არ შეიძლება, განათლების სისტემაში ყველაფერი დავიყვანოთ საბაზრო ურთიერთობამდე, რომლის თანახმადაც, განათლება _ ეს ფასიანი მომსახურებაა,

ცოდნა _ საქონელია, სტუდენტი კი _ მყიდველი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდნის შესაძენად საკმარისი არ არის სწავლის საფასურის გადახდა, არც მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების არსებობა. ცოდნა საკუთრებად შეიძლება იქცეს მხოლოდ სტუდენტის დაუღალავი გონებრივი შრომის შედეგად. უმაღლესმა სასწავლებელმა შეიძლება მოგყიდოს განათლება, მაგრამ ამ საქონლის ტრანსპორტირება, წაღება, მხოლოდ სტუდენტს შეუძლია.

და კიდევ, ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ, რომ განათლების პროცესი არასდროს მთავრდება. ეს არის პროცესი, რომელიც უწყვეტად გრძელდება ადამიანის მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის საშუალებას აძლევს ადამიანს, შევიდეს საზოგადოებაში, ემსახუროს ქვეყანას, გახდეს კულტურის ნაწილი, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს საზოგადოების აქტიურ წევრად და დაეხმაროს ახალ თაობას საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში.

უდავოა, რომ განათლების დონე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი, უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს, ქვეყანაში კი ხარისხიანი და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება წარმოუდგენელია უმაღლესი ეკონომიკური განათლების თანამედროვე ნაციონალური სისტემის არსებობის გარეშე, ე. ი.:

1) უნდა ამაღლდეს დაწყებითი განათლების ხარისხი!

2) განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოქმედი პროფესორ-მასწავლებლების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციის სისტემატურად ამაღლების მიზნით!

3) აუცილებელია ახალი, თანამედროვეობის მაღალი მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა!

4) სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი ცოდნის დონის მქონე პროფესორ-მასწავლებლების მომზადების უმნიშვნელოვანეს პროცესში!

5) ქვეყნის ეკონომიკური ორიენტირები უნდა მივმართოთ განათლების ხარისხის განუხრელად ამაღლების უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად!

6) ამ საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რამეთუ მათი ბიზნესის ხვალინდელი წარმატება, კვალიფიციური სპეციალისტების გარეშე, წარმოუდგენელი იქნება. დარწმუნებული ვართ, მათი უმრავლესობა აცნობიერებს, რომ განათლებაზე ზრუნვა საკუთარი ბიზნესის ხვალინდელ დღეზე ზრუნვაა.

 

ელენე იმერლიშვილი