როგორ იშორებდნენ საპყრობილეებიდან „დაუმორჩილებელ“ თანამშრომლებს?

1111

სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ზაზა ცინცაძე, ხელისუფლებას სიმართლის დადგენასა და ყველა იმ ადამიანის დასჯას სთხოვს, რომელთაც მის მიმართ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ცინცაძე აცხადებს, მიუხედევად იმისა, რომ ნასამართლეობა მოხსნილი აქვს, აუცილებელია მისი ღირსების აღდგენა, რადგან წარსულიდნ გამომდინარე, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.

„ქრონიკა+“-ს ზაზა ცინცაძე ესაუბრება:

_ 2001 წლიდან სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობდი. 2006 წელს მე-5 საპყრობილეში ოპერატიული მორიგის თანაშემწე ვიყავი. ამავე დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა ჩემი მეგობრის მეგობარი, გიორგი ათაბეგაშვილი, რომელიც, თურმე, დირექტორის მოადგილის, ნუკრი ხუხუას ერთ-ერთი აგენტი ყოფილა. ამ პატიმრის მეშვეობით ხუხუა „აფუჭებდა“ და თავიდან იშორებდა მისთვის არასასურველ „დაუმორჩილებელ“ თანამშრომლებს, რომლებიც არ ასრულებდნენ უკანონო დავალებებს. არც მე ვასრულებდი ჩემი ზემდგომების მიერ მითითებულ უკანონო დავალებებს, რაც გახდა სამსახურიდან ჩემი მოშორების მიზეზი. როცა ჩემს ცვლაში უკანონო დავალებებს გვაძლევდნენ, ვეწინააღმდეგებოდი. ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ციხიდან ღამის საათებში გაჰყავდათ პატიმრები. მე ვახორციელებდი აკრძალული ნივთების ამოღებას, ვეწინააღმდეგებოდი პატიმრების ღირსების უკანონოდ შელახვას და ა. შ. პატიმრების გაყვანა ხორციელდებოდა ხელმძღვანელობის ნებართვით, მაგრამ საქმეც ის არის, არავინ ამბობდა, სად მიჰყავდათ. სწორედ ამაზე მომივიდა შელაპარაკება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ონიანთან, საცემრადაც კი გავიწიეთ. ონიანი მიყვიროდა: შენ ვინ გეკითხება, რასაც გეუბნებიან, ის გააკეთეო!.. ეტყობა, ეს დაუმორჩილებლობაც არ მაპატიეს, დაახლოებით ათ დღეში მომიწყვეს პროვოკაცია და დამაკავეს.

_ რა მოხდა?

_ როგორც გითხარით, ჩემი მეგობრის მეგობარი, გიორგი ათაბეგაშვილი, ყოფილა აგენტი. ეს ადამიანი გადმოიყვანეს ისეთ ოთახში, რომელიც პატიმრისთვის არ იყო განკუთვნილი. საწოლიც კი არ იდგა, პატიმრები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რომ შემოდიოდნენ, დროებით ვათავსებდით, საბუთებს ვავსებდით, იჩხრიკებოდნენ და მერე ვანაწილებდით კორპუსებში. დილით, ჩემს მორიგეობაზე რომ მივედი, ათაბეგაშვილი იმ ოთახში დამხვდა, რომელიც ჩვენი სამორიგეოს გვერდით მდებარეობდა. მინდოდა თუ არა, მას ავტომატურად ვნახულობდი. გამიკვირდა და ვკითხე, _ აქ რა გინდა-მეთქი? მიპასუხა, _ ხვალ სხვა დაწესებულებაში გადავყავარო. უფროსობასთანაც ავედი და ვიკითხე, _ ეს კაცი აქ რატომ არის-მეთქი? მათაც იგივე მიპასუხეს, _ შეიძლება, დღეს სხვა დაწესებულებაში გადავიყვანოთო, მაგრამ იმ დღეს არ გადაუყვანიათ, მთელი ღამე იქ დარჩა. ჩემი მორიგეობა რომ დამთავრდა, სახლში  წავედი. თანამშრომლები ქეიფს ვაპირებდით, ბიჭებს დავუბარე, _ სახლში ცოტას დავისვენებ, 2 საათზე ხელფასი იქნება და მერე საქეიფოდ წავიდეთ-მეთქი. როგორც ჩანს, ეს იმათ ყურამდეც მივიდა. სახლში ვარ და მირეკავს პატიმარი ათაბეგაშვილი, _ ხომ გითხარი, რომ სხვა დაწესებულებაში გადავყავარ, ჩემები ვერ ახერხებენ მოსვლას, ჩასაცმელი არ მაქვს, ახალ ბოტასებს გადმოგცემენ და თუ შეგიძლია, მომიტანეო. უარი არ მითქვამს, ვისზეც მითხრა, ჩემი ნათესავი გადმოგცემსო, სულ სხვები მოვიდნენ, ორი ქალი იყო, გადმომცეს ამანათი და წამოვედი. ეს ბიჭი ყაჩაღობისთვის იჯდა, ამიტომ ეჭვი ვერ შევიტანე, რომ შესაძლებელი იყო, ამანათში ნარკოტიკი ყოფილიყო. ზედაპირულად მაინც შევამოწმე, მაგრამ არაფერი ეტყობოდა. სანამ დაწესებულებაში მივიდოდი, გზაში 3-ჯერ დამირეკა, _ სად ხარ, შეიძლება, უკვე წამიყვანონო. მოკლედ, გამოვცხადდი სამსახურში, საამანათო განყოფილებაში, სადაც ნებისმიერმა თანამშრომელმა იცის გარე სამსახურის უფლება-მოვალეობა _ ნებისმიერი ამანათი უნდა შემოწმდეს და მერე მიეწოდოს შიდასამსახურს ამა თუ იმ პატიმრისთვის გადასაცემად. ჩემს სახელზე შევავსე ოფიციალური საბუთი და შესამოწმებლად კონტროლიორს გადავეცი. ვხედავ, ბოტასების მთლიანად დახევა დაიწყეს. გავოცდი, თვალს ვადევნებდი შემოწმებას. უცებ ჩემთვის სრულიად უცნობმა მამაკაცებმა ხელები ამომიტრიალეს და მითხრეს, _ ეს რა მოგიტანია?! წამალიაო! გავხედე კონტროლიორს, დაკეცილი ქაღალდი ეჭირა, რომელიც არ დამინახავს, როგორ მოხვდა მის ხელში. არ გაუხსნიათ ქაღალდი და ისე დაასკვნეს, რომ წამალი იყო. არ დამინახავს, ეს ქაღალდი ნამდვილად იყო თუ არა ამანათში.

როდესაც დამაკავეს, შემიყვანეს იქვე, საამანათო ოთახში, სადაც, თურმე, მელოდებოდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები და სასჯელაღსრულების პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ვიდეოკამერით. ოთახში ასევე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ონიანი და მე-5 საპყრობილის უსაფრთხოების უფროსი, ნუგზარ ჩიკვილაძე. მათ მომაწოდეს კალამი, ფურცელი და მიბრძანეს დამეწერა, რომ წამლის არსებობის შესახებ ვიცოდი და თუ დავწერდი, ყველაფერს მაპატიებდნენ. უარი განვაცხადე, _ წამლის შეტანა რომ მდომოდა, ყოველგვარი ჩხრეკისა და შემოწმების გარეშეც მოვახერხებდი-მეთქი… რადგან  თავისუფლად შესვლა შემეძლო. რასაც მკარნახობდნენ, რომ არ დავწერე, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ნუგზარ ჩიკვილაძე, გაბრაზდა და ხელი დამარტყა, მას მხარი აუბა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ონიანმა და მესამე, ჩემთვის უცნობმა ადამიანმა, რომლის ვინაობა დღემდე ვერ დავადგინე. ონიანმა მაგიდიდან აიღო ბოტასები და თავში მირტყა. როცა შევეპასუხე, _ რა გინდათ, რატომ მირტყამთ-მეთქი? მაგიდით მიპირებდნენ კედელზე მისრესვას, თან მაგინებდნენ. ამ დროს შემოვიდა ციხის უფროსი, გიორგი ფოლადაშვილი და უყვირა, _ თავი დაანებეთ ამ ბიჭსო! მართლაც, დამანებეს თავი. როგორც აღვნიშნე, ეს ხალხი წინასწარ იყო ჩასაფრებული და მობილიზებული, რაც საქმეში არსებული მასალებიდანაც ჩანს. პატიმარი, რომლისთვისაც ამანათი უნდა მიმეტანა, 3-ჯერ დამიკავშირდა ტელეფონით და მეკითხებოდა, _ სად ხარ, როდის მოხვალო? პარალელურ რეჟიმში უკავშირდებოდა ციხის უფროსის მოადგილეს, ხუხუას და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს. ჩემმა ადვოკატმა „მაგთიკომიდან“ ამონაწერი ამოიღო, ამ პატიმარს ვისთან ჰქონდა კავშირი ზუსტად ამ პერიოდში. ეს ყველაფერი სასამართლოზე ვთქვი. საქმეში არსებულ ოქმში წერია, რომ დაკავების დროს არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია და დაზიანებები არ მქონია, ხოლო როცა წინასწარი დაკავების იზოლატორში მიმიყვანეს, ჩემს სხეულზე დაფიქსირებულია დაზიანებები. კერძოდ: სახის არეში მქონდა სისხლჩაქცევები, დაზიანებები მუცლის არეში, რომელიც  მეორე დღესვე აღვნიშნე შესაბამის ოქმში და სასამართლოზეც, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. სასამართლომ ფორმალურად დაკითხა ონიანი და ჩიკვილაძე, რომლებმაც განაცხადეს, თითქოს მე ვყვიროდი ხმამაღლა, _ მირტყით, მირტყითო! და გიჟი გამომიყვანეს. ე. ი. ეს ყველაფერი მოსამართლემ დაიჯერა, რადგან არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. საბუთები სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციაში გადაიგზავნა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოვიდა პასუხი, _ აღნიშნული ფაქტი არ დასტურდებაო. კითხვა, _ საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები? დღემდე პასუხგაუცემელია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე საქმის მთავარი მოწმე, გიორგი ათაბეგაშვილი მოიყვანეს, რომელმაც სიმართლე თქვა… თუმცა ეს სიმართლეც სულერთი აღმოჩნდა მოსამართლისთვის და პროკურორის, ვახტანგ მუსხელაძისთვის, რომელმაც მაშინვე დაახურინა სასამართლო პროცესი და დარბაზიდან გაბრაზებული გავარდა. მისი გაღიზიანება გამოიწვია პატიმარ ათაბეგაშვილის ნათქვამმა, რომ ზაზა ცინცაძემ არაფერი იცოდა ნარკოტიკების შესახებ, მისთვის რომ მეთქვა, უარს მეტყოდა და არ შემომიტანდა, შეცდომაში მე შევიყვანე, რადგან ადმინისტრაციის დავალებას ვასრულებდი, რომელიც მიზნად ისახავდა ზაზას „გაფუჭებას“, ადმინისტრაცია ბევრ რაღაცას დამპირდა, მაგრამ არ შემისრულესო. მან ასევე დაასახელა ტელეფონის ნომრები და პიროვნებები, რომლებმაც ამ ამანათში ნარკოტიკი მოათავსეს, თუმცა ხსენებული ადამიანებიდან არავინ დაუკითხავთ.

2006 წლის განაჩენით საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. ბრალი დამდეს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და გადაზიდვა, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურორი, ვახტანგ მუსხელაძე, ხმამაღლა აცხადებდა სასამართლოზე: თუ ვაღიარებდი ჩემთვის წარდგენილ ბრალდებას, მომცემდა სასჯელით გათვალისწინებულ მინიმუმს, 6 წელს, თუ არადა, 12-ს, რაზეც უარი განვაცხადე, ამიტომ მოითხოვა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოსამართლემ კი დამიტოვა სასჯელის მინიმუმი _ 6 წელი, რაც შემდგომ გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. ჩემი საქმის პროკურორი რამდენჯერმე შემხვდა ციხეში და მეუბნებოდა, _ თუ ჩემ მიმართ წარდგენილ ბრალეულობას ვაღიარებდი, მომცემდა 3 წელს, 3 წელს პირობითს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ სანაცვლოდ დამისვამდა 5 კითხვას და უნდა მეპასუხა ის, რაც მათ აწყობდათ! თავიდან არც ამაზე დავთანხმდი, ბოლოს მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა სიმართლისათვის ბრძოლას. ეს პროცესი დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ გავიგე, ჩემს ოჯახზე ხდებოდა ზეწოლა. კერძოდ, მამაჩემზე, რომელიც სიმართლის დასადგენად მიმართავდა სხვადასხვა ორგანიზაციას. მასაც დაემუქრნენ, თუ არ შეწყვეტდა განცხადებების წერას, იგივე დაემართებოდა, რაც მე! შევხვდი პროკურორს და ვუთხარი: დანაშაულს დავიბრალებ ერთი პირობით, თუ მომცემ სასჯელს 2 წელს და არანაირ პირობითს, რაზეც იგი შეუთანხმდა ზემდგომ ორგანოებს. მოვილაპარაკეთ ყველაფერზე, მაგრამ სანაცვლოდ, ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, 15 000 ლარი დამაკისრა. წინასწარ შეთანხმებასაც ვადასტურებ თუნდაც იმ გარემოებით, რომ ჩანიშნულ სასამართლო სხდომამდე ჩემი ოჯახის წევრებს 2 დღით ადრე აქვთ შეტანილი ზემოთ აღნიშნული თანხა ბიუჯეტის ანგარიშზე და თუ წინასწარ შეთანხმება არა, შესაძლებელი იყო, სასამართლოს უარი ეთქვა საპროცესო გარიგებაზე, გადახდილი თანხა კი უკან არ დაბრუნდებოდა.

_ ზემდგომ ინსტანციებს თუ მიმართეთ, ან ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანოებს?

_ რა თქმა უნდა! საიდან დავიწყო ჩამოთვლა, არ ვიცი! ყველა საბუთი მაქვს, სადაც ანალოგიური განცხადებით მივმართე სხვადასხვა ორგანიზაციას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, პროკურატურას, მაგრამ არსაიდან რეაგირება არ მოჰყოლია. პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით მომეხსნა ნასამართლეობა. 2013 წლიდან დღემდე ვეხვეწები ახალ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურებს _ გაირკვეს, რა მოხდა იმ დღეს და დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ამ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა; ფარდა აეხადოს ამ ყველაფერს და აღდგეს ჩემი ღირსება, რათა საქმიანობა გავაგრძელო ძალოვან სტრუქტურებში, რაც, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება!

 

 

თამარ ბატიაშვილი