„ნავთობმომწოდებლების კარტელური გარიგება დადასტურდა!“

yttrrr

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ნავთობმომწოდებლების კარტელური გარიგება, პრაქტიკულად, დადასტურდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასის ცვლილების არაადეკვატურად ასახვას შიდა ბაზარზე.

„ქრონიკა+“ ამ სფეროში არსებულ მდგომარეობასა და გამოსავლის გზებზე სწორედ ნიკოლოზ მაღალდაძეს ესაუბრება:

_ კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო ქმედებების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაწყებული კვლევის შუალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ნიშნები, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია არაერთხელ საუბრობდა საჯარო სივრცეში.

კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი გულისხმობს:

შესყიდვის, ან გაყიდვის ფასების, ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ, ან არაპირდაპირ დადგენას (ფიქსირება);

წარმოების, ბაზრების, ტექნოლოგიური განვითარების, ან ინვესტიციების შეზღუდვას;

ბაზრების, ან მიწოდების წყაროების მომხმარებლის, ტერიტორიული, ან სხვა ნიშნით განაწილებას;

გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული/დისკრიმინაციული პირობების გამოყენებას, რითაც ისინი კონკურენციულად წამგებიან მდგომარეობაში დგებიან;

გარიგების პირობად გარიგების მხარისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რომელიც არც საგნობრივად და არც კომერციულად დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან;

მატერიალური გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ურთიერთშეთანხმებული ეკონომიკური აგენტებისთვის, ან სხვისთვის სატენდერო წინადადების შეთანხმებული პირობების დაწესება, რაც არსებითად ლახავს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

მოცემული მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ ნავთობიმპორტიორები დიდი ალბათობით მხილებულ იქნებიან კარტელურ გარიგებაში. მიგვაჩნია, რომ მოკვლევა, რომელსაც აწარმოებს კონკურენციის სააგენტო ინვესტორებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან შესაბამისი სანქციების დაწესება ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებისთვის იქნება ნათელი მაგალითი იმისა, რომ ამ სფეროში განხორციელებული ინვესტიცია ხელოვნურად არ შეიზღუდება.

მისასალმებელია, რომ მოკვლევის პროცესში მეთოდოლოგიურად მუშავდება და ფასდება ყველა მოსაზრება, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს.

ამდენად, იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში კონკურენციის სააგენტო საზოგადოებას კვლევის შედეგებს წარუდგენს, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით ყველა არსებულ კითხვას უპასუხებს.

ასევე კომპანია „სენტა“, რომელიც დღემდე დაობს სასამართლოში ბენზინგასამართი სადგურების ჩამორთმევაზე კომპანია „გალფის“ სასარგებლოდ, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. იმ პროცესების შემდგომ, როდესაც „სენტა“, პრაქტიკულად, ბაზრიდან გააძევეს, მისი დაბრუნება ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლად მოქმედებისა და ბიზნესგარემოს გაჯანსაღების ერთ-ერთი მაგალითია. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი პროცესები გაგრძელდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ორგანიზაცია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში კვლავ გააგრძელებს კვლევის პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის ამ და სხვა სფეროებში მიმდინარე მოკვლევის შედეგებს.

_ რომელი ფაქტობრივი მონაცემები ადასტურებს ნავთობმოწოდების სფეროში კარტელური გარიგებების არსებობას?

_ აქ უპრიანი იქნება, კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ: 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საერთაშორისო ბაზარზე პლატცი, ანუ 1300 ლიტრი მაღალი ხარისხის ბენზინი, 805 დოლარი ღირდა. ეს 1300 ლიტრი 805 დოლარზე რომ გავყოთ, ლარსა და 8 თეთრს მივიღებთ, ჩვენს ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ლარსა და 8 თეთრს რომ დავუმატოთ აქციზის 9 თეთრი, დღგ-ს 30 თეთრი და საშუალოდ 5-6 თეთრი ტრანსპორტირებისა, საბოლოო ჯამში, ლარსა და 60 თეთრს არ უნდა ავცდეთ. იმ პერიოდისთვის ბაზარზე ბენზინ სუპერის ფასი 2 ლარი და 20 თეთრი იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა მოგებას ნახულობდნენ ნავთობიმპორტიორები ბენზინის გაყიდვით, სადღაც 60-70 თეთრის მოგება ჰქონდათ თითოეულ ლიტრზე… ანუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ღირებულებაზე ადეკვატურად არ აისახებოდა. ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ კონკრეტული დომინანტი ნავთობკომპანიები, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ, საერთო ფასზე თანხმდებოდნენ და სწორედ ამ ფასით არეგულირებდნენ ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის ღირებულებას.

_ რას წარმოადგენენ ეს კომპანიები და ვინ დგას მათ უკან?

_ უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან, სანამ კვლევა არ დასრულდება და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაც ლოგიკურ ფინალამდე არ მივა. ამავე დროს გეტყვით, რომ, ამ ეტაპზე, დომინანტ კომპანიებად მოიაზრებიან: „ვისოლი“, „გალფი“, „ლუკოილი“, „რომპეტროლი“. ძირითადად ეს ოთხი დომინანტი კომპანია ოპერირებს ბაზარზე. ასევე, რასაკვირველია, „სოკარი“, რომლის მიერ საქართველოში გაზის შემოტანა თითქმის 90%-ზე ვრცელდება.

_ მთავრობის როლი რა არის, როცა ბაზარზე ასეთი მონოპოლიური მდგომარეობაა შექმნილი?

_ ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ კონკურენციის სააგენტომ (რომელიც ამ საკითხში უფლებამოსილი და კომპეტენტურია) დროულად დაასრულოს კვლევა, დადოს საბოლოო შედეგები და, აქედან გამომდინარე, დააწესოს კონკრეტული სანქციები დომინანტ კომპანიებზე, რომლებიც კარტელურ გარიგებებში იყვნენ შემჩნეულნი. კონკურენციის სააგენტომ ფუნქციონირება შარშან დაიწყო, შედეგს კი მას შემდეგ მივიღებთ, რაც ეს პირველი კვლევა დასრულდება. მთავრობისა და მთლიანად ხელისუფლების როლიც, ალბათ, ამ შედეგების მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. ამისთვის კონკურენციის სააგენტომ სრულ კოორდინაციაში უნდა იმუშაოს როგორც მთავრობასთან, ასევე იმ ნავთობიმპორტიორებთან, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ.

_ მანამდე მთავრობა რამდენად დაინტერესებულია ამ სფეროს დალაგებითა და არსებული მონოპოლიების კანონიერად განეიტრალებით?

_ ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, საზოგადოების აღშფოთება, ასევე საჯარო სივრცეში საზოგადოებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებები ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ ყველა მხარე დაინტერესებულია აღნიშნული ბაზრის დალაგებით.

_ დასახელებულ ბაზარზე არსებული სურათი რა შედეგებს იწვევს? როგორც მომხმარებლებს, ასევე მთლიანად ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას ვგულისხმობ…

_ უპირველესად, მომხმარებელი ზარალდება იმ თვალსაზრისით, რომ გაცილებით მეტს იხდის, ვიდრე რეალურად საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებია. შემდეგ სხვა ნავთობკომპანიები, რომლებიც არ წარმოადგენენ დომინანტ კომპანიებს, ზარალდებიან იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ოპერირებენ ბაზარზე და არ ეძლევათ საშუალება, ჯანსაღ ბიზნესგარემოში აწარმოონ თავიანთი საქმიანობა. ამიტომ გამოვყავით პირველ რიგში მომხმარებლების უფლებები და შემდეგ იმ კომპანიების, რომლებსაც ჯანსაღ ბიზნესგარემოში თავისი საქმიანობის წარმართვა სურთ.

_ გამოსავალთან დაკავშირებით თქვენი ხედვა როგორია?

_ კონკურენციის სააგენტომ საბოლოო შედეგები უნდა დადოს; გაატაროს კანონით დადგენილი ის ღონისძიებები, რომელიც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში არის განსაზღვრული, დააწესოს სანქციები; ვფიქრობთ, სანქციების დაწესებით ჩვენ შევძლებთ, რომ ქართულ ბაზარზე ბიზნესის კეთების მსურველი კომპანია არ გარისკავს, მონაწილეობა მიიღოს ან კარტელურ შეთანხმებებში, ან, ზოგადად, მონოპოლიური თვალსაზრისით გაიზარდოს.

რასაკვირველია, ყველა კომპანიის მიზანია, ერთადერთი იყოს ბაზარზე, განვითარდეს და ისეთი ფასი, სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს, რაც ყველაზე მისაღები იქნება, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ სხვა კომპანიებს განვითარების საშუალება არ მისცეს, რაღაც კორუფციულ გარიგებებში იყოს შესული ნებისმიერ უწყებასა თუ კომპანიასთან.

_ იქნებ, დავაკონკრეტოთ, რა ხდება „სენტასა“ და „გალფის“ დავასთან დაკავშირებით?

_ აღნიშნულ საკითხზე ფართო კვლევა არ გვიწარმოებია და არც სამართლებრივ ასპექტებს ვიცნობთ დაწვრილებით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ „სენტამ“, თავის დროზე, კუთვნილი ნავთობგასამართი სადგურები დაკარგა და ეს სადგურები კომპანია „გალფმა“ შეისყიდა. აქ იკვეთება სწორედ ის საეჭვო გარემოება, თუ რატომ მოხდა „სენტას“ საბაზრო გაკოტრება და როგორ გადაეცა მისი ბენზინგასამართი სადგურები „გალფს“? „სენტა“ იმ პერიოდისთვის წარმატებით ოპერირებადი ნავთობიმპორტიორი კომპანია იყო და, ზოგადად, მომხმარებელს კარგ სერვისს სთავაზობდა. არგუმენტირებული საბუთები არ გაგვაჩნია და ამიტომ ვერ გავაკეთებ დაზუსტებით განცხადებას, რომ „სენტა“ „გალფის“ ხელშეწყობით გაკოტრდა. როგორც ვიცით, ამ საკითხზე სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს და საუბარია იმაზე, თუ როგორ გააკოტრა „გალფის“ კომპანიამ (კარგად ცნობილია, მის უკან ვინც იდგა) „სენტა“.

_ კიდევ რომელ სფეროებზე მუშაობთ, სადაც მსგავსი კარტელური გარიგებები შეიძლება ხდებოდეს?

_ ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს გაზის, ასევე ყავის შემომტან კომპანიებზე. ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში ყოველდღიურად და კონკრეტული საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტოდან და მოვალედაც მივიჩნევთ თავს, საზოგადოებას მივაწოდოთ ის ადეკვატური ინფორმაცია, რომელიც რეალურად დგას დღის წესრიგში. რასაკვირველია, პარალელურად, საკუთარი ბერკეტებით ვცდილობთ სხვადასხვა სფეროში კვლევის განხორციელებას.

 

გელა მამულაშვილი