იგეგმება თუ არა გაზაფხულიდან „მეხუთე კოლონის“ გააქტიურება?!

2

ადამიანს ენა იმისთვის აქვს, საკუთარი აზრები რომ დამალოს. რაინდი ბიზნესმენის _ ლევან ვასაძის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების გამო ვამბობ ამას. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვასაძემ მიწასთან გაასწორა დასავლეთი და ამერიკა: კიევში სიტუაცია სწორედ მათ არიეს და რასაც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ვიმკით, სულ ევროპის დათესილიაო…

ვერაფერს იტყვი, შეიძლება ასეცაა. მით უმეტეს, რომ ეს აღმოჩენა ლევან ვასაძეს ნამდვილად არ ეკუთვნის. ვასაძემდე არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლეთმა რუსეთის სიხარბეზე გათვალა და უკრაინის პროცესებში შეიტყუა, საიდანაც ამ უკანასკნელს გამოსვლა ძალიან გაუჭირდება, ანუ უკრაინაში საქმე გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ არსებული ტაქტიკური გეგმების განხორციელებასთან. ამიტომაც ვკითხულობ, _ რა საჭიროა ახლა ენის ტარტალი და ვის რაში აწყობს საქართველოში დღეს დასავლეთის ლანძღვა და გინება? ისე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელიაო, რომ ვთქვა, არ იქნება მართალი. რაინდმა კი დაიზღვია თავი, _ არავინ იფიქროს, რომ რუსეთის ინტერესებს ვიცავ, პირიქით, რუსეთში მეც დასავლეთის აგენტს მეძახიანო. დავუშვათ, ასეა და ვასაძე მგზნებარე ანტიპუტინისტი გვყავს, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, _ ამდაგვარი გამოსვლით სწორედაც რომ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. აბა, სხვანაირად, რომელი ჭკუათმყოფელი დაუწყებს ლანძღვას მთელ ევროპას, რომ უკრაინის პროცესები სწორედ მის მიერ არის პროვოცირებული? ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც ჩანს, რუსეთის ლობი საქართველოში გამოცოცხლებას იწყებს.

მეტიც: „ქრონიკა+“-ის დღევანდელი რესპონდენტის, წინააღმდეგობის მოძრაობა `იბერიის~ მეთაურის, ვაჟა წიკლაურის აზრით, გაზაფხულიდან რუსეთი თავის მეხუთე კოლონას საქართველოში მაქსიმალურად აამოქმედებს, რის თაობაზეც გთავაზობთ ინტერვიუს წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელთან.

ვაჟა წიკლაური:

_ ჩვენი ინფორმაციით, როგორც მოსკოვიდან გვატყობინებენ, მარტის დასაწყისიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ანტიდასავლური გამოსვლები იგეგმება. ცხადია, პირველ რიგში, საუბარია სამცხე-ჯავახეთზე, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე კარგა ხანია, ღიად გამოთქვამს პროტესტს საქართველოს ნატოსთან დაახლოების გამო. როგორ და რა ფორმებით აპირებენ ამ გეგმის ამოქმედებას, ცხადია, მოგახსენებთ, მაგრამ მანამდე მინდა, ბატონი ლევან ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ვთქვა რამდენიმე სიტყვა: ცხადია, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ვასაძე კრემლის სურვილებს ახორციელებს საქართველოში. ჩემი აზრით, იგი, უბრალოდ, მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველს ჰგავს, ცდილობს, ხელსაყრელი სიტუაციით ისარგებლოს და საზოგადოების თვალში თავისი რეიტინგი გაზარდოს.

_ ამ ფორმით, ანუ დასავლეთის ძაგებით როგორ მოახერხებს ამას?

_ ვასაძე თამაშობს საზოგადოების ერთი გარკვეული სეგმენტის განწყობაზე და ცდილობს მის მანიპულირებას. ვგულისხმობ იმ ხალხს, რომელიც ღრმად არის დარწმუნებული, რომ საქართველომ არც რუსეთს უნდა გამოუცხადოს თავისი მხარდაჭერა, არც დასავლეთს და მხოლოდ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. იცოცხლეთ, ასე რომ იყოს, ძალიან კარგი იქნებოდა და ვასაძის ჩანაფიქრშიც უზარმაზარი პატრიოტიზმის გარდა ვერაფერს დავინახავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ინფანტილურობა ჩვენს საზოგადოებას ღრმად აქვს გამჯდარი. ხშირ შემთხვევაში ბავშვურად ვაზროვნებთ და ვაფასებთ მოვლენებს. არ გამოვა, ბატონო ლევან, რასაც ამბობ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ, გინდა თუ არა, საქართველო უკვე არის იმ პროცესების ნაწილი, რაც ევროპაში მიდის _ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას ვგულისხმობ. უკრაინამდე საქართველო იყო და არ გამოვა ახლა, თამაშიდან გასვლა მოვითხოვოთ. ეს კაპიტულაციაა. მეორეც: მინიმუმ, შვეიცარიის დონის ქვეყანა მაინც უნდა იყოს საქართველო, რომ მსგავს სიტუაციაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავოს ისე, რომ საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას არანაირი ზიანი არ მიადგეს. ამის საშუალება, მოგეხსენებათ, ჩვენ არ გაგვაჩნია. ასე რომ, გვინდა თუ არა, იძულებული ვართ, დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიმე ამოვირჩიოთ და დავუფიქსიროთ ჩვენი თანადგომა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მესამე ფაქტორსაც.

_ რას გულისხმობთ?

_ მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, რომლებიც, რატომღაც, ივიწყებენ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, თან  დასავლეთის ძაგების ფონზე გვიმტკიცებენ, რომ უკრაინის პროცესები ჩვენი საქმე არ არის და რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ვინმეს ღალატზე და მეხუთე კოლონის წარმომადგენლობაზე რომ არ ვისაუბროთ, ასეთი განცხადებები, მინიმუმ, ამორალურია: არ შეიძლება, მეგობრად მიგაჩნდეს ქვეყანა, რომელმაც ბოლო ოცი წლის მანძილზე რამდენიმე ომი მოგიგო, ქართველების სისხლი აქცია და ტერიტორიები წაგართვა. თანაც, მორალურ მხარეს რომ თავი გავანებოთ, ასეთი პოზიცია არაჭკვიანურიცაა: უკრაინის მოვლენებს საფუძვლიანად თუ შევისწავლით, დავინახავთ, რომ დასავლეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რუსეთის დასჯა! ანუ, ფაქტობრივად, პუტინის რუსეთი განწირულია გარდაუვალი მარცხისათვის, რის შემდეგაც პროცესები ძალიან საინტერესოდ განვითარდება _ შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენი დაკარგული ტერიტორიების საკითხიც მოვაგვაროთ. მე ადრეც ბევრჯერ გითხარით და ახლაც იმ აზრისა ვარ, რომ რუსეთის სახელმწიფოს არავინ დაანგრევს და გაინაწილებს. ასეთი კატაკლიზმური პროცესებისთვის დღეს მსოფლიო არ არის მზად, მაგრამ დასავლეთი ცდილობს, რუსეთი თავის საზღვრებში გამოკეტოს და იმპერიალისტურ მისწრაფებებზე სამუდამოდ ათქმევინოს უარი. მეორენაირად რომ ვთქვა, რუსეთი წასაგებად განწირულ თამაშს თამაშობს უკრაინაში. აი, ეს გახლავთ ჩვენი შანსი და ახლა მე შეგეკითხებით: ასეთ მოცემულობაში რამდენად ჭკვიანური იქნებოდა ჩვენი მოთხოვნა, რომ არათუ გავემიჯნოთ დასავლეთ-რუსეთს შორის მიმდინარე პროცესებს, არამედ დასავლეთის კრიტიკაც დავიწყოთ. ჩემი აზრით, ეს სისულელეა. ყველაფერს აქვს დასასრული. ისე არ მოხდეს, რომ როცა ეს პროცესები დამთავრდება, ჩვენივე პოზიციის გამო ხახამშრალები დავრჩეთ და დასავლეთმა ახლოსაც აღარ გაგვიკაროს. ამიტომ ვამბობ, რომ მსგავსი მცდელობები ევროპის პროცესებთან გამიჯვნასთან დაკავშირებით ან მტრის შეკვეთაა, ან სისულელის გამოვლინება. უფრო რომ დავაკონკრეტო, ერთდროულად ერთიც არის და მეორეც!

_ ისე, ამ ცოტა ხნის წინათ ღარიბაშვილმაც საინტერესო განცხადება გააკეთა მიუნხენში, სადაც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე ისაუბრა.

_ მე ახლა ღარიბაშვილის დაცვას არ ვაპირებ. მაგას და, ზოგადად, ხელისუფლებას იმდენი პრობლემა აქვს, თავის ტკივილად ისიც ნამდვილად ეყოფა, ახალი რომ არ მიაწერონ რამე… მაგრამ თუკი ვინმე ფიქრობს დღეს საქართველოში, რომ ხელისუფლება პრორუსულ გზას ადგას, ეს პოლიტიკური ინსინუაციებია და მეტი არაფერი. მიუნხენში ღარიბაშვილმა ისიც ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოს მკაფიო არჩევანია ევროპული გზა და ეს არჩევანი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, განსაკუთრებით კი რუსეთის წინააღმდეგო. ეს სრულიად სხვა ტიპის განცხადებაა და პირადად მე მიმაჩნია, რომ ძლივს ისწავლეს ჭკვიანური აზრების რაციონალურად გამოხატვა. მხედველობაში მაქვს, რამეს რომ იტყვი და ამას ისე გააკეთებ, რომ ერთს არ აქებ მეორის გინების ფონზე. ყოველ შემთხვევაში, მიუნხენში შემთხვევით გამოუვიდა, თუ წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი, არ ვიცი, მაგრამ ღარიბაშვილმა კარგად თქვა, რომ საქართველოს არჩევანი დასვლეთია და ამ არჩევანით რუსეთი არ არის კმაყოფილი. ამის მიუხედავადაც, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველო მზად არის იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ქვეყანა ევროპული არჩევანის გამო რუსეთთან წააწყდეს: „თუ შევხედავთ უკრაინის ან საქართველოს მაგალითს, როდესაც შენ ახდენ რომელიმე ქვეყნის ოკუპაციას და არ გამოხატავ ამ ქვეყანასთან პოლიტიკურ ნებას პრობლემის მოსაგვარებლად, ძალიან რთულია პრობლემის გადაწყვეტა და მშვიდობის აღდგენა. ჩვენ ყველაფერს ვუძღვნით ჩვენს არჩევანს, ჩვენს ევროპულ გზას. რა თქმა უნდა, რუსეთი ამით არ არის კმაყოფილი და რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ, რომ შესაძლოა წავაწყდეთ გამოწვევებს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის გამო“, _ ასეთი რამ თქვა ღარიბაშვილმა და ახლა მართლა ღრმა „ნაციონალი“ უნდა იყო, რომ ხელისუფლებას რუსული ორიენტაცია დააბრალო. ანუ ამ მხრივ დამშვიდებულები შეგვიძლია ვიყოთ. დღეს არ არის აუცილებელი, აშკარად შევასკდეთ რუსეთს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დავუწყოთ. ამასთანავე, ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პროდასავლურ განწყობას და ვამბობთ, რომ რუსეთის მხრიდან ვერანაირი წინააღმდეგობა ამ ორიენტაციაზე ხელს ვერ აგვაღებინებს.

_ ჩვენ ძირითადი თემიდან გადავუხვით. მეხუთე კოლონის გააქტიურების საკითხით დავიწყეთ საუბარი.

_ რუსეთს დღეს ძალიან უჭირს და აღარ აქვს საშუალება, რომ  საქართველოს წინააღმდეგ რამე ფორმის სამხედრო ავანტიურა განახორციელოს. თუ აკვირდებით, კონფლიქტის ზონებშიც ჩაწყნარდა სიტუაცია და მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზეც უარი თქვეს ამ ეტაპზე. არ უნდათ ზედმეტად მდგომარეობის გამწვავება. ეგ კი არა, ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალიდან გარკვეული სამხედრო კონტინგენტი მოიხსნა და გაიყვანეს. როგორც ჩვენ გვატყობინებენ, აღმოსავლეთ უკრაინის მიმდებარე რუსეთის ტერიტორიაზე ხდება მათი დისლოკაცია. ანუ რუსეთს დღეს არ შეუძლია ერთროულად იბრძოლოს რამდენიმე ფრონტზე, თუმცა არც იმის სურვილი აქვს, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიციები დათმოს. ამიტომ იგი აუცილებლად შეეცდება, ეს ხარვეზი როგორმე გამოასწოროს, რის ბრწყინვალე საშუალებასაც წარმოადგენს პრორუსული ძალების გააქტიურება. საქართველოში ასეთი ძალები რომ არსებობენ, არავისთვის არის დამალული _ ჩვენ ზემოთ უკვე ვახსენეთ ეთნიკური უმცირესობები, რაც კარგი წყაროა მსგავსი ქმედებების განხორციელებისთვის. ეგ კი არა, ქართული პოლიტიკური სპექტრიც კარგად არის წარმოდგენილი პრორუსული ძალებით. ასე რომ, თუკი საქართველოში პრორუსული სექტორი უკანასაკნელ ძალებს მოიკრებს და გარკვეული მოთხოვნებით გამოვა, აქ გასაკვირი და მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს. უფრო კონკრეტულად რომ ვილაპარაკო, სამცხე-ჯავახეთიდან გვაწვდიან ინფორმაციას, რომ იქ გარკვეული ძალები მარტის დასაწყისიდან საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადებიან.

_ ასეთი საშიშროება ყოველთვის იყო, მაგრამ წინასწარ დაანონსებულ აქციებს რეალურად არაფერი მოჰყოლია.

_ საქმე ის არის, რომ ამჯერად სხვა სიტუაციაა. ყოველ შემთხვევაში რუსეთში, ეტყობა, ასეთი რამ აქვთ განზრახული: თუკი დღეს ჯავახეთში უმართავი პროცესები წავა, რომელიც დროში გაწელილი იქნება, ეს რუსეთისთვის იქნება სავაჭრო თემა, რითაც იგი ნიშნს მოუგებს ევროპას, რომ რეგიონში რუსეთის ყურადღების მოდუნებას უმართავი პროცესები მოსდევს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯავახეთზე. იგივე პროცესების დაწყებას ველით მთიან ყარაბახშიც, სადაც ჯერ კიდევ ახალ წლამდე იყო მცდელობა, რომ საომარი სიტუაცია გაეცოცხლებინათ. გახსოვთ, ალბათ, სომხების ვერტმფრენი რომ ჩამოაგდეს. მაშინ რუსებმა პროვოკაცია ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან უკრაინამ წაიღო მათი მთელი ყურადღება. დღეს კი სხვა გზა არ აქვთ და მაქსიმალურად შეეცდებიან სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის არევას. ამიტომ ვამბობ, რომ ვითომ პოლიტიკოსებმა საქართველოში კეთილი ინებონ და  ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს თავი გაანებონ. დიახ, ბატონო, დასავლეთის ძაგება ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლაა და ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. როდესაც თვითონ ქართველები აგინებენ  დასავლეთს და რუსეთს აქებენ, რაღას იზამენ ჯავახეთის ის სომხური დაჯგუფებები, რომლებიც თავიანთ ანტიდასავლურ განწყობას მოსკოვის დაკვეთით არც არასოდეს მალავდნენ? ერთი სიტყვით, ეს სიტუაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა კარგად უნდა გააანალიზონ და შესაბამისი ზომები მიიღონ, რომ ამგვარი სცენარი ავიცილოთ თავიდან.

_ ვაჟა, რამდენიმე სიტყვით სააკაშვილის ახალ თანამდებობაზეც მინდა გკითხოთ. უკრაინაში მრჩეველთა საბჭო ჩააბარეს.

_ ზოგადად რომ შევაფასო, ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების წაყვანას უკრაინაში ისე მტკივნეულად არ აღვიქვამ, როგორც ამას საზოგადოების დიდი ნაწილი აკეთებს. უკრაინა აშკარად საჭიროებს რეფორმებს და ამ მხრივ თუ დახმარებას გავუწევთ, აქ ცუდი არაფერია. მე `ნაციონალური მოძრაობა~ ძალიანაც არ მიყვარს, მაგრამ მათ ჰქონდათ რამდენიმე ისეთი რეფორმა, რაც წარმატებული გამოდგა და მისი დანერგვა უკრაინაშიც  წარმატებებს მოიტანს. მთავარია, იქაც არ დაიწყონ ქუჩებში უდანაშაულო ბიჭების ხოცვა. რაც შეეხება სააკაშვილის პერსონას, ამ შემთხვევაშიც იგივეს ვიტყოდი, ერთი გარემოება რომ არა: რამდენადაც ვიცი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა სააკაშვილზე და ძებნილი კაცის თანამდებობაზე დანიშვნა, მინიმუმ, საქართველოს უპატივცემულობაა პოროშენკოს მხრიდან. წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ჩადის კიევში და იქ სააკაშვილს ხვდება? ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, კურიოზული სიტუაციაა. თუმცა ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როცა ვერაფერს ვიზამთ. როგორც ჩანს, დასავლეთმა მაინც თავისი გაიტანა და მიშა ხელშეუხებელ ფიგურად აქცია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამაზე ახლა ნერვების გაფუჭება არ ღირს. ჩვენ ბევრად უფრო სერიოზული გამოწვევები გვაქვს, რომელთაც მიხედვა და საფუძვლიანი მიდგომა ესაჭიროება. პირველ რიგში ის სცენარი უნდა ავიცილოთ, რაზეც წეღან ვისაუბრე. ამავდროულად, შიდაპოლიტიკური სიტუაციაც უნდა დავალაგოთ, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრებისთანავე საკუთარი ტერიტორიების საკითხის მოსაგვარებლად ვიყოთ მზად.

_ რა ფორმით წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?

_ მე დიპლომატი არ ვარ და ამ შემთხვევაში შემიძლია ღიად ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ: თუკი რუსეთი მარცხს განიცდის აღმოსავლეთ უკრაინაში და იძულებული გახდება, უკან დაიხიოს, ამას აუცილებლად მოჰყვება საომარი კერების გაჩენა ჩრდილო კავკასიაში. ამისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ და მყისიერად უნდა შევიდეთ როგორც აფხაზეთში, ასევე _ სამაჩაბლოში. ამისთვის კი თავდაცვის სამინისტროსა და ქართული არმიის გაძლიერება არის საჭირო. ვიცი, რომ ოპონენტები გამომიჩნდებიან და ერთ ამბავს ატეხავენ ამ განცხადების გამო, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყოველ წუთს უნდა ვიყოთ მზად საკუთარი ტერიტორიების დასაკავებლად. სხვანაირად წართმეულ მიწებს ჩვენ არავინ დაგვიბრუნებს. მით უმეტეს, რუსეთის უკრაინაში მარცხის ფონზე ეს არც თუ ისე შეუსრულებელი სამხედრო მისია იქნება.

 

დავით დევიძე