გიორგი თევზაძე: „სასჯელაღსრულების სისტემაში სახეზეა გარკვეული ნაკლოვანებები!“

1

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამ ბათუმის N3 დაწესებულებიდან განცხადება მიიღო, სადაც პატიმრები მათ გაუსაძლის მდგომარეობასა და აუტანელ ყოფა-ცხოვრებაზე წერენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი თევზაძე, „ქრონიკა+“-სთან აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს მასობრივი ხასიათი აქვს და საპატიმროებში არსებული პრობლემები სახელმწიფოსგან მდგომარეობის კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს.

ბათუმის საპყრობილის პატიმართა წერილს „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ ბათუმის N3 დაწესებულებაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე და ამ დაწესებულებაში ჩვენს გაუსაძლის მდგომარეობასა და აუტანელ ყოფა-ცხოვრებაზე. აქ არ არსებობს აფთიაქი, რომ ვიყიდოთ ელემენტარული ტკივილგამაყუჩებლები, ან სიცხის დამწევი აბები და ა. შ. დაავადებული ვართ უმძიმესი ქრონიკული ავადმყოფობებით. როდესაც ამგვარ პრობლემებზე ექიმს მივმართავთ, უშედეგოა. როდესაც მივმართავთ მთავარ ექიმს, ზურა ორაგველიძეს, რომ გამოიკვლიოს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გვიმკურნალოს, მისი პასუხი ჩვენდამი ცინიკური და დამამცირებელია, გვიცხადებს, რომ თუ მკურნალობა გინდოდათ, გარეთ ყოფილიყავით და იქ გემკურნალათ თქვენივე სახსრებითო. ამ დაწესებულებში ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, _ თავი შეიკავეთ და მოითმინეთ ყველაფერიო, _ ამგვარი პასუხი აქვს ელემენტარულ ვიტამინებზე, თუ ზემოთ აღნიშნულ მედიკამენტებზე. გვეუბნება, რომ მას არ უგზავნიან მედიკამენტების სამყოფ საჭირო მარაგს, რათა ყველას მდგომარეობა გამოიკვლიოს და გვიმკურნალოს, რომ უზრუნველყოს ყველა ავადმყოფი ბრალდებულისა თუ მსჯავრდადებულის სიცოცხლე. ასევე გვინდა მოგახსენოთ, რომ ამ დაწესებულების საკნებში არ მუშაობს საჰაერო ვენტილაცია, რათა საკანში გაიწმინდოს ჰაერი და ვისუნთქოთ ნორმალურად. ამას ემატება ის, რომ საკნის სარკმელი ძალიან პატარაა, ყველა სტანდარტს მოკლებულია. ვერ ვსარგებლობთ ჩვენი კუთვნილი ერთი საათით ჰაერზე გასეირნებით იმიტომ, რომ ადმინისტრაციამ თბილი ტანსაცმელი ჩამოგვართვა, გარეთ კი სიცივეა. საკანში წყალი გრაფიკით გვაქვს. ამ ყველაფერზე სახალხო დამცველს უდევს დასკვნა, რაც ადასტურებს ჩვენ მიერ აღწერილ ყველა ფაქტს, მაგრამ დღემდე არაფერია შეცვლილი. ჩვენი საკვები და ე. წ. დიეტა უვარგისი და დაბინძურებულია. გაუსაძლისი ვითარებაა. აგრესიით გამოირჩევიან ციხის თანამშრომლებიც, გვიწვევენ, რომ შემდეგ პირად საქმეებში საყვედურები დაგვიწერონ, აგვეკრძალოს ტელეფონით სარგებლობა, ხანგრძლივი პაემანი, მაღაზიაში ვაჭრობის უფლება და ა. შ. გთხოვთ, მოახდინოთ რეაგირება, რათა გაგვიუმჯობესდეს სიცოცხლე და, ზოგადად, სასჯელის მოხდა. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩვენი განცხადება, რათა ხმა მივაწვდინოთ საზოგადოებას ყველა ამ უმსგავსობაზე. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ ჩვენი გვარები და სახელები“.

 

რა რეაგირება მოჰყვა ბათუმის საპყრობილის პატიმართა მიმართვას? რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, მსჯავრდადებულთა უფლებების დაცვის კუთხით?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-თან გიორგი თევზაძემ ისაუბრა:

_ ეს მიმართვა ბათუმიდან გუშინ მივიღეთ, პატიმრები საპყრობილეში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობენ, რაც აღმაშფოთებელია. სასჯელაღსრულების სამინისტროს მივმართეთ, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დროული რეაგირება მოახდინონ. მინისტრს ვთხოვთ, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი. ჩვენი ორგანიზაცია ბათუმის საპყრობილეში არსებულ ვითარებას მონიტორინგს გაუწევს. სამწუხაროდ, ეს განცხადება პირველი არ არის და სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან ასეთ მომართვებს მასობრივი ხასიათი აქვს. როდესაც სამინისტროს მივმართავთ, არ რჩება ხოლმე რეაგირების გარეშე, მაგრამ მარტო ჩვენი მიმართვა და საკითხის ერთი კუთხით შესწავლა არასაკმარისია. სისტემა უნდა შევისწავლოთ კომპლექსურად. უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს საკითხი გამოსწორდეს. სამინისტროს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება. ის, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა და ეს სისტემა პირდაპირ პოლიტიკაზე იყო აგებული, ფაქტია, დღეს ასე არ არის, მაგრამ ის, რომ გარკვეული ნაკლოვანებები ხდება და აუცილებელია, მეტი ყურადღება, ფაქტია. ეს პრობლემები სასწრაფოდ ითხოვს ყურადღების მიქცევას!

სასჯელაღსრულების სამინისტროში რეფორმირების პროცესი რომ დაიწყო, ერთ-ერთი მონაწილე მეც ვიყავი. შეხვედრები გვქონდა მინისტრთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, სადაც გავიარეთ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჰქონდა. ეს არის ძალიან ლიბერალური მიდგომები, გათვალსიწინებულია, რომ მინისტრთან იქნება საკონსულტაციო საბჭო, სადაც უფლებადამცველები, რომლებიც წლების მანძილზე ვმუშაობთ პატიმართა დაცვის კუთხით, მივიღებთ მონაწილეობას ამ საბჭოს მუშაობაში, რაც გააადვილებს ჩვენს კომუნუიკაციას მინისტრთან. ეს საბჭო დღეს რომ  ფუნქციონირებდეს, უკვე სხვა ჭრილში განვიხილავდი ბათუმის საპყრობილის საკითხს, მაგიდაზე დავუდებდი მინისტრს ამ წერილს. თუმცა როცა მექნება მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამ და სხვა საკითხებს, რომლებიც პატიმრებს აწუხებთ, განვიხილავთ. არის კიდევ ერთი პლუსი: წინა ხელისუფლების პირობებში ასეთი განცხადებები იბლოკებოდა. ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება ხელს უშლიდა, რომ შიგნიდან სიმართლე გამოსულიყო. სიმართლეს, ძირითადად, პატიმართა ოჯახის წევრებისგან ვგებულობდით. კრიტიკული წერილი, რომელიც ბათუმიდან გამოიგზავნა, ჩვენთან შეუფერხებლად მოვიდა, ისევე როგორც ქსნიდან, რუსთავიდან, თბილისიდან… სისტემა აღარ ბლოკავს ამ ფორმას, მაგრამ არის მეორე, _ რა რეაგირება შეიძლება განახორციელოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ?! ერთი ხელის მოსმით შეიძლება ყველაფერი ვერ გაკეთდეს, მაგრამ უფლებადამცველებთან ერთად შემუშავებული კონცეფცია ამ პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ კოალიციასთან. პროექტს ჰქვია: „ქართული ოცნება _ ჯანმრთელი მომავალი“ და ერთობლივად ვაპირებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას, ანუ კომპლექსურად შევისწავლით პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას და გარკვეული სახის დახმარებებს გავუწევთ. ამის შესახებ უკვე მივმართეთ სასჯელაღსრულების სამინისტროს, დეპარტამენტს, ჩვენი ინიციატივა მოიწონეს და უახლოეს დღეებში ვგეგმავთ პირველივე აქციის განხორციელებას.

ასევე მინდა აღვნიშნო მე-7 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა, რომელიც არ ჯდება არც ერთ სტანდარტში და დასახურია. ეს საკითხი დავსვით მინისტრის მოადგილის, კახა კახიშვილის წინაშე, რომელმაც ბრძანა, რომ ფიქრობენ ამ საკითხზე. მისასალმებელია, მაგრამ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. ამ საპატიმროშია, მაგალითად, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდადებული დათო მანავლიშვილი, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ რა დანაშაულზე ზის და ვის რა წარსული აქვს, პატიმრის უფლება უნდა იყოს დაცული, რომელიც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ!

_ მოშიმშილე პატიმრებზე რას იტყვით? ხელისუფლებამ უარი თქვა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე, არის რამე შანსი, რომ ამ პატიმართა საქმეები გადაიხედოს?

_ რუსთავის მე-6 და თბილისის მე-8 დაწესებულებაში 84-მდე პატიმარი შიმშილობს. მოთხოვნაა, მათზე გავრცელდეს ამნისტიის ყველა ნორმა, მათ შორის, 2012 წლის ამნისტიის კანონი და საშეღავათო რეგულაციები, რაც დადგენილია დანარჩენ მსჯავრდადებულთათვის, ანუ როდესაც მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ, იქ, რატომღაც, გამორჩათ, თუ არ გაითვალისწინეს, უვადო მსჯავრდადებულთათვის დათქმა ყოფილიყო და ვადა შემცირებულიყო. ამნისტია ყველას შეეხო, მაგრამ არ შეეხო ამათ. უფრო სწორად, შეეხო, მაგრამ უვადო პატიმრობა დარჩა. კანონში ასეთი ლაფსუსი აღმოჩნდა. მოშიმშილეთა მოთხოვნაა, გადაიხედოს მათი საქმეები, რადგან უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ თავს. ამ საკითხზე პატიმართა ოჯახის წევრები აპირებენ, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მიმართონ და როგორც ჩემთვის ცნობილია, საპროტესტო გამოსვლებსაც გეგმავენ კანცელარიის წინ, რათა ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას.

ამ პრობლემის დარეგულირების მიზნით, ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, რომ ადეკვატურად მისდგომოდა პრობლემას. პრობლემა ვერ გადაიჭრება მისი დროში გადავადებით! ამ პრობლემას ესაჭიროება სათანადო ანალიზი და დარეგულირება, რასაც ვერ ვხედავთ! საყურადღებოა ისიც, რომ დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, არ შეიძლება იყოს მსჯავრდადებულებთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომები! ხელისუფლებამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილოს. ამ კუთხით ჩვენც შეგვიძლია ჩავერთოთ ხელისუფლებასთან დისკუსიებში, წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები _ რა კონკრეტული მექანიზმები შეიძლება შემუშავდეს. სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ინფორმაცია უკვე გააჟღერადა. ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიწყეს საუბარი. თუ მთავრობის ხელმძღვანელი რაღაც საკითხს წამოსწევს, მერე აჰყვებიან ხოლმე, მანამდე, რატომღაც, ყველა ჩუმად არის. ძალიან ცუდია, წინადადება ქვემოდან უნდა მოდიოდეს, ხალხი იმიტომ ირჩევს პარლამენტში დეპუტატს, რომ მათზე უნდა იფიქრონ. აუცილებელია, რომ შეიქმნას ხარვეზების დამდგენი კომისია. მით უმეტეს, ეს გახლდათ ამ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, ხალხმაც სწორედ ამ დაპირებებს მისცა ხმა, რომ გადაიხედებოდა სისხლის სამართლის საქმეები, უკანონოდ ქონებების ჩამორთმევა, რაც მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების პირობებში. თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, უნდა დავიწყოთ რეალურად, მარტო დეკლარაციის დონეზე კი არა! და, საერთოდ, თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ეს უნდა დაიწყოს 1992 წლიდან, როდესაც პუტჩისტებმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს და კანონიერი ხელისუფლება დაამხეს. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება. როდესაც ქონების ჩამორთმევა ხდებოდა, პროკურორი თუ მოსამართლე თავის ქმედებას საქართველოს სახელით ახორციელებდა, ანუ ამ ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო. თუ ქონება გასხვისებულია, უნდა დაუბრუნდეს პატრონს და მერე კომპენსაციებთან დაკავშირებით, ისევ სახელმწიფომ იზრუნოს.

როგორც ჩემთვის ცნობილია, უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც პატიმართა წამებებთან დაკავშირებით იმუშავებს. კომისიაში შევიდნენ პარლამენტის წევრები და ძალიან კარგია, თუ ამ კუთხით რეალურად იმუშავებენ და არა ფორმალურად! დავიღალეთ ამდენი ფორმალური მიდგომებით, რეალობა აინტერესებს საზოგადოებას, უფლებადამცველსაც და ყველას… რეალურად უნდა დაიდოს შედეგები და არა ისე, წინა ხელისუფლების დროს, ადვოკატები, როდესაც პროკურატურაში შუამდგომლობით შევდიოდით, ვითხოვდით ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას მსჯავრდადებულის მიმართ და მოგვდიოდა პასუხი, _ უარი გეთქვათ დაუსაბუთებლობის გამოო. რატომ არის დაუსაბუთებელი? რა მტკიცებულებებს ეყრდნობა გამოძიება? რატომ შეაფასეს ასე? ამას არ აქცევდნენ ყურადღებას, ეს იყო აბსურდი. თუმცა რა უნდა აეხსნათ, რაც არ იცოდნენ? ისინი ხომ, ფაქტობრივად, იღებდნენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ზემოდან ეუბნებოდნენ. პროკურორები პროცესზე ისე მოდიოდნენ, საქმე წაკითხულიც კი არ ჰქონდათ და მოსამართლეები თვალებში შესციცინებდნენ. ეს მიდგომები დღეს ნამდვილად შეიცვალა, სასამართლო ნელ-ნელა თავისუფლდება ამ მარწუხებისგან. წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ასევე, როდესაც პროკურატურა აღარ იქნება დომინანტი და მართლმსაჯულების პოლიტიკას შეიმუშავებს არა პროკურატურა, არამედ _ პარლამენტი. როგორც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და სისხლის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე, ვესწრებოდი ამერიკის საელჩოს ინიციატივით მოწყობილ შეხვედრას ამერიკის ფედერალურ მოსამართლეებთან და ევროპის მოსამართლეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც პროკურატურის, ისე მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები, გვქონდა მსჯელობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და დავინახე ერთი რამ, რომ მოსამართლეები მოწადინებულები არიან და ცდილობენ, მარწუხებიდან დააღწიონ თავი. სხვათა შორის, არც პროკურატურა ცდილობს ჩაეჭიდოს რამეს. შეხვედრაზე დაისვა ასეთი კითხვა, _ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკას ვინ ამუშავებს? და უცბად პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, _ ჩვენო. ამერიკის ფედერალური და ევროპელი მოსამართლეები გაოცებულნი დარჩნენ. ადვოკატებმა დავასაბუთეთ, რომ ეს იყო არასწორი მიდგომა და წინა ხელისუფლებიდან მოდიოდა. მათაც აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საქართველოს პარლამენტი, ისევე როგორც ამერიკაში _ კონგრესი და შემდეგ ამას უნდა ახორციელებდეს, როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო. პროკურატურა, რა თქმა უნდა, დასახავს იმ პოლიტიკას, რაც მის სისტემას აწყობს. ასეთ დროს კი ბევრი კითხვის ნიშანი ისმის.

 

თამარ ბატიაშვილი