ნუდისტური ქოცაგონია

11006117_10205240516187864_421864737_n

პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა და ბრძანა: „დიდი ხანია ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა ეფექტურად მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ“. ნოუ-ჰაუო და აქ ისეთი ჰაუ-ჰაუ და ისტერიკა ატყდა, ყველა ჭეშმარიტმა ქოცმა ქოშები ყარა _ მარჯვენა წაღმა, მარცხენა _ უკუღმა.

მარტო ქოშისყრასა და „ტუფლ-ტრუსიკიდან“ ხტომას რა უჭირდა, ტანზე შემოხევას მიჰყეს ხელი _ სახეზეა ქოცაგონია ტანზე შემოხევით _ ნუდისტური ქოცაგონია… ტანზე იხევს უკლებლივ ყველა, ქოცამომრჩეველიც და თავად ქოცებიც _ რიგითნი და ზეპურნი. დგანან და მოსთქვამენ, დასტირიან უკრაინას, _

ესეც მორიგი შეცდომაო, იმედია, მალე მიხვდებიან შეცდომას უკრაინელებიო, _ გოდებს ერთი, _ პოროშენკო ყველაფერს აკეთებს, რომ დაასუსტოს უკრაინაო, _ ვიშვიშებს მეორე, _ დაღუპავენ ესენი უკრაინას! _ ლამისაა, წნევამ გლიჯოს მესამეს, მეოთხე იმედს იტოვებს, რომ მალე მოშორდებიან უკრაინას ეს „არაკაცები“…. რა გრჯით, რა გაგიჟებთ ან თქვენ, ან თქვენს არჩეულ ბობოლა ქოც-ლიდერებს?  აგერ ანი მიროტაძემ დალალები დაიშალა და სახე დაიხოკა, სულ არასწორი ეძახა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. მაგათი სააკაშვილი, ადეიშვილი, ზღულაძე და სხვები ვერ გაართულებენ საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობას, მაგრამ გარკვეული უხერხულობა არის და „ალბათ ამაზე პასუხი აქვს ბატონ პოროშენკოს და იმედია, ამ პასუხს მივიღებთ“.

პასუხს ითხოვს ანი… მაგრამ იქვე განმარტავს, _ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პასუხს ვითხოვ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელიო. აბა, როგორ ითხოვს? როგორ და ჩამოთვალა: „როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს მაინტერესებს, რა ნიშნით შეარჩიეს იგი?“

და აკი როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი არ ვითხოვ პასუხსო? მოკლედ, მართლაც რომ აგონიაშია და გაჰკივის, _ არ შეიძლება, ასეთ კაცს ჩააბარო რაღაცის მართვაო.

უკრაინის ბედზე დარდობს ქალბატონი ანი (სულ ასეთი დარდიანი არ გეგონოთ, რაღაც არ მახსოვს, ამდენი იმაზე ედარდოს, უკრაინას რომ ბომბავს რუსეთი და მიწებს რომ აგლეჯს) და ამ დარდმა ისე დარია ხელი, წაღმა-უკუღმა ნასროლ ქოშებს რა აპოვნინებს? აგერ, ბესელია მორბის და მოგვკივის, _ უკრაინა და უკრაინელი ხალხი არ გვემეტება ცუდისთვისო. ბესელიას უკრაინა არ ემეტება, ლიუუუუდიიი… აგერ, ზაქარია ქუცნაშვილი ისეთ დღეშია, თმას ბღუჯა-ბღუჯა იგლჯეს და შეიძლება ხვალ ჯონდი ბაღათურიასავით ან ნიკა მელიასავით გამოგვეცხადოს. ცალკე იმან გადარია, მის მისწრაფებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე მისი თანაპარტიელები რომ აღუდგნენ წინ, ცალკე პრეზიდენტზე ბრაზობს, უთქმელად ბიძინა ივანიშვილზე (რომელიც არ იმეტებს ამ სკამსა თუ სახელოს ზაქარიასთვის) და ვის ეცა ზაქარია? _ ისევ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენთვის, ვინც ქართველი ხალხის მხარდამხარ ვიბრძოდით, საქმიანობის შეცვლა არ შეიძლება და ვისთვის შეიძლებაო? _ სვამს კითხვას და თავადვე პასუხობს: „სააკაშვილისთვის, ხო? რომ შტატგარეშე მრჩევლად დანიშნეს უკრაინაში. მისთვის ყველაფერი შეიძლება _ შეიძლება პრეზიდენტობაც, პარლამენტში შევარდნაც, ბრალდებულობაც, შტატგარეშე მრჩევლობაც და ჩვენთვის არაფერი შეიძლება“.

ზაქარია მართლაც რომ აგონიაშია, ჯერ იყო და ამ რამდენიმე დღის წინ მესამე პირში დაიწყო საკუთარ თავზე საუბარი, _ ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებასო… მოდი და ნუ ეტყვი მუდამ „სიმართლის მთქმელ“ ზაქარიას იქით სიმართლეს. იმას, რომ მესამე პირში მხოლოდ ინდიელები საუბრობენ საკუთარ თავზე, როცა სხვა _ არაინდიელი მესამე პირში იწყებს საკუთარ თავზე საუბარს, ეს იმის დასტურია, რომ ფსიქიკაში რაცხა ფინთი პროცესები მიდის. ფსიქიკას გაუფრთხილდი, ზაქარია, ნუ გადააყოლებ ნურც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არდანიშვნას და ნურც მიშას დანიშვნას…

ჯერ ერთი, ვინც შენ მაგის ნებას არ გაძლევს, იმას არც მრჩევლად დაუნიშნია მიხეილი, არც პრეზიდენტად გაუყვანია მარგველაშვილივით, არც პარლამენტში შევარდნილა მისი გაქეზებით, ვინც შენ მაგ სკამს არ გაძლევს, მისი დამსახურება, რაც ჩამოთვალე იქიდან, მხოლოდ ისაა, რომ მიხეილი ბრალდებულია. ოღონდ ამაოდ ბრალდებული და ე მაგ თქვენი პროკურატურის ღაღადსა და ე მაგ თქვენ მიერ მოთხოვნილ „წითელ თუ ჟოლოსფერ ცირკულარით ძებნას“ არავინ ისმენს. აგერ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი ღიად და დაუფარავად მოუწოდებს ინტერპოლს, რომ არ დააკმაყოფილონ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა სააკაშვილის ძებნასთან დაკავშირებით. ნურც ეს გაოფლიანებთ და შეეგუეთ იმას, რომ დედამიწაზე რუსის მეტი სააკაშვილის დამჭერი არავინაა, შეეგუეთ მის დაწინაურებასაც და კიდევ, იცით, რას? _ ის, რაც იუპიტერს ეპატიება, არ ეპატიება რიგით მოკვდავს. პოლიტიკაში იუპიტერები თავად ხდებიან პოლიტიკოსები, თვითონ მოიპოვებენ იმ უფლებებს, რასაც ახლა თქვენ თქვენი ბატონი არ გაძლევთ და გაწბილებული დგახართ და მიშას კბენთ ისევ. ისე, მიშას საშტატო განაკვეთის რკვევას სჯობდა, ის განგემარტათ საზოგადოებისთვის, _ მიშას დროს „კუდთან“ როგორ თანამშრომლობდით _ შტატით, ტაშტით?..

თქვენც აგონიაში ხართ და თქვენი ბატონიც არანაკლებ დღეშია. დგას და დარდისგან ლამის ჭარხლის წვენზე გადავიდეს, _ ჩვენ სააკაშვილისა და ადეიშვილის ხელწერა ვიცით და ემანდ მაგათი ხელწერა საქართველოსა და ქართველობას არ დაგვბრალდესო. თურმე, 11 საათამდე თვალს რული არ ეკარება იმაზე დარდით, სააკაშვილმა და ადეიშვილმა აქედან კი გაასწრეს, მაგრამ უკრაინას შეიძლება ვერ გამოასწრონო. ესო ერთმა მეგობარმა მითხრა და ძალიან მომეწონა ეს ფრაზაო. ის აღარ დაუკონკრეტებია, მისი მეგობარი კრემლის რომელ ფლიგელში ზის… დგას და ისევ იმ ჩვენებას აწვება, რომ: „ის ტრაგედია, რაც 2008 წელს მივიღეთ, მის შეცდომებში ზის. ძალიან დიდი წვლილია იმ ტრაგიზმში, რაც საქართველომ გადაიტანა 2008 წლის ომში. და ამ დროს, როდესაც ეს კაცი იქ მრჩევლად აჰყავთ, რა თქმა უნდა, სახიფათოა ეს ყველაფერი. სახიფათოა მრავალმხრივ“.

რა უნდა თქვა, როცა ტრაგედია შეცდომებში გიზის? ეს მამაძაღლი ტრაგედია კურდღელია და შეცდომები ბუჩქებია, რომ იქ გეჯდეს? არ სჯობია, შენს სავალალო ქართულს დასტირო ცრემლითა ცხარითა? მაგრამ სად სცალია ქართულზე სადარდებლად, უკრაინას დარდობს: „ჩვენ განვიცდით უკრაინულ სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ბედს, პერსპექტივას და ჩვენ გვინდა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ასეთი კაცის მრჩევლობა, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ძალიან ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ. მე რაც შეიძლებოდა მძაფრი ანალიზი გავაკეთე“.

ჩააანალიზა, ჩასჭრა-ჩააქარაბაკა და… და ის, რომ ჩვენმა საგარეო უწყებამ იცით, რა ქნა? _ უკრაინის ელჩი ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად. თავის მხრივ კი ჩვენი ელჩი უკრაინაში მოისმენს იქაური უწყებების  განმარტებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით.

მაინც, როდემდე არ მოისვენებთ, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრადაც „ნაციონალს“ არ დაგინიშნავენ? რა ვერ გაიგეთ, ეგ თქვენი „კომპეტენტური“ ბოღმა იქ არავის აინტერესებს! სახელმწიფო აქვთ ასაწყობი და სულ „სგუშჩონკაზე“ ჰკიდიათ ეგ თქვენი გესლი. და მაინც, რატომ გიჟდებიან ქოცები ასე ამ დანიშვნებით? მარტო დანიშვნები, ცხადია, ვერავის ჩააგდებდა ასეთ აგონიაში. ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო _ ხალხმა მიხვდა, რომ დიდი ჭორვილული აფერის მსხვერპლი აღმოჩნდა _ არც „უფასო ფული“ მნისცა ვინმემ, არც კრედიტები გაუნულა, არც გადასახადები გაუნახევრა, არც პენსია გაუორმაგა, პირიქით _ ლარმა აიწყვიტა და გაიქცა, გაიქცა და უკან გაეკიდა ფასები… ვერც გახმაურებული მკვლელობები გამოიძია ვინმემ, პირიქით _ ძველ გამოუძიებელს ახალი გამოუძიებლები მიემატა და მიემატა. აგერ, მიშას დანიშვნის წინა დღეებში ჟვანიას საქმესაც აეხადა ფარდა და მიშას „ნასროლი საფერფლე“ დასვრილ ზეწრად იქცა… ისევე როგორც, თავის დროზე, ცოცხების კადრებიდან ბოლოს რეალური მარტო კარანტინის კადრები შერჩათ და ყველა სხვა ბედუკაძის სარეჟისორო ფანტაზიის გაქან-გამოქანება… ხალხი მიხვდა, რომ აჭამეს… მიხვდა ის, ვისაც მიხვედრა უნდოდა, ვიღაც თავს უჯიუტდება, კატასავით ზურგზე არ ეცემა… ცხადია, სწორედ ამ ფონზე, როცა ამ მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს და ერთი იმასღა ებღაუჭება, რომ „ნაცები“ სისხლისმსმელები იყვნენ, ცხადია, სახიფათოა, როცა იმ სისხლისმსმელებს და „დამანგრევლებს“ იმხელა ქვეყანაში „პრარაბებად“ და არქიტექტორებად იწვევენ. ჯერ ერთი, რომ ვისაც საღი აზრი შერჩენია, მარტო აქედანაც მიხვდება, რომ აქ აგორებული შავი პიარი, თორემ „ნაციონალები“ გასაყრელები არ ყოფილან და მერე იმასაც ნახავენ, როგორ ააწყობენ „ნაცები“ იქ ქვეყანას… ამიტომაც არიან გაავებულ-გაკაპასებულნი.

ამ ყველაფერს რა ერთვის? ჯერ ღარიბაშვილმა აღიარა, რომ არცთუ ისე დალხენილი წელი გველის. ივანიშვილი, რომელიც აქამდე გვიმტკიცებდა, რომ ლარი ჯანმრთელად იქცევა, ახლა გამოდის და გულამოსკვნილი გოდებს, რომ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, რომ ლარზე ამ სუსტი ეკონომიკის პირობებში ადვილად ახდენს ზემოქმედებას გარემოვლენები. მოკლედ, რასაც აქამდე ჯანმრთელობას ეძახდა, ახლა გარემოვლენების მავნე ზემოქმედებად მოგვყიდა. ექსპორტის შემცირებაც აღიარა და ტურიზმის შემცირებაც. ტურიზმის შემცირების ორი მიზეზიც დაასახელა, ერთი ობიექტური _ ეკონომიკური დაღმასვლა… და მეორე: „გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ძალიან ბევრ ქვეყანასთან გაამკაცრეს სავიზო რეჟიმი. შეიძლება ჩემი წვლილიც იყოს ამ შეცდომაში, ეს ჩემს დროს თუ დაიწყო, არ დამიკონკრეტებია, როდის მოახერხეს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებულია და მე ვფიქრობ, აქაც გარკვეული გადაცდომები იყო გაკეთებული“.

ჯერ იმ პირველ ობიექტურ მიზეზზე: აკი, მესამე კარგი წელი იქნებაო? ახლა გვეუბნებით, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს? და რაც შეეხება ვიზების გამკაცრებას, მაგაზე არ ყვირიან ამდენი ხანია „მავნებელი“ „ნაციონალები“? ახლა აღმოჩნდა, რომ შეცდომაა? ახლა არკვევთ, როდის მოახერხეს? და ოპოზიციაში გადასული ფანჯიკიძე და საგარეო რა შუაშია მანდ, როცა ეგ კანონი წულუკიანის „ნათელი“ გონების პირმშოა და მაგ თქვენმა პარლამენტმა 3 მოსმენით მიიღო? თქვენი ჩოხიანი დეპუტატები არ გაჰკიოდნენ, _ აბა, ის იყო კარგი, ვისაც გაეხარდებოდა, ყველა რომ შემოდიოდა და გადიოდაო? ახლა აღმოჩნდა შეცდომა? ან ყველგან შეცდომები, ამდენი შეცდომა რა უბედურებაა? ეს თითზე კბენები და აღიარებები ვჭამოთ? ან დაგრჩათ საღი _ უკბენი თითი?

და უკრაინაზე დარდსა და იმაზე დარდს, სააკაშვილმა შეიძლება უკრაინას ვერ გამოასწროსო, არ ჯობია იმაზე იდარდოთ, რომ თქვენ არ გაგიხდეთ აქედან გასასწრებად საქმე ადრე და მალე? თუ სწორედ ამაზე დარდობთ თქვენც და თქვენი ხელქვეითებიც და ამიტომაცაა ეს აგონია და ტანზე ხევა დიდად შესარგი?

 

რეზო შატაკიშვილი