ხაშურლები თბილისში საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ

daefg

„ხაშურლები იმ ზომამდე მივედით, რომ ხალხი დავრაზმოთ და კანცელარიასთან გავაპროტესტოთ ვალერი გელაშვილისა და გამგებელ გურასპაშვილის მიერ ხაშურის ბიუჯეტის უაზროდ ფლანგვა. თქვენს გაზეთში არაერთხელ დაიწერა, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის კლანმა მთელი რაიონი გადაჭამა, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ აქვს“, _ ასე იქადნებიან ხაშურის რაიონის მცხოვრებლები „ქრონიკა+“-სთან საუბრისას. მალე რამდენიმე ათეული ხაშურელი საპროტესტო ტრანსფარანტებით შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის რეზიდენციასთან ვიხილოთ.

ხაშურელთა არაერთგზის თქმით, რაიონში საერთოდ არაფერი კეთდება. მხოლოდ სამად სამი ქუჩა გაკეთდა და გააჩერეს ყველაფერი. პრობლემები აქვს არა მარტო ხაშურს, სოფლებში კიდევ უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქუჩები ტალახითაა აზელილი, ავდარში აქ გავლა შეუძლებელია; სტადიონი და სპორტული მოედნები გაპარტახებულია. არადა, ამბობენ, თავიდან, როცა ახალი გამგებელი მოვიდა, ხაშურში მართლაც დაიწყო ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, გამგებელი გურასპაშვილიც გადაიბირა ვალერი გელაშვილის ხალხმა, რის გამოც თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დაინიშნა, რომ მოსახლეობა შოკშია. დიახ, ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებენ.

აი, ბრალდებათა ჩამონათვალიც: ხაშურში ყველა სფეროში ფულის კეთდება; არაფრის მაქნისები არიან; ოპოზიცია ნაყიდი ჰყავთ საკრებულოში; „ოცნების“ დეპუტატები საკრებულოში საერთოდ არაფერს აკეთებენ _ რასაც შეჰპირდნენ ხალხს, არაფერი შესრულებულა. ეგ კი არა, რაც იყო გაკეთებული, ისიც ინგრევა. პატრონი არავინაა… მოკლედ, სერიოზული ბრალდებებია, მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა ის არის, რომ ყურსაც არავინ იბერტყავს. შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, უბრალოდ, ჩირქს სცხებენ და პოლიტიკურად მომაკვდინებელ ცოდვებში უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ. იქნებ, ასეცაა? გამორიცხული არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა მთელი რაიონი ამ პრობლემებზე ლაპარაკობს, ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, _ ვაიდა, ხაშურსაც ჰყავს თავისი „ბოდოკიები“? თანაც, როდის იყო, ცილისმწამებლები კანცელარიის წინ აქციებს აწყობდნენ?..

არადა, ელემენტარული საკითხების მოგვარებაც კი უძნელდებათ ადგილობრივ ხელისუფალთ. გაგარინის ქუჩაზე მდებარე სტადიონი, სადაც ცხრა კორპუსის მცხოვრები ბავშვები ვარჯიშობდნენ, ისე გაპარტახდა, რომ სტადიონზე ფეხბურთის თამაში კი არა, გავლაც შეუძლებელია. „ქრონიკა+“ უკვე წერდა ამ პრობლემაზე, მაგრამ მის გამოსწორებაზე არავინ იზრუნა. ეტყობა, არ ადარდებთ ადგილობრივ ჩინოვნიკებს, რა იწერება მათზე, არადა, თავი რომ შეიწუხონ და ცოტა ფული დაახარჯონ სტადიონების რეაბილიტაციას, ბავშვები ბირჟებზე აღარ დადგებოდნენ და ბურთის დევნის ნაცვლად სიგარეტისკენ არ გაექცეოდათ ხელი. თუმცა ეს მხოლოდ სურვილია, რადგან, ხაშურლების თქმით, აქ ქალაქს არ ჰყავს პატრონი, ხოლო გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს რომ ჰკითხო, ყველაფერს აგვარებენ ხაშურში, რეალობა კი სხვაა. ადგილობრივები თავიანთ საკრებულოსაც ძალიან ემდურიან და ამბობენ, რომ საკრებულოს დეპუტატები საერთოდ არაფრის მაქნისები არიან არც ოპოზიციიდან და არც `ოცნებიდან~, მარტო ხელფასებსა და პრემიებს იჯიბავენ. ამ დროს კი სწორად გაწერილი ბიუჯეტით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, თუმცა იმდენად არაკომპენტენტური კადრი ჰყავთ დასაქმებული, რომ თავს ვერ ართმევენ ვერაფერსო.

ცოტა ხნის წინათ ერთი ჩინოვნიკი შეგვხვდა ხაშურის გამგეობიდან და გვითხრა, რომ გაზაფხულიდან იგეგმება რამდენიმე კარგი პროექტის გაკეთება. მაგალითად, რაიონის ცენტრში შადრევანთან მდებარე სკვერის განახლება, სოფელ ქვიშხეთსა და ხაშურში ჭალის უბნების ქუჩების მოხრეშვა, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოასფალტება, სადაც უამრავი ბავშვი დადის ტალახში, სტადიონების რეაბილიტაცია, ოქტომბრის ქუჩის კეთილმოწყობა სურამის ტბამდე და ა. შ. ძალიანაც კარგი. თუ ეს ყველაფერი გაკეთდა, ხაშურლებსაც არაფერი უნდა ჰქონდეთ საპრეტენზიო ხელისუფლების მიმართ… მაგრამ „აღდგომა და ხვალეო“, გაზაფხულიც, აგერ, კარზეა მომდგარი. ვნახოთ, როგორ შეასრულებენ პირობას. ფაქტი კი ის არის, რომ ასეთი დაპირებები ადრეც არაერთხელ გაუკეთებიათ, მაგრამ მას რელურად არაფერი მოჰყოლია. მოკლედ, ამ ერთხელაც დავუჯეროთ და იქნებ, გაზაფხულიდან მართლაც ეშველოს რაიონს. მთელი ხაშურიც ასევე ელოდება ამ დაპირებული ქუჩების, სპორტული მოედნებისა და სკვერის რეაბილატიციას, თუ არადა, იმუქრებიან, რომ თბილისში ჩამოვლენ და მანამდე არ შეწყვეტენ აქციებს კანცელარიასთან, ვიდრე რაიონის  ხელისუფალნი თანამდებობებს არ დატოვებენ.

ისე, პროგნოზების კეთება სახათაბალო საქმეა და არავინ იცის, ამ ორი ვარიანტიდან რომელი გამართლდება. თუმცა ხაშურლების უმეტესობა ფიქრობს, რომ დაპირება ამჯერადაც შეუსრულებელი დარჩება. პირველ რიგში, ვალერი გელაშვილის იმედი არ აქვთ. კაცმა რომ თქვას, ამ უნდობლობას საფუძველი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ხაშურში ძალიან ეწყინათ, რომ დეპუტატი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის, თამაზ სუხიაშვილის სამძიმარზე არც კი მივიდა სოფელ ცხრამუხაში და დაღუპულის ოჯახის ნუგეშისცემაც არ იკადრა. არადა, არჩევნებზე სწორედ სოფელ ცხრამუხაში ლამის დაუჩოქა ხალხს, _ ხმა მომეცითო და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებიო. კიდევ კარგი, უკრაინაში დაღუპული მეომრის დაკრძალვაზე გამგეობის წარმომადგენლები იყვნენ მისულები და ამით ხელისუფლებამ ნამუსი მოიწმინდა. მხოლოდ ვალერი გელაშვილი არ მივიდა არც სამძიმარზე და არც გასვენებაზე. _ ეტყობა, ქვეყნის ბედს წყვეტდა სადმე, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ, ან კიბერნეტიკულ სფეროში იყო გადავარდნილიო, _ ხუმრობენ ხაშურლები. ხუმრობა იქით იყოს და სწორედ იმ პერიოდში იყიდა მეცნიერებათა აკადემიისა და კიბერნეტიკის ინსტიტუტის მიწები. მოკლედ, არ ენდობიან თავიანთი დეპუტატის დაპირებებს ხაშურლები. `ქრონიკა+~-თან საუბარში იმასაც ამბობენ, რომ გელაშვილი და მისი ხალხი ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში მოსახლეობას დამეწყრილი გზის აღდგენას დაჰპირდნენ. ცნობილია, რომ ეს სოფელი მეწყერსაშიში ზონაა და განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. თურმე ერთი მილი მიიტანეს და დააგდეს ორი წლის წლის წინათ საარჩევნოდ… მას მერე ვალერი გელაშვილი ვაყაში აღარავის უნახავს. არადა, ამ სოფლის მოსახლეობა პირველ რიგში საჭიროებს ყურადღებას, რადგან მათ სერიოზული საფრხე ემუქრებათ: ,,პატრონი არავინაა, არც მომკითხავი. ხაშურის ყველა სოფელში უამრავი პრობლემაა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები და დეპუტატი გელაშვილი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, ხალხთან აღარც კი ჩნდებიან. სამაგიეროდ, პრემიები დიდი აქვთ და ხალხის ფულები საკუთარი კეთილდღეობებისთვის არ ენანებათ!“ _ ამბობენ „ქრონიკა+“-თან საუბრისას სოფელ ვაყის მცხოვრებლები.

კიდევ ერთი პრობლემაც, რომლის მოგვარებას არა და არ დაადგა საშველი _ ხაშურში არის ორი ავტოსადგური: ერთი რკინიგზის სადგურთან, მეორე კი _ პოლიციასთან, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს კიდევ ბორჯომის მიმართულებით წამსვლელების სადგური ბაზართან, იქვე დგას სოფლების მიმართულებით ბაზრიდან გამსვლელი ავტობუსები. აქედან ექვსი სოფლისკენ გადის ტრანსპორტი; ასევე არსებობს „ლუკოილთან“ განთავსებული „მინივენების“ ავტოსადგური; ამავე ადგილიდან გადის ტრანსპორტი ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით. მოკლედ, ყველა ეს ავტოსადგური ისე ფუნქციონირებს, რომ სახელმწიფოსგან არავითარი კონტროლი არ არსებობს. პირველ რიგში ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზეა საუბარი, რომლებიც ძლივსღა დადიან. ტრანსპორტი ყველა გაზზეა და ხალხი ბომბებზე ზის. ჩამოთვლილი ავტოსადგურიდან ბილეთები მხოლოდ ერთგან იყიდება, დანარჩენი ფული ჰაერში, უფრო სწორად, მავანთა ჯიბეში მიდის. თავისი „სტაიანშჩიკები“ ჰყავს კერძო კომპანიას და ისინი კრებენ მძღოლებიდან ფულს, თუმცა არანაირი აღრიცხვა არ არსებობს, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტი სერიოზულ თანხებს ზარალობს. ხაშურლები ვარაუდობენ, რომ ამ საქმეშიც ვალერი გელაშვილისა და მისი კლანის ინტერესები იკვეთება, რომლის გავლენა ხაშურში დღეს ზენიტშია და ძლიერების იმ ფაზაში იმყოფება, როცა არავის და არაფრის შიში აღარ არსებობს. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ხაშურლებს ასეთი არგუმენტი მოჰყავთ: საუბარია ისტორიაზე, თუ როგორ გაიყვანა ვალერი გელაშვილმა ორი ადამიანის მკვლელი მამუკა ხაჩიძე ხაშურის რაიონის გამგებლად ადგილობრივ არჩევნებამდე. საქმე ის არ ის, რომ ხაშურში ბავშვმაც კი იცის, რომ ორი ჯარისკაცი შეიწირა მთვრალმა ხაჩიძემ. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ის თავისი ხელმძღვანლის, „სუსის“ გორის სამხარეოს მაშინდელი უფროსის, გოგა ხუხუას დაბადების დღიდან მოდიოდა. ხუხუასა და გელაშვილის წყალობით მთვრალი ხაჩიძე ფხიზლად გამოიყვანეს, ექსპერტიზები გააყალბეს და მკვდრები გაამტყუნეს. ამბობენ, რომ ვალერი გელაშვილმა 50 ათასი ლარი გადაიხადა და საქმე ჩაფარცხა. ამის მერე, გამგებლად რომ ამუშავა, ვალერი გელაშვილმა აშშ-ს ვიზაც გაუკეთა და ახლა უკვე ამერიკაში იმყოფება, ორი ჯარისკაცი კი მიწაში წევს და პასუხიც არავის უგია. აი, ამიტომ ამბობენ ხაშურლები, რომ რაიონში განუკითხაობაა და გელაშვილსა და მის გარემოცვას არაფრის ეშინიათ… თუმცა იმასაც ამბობენ, სამართალდამცველ სტრუქტურებშიც შეიცვალა ხალხი და იქნებ, ახლა მაინც მოითხოვოს ვინმემ პასუხი ამ უკანონობათა გამოო. ამის იმედი აქვთ ხაშურში. მოგეხსენებათ, იმედი ბოლოს კვდება… ვნახოთ…

დავით დევიძე