მედეა ვასაძე: „აჭარაში ტენდერებს განაგებს ორი კაცი _ ხაბაძე და ბალაძე!“

aqwssssaaaaxx

მედეა ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ წამოწყებულ კომპრომატების ომს აგრძელებს. ნეპოტიზმი, ბიზნესინტერესები, მორგებული ტენდერები _ ვასაძის მიერ გაჟღერებული თემების მცირე ჩამონათვალია. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე სამომავლოდაც აპირებს გამოაქვეყნოს სხვადასხვა დოკუმენტაცია, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების შეცდომებს უკავშირდება.

„ქრონიკა+“ მედეა ვასაძეს ესაუბრება:

_ ქალბატონო მედეა, კოალიციის რიგების დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არ არის, რომ მას შემდეგ, რაც მურმან დუმბაძე კოალიციის რიგებიდან გარიცხეს, თქვენი კოლეგების ნაწილმა უმაღლეს საბჭოში პოზიციები შეიცვალა და აჭარის მთავრობის კრიტიკას მისი ქება ამჯობინა? პრინციპების ერთგვარი გადახალისება ხომ არ იყო თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი?

_ პრინციპები ჩემთვის უპირველესია. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ პრინციპების ხელყოფა მოხდა, რადგან მთავრობის საქმიანობის კრიტიკის ქებით შეცვლის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. დღეს, სამწუხაროდ, ეს ადამიანები მთავრობის საქმიანობის ქებით და ადვოკატირებით არიან დაკავებულები.

_ მურმან დუმბაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავთანდილ ბერიძე აუცილებლად აგებს პასუხს პოლიტიკურად, ხოლო ალექსანდრე ჩიტიშვილი მოღალატეა. თქვენ ამ ადამიანებთან ერთად იყავით ერთ გუნდში და ერთად იღებდით გადაწყვეტილებას რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე დიდხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ მურმან დუმბაძესთან. „უღალატეს“ თუ არა ჩიტიშვილმა და ბერიძემ მურმან დუმბაძეს და თქვენს საერთო პრინციპებს?

_ დიახ, მე ავთანდილ ბერიძესთან და ძმებ დუმბაძეებთან ერთად გამოვიარე ჩემი ცხოვრების თითქმის ერთი მეოთხედი. ჩვენ ჩვენი ბიოგრაფია ნაშენები გვაქვს სისხლითა და ოფლით. გვქონდა მძიმე ცხოვრება. ეს იყო პრინციპებიდან გამომდინარე მძიმე არჩევანი. ჩვენ, წლების განმავლობაში, ვაზარალეთ ჩვენი ახლობლები, რადგან რეპრესირებული იყო მთელი ჩვენი გარემოცვა. არაფერს ვამბობ, ბრძოლისგან გამოფიტულ ჩვენს ოჯახებზე. სიტყვა ღალატი ჩემთვის მომაკვდინებელია, მე მეშინია ამ სიტყვის, თანაც უკიდურესობამდე მეზიზღება იგი. ამ სიტყვისთვის არ მემეტება მტერიც კი. ისე კი, ვნახოთ, რას დაარქმევს ამას დრო.

_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამბობენ, რომ ჩიტიშვილი ვერ ერკვევა საფინანსო საკითხებში და მთავრობასთან მისი დაპირისპირება და შემდეგ პოზიციის შეცვლა არასერიოზულობაა. დაუჭერთ თუ არა მხარს თქვენ ამ ინიციატივას?

_ მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესების დაწყების ინიციატორი არ ვიქნები, თუმცა ვიფიქრებ მოტივაციაზე. არ გამოვრიცხავ მხარდაჭერას, თუკი ასეთი გადაწყვეტილება და მისით გამოწვეული ცვლილება წაადგება უმაღლესი საბჭოს საქმიანობასა და რეგიონის ინტერესებს.

_ მომდევნო, ვისი გადაყენების მოთხოვნასაც `ნაციონალური მოძრაობა~ აპირებს, არის ანზორ თხილაიშვილი. ამ ინიციატივის დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

_ მენდეთ, ჩვენთან არავითარი რიგითობა არ არსებობს, თუმცა ყოველი ასეთი საკითხის დადგომისას გაანალიზდება, ვინ როგორ გამოიყენა მიმდინარე პროცესები სათავისოდ. თუ დავადგინე, რომ ჩვენთან წინააღმდეგობაში შემოსვლა არ არის იდეური და უკავშირდება მერკანტილურ ინტერესებს, ვაცხადებ, რომ ვიქნები დაუნდობელი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პროცესები არ გახლავთ ყოფითი პრობლემების მოგვარების საშუალება.

_ მას შემდეგ, რაც თქვენ დატოვეთ კოალიციის რიგები, თუ დაგიკავშირდათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თუ გქონდათ საუბარი?

_ პრემიერ-მინისტრმა ყველა ღონე იხმარა, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. ინტენსიური მცდელობა ჰქონდა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესაც და ჩემს კოლეგებსაც, მაგრამ ეს იყო დაგვიანებული.

_ ვის ხედავთ პოლიტიკურ თანამოაზრეებში უმაღლეს საბჭოში? ფაქტია, რომ კოალიციის წევრებსა და თქვენ შორის აზრები გაიყო.

_ ვხედავ რამდენიმე ადამიანს. ისინი თითქმის არ მტოვებენ, აკონტროლებენ ჩემს სულიერ მდგომარეობას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც კი. მადლობელი ვარ მათი და არა მარტო მათი.

_ თქვენ გამოაქვეყნეთ ნეპოტიზმთან დაკავშირებით განცხადება. ნეპოტიზმის რა ფაქტები გაქვთ აჭარის მთავრობაში და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში?

_ გეტყვით მხოლოდ ერთ ფაქტს: გაბედო და 3 თებერვალს, ამ მძიმე პოლიტიკური ვითარების დროს, დეიდაშვილი ჩელებაძე დანიშნო ქობულეთის `სანდასუფთავების~ უფროსად, რომლის დედა, ნარგიზ ჩელებაძე, დაასაქმო სოფელ კვირიკეს ახლად აშენებული ბაღის გამგედ, ხოლო და, ნატრული ჩელებაძე, ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსად, გახლავთ „მე ვარ და ჩემი ნაბადის“ დემონსტრირება, რაც მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების არაგონივრულობაზე მიუთითებს. ეს ერთი და მეორეც: ცუდია, როცა „არაფრის მაქნისი“ კაციდან მოკლე დროში „ყველაფრის მკადრებელ“ კაცად ყალიბდება.

_ დადგება თუ არა ხაბაძისა და მისი გუნდის იმპიჩმენტის საკითხი? გააგრძელებს თუ არა მედეა ვასაძე იმ ერთგვარ ინიციატივას ახალ ამპლუაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო?

_ სავარაუდოდ, კი, თუკი ასეთზე გათვლა იქნება საიმედო.

_ დღეს რეგიონის აღმასრულებელ ორგანოებში არის თუ არა ე. წ. მორგებული ტენდერები? რიგ უწყებებში თვალსაჩინოა ის ფაქტი, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერები ცხადდება, ან პირობების განსაზღვრა ისე ხდება, რომ კონკურენცია მინიმუმამდეა დაყვანილი.

_ გეთანხმებით, ელექტრონულ ტენდერებს და მის პირობებს განაგებს ორი კაცი აჭარაში _ ხაბაძე და ბალაძე. ერთ მაგალითს მოგიყვანთ მეჯინისწყალზე შპს „აჭარა აკვა კულტურასთან“ დაკავშირებით: რა ჰქვია იმას, როცა აუქციონს ჯერ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემაზე აცხადებ და შემდეგ სხვის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აცხადებ აუქციონს ინერტული მასალების მოპოვებაზე?! რომელ კონკურენტულ გარემოზეა საუბარი? ეს არის შემთხვევა, როცა კორუფციის ინტერესი ზედაპირზე დადეს!

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ იქნება პოლიტიკური პარტია. თუკი დამფუძნებლები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, იქნებით თუ არა ამ პარტიაში თქვენ?

_ მომწონს ეს სახელწოდება: „ემსახურე საქართველოს“. ეს არის ჩემი შინაგანი მდგომარეობა და მისი გარეგანი გამოხატულებაც. ეს არის ერთგვარი მოწოდებაც და გარკვეული შემოძახილიც, რომ არ დაგავიწყდეს შენი უპირველესი მოვალეობა _ სამშობლოს „მსახურება“. დიდი ალბათობით ვიქნები.

მედეა ვასაძე რეგიონში არსებულ სხვა პრობლემასაც ეხება. კონკრეტულად, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჩავლეიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სისხლის სამართლის დევნას. ჩავლეიშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კირთაძე შეცვალა.

მედეა ვასაძე:

_ 2013 წლის 24 აპრილს საკრებულოში, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით მიწის განკარგვაზე უკვე გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა. ამ პროცესში ვაფასებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ბალაძის პოზიციასა და იმ მოსაზრებას, რომლითაც იგი ამ თემის წამოწევას უკავშირებს და განიხილავს, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალების შეხვედრის შედეგს, რითაც ცდილობს, საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას, რადგან გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ამ თემის გააქტიურება არის არა რაღაც დირექტივის, არამედ აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების შედეგი. ამდენად, ბატონი ბალაძისაგან საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისი უსუსური არგუმენტები. ამასთან, უნდა ვაიძულოთ იგი იმ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო აუქციონის გაუქმების თაობაზე მის მიწერილობას საკრებულოს თავმჯდომარისადმი. ბალაძისაგან უნდა მივიღოთ პასუხი, თუ ვისთან აწარმოებდა ის და მთავრობის თავმჯდომარე ამ მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, რა კონკრეტული მიზეზით არ შედგა იგი და, ზოგადად, რატომ უშლიდა ხელს ქალაქის თვითმმართველობას 2 წლის განმავლობაში მის საკუთრებაში რიცხული მიწის აუქციონის წესით რეალიზებაში, მით უფრო, თუკი დავუბრუნდებით 2013 წლის 24 აპრილის ჩაშლილ აუქციონს და ვიტყვი, რომ მასში მონაწილეობის სურვილი გამოხატული ჰქონდათ მიწის ნაკვეთით დაინტერესებულ პირებს, შესაბამისად, შეტანილი ჰქონდათ განაცხადი და, ამასთან, გადახდილი ჰქონდათ ბე 315 ათასი ლარი.

მე მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რომლის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩემ მიერ პარტიისა და ფრაქციის დატოვების მიზეზებზე გაკეთებული განცხადების მე-15 არგუმენტთან. კერძოდ, აღნიშნული შესაძლებლობა, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა დავით ბალაძემ ვერ მოარგეს საკუთარ ინტერესებს და ზემოხსენებული მიზეზით შეაჩერეს ეს პროცესი, ჩაშალეს აუქციონი და ამ გზით შეაჩერეს კონკრეტული ინვესტიცია და კონკრეტული პროექტი.

 

იმედა მურვანიძე