ნასამართლეობა აუცილებელი პირობაა საჯარო მოხელისთვის!

sasddddddddddddddddddddddddd

მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავებამ დედაქალაქის სტრუქტურებში მითქმა-მოთქმას კორუფციის ზრდაზე ახალი ბიძგი მისცა. ოპოზიცია და არასამთავრობოები კონკრეტულ ფაქტებსა და საეჭვო გარიგებებზე ლაპარაკობენ, რომელიც ჯანსაღ ბიზნესკონკურენციას სპობს. იკვეთება გარკვეულ თანამდებობის პირთა ინტერესები. სოციალურ სიდუხჭირეში ჩანთქმული საზოგადოებისთვის კი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მის გადახდილ გადასახადებს „მგელი შეჭამს, თუ მგლისფერი ტურა“.

ჩვენი ვალდებულებაა, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მათგან, ვინც წლების განმავლობაში ამ სისტემაში მუშაობდა და ავკარგიანობაც სხვებზე მეტად მოეხსენება. ამასთან, ღია ვართ მათთვისაც, ვისაც დღის წესრიგში არსებულ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა ევალება, თუნდაც თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. მანამდე ოპოზიციასა და არასამთავრობოებს მოვუსმინოთ.

ირაკლი აბესაძე _ დედაქალაქის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“:

_ საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ დავით ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ უკვე შეძლეს თბილისის მერიაში მრავალი საეჭვო, კორუფციული გარიგების გაფორმება, რაც, ზოგადად, სახელმწიფოში არსებული ტენდენციის პირდაპირი გაგრძელებაა. ამ მხრივ გამოსაყოფია საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა, რისი პირდაპირი შედეგიცაა თბილისის დანგრეული გზები და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები.

თბილისის მერიაში ტრადიციად იქცა ტენდერის (ანუ კონკურენტული ვაჭრობის გარეშე) ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად იფლანგება ასეულობით ათასი ლარი; ხელშეკრულებები კი ფორმდება ფირმებთან, რომლებსაც არანაირი გამოცდილება ასფალტის სამუშაოების წარმოებისა არ გააჩნიათ. მაგ.: შპს „დაგი“, რომელთანაც დავით ნარმანიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 14 ნოემბრს გაფორმდა 1 800 000-მდე ლარის ჯამური ღირებულების სამი ხელშეკრულება, საიდანაც 900 000 ლარამდე კომპანიამ ავანსად მიიღო. ხელშეკრულებები ასევე პირდაპირ ფორმდება „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების კომპანიებთან: მაგალითად, შპს „ცეკურთან“, რომლის მფლობელია უმრავლესობის დეპუტატი, სერგო ხაბულიანი. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე 14 და 19 ნოემბერს გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო 1 071 000 ლარი.

ცალსახაა, რომ ორივე კომპანიასთან მიმართებით არსებობს „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და დავით ნარმანიას პირადი ინტერესები. ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა.

კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის თანახმად, ერთ პირთან მოლაპარაკებით სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა და ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს, ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს. მიუხედავად იმისა, რომ შვიდივე ხელშეკრულება გაფორმდა 14 და 19 ნოემბერს, ჩვენ 27 იანვარს (ანუ 2 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ) თბილისის მერიიდან მივიღეთ წერილი, სადაც საუბარია, რომ სამუშაოების უმრავლესობა ჯერ დასრულებული არ არის, ხოლო რამდენიმე ქუჩაზე (მაგ.: ლეონიძის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირის #53-ის მიმდებარე და სხვა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ნათელია, რომ უკვე განვლილი თითქმის სამი თვის განმავლობაში ტენდერის ჩატარება მოესწრებოდა მინიმუმ ორჯერ მაინც და ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც კი დაუსრულებელი და ჯერ არდაწყებული სამუშაოები ნათელი ინდიკატორია, რომ ამ ხელშეკრულებების გაფორმება ერთ პირთან მოლაპარაკებით, თითქოს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ უხეში დარღვევაა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი კორუფციული მადის დაკმაყოფილებაა. ამით კი ხდება ამავე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რომლის თანახმად მერია ვალდებულია, უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა და ხელშეკრულების გაფორმებისას კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.

ამ ყველაფრის შედეგად იფლაგება საბიუჯეტო სახსრები, არ სრულდება სამუშაოები და შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერი ვერ გრძნობს. შესაბამისად, ჩვენ კომპანიებთან „დაგი“ და „ცეკური“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ან მითვისების აშკარა ფაქტებზე, მერიის თანამდებობის პირებთან შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე რეაგირების მიზნით, გადავაგზავნით საქართველოს პროკურატურაში.

_ სად უნდა ვეძიოთ იმ „სისტემური კორუფციის“ მიზეზები, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას?

_ როცა კორუფციაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი მომდინარეობს იმ ადამიანებიდან, ვინც მართვის სისტემაში მუშაობს და აქ სუფთა ადამიანური ფაქტორი მოქმედებს. ეს ასევე სისტემის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიასგან არის განპირობებული. ზოგადად, როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ, უპირველესად, რასაკვირველია, ხელმძღვანელობასა და მთავრობის წევრებს ვგულისხმობთ; ამის შემდგომ იმას, რომ ასეულობით პროფესიონალი ადამიანი (რომლებიც ჩვენ კი არ დავასაქმეთ, ადგილებზე დაგვხვდნენ და სამი მერის პერიოდში მუშაობდნენ) თანამდებობებიდან გააგდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სამაგიეროდ, მიიყვანეს ისეთი კადრები, რომლებმაც შევარდნაძის დროს დამკვიდრებული სტილის გარდა, მუშაობის სხვა მეთოდი, უბრალოდ, არ იციან. ასეთი სისტემის შექმნამ, დავით ნარმანიას შემგუებლობამ იმ ფაქტებისადმი, რომელთა შესახებაც მუდმივად ვაცხადებდით და შესაბამის დოკუმენტებსაც ვაწვდიდით, დღევანდელი შედეგი გამოიღო; ვეუბნებოდით, რომ კორუფცია გაქვს თბილისობაზე, ამისთვის სამგორის გამგეობა არ დაისაჯა; კორუფცია გაქვს საგზაო სამუშაოებზე, არ ისჯება კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი; კორუფცია გაქვს გამწვანებაში და არ ისჯება აღნიშნული სამსახურის უფროსი! ჩვენ მუდმივად ამ თემებზე ვსაუბრობთ და არანაირი რეაგირება არ არის.

მუდმივად იმეორებდნენ, რომ ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ფანტაზიაა. თუ ფანტაზიაა, მაშინ რატომ ვნახეთ დედაქალაქის დამფრთხალი მერი, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ტელევიზიით სთხოვდა, რომ კორუფციაში ნუ გაეხვევით და კეთილსინდისიერად იმუშავეთო?

როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაღაც ზღვრამდე მიუშვა მერია და მერე უკვე თავადაც მიიჩნიეს, რომ ჩარევა იყო საჭირო. ასე თუ ისე, დავით ნარმანია დაისაჯა იმ თემების რეაგირების გარეშე დატოვებისთვის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ამასთან, ველოდებით, რომ კიდევ ბევრ თემაზე მოუწევს დავით ნარმანიას თვალის გასწორება სწორედ კორუფციასა და ტენდერების გარეშე გაწეულ მუშაობაზე.

ზემოაღნიშნულის გამეორების გარეშე ძალიან მარტივ სტატისტიკაზე მინდა მოგახსენოთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ რაზეც ვსაუბრობთ, საფუძველი ნამდვილად აქვს. კარგად იცით, რომ შესყიდვების კანონმდებლობით უკვე წლებია, შემოღებული გვაქვს ელექტრონული ტენდერი, რომელიც გამორიცხავს გარიგებების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციას და საბიუჯეტო თანხების დაზოგვას; და ამის პარალელურად, თუკი არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, უფლება გაქვს, დარჩენილ ერთ პირთან ხელშეკრულება გააფორმო (ამაზე დაწვრილებით უკვე მოგახსენეთ). 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჩვენმა მთავრობამ (როცა თბილისის მერიაში ვიყავით) ჯამურად, დაახლოებით, 5 მილიონ ნახევრის კონტრაქტი გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკებით. დავით ნარმანიამ 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ ოთხ თვეში, ხუთჯერ ნაკლებ პერიოდში 12 მილიონამდე გააფორმა კონტრაქტი ერთ პირთან მოლაპარაკებით. რაც მთავარია, ქალაქის მერი ამაში პრობლემას ვერ ხედავს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ პირთან მოლაპარაკებაზე, ისინი აქ კორუფციას ვერ ხედავენ, რეალურ პრობლემას ვერ ამჩნევენ. სწორედაც რომ ვერ ხედავს პრობლემას და თვალებს ხუჭავს ნარმანია, გვაფიქრებინებს, რომ ეს კორუფცია სისტემური და ნებადართულია მერის მხრიდან. ის, უბრალოდ, არ ელოდა, რომ დღეს უკვე საკუთარი შინაგან საქმეთა სამინისტრო ასე გაწირავდა მას და მის მთავრობას. ასე რომ, ცხადია, თბილისის მერიაში კორუფცია ძალიან მყარადაა ფეხმოკიდებული და კიდევ არაერთი სკანდალი ელის, სამწუხაროდ, თბილისელებს, მერიის მუშაობასთან დაკავშირებით.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ უპირველესად, დავით ნარმანიამ მთავრობის იმ წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, რომელთა სამსახურებზეც კორუფციის დიდი ეჭვებია, თუ ჩვენ თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დავით ნარმანია მართლაც არ აპირებს შეეგუოს კორუფციას და რაც მთავარია, თავად არ არის ჩართული აღნიშნულ კორუფციულ სქემებში. სხვა შემთხვევაში რჩება გზა, რომ პირდაპირ არჩეული მერი თვითონ გადადგეს, რაც ყველაზე დიდი კრიზისის მანიშნებელი იქნება.

ამ ეტაპზე ჩვენ არ ვითხოვთ მის გადადგომას და ველოდებით, რომ მთავრობის წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. პირველ რიგში, ზედამხედველობის სამსახურის უფროსისა და სხვა თანამდებობების პირების, მათ შორის, კეთილმოწყობის ხელმძღვანელის; უწყებებში არსებულ კორუფციაზე ჩვენ არაერთი კონკრეტული ფაქტი წარმოვადგინეთ და მასალები პროკურატურასაც მივაწოდეთ; ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურატურა რეაგირებს მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომელიც მხოლოდ ყოფილ თანამდებობის პირებს ეხება, მაგალითად, კრწანისის გამგეობის შემთხვევაზე. არც ერთი განცხადება, თუნდაც თბილისობის სკანდალთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ მოგვისმენია, თუ როგორ დასრულდა გამოძიება.

ასევე, იმედი მაინცდამაინც არ გვასულდგმულებს, რომ საგზაო სამუშაოებში კორუფციაზე რეაგირება იქნება. ინფორმაცია პროკურატურას წინა კვირაში მივაწოდეთ და ახლო მომავალში რეაგირებას არ ვიმედოვნებთ, თუმცა ამის გაკეთება მოუწევთ, რადგან ისეთივე ფაქტებს გაუსწორებენ თვალს, როგორიც ზედამხედველობის სამსახურში იყო. თუ მსგავსი რეაგირება არ განხორციელდება, სხვა გზა, უბრალოდ, არ რჩება, თბილისის მერია კორუფციაში იქნება ბოლომდე ჩაფლული, რაც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ აისახება ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, მოსახლეობის სოციალურ პროგრამებსა და მის ყოველდღიურობაზე. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის.

_ რამდენად შეძლებს დავით ნარმანია მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?

_ სიმართლე გითხრათ, არ ველოდებით, რომ ნარმანიას ეყოფა ამის გამბედაობა და გადადგამს მსგავს ნაბიჯებს. ზუსტად ვიცით და ამის არაერთი ფაქტიც არის, რომ ნარმანია თავად არ მართავს თბილისის მერიას და იღებს მითითებებს; დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადასცემენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ, რას გადაწყვეტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამიტომ ჩვენი მოწოდება გაკეთებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური პოზიცია დავაფიქსიროთ და ესმოდეს მოსახლეობას, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ ამ ყველაფერზე. ამიტომ, პირველ რიგში, ვითხოვთ არა მერის გადადგომას, არამედ ქალაქის სამსახურების უფროსთა პასუხისმგებლობას. ეს არის ჩვენი მოწოდება, მათ შორის, შსს-სადმი (თუ ვინმე იღებს ამ გადაწყვეტილებას), რომ მსგავსი მითითებები გასცენ დავით ნარმანიას მისამართით. სხვა შემთხვევაში თავად ნარმანიას პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება და მას დავაყენებთ არა ჩვენ, არამედ მოსახლეობა, რომელსაც სჭირდება დაგებული გზა, რადგან მიეჩვია, რომ ამ გზაზე ორმო აღარ იყო, სკვერი იყო მოწესრიგებული, ტრანსპორტი გამართულად მუშაობდა და სხვადასხვა სოციალურ, თუ სამედიცინო დახმარებას ისე იღებდა, რომ არავისთვის ქრთამის გადახდა არ უწევდა. ასე რომ, ყველაფრის ასე გაგრძელების შემთხვევაში მათი მომავალი სახარბიელო არ იქნება.

 

ლევან ხაბეიშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ დამფუძნებელი:

_ რაც შეეხება ჯოკია ბოდოკიას დაკავებას, ჩვენ დედაქალაქის მერს არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ ამ ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა არ იყო მიზანშეწონილი. ნასამართლევის დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვახდენთ, რომ სადმე არ დაასაქმონ, მაგრამ როდესაც ამ ადამიანს პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე ნიშნავ (გამოსაცდელი ვადის გარეშე) და მას საბიუჯეტო სახსრების განკარგვა შეუძლია, ეს არანორმალური მოვლენაა! ჩვენ ბოდოკიას შემთხვევაშიც ვაფრთხილებდით, რადგან ის 2010 წელს სს კოდექსის 278-ე მუხლით გასამართლდა, რაც ნარკოტიკების მოხმარებას გულისხმობს. მან უკვე დაგვანახა, რომ, სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებაში შევიდა და არ მგონია, შსს-ს რამე ინფორმაციის გარეშე ეს ნაბიჯი გადაედგა. მით უმეტეს, ერთი გუნდია დედაქალაქის მერიასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. შესაბამისად, ჯოკია ბოდოკიას შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რომ არც სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის ყოფნა შეიძლება აღნიშნულ თანამდებობაზე.

_ ასე რატომ მიიჩნევთ?

_ 2011 წელს ეს ადამიანი ჯანდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. 2011 წლის 6 აპრილის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაღლითობის გამო გასამართლებულია, რაც იმას გულისხმობს, რომ მან სხვებთან ერთად, ჯგუფურად, სოციალურად დაუცველების დაზღვევისთვის გამოყოფილი თანხა მიითვისა. სასამართლომ ეს ამბავი დაადგინა, ჩივიაშვილმაც აღიარა და 2011 წელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. წარმოიდგინეთ, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის (ბიუჯეტითაც ერთ-ერთი უდიდესია) უფროსად გვევლინება. რასაკვირველია, ესეც სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ხვალ-ზეგ არ განმეორდეს იგივე, რაც ბოდოკიას შემთხვევაში გვქონდა.

ასევე, მსურს რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება _ საბურთალოს გამგეობაში აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობას კახა გავაშელი იკავებს, რომელიც ორჯერ არის ნასამართლევი ფინანსური დანაშაულისთვის;

ვახტანგ ბექაური, ნაძალადევის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, თავის დროზე, საბურავების ქურდობაზე არის ნასამართლევი;

საშკა სანაძე მთაწმინდის რაიონში მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 2006 წელს გასამართლებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. ბოლო არჩევნებზე ბატონ მერს მიეხმარა „კაი ბიჭების“ „დავერბოვკების ამბავში“, შესაბამისად დაუფასეს და დანიშნეს ასეთ მაღალ თანამდებობაზე. ეს ყველაფერი სინთეზში რას გვაძლევს?! _ ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ გამოცდას ვერ აბარებენ და ცოდნა არ აქვთ, იწვევენ კორუფციას და იმას, რაც ბოლო დღეებში დედაქალაქის მერიაში მოხდა.

როგორც ბოდოკიაზე ვამბობდით, რომ მისი თანამდებობაზე გაჩერება არ შეიძლებოდა, ასევე მის უშუალო უფროსზეც (ხერხემალში გადამტვრევით რომ იმუქრებოდა) ვთქვით, რომ სანამ ე. წ. საგამოცდო ინციდენტზე გამოძიება არ დასრულდებოდა, უფლებამოსილება უნდა შეჩერებოდა, მაგრამ მერმა ეს არ გააკეთა, განაცხადა, რომ მას სამსახურიდან არ გაუშვებდა. რა მივიღეთ?! მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ჯოკია ბოდოკია ამხელა გარიგებაში შედის, 180-ათასდოლარიან ქრთამზეა საუბარი!!!

პირდაპირ ვამბობ, ბოდოკიას სამსახურის სპეციფიკიდან და უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, ეს ადამიანი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ გარიგებაში, ის მხოლოდ შუამავალი იყო. ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს უფლებამოსილება არ აქვს, კონკრეტული მშენებლობის ნერბართვის გაცემის სანაცვლოდ თანხა აიღოს. ამ ნებართვას ზედამხედველობის სამსახური და, მით უმეტეს, მისი აპარატი ნამდვილად არ გასცემს. აქ, პირველ რიგში, გეგი ნიჟარაძის პასუხისმგებლობა უნდა გაჩნდეს. თუ ბოდოკია მოლაპარაკებას აწარმოებდა, გამორიცხულია, ხელმძღვანელ პირთა გარეშე მას რამე რეალური საქმე გამოსვლოდა, რადგან ეს ამბავი, მინიმუმ, უნდა შეთანხებულიყო არქიტექტურის სამსახურში. დედაქალაქში ნებისმიერ შენობა-ნაგებობაზე, თუნდაც სამი ფიცრის შესაკვრელად, არქიტექტურის სამსახურმა უნდა გასცეს ნებართვა. შესაბამისად, ბოდოკია აქ უბრალო ჭანჭიკია, სადაც სერიოზული კორუფციული სქემა მოქმედებს. იმედი მაქვს, გამოძიება ბოლომდე მიიყვანს საქმეს და მარტო მას არ დასჯიან. ის ამ ყველაფერს თვითონ ვერ შეასრულებდა.

რაც შეეხება ტენდერებსა და გარიგებებს, კიდევ ერთ შემთხვევაზე გეტყვით, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს: 31 დეკემბრის საღამოს ექვს საათზე გამოცხადდა მერიის ავტოპარკისთვის დაზღვევის ტენდერი, დასრულდა 9 იანვარს. შეიძლება აქ იურიდიულად რაიმე დარღვევა არ არის, ანუ გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა და გაიმარჯვა „ქართუ ჯგუფმა“, რომელსაც ამ მიმართულებით დაზღვევაში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია 2001 წლიდან მუშაობს, ამ მიმართულებით ტენდერშიც კი არასდროს მიუღია მონაწილეობა, მსგავსი მომსახურება არ ჰქონია. თან მოუგო ვის? _ „ალდაგს“, რომელსაც დიდი ხნის გამოცდილება აქვს აღნიშნულ სფეროში, მაგრამ „ქართუ ჯგუფმა“ შედარებით ნაკლები ფასი შესთავაზა და მოიგო კიდეც, რაც ეჭვებს ბადებს.

ამას გარდა, კონკრეტული კონფიდენციალური ინფორმაცია გვაქვს, რომ მაისში, როდესაც დედაქალაქის მერიას „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება უმთავრდება, აპირებენ, რომ „ქართუ ბანკში“ გადავიდეს დედაქალაქის მერიის თანამშრომლების სახელფასო ბარათების მომსახურება.

„ქრონიკა+“ ცდილობდა დაკავშირებოდა თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, მაგრამ პიარ-ჯგუფის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა…

 

 

გელა მამულაშვილი