რისთვის ემზადებიან „ნაციონალები“ და „თავისუფალი დემოკრატები?!“

qqqqqqqqqqqqq

რაც უფრო ხშირდება როგორც „ნაციონალებისგან“, ასევე ირაკლი ალასანიასგან იმის მტკიცება, რომ ალიანსის შექმნას არ აპირებენ, მით უფრო მეტად ემთხვევა არცთუ იშვიათად მათი პოზიციები ერთმანეთს და აგერ, გასული კვირის ბოლოს ბათუმში ისინი ჯერ ერთად ვერა, მაგრამ ერთ სასტუმროში კი შენიშნეს.

ალასანიასა და „ნაციონალების“ პოზიციების თანხვედრა დიდად გასაკვირი არ არის, რადგან გაცხადებულად და დეკლარირებულად ორივე პოლიტიკური ძალა დასავლური ღირებულებების მატარებელია. ის კი არადა, არც „რესპუბლიკელების“ პოზიციაა ამ ორი ძალის პოზიციისგან შორს, მაგრამ ისინი ამის აფიშირებას ხშირად ერიდებიან, თუ არ ჩავთვლით დავით ზურაბიშვილს, რომელიც ჩიტივით თავისუფლად გრძნობს თავს და `ფეისბუქში~ იმას წერს, რაც მოეპრიანება, თანაც, ამბობს, ამ ივანიშვილისგან კი ვარ დავალებული, სიცოცხლე შემინარჩუნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერში დავეთანხმოო.

ივანიშვილი ეჭვიანი კაცია. დალაგებული არც მანამდე იყო, მაგრამ ამ ალასანიას მერე, კაცმა რომ თქვას, მთლად აირია და ყველგან მტრები ელანდება. ვინც ადრე მოსწონდა, აღარავინ მოსწონს. არც იმას აღიარებს, ადამიანებისა და პოლიტიკოსების, გუნდის წევრების შერჩევა არ ვიციო _ ისევ „ნაციონალებს“ მისდგომია და იმათ აბრალებს, ჩანერგილები ჰყავთ და ადამიანები მათ სასარგებლოდ მუშაობენო… შე ბრძენო კაცო, პრეზიდენტი აგვარჩევინე, არ მოგეწონა, მერი აგვარჩევინე _ აღარ მოგწონს, პრემიერი დანიშნე, მალე დაქნევას უპირებ, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლა პარლამენტის თავმჯდომარეც… აბა, ვინ გევასება?

ჰოდა, მოკლედ, თუ მართლა ისეა, როგორც ბიძინა ამბობს, რესპუბლიკელებიც ალასანიას უჭერენ მხარს და ამას ვერც მალავენო, თანაც, თუ იმასაც ეჭვობს, რომ ალასანიას პოზიციები „ნაციონალებისას“ ემთხვევა, გამორიცხული არაა, ისიც არ ჰქონდეს გათვალისწიებული, რომ ალასანიამ, შესაძლოა, „ნაციონალებთან“ ალიანსიც შექმნას.

მართალია, არც „ნაციონალები“ და არც ალასანია არ ადასტურებენ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მეტიც, ალასანიამ ცალსახად განაცხადა, ჩვენ მარტო ვაპირებთ გამოსვლას არჩევნებზე, არავინაც გვჭირდებაო, მაგრამ დეტალები, რომლებიც „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიურად შეიტყო, სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

ამ რამდენიმე დღის წინ სრულიად „ნაციონალური“ კოჰორტა ბათუმში შეიკრიბა. მათი კონცენტრაციის გამამართლებელი მიზეზიც არსებობს: იქ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ატარებდა საპარლამენტო უმრავლესობის ანგარიშს მედიასთან. მიიწვიეს ჟურნალისტები, რომლებიც „შერატონში“ დაბინავდნენ. აქვე იყვნენ თავად „ენ-დი-აისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც.

იმის სრულად წარმოსადგენად, რა მნიშვნელოვანი „ნაციონალური“ დესანტი იყო გადასხმული ბათუმში, გვარების ჩამოთვლაც კმარა: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი… პრაქტიკულად, მთელი ელიტა.

თითქოსდა საეჭვო არაფერია: სემინარი, დეპუტატები, ჟურნალისტები… მაგრამ, როგორც იტყვიან, რამდენიმე დეტალი, მინიმუმ, კითხვებს აჩენს:

როგორც წესი, NDI ამგვარ გასვლით შეხვედრებს ადრეც ატარებდა, მაგრამ თბილისთან უფრო ახლოს, მაგალითად, კაჭრეთში, ბაკურიანში, გუდაურში… თებერვლის შუა რიცხვებში რატომ ბათუმი? მით უმეტეს, რომ უმრავლესობასთან შეხვედრა მარტში თბილისთან ახლოს იგეგმება, ანუ ჟურნალისტებს გადაჭრით უთხრეს, რომ ბათუმში არ ჩატარდება?

სემინარი-შეხვედრა დაემთხვა ბათუმში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლას _ მხედველობაში გვაქვს იქაური „ქართული ოცნების“ კრიზისი და ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული პრობლემები…

ირაკლი ალასანიას ჩასვლა ბათუმში და მისი შეხვედრები მოსახლეობასთან რომ ამ შეხვედრა-სემინარს დაემთხვა, ეგეც არაფერი: ირაკლი ალასანიაც „შერატონში“ გაჩერდა, თანაც იმ დღეს, როცა ჟურნალისტები თბილისისკენ გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

ალასანია იმ სართულზეც ნახეს, სადაც „ნაციონალები“ იყვნენ შესახლებულები. იქიდან ჩამოსულმა, სპორტულად გამოწყობილმა ალასანიამ ლიფტში შემთხვევით გადაყრილ ჟურნალისტს უთხრა, დასასვენებლად ჩამოვედიო…

არც ისაა გამორიცხული, ალასანია სულაც შეგნებულად გამოჩენილიყო „შერატონში“ ჟურნალისტების თვალთახედვის არეში: შესაძლოა, მას აძლევს კიდეც ხელს, ეს ამბავი ბიძინამდე მივიდეს. აბა, როგორი დასაჯერებელია, რომ კონსპირაციის ელემენტარული მოთხოვნები არ დაიცვა?

ახლა კი ის ექსკლუზიური დეტალები, რაც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი:

ირაკლი ალასანია „ნაციონალების“ „დამრტყმელ ძალას“ შეხვდა. მიღებულია გადაწყვეტილება, მალე შეიქმნას ალიანსი, რომელიც „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალების“ ერთობლივი ალიანსი იქნება ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით. ჯერ არ კონკრეტდება, ვინ შევა ალიანსში „ნაციონალებიდან“, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ესენი არ იქნებიან ცნობადი სახეები, ერთის გამოკლებით: შესაძლოა, ალიანსში ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ვიხილოთ. დანარჩენები ე. წ. ფარული „ნაციონალები“ იქნებიან, ანუ ის პირები, რომლებიც პირდაპირ „ნაციონალებთან“ არ ასოცირდებიან, მაგრამ მათ პოზიციებს იზიარებენ. ალიანსის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის გააქტურება გახდა თვალში საცემი. ალასანიასა და „ნაციონალების“ გაერთიანების მთავარი მიზეზი და მოტივი რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაა. უახლოეს პერიოდში ახალი ალიანსის კონტურები ქართულ პოლიტიკაში კიდევ უფრო გამოიკვეთება.

 

დოროთე გითოლენდია