თემურ ქორიძე: „თავხედი ფული!“

bidzzzzz

ქვეყანაში შექმნილია მეტად არასაიმედო და უპროგნოზო ვითარება, ლარის კურსი კატასტროფულად ეცემა, არ იგრძნობა ეკონომიკური პროგრესი, ხელისუფლება თვითკმაყოფილების ჭაობშია ჩაფლული და მეტიც, სრულიად უუნარო პარლამენტის უმრავლესობის წევრები ახლა უკვე ფეხბურთის სათამაშოდაც დადიან საზღვარგარეთ, სადაც სამარცხვინოდ აგებენ მატჩებს და, ამასობაში, პოლიტიკურად ქვეყანა თავზე გვექცევა!..

ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილია, _ საუკეთესო გუნდი მოვიყვანე ხელისუფლებაშიო, ეპაექრება ნიცშესა და კანტს, ოცნებობს 200-სერიანი მხატვრული ფილმის გადაღებაზე და, ამასობაში, ქვეყანა კვლავ თავზე გვექცევა!..

ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ „ქრონიკა+“ ცნობილ ლიტერატორს, თემურ ქორიძეს დაუკავშირდა:

_ უფროსი თაობის ადამიანებს, ალბათ, კარგად ახსოვთ ამ 10-15 წლის წინანდელი სახელისუფლებო პიარკამპანიის მთავარი თემა, როცა დიდი და პატარა ჩინოვნიკები ხმაშეწყობილად საუბრობდნენ არნახული სტაბილურობის დამყარებაზე. ისინი გამუდმებით ჩაგვჩიჩინებდნენ, ქუჩებში ავტომატიანი ადამიანები აღარ დააბიჯებენ, მაღაზიები და რესტორნები გვიან ღამემდე ფუნქციონირებენ და რაც მთავარია, ხალხმა ღიმილი და ხალისი დაიბრუნაო… ცხადია, ყოველივე ეს, ხელისუფალთა მხრიდან, წახალისებული ცინიზმი იყო, რადგან ყოველდღიური ცხოვრება სულ სხვა რეალიებით გახლდათ აღსავსე: კრიმინალიც ბობოქრობდა და კორუფციაც უკიდეგანო მასშტაბებს იძენდა. მთელი ქვეყანა ურცხვად იძარცვებოდა და უცხოეთიდან სამოწყალოდ შემოსული ფინანსები ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა შავი იუმორით აღბეჭდილი ციტატა „სასაფლაოზე გამეფებული იდეალური სტაბილურობის“ თემაზე.

ახლანდელ ხელისუფალთა ქცევა ძალზე წააგავს წინამორბედთა ქმედებებს. დღეს ისინი ისე ხშირად გვესაუბრებიან დემოკრატიის აყვავებაზე, თითქოს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა მთელი ფენა არ არსებობდეს, მილიონზე მეტი ქართველი უცხოეთში არ იყოს გახიზნული და ჩვენი ყოველდღიურობა მოქალაქეთა სასიცოცხლო ინტერესებისთვის სახიფათო მრავალი ფაქტორით არ იყოს გაჯერებული. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენში არსებული სოციალური პოლარიზაცია არავითარ დემოკრატიულ ჩარჩოში არ თავსდება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უმწვავესად იგრძნობა იმ ფაქტორის აქტივიზირება, რასაც შარლ ლუი მონტესკიე „სიმდიდრის ცუდ ფორმას“ უწოდებდა. აი, რას წერდა ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების ფუძემდებელი: „სიმდიდრის ცუდი ფორმაა ის, რომელიც შემთხვევითაა მოპოვებული და დამოკიდებული არ არის არც ხალხის ინდუსტრიაზე, არც მცხოვრებთა რაოდენობაზე და არც მიწათმოქმედებაზე“.

სამწუხაროდ, სიმდიდრის ასეთი ცუდი ფორმა ჩვენში, ჯერჯერობით, მხოლოდ დადებით მოვლენად აღიქმება და ნაკლებად ფიქრობენ ამ ფაქტორის მავნე გავლენაზე.

_ საქართველოში ბევრს აქვს დიდი ფული, მაგრამ თქვენ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის 7-მილიარდიანი ქონების „სიმდიდრის ცუდ ფორმას“ გულისხმობთ, არა?

_ დიახ, ზუსტად მიმიხვდით… ივანიშვილი, ბოლო დროს, განსაკუთრებით ბობოქრობს, მის ნერვიულობას კი რეალური საფუძველი ნამდვილად აქვს. მკითხველს ვთხოვ, კარგად გაიხსენოს ამ ადამიანის დაპირებები, განსაკუთრებით კი ის, რომელიც „კარგ 2015 და ძალიან კარგ 2016 წელს“ ეხება. ის გრძნობს, თუ რა გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მის მიერ ხელდასხმული ხელისუფლება ხალხმა 4 წლის ვადით აირჩია. არადა, ივანიშვილი სწორედ ამ 4 წლის განმავლობაში გვპირდებოდა „ღირსეულ ცხოვრებას“, სადაც ოჯახიდან, მინიმუმ, ერთი წევრიც დასაქმდებოდა. მეტიც, ეს ადამიანი დღენიადაგ გვარწმუნებდა, რომ ამ ხნის მანძილზე ყველა პირობა შეიქმნებოდა უცხოეთში გახიზნულ თანამემამულეთა დასაბრუნებლად, რომ მშობლიურ კერას მონატრებული ადამიანები ღირსეულად გააგრძელებდნენ საქმიანობას საქართველოში. გაიხსენეთ, როგორ აბრუებდა ივანიშვილი ამომრჩევლებს თავისი რაღაც განსაკუთრებული „ნიჭიერებით“, კადრების შერჩევის „უტყუარი ალღოთი“ და სხვა მრავალი დაპირებით. მე არაფერს ვაჭარბებ, მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი გამოქვეყნებულია და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მისი მოძიება…

ახლა კი ივანიშვილი პირდაპირ დასცინის ქართველ ხალხს და ის ერთბაშად უკვე ალაპარაკდა 2030 წელზე!.. თურმე, გვიან მიხვდა, რომ ორ ან, თუნდაც, ოთხ წელიწადში „ქვეყანა არ აშენდებოდა“… კი მაგრამ, განა სადმე მოიძებნება ისეთი იდიოტი, რომ მცირე დროში საქართველოს ადგილას შვეიცარიის აშენება გადაწყვიტოს?!. ჩვენს თანამემამულეებს ეს არც გაუფიქრიათ, მაგრამ იმის იმედი კი ბევრს ჩაესახა, რომ ივანიშვილი ხარბ და გაუმაძღარ ჩინოვნიკებს არ დაგვასვამდა თავზე, რომ ამ ჩინოვნიკთა ობივატელური მადა ქვრივ-ობოლთა და უპოვართათვის განკუთვნილ თანხებს არ შთანთქავდა და შემდეგ აქედან დაგვიწყებდა ჭკუის სწავლებას!!!

_ ბატონო თემურ, უკაცრავად, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, მეჩვენება, რომ ის გულწრფელია. თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა შეგნებულად მოატყუა ქართველი ხალხი? კი მაგრამ, ასეთ შეძლებულ ადამიანს განა რა ინტერესები უნდა გასჩენოდა ამისთვის?

_ მგონი, ძირითად თემას მივუახლოვდით: გთხოვთ, გაიხსენოთ ივანიშვილის პრეტენზიული საუბრები რუსთველზე, ფროიდის ფსიქოანალიზზე და სულ ახლახან ფრიდრიხ ნიცშესთან მოსალოდნელ შეჯახებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ნუთუ ასე ძნელია ამ ადამიანის ფსიქოლოგიური მოტივაციის გამოცნობა?! ის გამუდმებით საუბრობს წარსულში თავისი უკიდურესი გაჭირვების შესახებ, ხშირ-ხშირად იხსენებს, თუ როგორი მძიმე ბავშვობა ჰქონდა და სტუდენტობისას როგორ უხდებოდა ქარხნებში მუშაობა ლუკმა-პურის საშოვნელად. აი, ასეთი განვლილი ცხოვრების შემდეგ მის ხელში აღმოჩნდა სწორედ ის სიმდიდრე, რომელსაც ზემოთ ხსენებული შარლ ლუი მონტესკიე „სიმდიდრის ცუდ ფორმას“ უწოდებდა!.. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ამ ადამიანს ფსიქიკა სერიოზულად შერყეოდა, სულიერი წონასწორობა დაჰკარგვოდა და თავი ყოვლისშემძლე გენიოსად წარმოედგინა?!. გაიხსენეთ მისი გამონათქვამები: „მე ძალიან ნიჭიერი ვარ“, „ხალხის სწორება ივანიშვილზე“, „მე ყველაფერს ვაკონტროლებ“ და ა. შ. ვსვამ კითხვას, _ რა ეწოდება ადამიანის ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას?!. ესაა, ერთი შეხედვით, უწყინარი, მაგრამ განუკურნებელი სენი „მანია გრანდიოზა“, ანუ „გამდიდრების ავადმყოფობა“!!! მეტიც, მისი ყოველი საჯარო გამოსვლა ამ მანკის მზარდ პროგრესირებაზე მეტყველებს და, ალბათ, მისი ახლობლები სათანადოდ იზრუნებენ ივანიშვილის იზოლირებაზე, რათა ჩვენს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ არ დამკვიდრდეს კომიკური ელფერის მქონე ტერმინი „ივანიშვილის სინდრომი“!.. თუმცა აქვე უნდა შევნიშნო, რომ ეს სინდრომი საზოგადოებისთვის დიდად სახიფათო არ იქნებოდა, რომ არა ამ ბატონის აგრესიული ხასიათი, რაც მთლიანად განაპირობებს მის მიერ დაგროვილი „ცუდი სიმდიდრის“ რეალურ ბუნებას _ თავხედობას!..

ივანიშვილის ფული, ესაა თავხედი ფული, რომლის საშუალებითაც ეს ბატონი არათუ საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებს, არამედ აკმაყოფილებს იმ ადამიანების ამბიციებსაც, ვისაც ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ჩირადაც არ უღირთ!..

_ განა ბატონმა ივანიშვილმა სულ ახლახან არ განაცხადა, _ მე არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენადო?

_ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღემდე გადმოფრქვეული „მარგალიტების“ აღნუსხვას რამდენიმე ტომი დასჭირდებოდა. მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხის ხანგრძლივი ისტორია ჭკვიანი ადამიანების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის, ამიტომ სულაც არ ვართ ვალდებულნი, მაინცდამაინც ივანიშვილის აზრებს ვუსმინოთ. ისე კი გეტყვით, რომ ივანიშვილი ამჯერადაც ტყუის, როცა ცინიკურად კითხულობს, _ ერთი მითხარით, რა ბერკეტები მაქვს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენადო?..

გეტყვით, ბატონო ივანიშვილო, გეტყვით და თქვენ ეს ჩინებულად იცით… ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის თქვენ ორი უმთავრესი ბერკეტი მოგეპოვებათ:

1. თქვენი ფული, რომელსაც ასე უხვად უნაწილებდით როგორც სააკაშვილის, ისე ახლანდელი ხელისუფლების ჩინოვნიკებს;

2. თვით ამ ჩინოვნიკთა ზღვარგადასული სიხარბე და გაუმაძღრობა. როგორც იტყვიან, „თაფლი იყოს და ბუზი ბაღდადიდანაც მოფრინდებაო“.

კიდევ სხვა რა ბერკეტია საჭირო თქვენი და თქვენი მინისტრების, პარლამენტარებისა თუ არასამთავრობოების შეხმატკბილებული თანაარსებობისთვის? განა პარლამენტის წევრები, მინისტრები და თვით პრემიერ-მინისტრი ყოველდღიურად თავზე ნაცარს არ იყრიან და საქვეყნოდ არ ღაღადებენ მათთვის ერთობ სამარცხვინო სიმართლეს, _ ხელისუფლებაში ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა მოგვიყვანა, თორემ ამას მის გარეშე ვერასოდეს ვეღირსებოდითო?!. ასეთ პატარა ადამიანებზე ზემოქმედების მოსახდენად განა, რა არის საჭირო, თუ არა ფული, ფული და ისევ ფული?.. და, რაღა თქმა უნდა, მათ შესახებ უამრავი კომპრომატი, რაც ჩინებული საშუალებაა მათზე ზემოქმედებისთვის!!! ნუთუ, ეს ნამდვილად არ იცით? ნუთუ, ქართველი ხალხი ისე ბრიყვი გგონიათ, რომ ასეთ გულუბრყვილობას დაგიჯერებთ?!.

_ როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს, როცა ის „ნაცმოძრაობის“ მამხილებელ ფილმზე საუბრობს? ბოლოს და ბოლოს, სამართლიანობის აღდგენა სერიოზულად გადაწყვიტა, თუ ესეც სატყუარაა?!.

_ ამასთან დაკავშირებით ერთი თავშესაქცევი ისტორია გამახსენდა: ლუდოვიკო XIV-მ ბუავოს თავისი ლექსები მიაწოდა და აზრის გამოთქმა სთხოვა. გონებამახვილმა კრიტიკოსმა მას ასეთი პასუხი გასცა: „თქვენო უდიდებულესობავ!.. თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. აი, თქვენ, გადაწყვიტეთ დაგეწერათ უხეირო ლექსები და შეუდარებელი ოსტატობით გააკეთეთ ეს…“ ასეთი „შეუდარებელი ოსტატობით“ იმოღვაწა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე, ასევე „შეუდარებლად იშრომა“ არასამთავრობო სექტორში და, სავარაუდოდ, მისი ტელესაქმიანობაც მსგავსი „ოსტატობით“ იქნება აღბეჭდილი. საინტერესოა, კინოპროექტში რა ადგილს მიუჩენს ივანიშვილი სააკაშვილთან ურთიერთობას? დედამიწაზე არ ყოფილა პრეცედენტი, როცა კერძო პირი პრეზიდენტს, ანდა მის მეუღლეს ფულს აძლევდა მუსიკალური სტუდიის შესანახად. არც ისეთი კერძო პირი ყოფილა სადმე, ვინც მოქმედი პრეზიდენტის დედას მილიონებით ამარაგებდეს. ივანიშვილმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა აგვიხსნას, _ რეალურად რა აკავშირებდა მიხეილ სააკაშვილთან და მისი ოჯახის წევრებთან?!. აგრეთვე უნდა გვიპასუხოს, რატომ და რა მიზნით ეწეოდა ამ ოჯახის დაფინანსებას თავისი თავხედი ფულით?.. მეტიც, ივანიშვილმა ისიც უნდა თქვას, რომ სოროსის სახელს ამოფარებული რომელი კანონის, ან სადაური სამართლის სახელით აძლევდა ფულს სააკაშვილის მინისტრებს, პარლამენტარებს, გამგებლებს, პოლიციელებსა და ა. შ.? მან უნდა დაამტკიცოს სიმდიდრის ამ „ცუდი ფორმის“ მეშვეობით სანაცვლოდ რა დივიდენდებს იღებდა და, საერთოდაც, თუკი ივანიშვილი ყველა ამ საკითხზე დღეს არ ისაუბრებს, მოვა დრო და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს!..

გაიხსენეთ, თუნდაც, ამ კაცის მიერ „საზოგადოებრივ სექტორში“ განხორციელებული „გრანდიოზული პროექტები“, ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლებისთვის მოწყობილი მოსწავლეთა და სტუდენტთა ოლიმპიადები, ეს პროექტები პირდაპირი გადამღერებაა საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული პროპაგანდისტული პრაქტიკისა, როცა პიონერებს და კომკავშირლებს „საბჭოთა მოქალაქის“ ტიტულისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას უნერგავდნენ. სააკაშვილის დარად, რომელმაც პატრიოტთა ბანაკები დააფუძნა, ივანიშვილმა ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ ქართველი ახალგაზრდები მორიგ ფარსში გაეხვია. სამაგიეროდ, ბევრიც რომ სცადოთ, დღესაც ვერ წააწყდებით მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ მიერ ხელისუფლებისგან დაჩაგრული დევნილების, გარემოვაჭრეებისა, თუ ბანკების მიერ მოტყუებული ადამიანებისადმი გამოსარჩლების ფაქტებს. ტელევიზიები ყოველდღიურად გვიჩვენებენ ქუჩაში გამოყრილი ჩვილბავშვიანი დედების ატირებულ სახეებს და მითხარით, მათ გვერდით ერთხელ მაინც თუ დალანდეთ ბიძინა ივანიშვილი, ან მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“?!. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ის აქტიურად თანამშრომლობდა „თავისუფლების ინსტიტუტთან“, ამ ინსტიტუტის ფავორიტებთან: სააკაშვილთან, ბოკერიასთან, მერაბიშვილთან, ადეიშვილთან და უამრავ სხვასთან. კარგად წაიკითხეთ ამ კაცის ინტერვიუები და თქვენ იქ სხვა ბევრ საგულისხმო „წამოცდენას“ წააწყდებით. ახლა კი, როცა მრავალსერიანი ფილმის გადაღებას აპირებს, საინტერესოა, ამ კინოფილმით რა ადგილს მიუჩენს სააკაშვილთან და დანარჩენ სოროსელებთან თავის ურთიერთობას?!. სააკაშვილის ხელისუფლებაში „ელიტური კორუფციის“ აყვავებას და რაც ყველაზე მთავარია, ფილმში ასახავს კი მისივე ფულით გარყვნილი და გადაგვარებული პერსონების სრულ სახეებს?!. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ ყველაფერმა გამანადგურებელი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის სოციალურ, სამართლებრივ და მორალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე!.. თავის წინასწარ დაანონსებულ კინონპროექტში ბიძინა ივანიშვილმა იმაზეც უნდა ისაუბროს, თუ რა როლს ასრულებდა თავად 2007-2008 წლების მოვლენებში და როგორც საზოგადოების ერთ-ერთი, რიგითი წევრი, მოვითხოვ, ფილმში ეს ეპიზოდი არ უნდა იყოს მორიგი სიცრუე, რაც ასე დამახასიათებელია ამ ბატონისთვის!.. გაიხსენეთ, ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლიდან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა მიხეილ სააკაშვილთან, შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში კი მთელი ქვეყნის გასაგონად გათქვა თავისი თავი და ბრძანა, რომ 2009-2010 წლებში სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს, ამდენი და ამდენი ფული მივეციო!.. ოჯახაშენებულო, ამ ფულს რაღად აძლევდით, ან ამაზე ლაპარაკით ქვეყანას რად იკლებდით, „ქველმოქმედო“?!. ნუთუ, დაგავიწყდათ, რომ „ხელმან მარცხენამ არ უნდა იცოდეს, რასა იქმს ხელი მარჯვენა“?!.

_ ბატონო თემურ, გამახსენდა ისტორია, როცა ბიძინა ივანიშვილს 800 მილიონი ლარი წაართვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელიც კახელი გლეხებისთვის იყო განკუთვნილი. მე როგორც მახსოვს, ეს ფული ბიძინა ივანიშვილმა უკლებლივ დაიბრუნა, თუმცაღა, მას შემდეგ, არ მსმენია, რომ მსგავსი გრანდიოზული ქველმოქმედება გაეწიოს.

_ ქალბატონო ირინა, იმისთვის, რათა შეურაცხყოფილი სიქველე უხერხულობიდან გამოვიხსნათ, მოდით, სახარების ის ეპიზოდი გავიხსენოთ, რომელიც მარად დაუვიწყარია თავისი კეთილშობილური უბრალოებით: „საგანძურის წინ მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს მასში. ბევრმა მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო 2 ლეპტა, რომელიც კონდრატს შეადგენს. დაუძახა იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩაგდებაზე მეტი ფული ჩადო, ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვიდან ჩადო, ამან კი თავისი სიმწირისგან ჩადო ყველაფერი, რაც კი რამ ჰქონდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“…

აი, რატომაა ივანიშვილის ფული „სიმდიდრის ცუდი ფორმა“ და რატომ არაა ქვრივის ორი ლეპტა ივანიშვილის 7 მილიარდზე ნაკლები. მგლის თავზე სახარების კითხვას არასოდეს ჰქონია აზრი, ჩვენი დაგლახავებული, გაღატაკებული, მაგრამ მაინც გონიერი საზოგადოება, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მოსულია გონს და ისიც დანამდვილებით იცის, რომ ოლიგარქებისა და მილიარდერების არჩევა აბსოლუტური სისულელეა, რადგან მილიარდერი ხელისუფალი ხალხზე არასოდეს იფიქრებს და იფიქრებს მხოლოდ იმაზე, კიდევ რამდენი მილიარდით გაამდიდროს თავისი ქონება. ამ „თავხედი ფულით“ გათავხედებული ივანიშვილი, თუკი მოასწრებს, ბევრ სისულელეს ჩაიდენს, კიდევ ბევრ სისულელეს იტყვის და საბოლოოდ მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს!..

      ირინე გოგოსაშვილი