„ნატოს საწვრთნელი ცენტრი თბილისთან უნდა განთავსდეს!“

dfghjkl

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ აცხადებს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი. „ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც ალიანსის, საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები ერთად გაივლიან წვრთნებს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოსთვისაც“, _ ამბობს გენერალური მდივანი.

მისივე თქმით, სხდომაზე კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობის კუთხით. ამას გარდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესს განიცდის, აგრძელებს რეფორმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც მისასალმებელია.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდერ ვერშბოუს განცხადებით კი ალიანსის საწვრთნელი ცენტრი საქართველოს თვადაცვისა და უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებასა და მოდერნიზებაში დაეხმარება. თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ნატოს საწვრთნელ ცენტრს საერთო არაფერი აქვს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, მისი მიზანი მხოლოდ სამხედრო წვრთნა იქნება.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სად განთავსდება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს: „ეს გადაწყვეტილება ნატომ არა, საქართველომ უნდა მიიღოს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ ქართულ მხარეს უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ ერთია აღჭურვილობა და ვიცი, რომ ორივე შესაძლო ლოკაციაზე, რომლებზეც მიდის საუბარი, საჭიროა ინფრასტრუქტურა. მეორე საკითხია, და ამაში ვეთანხმებით ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ერთობლივი ცენტრი.

ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება. ერთ ადგილი უკვე დაათვალიერა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, შემდეგი ნაბიჯია ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ბოლოს _ საქართველოს გადაწყვეტილება“.

კითხვაზე, რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, აპატურაიმ განაცხადა, რომ ამაზე უნდა ჩამოყალიბდნენ: „ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს საინტერესო. არ გვინდა, მაგალითად, იყოს ისეთი, როგორც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში ჩამოიყვანს როტაციით, მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი წინადადება. ამიტომ, ვფიქრობთ, თუ რა არის შესაძლებელი. ყველა ქვეყანა სპეციფიკურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს“, _ აცხადებს აპატურაი და აღნიშნავს, რომ საბოლოო პასუხს ვერ იტყვის. „მაგრამ მიზნისა და ფუნქციების განსაზღვრის ბოლო ეტაპზე ვართ“, _ დასძინა აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ნატოს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ ადგილად ვაზიანი განიხილება: „ამჟამად მიმდინარეობს ნატოსთან ერთობლივი წვრთნის შეფასების ცენტრის ადგილის მოძიება. ეს პროცესი გრძელდება. ვაზიანი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლება ეს ცენტრი გაიხსნას“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით კი ნატოს საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით რისკები შეფასებულია. ღირსიაშვილმა საწვრთნელი ცენტრისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ნატოს დელეგაცია საკმაოდ კმაყოფილია ვაზიანის ბაზაზე ჩატარებული საჩვენებელი წვრთნებით. პაკეტის განხორციელების პროცესში ერთ-ერთი ნაწილი არის სწორედ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ამოქმედება. თუ სად იქნება ეს ცენტრი, ჯერ არ გადაწყვეტილა, მიმდინარეობს ადგილების შერჩევა. მოიაზრება რამდენიმე ადგილი, მათ შორის, ვაზიანის ეროვნული საწვრთნელი ბაზაც. ცენტრის დაარსებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ქართული მხარე, თუმცა ამ ინიციატივის, ისევე როგორც არსებითი პაკეტის სხვა დანარჩენი ელემენტების განხორციელების კოორდინაციასა და მონიტორინგს, ნატოს ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი განახორციელებს, რომელიც მოვლენილი იქნება საქართველოში“.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ ნატოს შესაბამის სამსახურებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით ცენტრის ჩამოყალიბების პირველადი პროექტი უკვე მოამზადა: „ასევე განისაზღვრა ის ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ იქნებიან პასუხისმგებელი ცენტრის ამოქმედებაზე და ასევე არა მარტო ცენტრის, არამედ პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების განხორციელებაზე. უახლოეს მომავალში იგეგმება ნატოს შემფასებელი მისიის ჩამოსვლა, რომელიც ასევე იქნება დაკომპლექტებული მოკავშირე სახელმწიფოების ექსპერტებით და სწორედ ეს ჯგუფი შეაფასებს საქართველოში არსებულ შესაძლებლობებს, ცენტრის ადგილმდებარეობას და გაირკვევა, თუ სად ამოქმედდება ცენტრი, ვაზიანსა თუ სხვა ადგილზე, ასევე განისაზღვრება ფინანსური საკითხები და სხვა ტექნიკური დეტალები“.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით რისკები შეფასებულია. მისივე თქმით, საქართველოში გვიან გაზაფხულზე ნატოს ჯგუფი ჩამოვა, რომელიც განახორციელებს არა მხოლოდ ცენტრის კოორდინაციას და მის მხარდაჭერას ქართველ პარტნიორებთან ერთად, არამედ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტებისა და პროექტების განხორციელებას უზრუნველყოფს: „მოგეხსენებათ, საწვრთნელი ცენტრის გარდა ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამ პაკეტის ფარგლებში _ განათლების კუთხით, ლოჯისტიკის კუთხით და სხვა მიმართულებებით“.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა პროვოკაციული ნაბიჯია: „ნატოს არ სჭირდება მსგავსი ცენტრი საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიგებთ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ობიექტის გამოჩენა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ ვითარებას გააუარესებს და დაძაბულობას გაზრდის“.

„ქრონიკა+“ ნატოს საწვრთნელი ცენტრის ადგილსა და სამომავლო გამოწვევებზე ესაუბრება პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს:

_ ნატოს საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. რასაკვირველია, ის ყველა ვარიანტში თბილისთან ახლოს უნდა განთავსდეს; ეს ბაზა ჩვენი დაცვის მექანიზმად მოიაზრება და ამიტომაც დედაქალაქთან უნდა იყოს. ლოგიკურად, მტერი თუ წამოვა, რა თქმა უნდა, თბილისზე გამოილაშქრებს.

_ რა შედეგებს მიიღებს ქართული მხარე ამ ცენტრის გახსნით?

_ ეს იქნება დაცვის თუნდაც სიმბოლური გარანტია, რომ აქ განთავსებულია ნატოს საწვრთნელი ბაზა და მასზე შეხება ნატოს მხრიდან უკვე ძალიან მძაფრ რეაქციას გამოიწვევს. ეს არის უპირველესი დივიდენდი, რასაც ჩვენ ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ! რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტექნიკურადაც დაგვეხმარება. საუბარია ჩვენი სამხედროების შემდგომ წვრთნებზე, ეკიპირებასა და ა. შ., რასაც ნატოს სპეციალისტები განახორციელებენ. ესეც ჩვენთვის ცალკე პლუსია.

_ ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება ნაბიჯს ნატოს სამხედრო ბაზის შექმნისკენ?

_ ალბათ არა, რადგან სამხედრო ბაზები ასე მარტივად არ იხსნება. ამ ეტაპზე ნატოს თავისივე წევრი სახელმწიფოების დაცვა აწუხებს, უპირველესად ბალტიისპირეთზე და მის გარშემო არსებულ მდგომარეობაზეა აქცენტი გაკეთებული. ალიანსს, ამერიკელებს, ჯერჯერობით, იქაც არ გაუხსნიათ სამხედრო ბაზები და ამიტომ ჩვენთან აღნიშნულ პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია.

_ რა გამოწვევებს შეიცავს საწვრთნელი ცენტრი საქართველოსთვის?

_ ეს ცენტრი გამოწვევა მაშინ გახდება, როდესაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, სუსტი იქნება როგორც ეკონომიკურად, ასევე თავისი შეიარაღებული ძალებით. თუ ჩვენ ასეთი სუსტები ვიქნებით, მაშინ რუსეთს რამდენი შანსიც ხელში ჩაუვარდება, იმდენს მოგვიწყობს პროვოკაციას და დაგვარტყამს კიდეც; მაგრამ თუ ძლიერები ვიქნებით, არანაირი საფრთხე არ არის ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნაში.

_ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს რა კონკრეტულ შედეგებს მოუტანს ეს სამხედრო ცენტრი?

_ ჩვენმა სამხედროებმა სხვადასხვა სამხედრო მისიებში საკმაოდ დიდი გამოცდილება უკვე მიიღეს, მათ შორის, ისეთ მძიმე მისიაში, როგორიც ავღანეთია. ეს საწვრთნელი ბაზა კი ემსახურება უფრო იმას, რომ გარკვეული ფორმით საქართველოში ნატოს მუდმივად ყოფნა  დაფიქსირდება. ჩემი აზრით, საწვრთნელი ცენტრის არსებობა უპირველესად ამისთვის არის განკუთვნილი.

_ რა ტიპის სიგნალია ეს ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების გზაზე?

_ გავიმეორებ: ამ ეტაპზე ნატოს უმთავრესი საფიქრალი თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვაა. ამ მხრივ ჩვენთვის საწვრთნელი ცენტრის მიღება ნიშნავს, რომ წევრად თუ არ მოვიაზრებით, იმ სახელმწიფოდ მივიჩნევით, რომელსაც მეტი ყურადღება და დაცვა სჭირდება. სწორედ ამას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება.

_ ბალტიის ქვეყნები ახსენეთ, რამდენად კარგად იცავს ნატო ამ ქვეყნების უსაფრთხოებას უკრაინის მძიმე მოვლენების ფონზე?

_ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეზე მუდმივად დაფრინავს არა მხოლოდ ამ ქვეყნების, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების ავიაცია. უკვე ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ რუსული თვითმფრინავები მათ საჰაერო სივრცეში შესულიყო და ყველა მსგავსი გამოხტომა აღიკვეთა. როგორც ჩანს, ეს ტესტი რუსებმა ნატოს ჩაუტარეს და ალიანსმა, ჯერჯერობით, გამოცდა კარგად ჩააბარა. მოვლენების განვითარების ამ ეტაპზე ნატო კარგად იცავს თავის წევრ სახელმწიფოებს.

_ ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში ნატოს საწვრთნელი ცენტრის როლი რა შეიძლება იყოს?

_ თუ ესკალაცია იმას გულისხმობს, რომ პირდაპირი შეტევა წამოვა იქიდან ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ეს ცენტრი იქნება ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ხელშეუხებელი იქნება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ამ ცენტრის განთავსება თბილისთან ახლოს, თუნდაც ვაზიანში.

 

გელა მამულაშვილი