„მეცამეტე რაიონი“ თბილისიდან 25 კილომეტრში!

vaz111

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ოჯახების საშინელი პირობების სანახავად „ქრონიკა+“-ს გარდაბნის რაიონის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ნინო მეტრეველმა სთხოვა. რაც იქ საკუთარი თვალით ვნახეთ და ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მოვისმინეთ, ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ეს თბილისის გვერდით, 25 კილომეტრში ხდება.

ლილოს ბაზრობას გავცდით თუ არა, მარჯვნივ, ვაზიანის სამხედრო ნაწილის მიმართულებით გადავუხვიეთ. რამდენიმე კილომეტრში გზაზე იმხელა ორმოები დაგვხვდა, დასახლებამდე გზის მცირე მონაკვეთის გავლას საათნახევარი მოვუნდით…

ბესიკ მოლაშხია, ვაზიანის დასახლების მცხოვრები, დევნილი:

_ ეს კორპუსები, თავის დროზე, რუსი სამხედროების ოჯახებისთვის აშენდა. საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები რომ გაიყვანეს, კორპუსებიც დაიცალა და იქ დევნილები, სოციალურად დაუცველები, იპოთეკით დაზარალებულები _ უსახლკარო და დაქცეული ადამიანები შევსახლდით. ბინების 99% ამჟამად დაკავებულია, მაგრამ ვაი, ჩვენს ცხოვრებას! ჩვენამდე მოსასვლელი გზა როგორიც არის, კარგად ნახეთ. უფრო ქვემოთ სამხედრო აეროდრომია და მის გვერდით კერძო დასახლებაა, ე. წ. შანხაი, სადაც 118 ოჯახი ცხოვრობს. გზა, წყალი და გაზი მათთან არ არის. ვიღაცებს იქ სასმელი წყალი ჩააქვთ და ისინიც ყიდულობენ. გაჩვენებდით ამ ყველაფერს, მაგრამ აქაც ძლივს მოხვედით და იმ გზაზე მანქანას სულ დაამტვრევთ. რუსები სანამ ცხოვრობდნენ, აქ გზები არსებობდა, მაგრამ მერე უყურადღებობით განადგურდა. გარდაბნის რაიონის გამგებელი იყო გელა ხუციშვილი, რომელმაც ამ ტერიტორიაზე კომუნიკაციის აღდგენა დაიწყო, მერე სხვა თემებსაც შეეჭიდა: არკვევდა, ვის ჰქონდა საკუთრებაში ის მიწები, რომელიც, წესით, ხალხს უნდა ჰქონოდა. ამის გამო 4 თვეში მოხსნეს და მისი პროექტებიც ჩაიშალა. ჩაფიქრებული იყო, რომ სამხედრო დასახლებაში არსებული 43 კორპუსი, უზურფრუქტის წესით უნდა გადასცემოდა გარდაბნის გამგეობას. რუსთავში „საიას“ ხელმძღვანელიც დაინტერესდა, ვის ბალანსზე იყო ეს შენობები და ძლივს გაარკვია, რომ ისევ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა. მან იპოვა ბრძანებაც, სადაც წერია, რომ ახალ მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ უნდა მისცენ და ენერგომიმწოდებელმა აბონენტებად არ უნდა გააფორმოს. ამიტომაც მცხოვრებთა გარკვეულ ნაწილს შუქი არ აქვს და 21-ე საუკუნეში სანთლის და ლამპის შუქზე ცხოვრობენ.

ამ დასახლებაში ერთი საარჩევნო უბანი იყო, სადაც წინათ აღრიცხული ჰყავდა 750 მცხოვრები, არადა, ამ დასახლებაში 2225 კომლი ცხოვრობდა. ბევრი ვიბრძოლეთ და ერთი წლის წინათ გავახსნევინეთ მეორე საარჩევნო უბანიც, რითაც ვაზიანის მოსახლეობა 2280 კაცით გავზარდეთ. ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ დოკუმენტებში არ ჩანდა.

ყველა ბინა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და როცა მოუნდებათ, მაშინ დაგვატოვებინებენ. 4-5 წლის წინ ჰქონდათ კიდევაც მცდელობა, მაგრამ ქუდზე კაცი გამოვედით და ვერ გაბედეს. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ამდენი თავისუფალი ტერიტორიაა, არც ერთ აქ მცხოვრებს მიწა არ აქვს. ეს ტერიტორიები მარტყოფელ ერთეულ პიროვნებებს აქვთ მისაკუთრებული. ზოგმა ათასობით ჰექტარი გაიფორმა, მაგრამ არ ამუშავებს.

_ ხელისუფლება რომ აცხადებს, ვინც მიწას არ დაამუშავებს, ყველას ჩამოვართმევთო, აქ ეს კანონი არ მოქმედებს?

_ მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელია, მაგრამ დაკონსერვებული აქვთ და როცა დასჭირდებათ, ალბათ, მაშინ გამოიყენებენ, ანდაც გაყიდიან. რიგითი ხალხი მას ვერ შეეხება. ესენი ქართული მიწებით ვაჭრობენ, ჩვენ კი საკუთარ ქვეყანაში არც მიწა გაგვაჩნია და არც _ სახლ-კარი. იცით თუ არა, რომ ვაზიანის მარჯვენა ნაწილი, ანუ რუსთავის მარჯვენა პლატოს რომ ეძახიან, ინდოელებს მიჰყიდეს და ახლაც მათი საკუთრებაა?

 

ნინო ქობულაშვილი _ ვაზიანის დასახლების მცხოვრები:

_ კორპუსებში წყალი არ ამოდის, სახლებს სახურავი აღარ აქვს და როცა წვიმს, სახლებშიც ვსველდებით, აქაურობა ნაგავს მიაქვს. 12 ნაგვის ურნა მოიტანეს და ყველა დადგეს დასახლების ცენტრში. 24 კორპუსი ცენტრიდან მოცილებით დგას და იქ მცხოვრებლებს კილომეტრებზე დაგვაქვს ნაგავი, თუმცა იქიდანაც არ გააქვთ და საშინელი ანტისანიტარიაა. არაერთხელ მოვთხოვეთ გარდაბნის გამგეობას, _ იქნებ, ნაგავი გაიტანოთ, წყალი გამოგვიყვანოთ, სახურავების შეკეთებაში დაგვეხმაროთო, მაგრამ ყოველთვის გვპასუხობენ, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ. ვისაც რა შეგვეძლო, გავიჭირვეთ, ფული შევაგროვეთ და გამოვიყვანეთ წყალი. ზოგს საკუთარი „პომპით“ აგვყავს ზედა სართულებზე, დანარჩენები კი „ბიდონებით“ ეზიდებიან. კანალიზაციაც მოუწესრიგებელია, ხშირად იჭედება და სარდაფები ფეკალური მასებით ივსება. იქიდან ისეთი სუნი ამოდის, განსაკუთრებით ზაფხულში, ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, მაგრამ რა ვქნათ, სად წავიდეთ?! ერთხელ მოვიდნენ გამგეობიდან და შეგვპირდნენ, მანქანას მოვიყვანთ და ამ ფეკალურ წყალს ამოვტუმბავთო, მაგრამ მერე აღარავინ მოსულა. ზაფხულში ამის გამო ბუზი, კოღო და სხვა მწერები გვჭამენ. ქვეწარმავლებიც ხშირად გვსტუმრობენ.

 

იამზე ბრეგვაძე _ ვაზიანის დასახლების მცხოვრები:

_ აქ ვინც ვცხოვრობთ, ამქვეყნად საკუთარი ხეც არ გაგვაჩნია. ამ ბინებშიც სანამდე გაგვაჩერებენ, არ ვიცით. გამოსახლებას რომც გადავურჩეთ, ბინები თავისით ინგრევა. ჩემმა მეუღლემ სახლი დაკარგა, საცხოვრებელი აღარ ჰქონდა, ამიტომ ერთ-ერთი კორპუსის ბინაში შევსახლდით. გაფორმება გვინდოდა, მაგრამ ვაზიანში ბინის პრივატიზებას ვერავინ ახერხებს. ზოგს საკუთარი სახლი აქვს, მაგრამ ვერ იფორმებს. მერე ეს ბინაც ჩამოინგრა და მე და ჩემმა შვილმა ძლივს გამოვაწარით. ვის არ მივაკითხეთ, _ გვიშველეთ,  უსახლკაროდ დავრჩით, იქნებ, თავშესაფარი სადმე გამოგვინახოთო, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ გვითხრა, მხოლოდ შენობებია ჩვენი, მოსახლეობა არ გვეკუთვნისო. დევნილთა სამინისტროსა და გამგეობასაც მივაკითხეთ, მაგრამ ყველა ხელებს ასავსავებს, _ თქვენზე პასუხისმგებლობა არ გვაქვსო. ე. ი. ამ ქვეყანას არ ვეკუთვნით. დევნილებისთვის ააშენეს ახლა 6 კორპუსი. მათ უფრო ჰყავთ პატრონი, ვიდრე უსახლკაროებს. ერთი სკამი არ გამაჩნია, სხვასთან სამადლოდ ვარ შეხიზნული და სოციალურ დახმარებაში ფულადი თანხა მომიხსნეს, რადგან 62 ათასი ქულა დამიწერეს. რაც მქონდა, ყველაფერი ნანგრევებში მოყვა და ასეთი ოჯახისთვის ფულადი დახმარება რატომ უნდა მოეხსნათ? ან ამხელა ქულა როგორ გამოიყვანეს, არ ვიცი?! ყველგან განუკითხაობა და უსამართლობაა.

_ ბინები ძველია და ამიტომ ინგრევა?

_ სამხედრო სწავლებების დროს პოლიგონზე აფეთქებებია და, ძირითადად, ეს აზიანებს ბინებს. აფეთქებების დროს სახლები ზანზარებს და დაინგრევა, აბა, რა დაემართება? ახლა ამბობენ,  ნატოს სამხედროები ჩამოდიან სწავლებებზეო და ისინიც თუ დაემატნენ, ალბათ, ბინებში ვეღარც გავჩერდებით. აფეთქებებს რომ იწყებენ, სახლებს ვტოვებთ. ორი დღეა, პოლიგონზე სწავლებებია და ჩვენ ამ სიცივეში ბავშვებით გარეთ ვდგავართ, ეს არის ქვეყანა?! გუბერნატორსაც მივმართეთ, ყველაფერი მოვუყევით, პასუხიც მივიღეთ, უახლოეს დღეებში დავიბარებ საკრებულოს, გამგებელს და გავარკვევთ, უყურადღებოდ რატომ ხართო. საკრებულოს თავმჯდომარემაც მოგვწერა, დაგეხმარებითო, მაგრამ ის მოხსნეს და მას მერე აღარავინ გვკითხულობს.

 

ბესიკ მოლაშხია:

_ ერთხელ არ მოსულა არც გამგებელი, არც საკრებულოს თავმჯდომარე და არ უკითხავთ, როგორ ცხოვრობთ, რა გიჭირთ, ცოცხლები ხართ თუ დაიხოცეთო? სამაგიეროდ, აგერ, დასახლებაში კეთდება სავაჭრო ცენტრი და როგორც ამბობენ, ამ რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან წილებში. იმის ნაცვლად, რომ პატარა საავადმყოფო, ან პოლიკლინიკა აეშენებინათ და ხალხზე ეზრუნათ, საკუთარ ბიზნესს იწყობენ. ამხელა დასახლებაში მხოლოდ ერთი ოჯახის ექიმი გვყავს, რომელიც 4 ათას ოჯახს ემსახურება. სასწრაფო დახმარება სოფელ გამარჯვებიდან მოდის და როცა სასწრაფოში ვრეკავთ, იცით, როგორ გვპასუხობენ? _ მოიცა, ჯერ დრო არ გვაქვს, სხვასთან ვართ მისასვლელები, არ გვცალიაო. ეს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება აღარ არის, მხოლოდ გარდაცვალებას აფიქსირებენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ვერ მოასწრეს ცოცხალ ადამიანთან მისვლა. მხოლოდ სკოლა და ბაღი გვაქვს ნორმალური, რომელიც სკოლის დირექტორის დამსახურებაა და არა ხელისუფლების. ეს ქალბატონი კარდაკარ დადიოდა ბავშვების გამო და უნდა ითქვას, რომ მათხოვრობდა, სკოლა რომ კეთილმოეწყო. ეუბნებოდა, _ თბილისიდან 25 კილომეტრში კედლებზე ხავსი რომ არის ამოსული, ბავშვები ისეთ სკოლაში რატომ უნდა სწავლობდნენო? ბაღიც კეთილმოაწყო, მაგრამ პატარაა და ბავშვების დიდი ნაწილი მის გარეშეა დარჩენილი. რაც შეეხება ჩვენს დასაქმებას, ზოგი ჯარში მსახურობს, ზოგი ლილოს ბაზრობაზე, მაგრამ ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად თბილისში დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიუღებელი განრიგის გამო სამსახურს კარგავს. თბილისიდან ბოლო სამარშრუტო მიკროავტობუსი ცხრის ნახევარზე გამოდის, სამსახურების დიდი ნაწილი კი გვიან იკეტება. ხელისუფლებას ჩვენი შვილებისთვის ვერც სტადიონი და გასართობი პარკი გაუმეტებია და ბავშვები ნაგვის გროვებში თამაშობენ. ჩვენგან მხოლოდ საარჩევნო ხმები აინტერესებთ.

 

ნინო ქობულაშვილი:

_ სახლში გაზი რომ შემომეყვანა, დიდი ბრძოლები გადავიტანე. ბინა რადგან დაკანონებული არ გვაქვს, რეესტრმა ცნობა არ მოგვცა. გვითხრეს, ნოტარიუსთან 4 მეზობელი მიიყვანეთ, რომლებიც დაადასტურებენ, ამ სახლში ნამდვილად რომ ცხოვრობთო. გაბრაზებულმა ვუთხარი, _ არჩევნებში ხმას როცა გაძლევდით, მაშინ რატომ არ მოითხოვეთ ჩვენი აქ ცხოვრების დადასტურება-მეთქი?! ბევრი იბრძვის ჩემსავით, გაზი რომ შეიყვანოს, მაგრამ  უფლებას არ აძლევენ, თუმცა არჩევნებზე ყველა აძლევდა ხმას და კარგად იციან, რომ აქ ხალხი ცხოვრობს. შეშის ღუმლებსა და „კერასინკებზე“ თბება ხალხი და კერძს ასე აკეთებს. მესტიასა და უშგულშია გაზი და თბილისთან ახლოს ნავთქურებზე ვთბებით. ბევრმა შეიძლება არ დაიჯეროს ეს ყველაფერი, მაგრამ გამოუშვით და ყველაფერს საკუთარი თვალით დავანახვებთ. ახალი მთავრობის დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ამათაც არ ეცოდებათ ხალხი.

 

ნინო მარტიაშვილი:

_ გამგებელს წინათ მოქალაქეთა მიღების დღეს მაინც შეხვდებოდი, მაგრამ ახლა ამ დღესაც ვერ ვახერხებთ მის ნახვას და ყველას გამგეობის კანცელარიაში ამისამართებს. არჩევნების წინ რას არ გვპირდებოდნენ _ სახლებს გაგიფორმებთ, სამართლიანობას აღვადგენთო, მაგრამ არაფერი გააკეთეს.

სამხედრო ნაწილის წინ საკუთრებაში მქონდა მიწა, სამხედრო ნაწილში კი იჯარით ავიღე და წარმატებული მეწარმე ვიყავი, მაგრამ „კრიშა“ არ მყავდა და „ნაციონალების“ დროს გეგენავამ და კეზერაშვილმა წამართვეს. იმ დღიდან ერთი წამი არ გავჩერებულვარ, სამართალს დავეძებ ფურცლითა და კალმით, მაგრამ ვერ მიპოვია. „ოცნების“ გამოჩენის დღიდან დროშაც მეკავა ხელში და მათთან ერთადაც დავდიოდი ყველგან, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, მაგრამ მესამე წელია, რუსთავის პროკურატურას თაროზე უდევს ეს საქმე და ხელს არ ჰკიდებს. დაღეჭილი საქმე გადავეცი პროკურატურას, შედეგი კი არ ჩანს. ამასობაში წარმატებული მეწარმე სოციალურად დაუცველად ვიქეცი. ამის შემდეგ მოვლენ მეგობრის სახლში, დაგითვლიან ქონებას და გეტყვიან, არაფერი გაქვს დასახმარებელიო.

_ სოციალურ აგენტს რატომ არ აჩვენებთ იმ დანგრეულ სახლს, სადაც ცხოვრობდით, მაღალი ქულები რომ არ დაწეროს?

 

იამზე ბრეგვაძე:

_ ყველაფერი ვაჩვენეთ, წაიღო კიდევაც ეს მონაცემები, მაგრამ მაინც იმხელა ქულები დაგვიწერეს, გეგონებათ, მილიონერები ვართ. გარდაბანში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს დავემუქრეთ, გიჩივლებთო, მაგრამ გვითხრა, რაც გინდათ, ის ქენითო. არადა, ისეთი ოჯახები იღებენ ფულად დახმარებებს, ჩიტის რძეც რომ არ აკლიათ. რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკოთ ასეთი ხელისუფლების ხელში?!

მარტში ორი წელი გახდება, რაც ჩვენი ბინა დაინგრა, მაგრამ მას მერე კაციშვილს არ მოუქცევია ყურადღება. ამ დასახლებაში ჯერ კიდევ წლების წინათ იყო ცნობილი, რომ 14 ბინა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზა რომ არ გვაქვს, დღემდე ვცხოვრობთ. ჩვენი ოჯახები საფრთხის ქვეშ არის, ტრაგედია შეიძლება ყოველ წუთს დატრიალდეს. კორპუსებს 12-14-სანტიმეტრიანი ნაპრალები აქვს. გარღვეული კედლიდან გარეთ რომ გაიხედავ, ყველაფერს დაინახავ, მაგრამ იმის საკითხავადაც არავინ მოდის, გაიგონ, მოვკვდით თუ არა. შეიძლება უხარიათ, რამე რომ დაგვემართოს და უმტკივნეულოდ მოგვიცილონ თავიდან.

კორპუსის მარცხენა ფრთა როცა ჩამოინგრა, კარავი მოვითხოვეთ. დაგვპირდნენ, 5 კარავს მოგიტანთო, ბოლოს ჯერ ორზე ჩამოვიდნენ, მერე ისიც აღარ მოგვცეს. წითელი ჯვრის კარვები რადგან იყო, მას თავისი ნიშანიც ჰქონდა და არ უნდოდათ, ამ ფორმით ჩვენი ამბავი მსოფლიოს გაეგო. ისევ სამხედროებმა მოგვცეს 10-კაციანი კარავი და 6 თვის განმავლობაში ჩვენთვის საჭმელიც მოჰქონდათ, მაგრამ აქაც გამოჩნდა უსინდისო ხალხი, რომელთაც ვიღაცები ააბუნტეს, _ ვეტერანებს დახმარება არ აქვთ და ამათ საჭმლით რატომ  ეხმარებითო?! ვეტერანებს დაგვაპირისპირეს და კვებითი დახმარება მოგვიხსნეს. ვეტერანების დახმარება ჩვენს დახმარებასთან რა კავშირში იყო, დღემდე ვერ გაგვიგია.

 

ნინო მარტიაშვილი:

_ ვაზიანში რომ შემოხვალთ, იქ არის დიდი ისტორიული წარსულის სოფელი, მაგრამ მათაც არ აქვთ დასალევი წყალი. საქართველო მიწისქვეშა წყლებს მიაქვს და დედაქალაქის გვერდით ხალხი წყალს ყიდულობს. როცა წყალი მოდის, ისეთია, არ დაილევა. 1997 წელს ვაზიანის წყალი გერმანელებმა შეამოწმეს და გაოგნებული დარჩნენ, _ ყოჩაღ თქვენს გამძლეობასო! ეს ყველაფერი ზემოთ კარგად იციან, მაგრამ მათ მხოლოდ საკუთარი თავი და ჯიბე ადარდებთ, ხალხს რა დაემართება, სულ არ აინტერესებთ. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყველაფერს აქვს დასასრული. თუ ყველა გამოვიდა გარეთ, ყველაფერს დაავიწყებენ მაგათ, ისეთ დღეში ჩაყრიან. კარგს ველოდით და უარესი მივიღეთ.

 

ნელი ვარდიაშვილი

 

vaz112

vaz113

vaz114vaz115