ფრთხილად, ირაკლი!

Captureddd

დღეს თუ ქვეყნად რამე უკეთურებაა, თუ რამ უკუსვლაა და სტაგნაცია, პირადად მე ამ ყველაფერზე ბატონ ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას. დიახ, მხოლოდ მას და არავის სხვას, რადგან რომ არა იგი და მისი მაცდური 7 მილიარდი, ამ ქვეყანაში არც არაფერი მოხდებოდა, კი შეიკვრებოდა ან ვერც შეიკვრებოდა რამე კოალიცია, და რომც შეკრულიყო _ არჩევნებზე ჩაიფუშებოდა და იქვე დამთავრდებოდა ყველაფერი და დღეს ეს თაიგული ნამდვილად არ გვეყოლებოდა ხელისუფლების სათავეში, დიდი-დიდი ყველას ერთად შეკრებილს _ ანუ იმ რაღაც უბიძინო კოალიციას ბარიერი გადაელახა და გარნირად ყოფილიყო ქართულ პოლიტიკურ სუფრაზე. მათთან ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც _ იგივე ახალი მემარჯვენეებიც, ლეიბორისტებიც გავიდოდნენ და ბევრად უფრო წარმომადგენლობითი იქნებოდა პარლამენტი.

არც უნდა ამდენი სჯა-ბაასი. ფაქტია, რომ ბიძინას გარეშე არათუ ვერ მოვიდოდა ხელისუფლებაში „ოცნება“, არამედ ვერც იოცნებებდნენ ამაზე. ჰოდა, რაკი ვერც მოვიდოდნენ და მოვიდნენ და არ ვარგანან, სწორედ მათ მომყვანთან მაქვს საქმე და არა სხვასთან. ასევეა, ბატონებო, თეატრშიც _ თუ მსახიობი როლში არ ვარგა, ეს მსახიობის კი არა, იმ რეჟისორის ბრალია, რომელმაც ეს მსახიობი დააკავა. ზუსტად იგივე წესი მოქმედებს კინოშიც და კარგი იქნება, თუ ეს ბრძენი კაცი კინოში მაინც გაითვალისწინებს ამას და იგრძნობს ამ პასუხისმგებლობას. პოლიტიკაში ცუდად გაანაწილა როლები და იმედია, იმ 200-სერიან კინოში მაინც გაანაწილებს როლებს ხეირიანად.

დავუბრუნდეთ პოლიტიკას. დიახ, სწორედ მასზეა ყველანაირი პასუხისმგებლობა, მას მოეთხოვება პასუხი იმ ყველაფერზე, რაც არჩევნების შემდეგ დატრიალდა საქართველოში. ზუსტად ისევე მოეთხოვება პასუხი, როგორც 2012-ის არჩევნებამდელ, 9-წლიან პერიოდზე მოეთხოვებოდა სააკაშვილსა და სთხოვდნენ კიდეც. სთხოვდნენ და დღესაც სთხოვენ.

მაგრამ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს ოფიციალურადაა პრემიერ-მინისტრი, მინდა ერთი რამ გაითვალისწინოს, უფრო სწორად, იპოვოს განსხვავება მის საყვარელ ბიძინა ივანიშვილსა და მისგან მოძულებულ მიხეილ სააკაშვილს შორის:

მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად ედგა ქვეყანას სათავეში, ოფიციალური პირი იყო და ღიად იდგა პოლიტიკურ სცენაზე, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში პრემიერ-მინისტრობა გადმოგაბარათ და თავად კულისებში გაუჩინარდა. თეატრალურად რომ ვთქვათ, თუ სააკაშვილს პოლიტიკური თეატრი ჰქონდა, თავად იყო რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც მის მიერვე დადგმულ სპექტაკლში, ბიძინა ივანიშვილმა მარიონეტების თეატრი ამჯობინა და თეჯირს მიღმა გაუჩინარდა _ ძაფებით ხელში და ისე მართავს სიტუაციას.

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ იგი არ ერევა სახელმწიფოს მართვაში, ამას ვერავის დააჯერებთ, რადგან თავადაც არ გჯერათ ამის. და ისევ თეატრის კანონია _ როცა თავად არ სჯერა მსახიობს, ვერც მაყურებელს დააჯერებს.

სწორედ ამიტომაცაა, რომ მეც და საზოგადოებაც მას კვლავინდებურად ვაკისრებთ პასუხისმგებლობას როგორც თქვენს მოყვანაზე, როლთა განაწილებაზე, ისე დღეს მიმდინარე _ მისგან მართულ პროცესებზე… მაგრამ მერწმუნეთ, ეს ჩვენ მიერ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა  ფოლკლორულია, ზეპირსიტყვიერია, რომ იტყვიან, „გრამაფონში წერია“ და „გრამაფონი“ სარდაფშია, სარდაფს კიდე დიდი ბოქოლომი ადევს… ამ ყველაფერზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით, იურიდიულად პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ და არავის სხვას. დიახ, თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს და არა ბიძინა ივანიშვილს. ჩემ მიერ, საზოგადოების მიერ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მორალურ-პოლიტიკურია. რატომ? იმიტომ, რომ ის განზე გადგა, კულისებში თუ თეჯირს მიღმა გაილალა და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა. მესმის თქვენი, რომ არც მოქმედების სრულ თავისუფლებას გაძლევთ, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ აწერთ ხელს ყველაფერს, ყველა დოკუმენტს! თქვენ გაქვთ იურიდიული პასუხისმგებლობაც, პოლიტიკურიც და მორალურიც _ რადგან ნებითა თქვენითა დათანხმდით აღნიშნულ მოცემულობას. ვერსად იმართლებთ თავს იმით, რომ ამაგიდან გამომდინარე უარი ვერ თქვით. იყო ასეთი კაცი, დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ამბობდა, რომ კაცს არას თქმა უნდა შეეძლოსო. არა _ არა. ჰო _ ჰო. და რადგან თქვით ჰო, ესე იგი, მისაღები იყო ეს მოცემულობა თქვენთვის და ამიტომ კეთილი ინებეთ და ყველანაირად აგეთ პასუხი. მეტიც, იყავით მზად სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის! რატომ? ასეთი ზნე გვაქვს ქართველებს, ირაკლი. განა, ასე არ ქენით თქვენ? წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნა არ დაიწყეთ? მეტიც, განა, აკეთეთ რამე დაჭერების გარდა? კი, კი, ვიცი, დიდი პრემიებიც დაირიგეთ, ეგეც საქმეა, მაგრამ დაჭერებზე მაქვს საუბარი. როგორც იჭერთ თქვენ, როგორც იჭერდა თქვენამდე მიშა შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც მანამდე იჭედა ედუარდი ზვიადის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე დაგიჭერენ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი _ ხელისუფლებაში მობრუნებული „ნაცები“ თუ სარბიელზე გამოჩენილი ახალი ძალები. მერწმუნეთ, ვინც არ უნდა იყვნენ _ ქართველები იქნებიან და ქართულ ზნეზე არავინ აიღებს ხელს. და თქვენი ხელისუფლება ისე იქცევა და იმდენ დანაშაულს თუ შეცდომას სჩადის, რომ ზნესაც რომ თავი დავანებოთ, ობიექტურად არავინ გაპატიებთ იმას, რაც დღეს ხდება. არავინ გაპატიებთ საყრდისის აფეთქებას და მერე ამ აფეთქების „გაპრავებას“; არავინ გაპატიებთ იმას, რაც ხდება სამართალდამცველ სტრუქტურებში; არავინ გაპატიებთ იმას, რომ წლობით გყავთ ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური ოპონენტები, ვერ უმტკიცებთ წაყენებულ ბრალდებებს და გზადაგზა უქსოვთ და აცმევთ ახალი „ბრალდების პერანგებს“; არავინ გაპატიებთ ეკონომიკის გაბერწებას, ლარის გაუფასურებას, გაჩანაგებულ ინფრასტრუქტურას, ნათესაური კლანების შენებას. მომავალმა ხელისუფლებამ კი არა, აგერ ნათესავები თვით ბიძინა ივანიშვილმაც კი გიხსენათ: „რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვა-მეთქი, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით“.

არავინ გაპატიებთ საბედისწერო ნაბიჯების გადადგმას _ ავარეთის გზის გაყვანას, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას; მერწმუნეთ, საკუთარი თავით აგებთ პასუხს ყველა პრორუსულ ქმედებაზედ _ ნებსითზედ თუ უნებლიეთზედ. რაღა დაგიმალო, მე მომეწონა თქვენი რამდენიმე ბოლო განცხადება, თუნდაც ის, რაც ბრძანეთ მიუნხენში, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ჩვენი ევროპული არჩევანით, რომ ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და რომ ეს არც 2012 წელს მომხდარა და არც 2014 წელს, არამედ საუკუნეების წინათ. გასაგებია, კვლავ არ აფასებთ წინა ხელისუფლების დამსახურებას, მაგრამ უკვე საქმეა, რომ მთლად თქვენს თავზე არ მიიწერთ ამ დამსახურებას, როგორადაც აკეთებდით აქამდე თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც, რომელნიც საამებლად ბიძინაისი, ყველაფრის ათვლას 2012-დან იწყებდნენ და ყველაფერს ბიძინას უკავშირებდნენ.

მომეწონა ისიც, ვაზაგაშვილის საქმის გახსნისას პროკურატურას რომ დაელოდეთ და თავი შეიკავეთ წინასწარ რამის თქმისგან, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნეთ, გქონიათ ინფორმაცია. როგორც ჩანს, შეცდომებზე ნელ-ნელა სწავლობთ და აღარ იმეორებთ იმას, რაც გააკეთეთ რაფალიანცის შემთხვევაში _ თქვენ გვერდზე რომ ეგრევე გააზიარეთ მანანა ბერიკაშვილი „დოი, ჭოლა“ _ სიუჟეტი და მიაწერეთ: ესაა სააკაშვილის რეჟიმის სახეო.

კარგია ისიც, რომ საღად აფასებთ სიტუაციას _ ვაზაგაშვილის აფეთქება სწორედაც რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო თქვენი ხელისუფლებისთვის, ოღონდ იმედია, შეინარჩუნებთ ამ ზომიერებას და ყველაფერს კვლავინდებურად „რადარებიდან გამქრალ“ „ნაციონალებს“ არ შესტენით ისევ და თვალს გაუსწორებთ რეალობას, რომ ეს ყველაფერი იმ ქვეყნიდან იყო დაგეგმილი, რომელიც უკმაყოფილოა საქართველოს ევროპული არჩევანით. დიახ, ბატონო ირაკლი… არის კონტურები იმისა, რომ კრემლი ნელ-ნელა სხვა ძალას ამზადებს თქვენს ჩასანაცვლებლად, უფრო ღიად რუსულს, აი, ისეთს, რომელიც ღიად გაუწვება და მიიღებს სიამოვნებას, რომელსაც არ გაუტყდება პრორუსულობა, რომელიც არ მოიწადინებს დასავლეთთან კეკლუცს. ეს საერთოდ ასე ხდება ხოლმე, იყო შევარდნაძე _ დავალებული რუსთაგან, მაგრამ თამაშობდა ორმაგს, ცალკე რუსეთს ეთამაშებოდა, ცალკე _ დასავლეთს. ეს რუსეთმაც იცოდა და დასავლეთმაც. რუსეთს, ცხადია, ასეთი მოთამაშე შევარდნაძე ერჩია პატრიოტ, უდრეკ ზვიად გამსახურდიას და დასავლეთისთვისაც არ იყო მიუღებელი ეს ორმაგად მოთამაშე შევარდნაძე _ რაკიღა მაშინ იკიდებდნენ აქ, რეგიონში ფეხს; რადგან სწორედ შევარდნაძე დასთანხმდა მათ ბაქო-ჯეიჰანზე, იმ პროექტზე, რომელზეც ამერიკას, აქ ჩამოსულ ნიქსონს, ზვიად გამსახურდიამ უარი უთხრა…. მოკლედ, რუსეთიც იტანდა შევარდნაძის ორმაგ, ლაითად რომ ვთქვათ, „დაბალანსებულ“ თამაშს და ამერიკაც… მაგრამ მოვიდა დრო, განიმტკიცა აშშ-მ პოზიციები საქართველოში და ორმაგად მოთამაშეს პროდასავლური სააკაშვილი ამჯობინეს…. გამოხდა ხანი, ამ პროდასავლურ საააკაშვილს კრემლმა, ცხადია, თქვენ გამჯობინათ, მაგრამ სწორედ ახლა, მიუნხენში, თქვენ ბრძანეთ, რომ: „რუსეთის ქმედებები მიუთითებს, რომ ის რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს“. ეს პოლიტიკა თქვენი ხელისუფლების ღია რუსეთუმეებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს… დიახ, როგორც 2003 წელს დასავლეთს მოსწყინდა ორმაგად მოთამაშეები, ახლა, 12 წლის შემდეგ, კვლავ თხის წელიწადში _ რუსეთს მოსწყინდით თქვენ და სწადია თქვენი ღია რუსეთუმეებით _ კოლექტიური ბურჯანაძით ჩანაცვლება. რაც ახლა ბრძანეთ მიუნხენში, სრული სიმართლეა. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთისადმი მიდგომა შეცვალა, თუმცა ამას პოლიტიკური ნიშნით პროგრესი არ მოუტანია. კარგია, რომ ამას ხედავთ და ამას აღიარებთ კიდეც. დიახ, მართებულად ბრძანეთ ისიც, რომ „მსოფლიოს რომ საკმარისი ყურადღება მიექცია 2008 წლის კონფლიქტისთვის, თავიდან ავიცილებდით უკრაინის კონფლიქტს. გვახსოვს, რომ მაშინ არავის დაუწესებია ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია სათანადო არ იყო და უკრაინის კრიზისი არის ამის შედეგი“.

მაგრამ როგორც ბადაგონის რეკლამაში სოფიკო ჭიაურელი იტყოდა: „თუ სწორად მახსოვს“… სწორედ თქვენი ლიდერი ადანაშაულებდა 2008 წლის ომში სააკაშვილს და, შესაბამისად, ქართულ მხარეს, სააკაშვილსა და `ნაცმოძრაობას~ აბრალებდით ყველაფერს და „ესტროჩკებოდით“ პუტინს, მაგრამ როგორც დაგიფასდათ ეს ყველაფერი, ნახეთ? სულ ცოტა ხნის წინ კი სწორედ თქვენ იდექით და დასავლურ პრესაში დასავლეთს მოუწოდებდით, რომ არ მოემარაგებინათ იარაღით უკრაინა, რომ ეს უფრო გაამწვავებდა კრიზისს…

მოკლედ, მე მხოლოდ იმის შეხსენება მინდოდა, რომ თქვენ ბრძანდებით მთავრობის მეთაური და სამართლებრივად თქვენ მოგეთხოვებათ პასუხი. არა, ნურც ის ბრძენი კაცი დაიარხეინებს და მთლად ნიცშესთან და კაფკასთან კამათით ნუ შეიქცევს თავს _ რაკიღა ოფიციალური პირი აღარაა და მხოლოდ კულისებიდან მართავს, მასაც მოეთხოვება პასუხი მორალურად, პოლიტიუკურად და ხშირად ეს მორალური პასუხისგება უფრო მწკლარტეა და შვილიშვილებსაც კი სჭირის კბილებს, ვიდრე იურიდიული… მოკლედ, ფრთხილად, ირაკლი, თხის წელია და ემანდ, განტევების ვაცი არ აღმოჩნდეთ…

 

რეზო შატაკიშვილი