გუბაზ მძინარე მილიონერი

saasaa

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ჯერ მხოლოდ 5 წელი იყო გასული, ერთ-ერთ მიტინგზე ერთი ოპოზიციონერი რომ გამობრძანდა და ერს შებღავლა, _ ხელისუფლებაში მოსულია მტარვალი, მანიაკი, ავადმყოფი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბნელი ძალა, ურწმუნო, უღვთო, სისხლისმოყვარე, გაუმაძღარი, ყოველისმჭამელი…

„ქართველებო, ჯალალედინია თბილისში შემოსული!“ _ თქვა მან და ხალხს დასჭყივლა, _ გაიღვიძეთ, დიდი ხანია, გვძინავსო. „მწოლიარე ქართველებო, გაიღვიძეთ, თათქარიძეებო, დადექით ფეხზე!“ _ მოკლედ, სულ თათქარიძეები გვეძახა და იცით, ვინ? ვინმემ საროს ტანისამ კი არა, თვით გუბაზ სანიკიძემ… მერე და მერე, არჩევნებში რომ ჩაფლავდნენ, ხალხს სულ საქონელი ეძახა. ქართველი ერი ნახირი გამოიყვანა, მაგრამ მერე განგვიმარტა _ ჩაგვიზუსტა _ მე ნახირი არ მითქვამს, საქონელი ვთქვი და საქონელი უარესიაო. ჯერ ერთი, დიდად მოქართულემ უნდა იცოდეს, რომ ნახირში საქონელს ერეკებიან და ბევრი საქონელი ერთად _ ნახირია… მაგრამ რა გინდა, ამ ერმა ტკბილად შეირგო ამ საქონლის ძახილიც, თათქარიძის ძახილიც, მოტყუებაც _ რომ დადიოდა გუბაზ ბატონი და მთელ ერს ატყუებდა _ სადაც კი დედალი და წიწილა იკვლება, ცალი ბარკალი მიშასიაო. დაიჯერეს ესეც, დაუჯერეს გუბაზს, რომელსაც ცხოვრებაში არც რა გაუკეთებია, გაცვივდნენ და ხმა მისცეს და დეპუტატად აირჩიეს. აირჩიეს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე კარგად მოისმინეს, როგორ ალალად და გულწრფელად გაჰყვიროდა, _ ფული უნდა ვიშოვო, მილიონერი უნდა გავხდეო! ისიც მოისმინეს, რას ესაუბრებოდა ხაბურძანიას „კანონიერ ქურდთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს ყველაფერი ქუთაისლებმა ფაბრიკაციად მიიჩნიეს, გაცვივდნენ და მაჟორიტარად მაინც გუბაზი აირჩიეს. ალბათ იმ დღის მერე გუბაზ ბატონი იმ საქონელ ხალხს სულ შვლის ნუკრებად ხედავს. გუბაზ ბატონო, ის ხალხი საქონელი იყო, ვინც 20 ლარის გამო სააკაშვილს აძლევდა ხმას და ვინც ბიძინასა და თქვენ ხმა მოგცათ გაწეული „ქველმოქმედების“ გამო თუ „უფასო ფულის“ მოლოდინში, ისინი ვინ არიან? _ ზებრები? პინგვინები თუ მამულიშვილები?

და კიდევ წლების წინათ ბრძანებდით, _ ეს ერი ყოველთვის ნაძირალებსა და სულელებს შორის აკეთებდა არჩევანსო. დღეს რას იტყვით, რომელი ხართ ეს თქვენი საოცნებო კოალიცია? _ ნაძირალები თუ სულელები? დიახ, ამ ხუთიოდე წლის წინათ, როცა მას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ „ეროვნული ფორუმის“ მისამართით ხშირად ისმოდა პრეტენზია, _ ჯერ გაკეთებული საქმე დაგვანახონ და მერე ილაპარაკონო, გუბაზი მწყობრიდან გამოვიდა, სულ ბრმა და ბრუციანი ეძახა მათ, ვინც ამას ამბობდა. თავიც გამოიდო, _ ერთი კაცის კვალობაზე საკმაოდ ბევრი მაქვს გაკეთებულიო, ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებლობის აქტზე მაქვს ხელი მოწერილი, ისტორიაში ვარ შესულიო! _ ბრძანა ეს და დააყოლა: „ჯერ ის იკითხონ, მქონდა კი საშუალება, რომ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გამეკეთებინა? ყოველთვის ნაძირალებსა და სულელებს შორის რომ აკეთებენ არჩევანს, ეს ხალხი გვიყენებს პრეტენზიას?“

როცა ამას გუბაზი ბრძანებდა, ხელისუფლებაში არ იყო, მაგრამ გამოხდა ხანი, იგი აირჩია ქუთაისმა და რა მერე? რა გაუკეთა იმ ხალხს? ქვეყანას? ხომ ვერ აგვიხსნის, რატომ აუჭედეს სამუშაო კაბინეტის კარი სკოჩით ქუთაისში? გული გაგვიწყალა _ სულ აქაა და ჩვენზე ზრუნავსო? ახლა გატრუნულია და აი, მაშინ კი გვაბარებდა ანგარიშს _ ამაყად და თავმომწონედ: „აუცილებლად უნდა ვთქვა, კიდევ რა და როგორ მაქვს გაკეთებული, ბოლოს და ბოლოს, რომ მორჩნენ ამაზე ლაპარაკს. დავიწყოთ იქიდან, რომ კარგი ოჯახი მყავს და კარგ შვილებს ვზრდი; დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გავხდი პროფესორი; საქართველო ვასახელე დამასკოს უნივერსიტეტში. ბედნიერი ვარ, რომ „დამოუკიდებლობის აქტს“ სანიკიძემ მოაწერა ხელი. გაივლის საუკუნეები და ჩემი სახელი დარჩება. არ ვიყიდები, ქვეყანა არ გამიმწარებია, ლარი არ მომიპარავს. არც მეგობრისთვის, არც ოჯახისთვის, არც ქვეყნისთვის არ მიღალატია. ცოტაა ესა? ჩემი პატიოსნება დგას იმაზე, რომ ბევრჯერ შემომთავაზეს ამქვეყნიური სიკეთეები და უარი ვთქვი. მყავს კარგი თანამებრძოლები. უფულოდ ავაწყვეთ ამხელა პარტია. ნახეთ, „ფორუმში“ როგორი წესრიგია. ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ასეთი წესრიგი იქნება ქვეყანაშიც“.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, ამ ჩვენი გუბაზას პათოსი განსხვავდება კი რამით ლუარსაბ თათქარიძის პათოსისგან? „ვაჟო! მე ვარისხებ ღმერთსაო? _ წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მამიკლავს და კაცისათვის მე არ მამიპარავს, რაზედ ვარისხებ ღმერთსა?“…

არადა, ჩვენ, ხალხს კი გვეძახა თათქარიძეები, საქონელიც და ნახირიც. რა უნდა ვუთხრათ ახლა ჩვენ მას? რაც უთხრა დიდმა ილიამ თათქარიძეს: „რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, მაგრამ რაც უნდა გექნა _ ის კი გიქნია?“ და მეტიც, ე მაგ თავმოწონებასაც გაუვიდა ყავლი, რომ ბევრჯერ შემომთავაზეს ამქვეყნიური სიკეთეები და უარი ვთქვიო. არ ვიყიდებიო. არადა, რა კარგად ისმოდა იმ ფარულ ჩანაწერში: „გელოდი, ჩვენ ფული უნდა ვიშოვოთ, რა. პოლიტიკა იქნება თუ არ იქნება, მაყუთი უნდა ვიშოვოთ. რაც ყაზახეთში გავა რამე, ჩვენგან უნდა გავიდეს, ხილი იქნება, სასმელი თუ რაც იქნება. არაფერი არ მინდა, არც პრეზიდენტობა და არც არაფერი, მაგის დ… მოვ…ან! ფული უნდა ვიშოვო, რა, მილიონერი უნდა გავხდე!“

ეს როგორ გავიგოთ, მობეზრდა გუბაზს პატიოსნება, ჩაიქნია ხელი და გადავიდა ფულის შოვნაზედ? და იშოვა კი ეს მილიონი? სწორედ ეს მაინტერესებდა, როდესაც შევედი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე წწწ.დეცლარატიონ.გოვ.გე-ზე, მაგრამ რა გინდა? _ იქ გუბაზის ახალი დეკლარაციები არ დევს, არც 2013 წელს ჩაბარებული, არც 2014 წელს, დევს მხოლოდ 1999, 2000, 2001, 2003, 2004 წლების დეკლარაციები, ანუ მანამდელი, ვიდრე გუბაზი გამდიდრებას, მილიონერად გახდომას გადაწყვეტდა.

ახლა რაც შეეხება მის განათლებას: დისერტაციებზე საუბრობდა და მას მართლაც აქვს დაცული დისერტაციები _ საკანდიდატოც და სადოქტოროც; საკანდიდატოს თემაა „რომი და ელინურ-ელინისტური აღმოსავლეთი“, სადოქტოროსი _ „რომაული რესპუბლიკის კრიზისი ძველი წელთაღრიცხვით II-I საუკუნეებში“; დამასკოს უნივერსიტეტს რომ ახსენებდა, იქ 1987-88 წლებში იყო სტაჟიორი;  23 წლის უზენაესი საბჭოს წევრი იყო _ 1990 წლიდან ტრადიციონალისტი გახდა, 1995 წლიდან ამავე პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა; 1999-2003 წლებში პარლამენტარი იყო; 2006 წელს ეროვნული ფორუმის დამფუძნებლად და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მოგვევლინა. დღიდან ბიძინას გამოჩენისა ოცნებას მიჰყო ხელი, რაც იმით დამთავრდა, რომ „ფორუმი“ კოალიციას შეუერთდა და 2012 წელს გუბაზი პარლამენტარი გახდა; 1992 წლიდან 2006 წლამდე უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო, მუშაობდა ჯერ აზია-აფრიკის ხალხთა ისტორიის, შემდეგ კი ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრებზე. ფლობს რუსულ და არაბულ ენებს.

სხვა მეოცნებეთაგან განსხვავებით მას არცთუ იშვიათად მოიხსენიებენ განათლებულ პოლიტიკოსად, რასაც, როგორც წესი, მისი გამოსვლებიდან ასკვნიან. მას ხელეწიფება პარალელების გავლება საქართველოსა, საერთოდ, მსოფლიო ისტორიას შორის. ეს პარალელები ხშირად მართებულიცაა, უფრო ხშირად ყურით მოთრეული და არცთუ იშვიათად _ აცაბაცა. საერთოდ, რაც მისი გამოსვლებიდან ჩანს, ეს განათლებაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე, რომ გუბაზი, უბრალოდ, ნაკითხი კაცია. და ახლა თუ ჩვენ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგი ლევან სანიკიძის ვაჟია და ეს ყველაფერი, რასაც გუბაზი ხშირად იმეორებს, მამამისს „დედა ისტორიაში“, „უქარქაშო ხმლებსა“ და „რომის ისტორიაში“ უწერია და გამორიცხული არაა, რომ გუბაზი ნაკითხი კი არაა, ანუ ამ ყველაფერს კი არ კითხულობდა _ მამამისისგან ესმოდა „ლაივში“ მთელი ბავშვობა _ ზეპირად…

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა იაღლიში გააკეთა და თამარ მეფე ოსად გამოაცხადა, გუბაზ სანიკიძემ სამართლიანად ამხილა და გააკრიტიკა კიდეც, მაგრამ ისე გალალა, თვითონაც დაუშვა იაღლიში, დავით სოსლანი მეფედ მოგვასაღა: „საქართველოს მეფე იყო ის კაცი და პასპორტში ეწერა თუ დაბადების მოწმობაში, რომ ოსი იყო? რას ბოდავს სააკაშვილი, სად ბალახობს?“

გუბაზ ბატონო, დავით სოსლანი მეფე არ ყოფილა, მეფის ქმარი ბრძანდებოდა. თქვენი ლოგიკით, საქართველოს ორი მეფე ჰყოლია და იმ ორ მეფეს ერთმანეთში სექსი ჰქონიათ…

გუბაზი რომ ნაკითხი კაცია და არა ნათლით მოსილი, ამას მისი შეხედულებებიც მეტყველებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის კუთხით. მას მიაჩნია, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილები ზარდოს და მამაკაცი შემომტანი უნდა იყოს. „ე. წ. ფსევდოლიბერალებს ჰგონიათ, რომ ეს ჩამორჩენილობაა. დავანებოთ თავი საქართველოს და იაპონიაში გადავიდეთ _ როგორი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. იქ ქალი სახლში ზის და ბავშვებს ზრდის. ოჯახს მამაკაცი ინახავს და დღე და ღამე გასწორებული აქვს. არა მგონია, იაპონელები ჩამორჩენილები და რქიანები იყვნენ. ძალიან კარგია, თუ ქალს საშუალება აქვს, თავისი საქმე ჰქონდეს, მაგრამ საქმე ოჯახზე მნიშვნელოვანი ვერ იქნება“, _ ბრძანებს გუბაზ ბატონი და იმასაც დასძენს, რომ არც ის მიაჩნია სწორად, ქალი რომ უფრო გვიან ადგება საწოლიდან, ვიდრე მამაკაცი. ესეც თქვენი გენდერული თანასწორობა…

თუ კარგად გავიხსენებთ მის ძველთაძველ თუ გვიანდელ განცხადებებს, მივხვდებით, რომ მას დიახაც რომ ხელეწიფება უტიფრად საუბარი, აი, ასე, თვალს თვალში გაგიყრის და 2007 წელს გეტყვის, რომ ხალხს ვეღარ დააშინებენ, რომ ხალხმა გადალახა შიშები, რადგან ყველაფერი მიიღეს, რისიც ეშინოდათ: „ეშინოდათ სამსახურის დაკარგვის, ღირსების შელახვის, ქვეყნის დაქცევის, ეკონომიკის გაპარტახების, ეს ყველაფერი მოხდა“. გაიგეეეთ? ეკონომიკის გაპარტახების გვეშინოდა, ესე იგი, ედიკას დროს ეკონომიკა გვქონია, თან გაუპარტახებელი და მიშას დროს გაპარტახებულა!

გუბაზ ბატონო, ასეთ დროს თვალის თვალში გაყრა არ კმარა, მუჭით ნაცარიც უნდა შემოგვაყაროთ ხოლმე თვალებში, რომ სულ დავბრმავდეთ, დავბრუციანდეთ ისე, რომ მიქელანჯელოს დავითად თუ არა, სუხიშვილების მოცეკვავედ მაინც მოგვეჩვენოთ.

გამოვარდა და ყვიროდა, _ მესტიასა და ამბროლაურში უნდა იყოს აეროპორტიო, მაგრამ ამას ვისთვის აკეთებს, ტურისტისთვის თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვისო? რომელსაც ბილეთის ფული არ ექნებაო? ახლა ამის მთქმელს რა უნდა ელაპარაკო? ის ტურიზმი რომ ვითარდება, ვინ ხეირობს? და თუ აეროპორტი არ იქნა, ტურიზმი არ განვითარდა, რით იხეირებს ის ადგილობრივი მოსახლე? მაგრამ გუბაზს ტურიზმი სძულს, არა, არა, რას ამბობთ, თვითონ უყვარს აქეთ-იქით სიარული, აქ საქართველოში არ უნდა, ტურისტები რომ იყვნენ, მისი „ღრმა“ რწმენით: „ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ტურიზმს კი არა, სამი სფეროს განვითარებას უნდა დაემყაროს. ესენია: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და განათლება“.

ძალიან კარგად იცის, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანას ვერ განავითარებს, რომ ეს ბრიყვთათვის მოგონილი სატყუარაა, რაც კარგად ჩანს ციფრებში, სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკაში _ თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას იმ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში. მაგრამ რა გინდა? როგორც კი გუბაზს ციფრებს უხსენებ, იმ წუთას გეტყვის, _ დაიკიდე ციფრები, დაეკიდე ციფრებს… და იცით, რატომაა იგი მავნე? იმიტომ, რომ ამ თავისი განათლებით მუდამ შეცდომაში შეჰყავდა ხალხი.

მას შეუძლია გამოვიდეს და დაახეთქოს, რომ სააკაშვილს ქვეყნის სინგაპურიზაცია და ქვეყნის ეთნიკური რუკის გამოცვლა უნდა და ამისთვის 150 ათასი ბურის ჩამოსახლებას აპირებს; რომ ქართული მიწა უნდა წაართვან ქართველ გლეხს და მისცენ ფერმერ ბურებს, ქართული სოფლის მეურნეობა უნდა გადავიდეს „უცხო თესლის ხელში“; შეუძლია ამ ტყუილს მეორეც მიაბას, რომ სააკაშვილს მეორე სახელმწიფო ენად ინგლისურის შემოღება უნდა; რომ თურმე ეს ინგლისური ქართველებს არც არაფერში გვჭირდება _ ერთმანეთთან სალაპარაკოდ ინგლისური არ გვჭირდება, მეზობელ ქვეყნებთან ინგლისური არ გვჭირდება, ის კი არა, ევროპაშიც დომინანტი ენები გერმანული და ფრანგული ყოფილა, არც ტურიზმის განვითარებასთან ყოფილა არაფერ შუაში ეს ინგლისური _ იტალიასა და ესპანეთს ტურიზმით ვერ დავეწევით, მაგრამ ჩადით და ნახეთ, სჭირდება თუ არა ვინმეს იქ ინგლისურიო. ამ შესავალს იმისთვის აკეთებდა, რომ მერე დაესვა კითხვა, _ აბა, რისთვის გვჭირდება ეს ინგლისური? და თავადვე ეპასუხა, _ რომ ბურებისთვის და ინდოელებისთვის… და თუ ასე გავაგრძელებთ, თურმე, ქართული საეკლესიო ენაღა შეგვრჩება… რომ ქართული მიწა მიშას ბურებისთვის, ჩინელებისთვის ნდომია და გუბაზმან მან შესთავაზა ალტერნატივა ქართველებს, _ თქვით, სად გინდათ ცხოვრება _ მშობლიურ საქართველოში, თუ სინგაპურში, სადაც „დამლაგებელი, მძღოლი და ოფიციანტი იქნებით?“ მერე ეს იმედიც გადაუწურა: „იქაც არ გამუშავებენ, იმიტომ, რომ ჩინელი და ინდოელი იმუშავებს იქაც. ნუთუ, არ ვნახეთ წელს, აგერ, რიკოთის მშენებლობაზე ჩინელები რომ მუშაობდნენ? ქართველისთვის საქართველოში სამუშაო არ არის. ქართველი გლეხი უნდა მოკლან, მიწა წაართვან, წყალი არ უნდა გაუყვანონ, სამაგიეროდ, მობრძანდით, ძვირფასო ბურებო!“

ხედავთ, რამდენი „ურაპატრიოტული“ ტყუილი გაჭამათ ამ თქვენმა ნასუქმა გუბაზამ იმისთვის, რომ თავად თბილად მოკალათებულიყო და მილიონები ეკეთებინა? სად არიან ბურები? და რაღატომ მუშაობენ ჩინელები ისევ საქართველოში? რატომ არ გარეკეს ბიძინამ და ამ თქვენმა გუბაზამ ის ჩინელები და რატომ არ დაგასაქმეს თქვენ? თუ ბიძინას ჩინელები სხვა ბრინჯს გეახლებიან და „ქართველობას არ გართმევენ“?

ეს ის გუბაზ სანიკიძეა, რომელიც გამოდიოდა და დაგვკიოდა, _ რატომ არ ლაპარაკობს სააკაშვილი ვოიაჟებისას ქართულ ენაზეო? „გამაგებინეთ, საბერძნეთში საქართველოს პრეზიდენტი ინგლისურად რატომ უნდა ლაპარაკობდეს?“

ახლა, გამობრძანდეს გუბაზ ბატონი და გაგვაგებინოს, რატომ ლაპარაკობენ დღევანდელი ლიდერები საზღვარგარეთული ვოიაჟებისას უცხო ენებზე? თანაც ისიც კარგად მოგეხსენებათ, მათმა დიდმა ნაწილმა რომ ინგლისური იცის, მაგ ინგლისურს თავმოყვარე ადამიანი შოპინგისას თუ გამოიყენებს, არათუ გამოსვლებზე? სააკაშვილს უნაკლო ინგლისურით არ უნდა ელაპარაკა საზღვარგარეთ, თურმე, იმ თავისი უნაკლო ინგლისურით გვარცხვენდა, თავს გვჭრიდა და გვათახსირებდა, აი, ეკა ბესელიას „ფიფოლ ინგლისური“ კი გვაცხონებს და აგვაშენებს.

საერთოდ, რა ხილია _ უფრო სწორად, რა „ფრუქტია“ ეს გუბაზ სანიკიძე ქართულ პოლიტიკაში? პოლიტიკოსია? კი, თავად თავი პოლიტიკოსი ჰგონია, მაგრამ შეიძლება პოლიტიკოსად ჩაითვალოს აი, ამ განცხადების ავტორი? „ჩვენ არა ვართ სააკაშვილის ოპოზიცია, ჩვენ ვართ სააკაშვილის მტრები! სააკაშვილს შეუძლია მოგვექცეს ისე, როგორც მტრებს და პირიქით, ჩვენ მოვექცევით მას ისე, როგორც მტერს. ვინც სააკაშვილის ოპოზიციაში აპირებს ყოფნას, გზებიც დამილოცნია!“

სხვა კუთხეების არ ვიცი და ასეთ კაცს ქართლში პოლიტიკოსს კი არა, „ბოღმის კანისტრას“ ეძახიან. თან არ დაგავიწყდეთ, რომ იგივე გუბაზ ბატონისთვის ნინო ბურჯანაძე ოპონენტია და სააკაშვილი მტერი: „ნინო ბურჯანაძე არის ჩვენი ოპონენტი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი _ ამ ქვეყნის მტერი“.

ძალიან უყვარს ტრაბახი და დაქადნება. მიშას კურდღელს ეძახის და თავად ტიპური ყურშა გაყოყოჩდაა. 2009 წელს მარტში იქადნებოდა, რომ 9 აპრილს დაიწყებოდა აქციები და მანამ არ დამთავრდებოდა, სანამ ოკუპანტი სააკაშვილი არ გადადგებოდა, რომ იგი _ გუბაზი, მანამ არ წამოვიდოდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა: „დიახ, ან გამარჯვებული დავბრუნდები სახლში, ან ჩავჯდები ციხეში, ან შევაკვდები ამ ხელისუფლებას“.

მიხეილი არ გადამდგარა და ამდენად გუბაზი გამარჯვებული არ დაბრუნებულა შინ, არც ციხეში ჩამჯდარა, არც არავის შეკვდომია _ მშვენივრადაა ფერხორციანად…

2010 წელს იმასაც იქადნებოდა, „ეროვნული ფორუმი“ ემზადება ინიციატივებისა და პოლიტიკური პროცესების სადავეების ხელში ასაღებადო, აი, ასე, ყველაფერს ჩვენ განვსაზღვრავთ, რა იქნება საჭიროო.

სად არის შენი ბედნიერება, მზიასი არ იყოს, გუბაზ, სად არის „ფორუმის“ აღებული სადავეები? არ გბეზრდებოდა ამდენი ტყუილი და ამდენი ტრაბახი? ააა, ეს მოგბეზრდა და ამიტომ მოიწადინე მილიონის შოვნა? ერთ დროს „ტრადიციონალისტი“ გუბაზი მუდამ დროს ტრადიციულად დაკავებული იყო ხმების, ჭორების დაყრით, რაც იმთავითვეც ტყუილი იყო და მერეც კარგად ჩანდა ეს, მაგრამ გუბაზმა იცის, რაც უფრო დაუჯერებელი და შეთითხნილია ამბავი, უფრო კარგად იჯერებს ბრბო. ასე მაგალითად, იდგა და ხალხს არწმუნებდა, რომ სააკაშვილი თურქეთს იმიტომ უძვრებოდა, რომ იქ აპირებდა თავის შეფარებას, როცა გაქცევა მოუწევდა. ამბობდა ამას და იქვე ამ იმედსაც უწურავდა: „ტყუილად აქვს თურქეთის იმედი! თურქეთი სერიოზული სახელმწიფოა და სააკაშვილისნაირ სახელმწიფო დამნაშავეს არ შეიფარებს!“

დღეს „სახელმწიფო დამნაშავე“ სააკაშვილი საქართველოში არ არის და არხეინად დადის როგორც თურქეთში, ისე ევროპაში, ამერიკაში, იმედები გაუბერწდა გუბაზას…

გუბაზ ბატონო, იცით, რას მიიჩნევდა სააკაშვილი ფინალის მოახლოების უმთავრეს ნიშნად?

„ეს ხელისუფლება ამბობს ერთადერთ რამეს: კი ბატონო, მე ცუდი ვარ, მაგრამ ოპოზიციაში უარესები არიანო! აი, ეს არის ამათი მთელი პროპაგანდა! ჩვენ ყველანი უნდა ვგრძნობდეთ, რომ ფინალი ახლოვდება“.

გუბაზ ბატონი რომ ამას უბნობდა, 2010 წელი იდგა, ახლა 2015 წელია _ მესამე „კარგი“ წელი _ რაც თავადაა ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლებაში, რომელიც მოსვლის დღიდან მაგას ამტკიცებს, რომ ნაცები, ანუ ოპოზიცია უარესები იყვნენ და არიან. რა გამოდის? თვითონ მოსვლის დღიდან დაეწყოთ ფინალი?

გუბაზის ელექტორატს მინდა ვკითხო, _ მსუყეა წყვილი ბარკალი?

 

რეზო შატაკიშვილი