რატომ უნდა დატოვონ კაბინეტები მინისტრებმა და კარდაკარ ეძებონ ინვესტიციები?

hhjjj

წესით და რიგით 2015 წელი ეკონომიკური აღმავლობის წელი უნდა იყოს საქართველოსთვის. ყოველ შემთხვევაში, ასე გვპირდებოდა ორი წლის წინ „ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. მართალია, ეს წელი ახლახან დაიწყო და შესრულდება თუ არა დანაპირები ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა რასაც დათესავ, იმას მოიმკიო და საკითხავია, შარშან რა დათესა ჩვენმა ხელისუფლებამ ისეთი, მიმდინარე წელს ეკონომიკური აღმავლობა რომ მოიმკას?

დიახ, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ექსპერტთა აზრით, აღმავლობა კი არა, წინ ძალიან მძიმე წლები გველის. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას არ მიუძღვის ბრალი. ცხადია, არც უამისობაა და თანაც მას სხვა, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ფაქტორებიც ემატება.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია:

_ პირველ რიგში შევეხები საკითხს, თუ რა ერგო 2014 წლისგან    მიმდინარე წელს მემკვიდრეობად, რის შემდეგაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2015 წელი გაცილებით მძიმე და რთული იქნება, ვიდრე განვლილი წელი. ეს ხდება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ შემდეგი: ჩვენ ვართ მსოფლიოს, მისი მაჯისცემისა და ბაზრის ნაწილი, შესაბამისად, ის, რაც ხდება ჩვენ ირგვლივ, რა თქმა უნდა, უშუალოდ ჩვენზეც აისახება. კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასახვა გამოიხატება შემდეგნაირად: ჩვენ იმ ტალღაში მოვყევით, სადაც საკმაოდ რთული ეკონომიკური პროცესები მიმდინარეობს. ომზე არ ვლაპარაკობ, ეს სხვა თემაა, რომელიც, ცხადია, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ართულებს სიტუაციას.

_ ანუ საგარეო ფაქტორებზე ვსაუბრობთ, რაც დიდ გავლენას ახდენს საქართველოში ეკონომიკურ პროცესებზე?

_ დიახ, ევროპაში დღეს საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს. ევროპაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არის დღეს ჩვენი საქონლის ერთ-ერთი ძირითადი შემკვეთი. ჩვენი ექსპორტი, ანუ ჩვენი წარმოება, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ, განკუთვნილია ევროპისთვის, ხოლო ევროპაში მყიდველუნარიანობა თუ მცირდება და მოხმარება არ არის, ბუნებრივია, ჩემი წარმოების გაზრდას აზრი არ აქვს; ანუ პირდაპირ დამოკიდებული ვართ იმ პროცესებზე, რაც იქ მიმდინარეობს. აქ მარტო ევროპაზე არ არის საუბარი. ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, გახლავთ ევროპა, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. ამიტომ როცა უკრაინაში ომია, როცა რუსეთში ეკონომიკური კოლაფსია სანქციების გამო, ეს ყველაფერი ჩვენზეც უშუალოდ მოქმედებს. ქართული ხასიათიდან გამომდინარე ჩვენ გვიხარია, როცა ევროპა ებრძვის რუსეთს, მაგრამ ამასობაში დაგვავიწყდა და არ გავთვალეთ, რომ საქართველოში ყოველთვიურად 80 მილიონი დოლარი მოდიოდა ფულადი ტრანსფერების სახით სწორედ რუსეთიდან. ეს გახლავთ იქ მცხოვრები ქართველების მიერ გადმორიცხული ფული, რომლის რაოდენობამ იკლო მაშინვე, როგორც კი რუსეთში რუბლის კურსი კატასტროფულად დავარდა. ამის შედეგად იქ ფულის შოვნა გაჭირდა და ეტყობა, ეს პროცესი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. რომ დავიანგარიშოთ, გასულ წელს ჩვენ 40 მილიონი დაგვაკლდა ყოველთვიურად რუსეთიდან სავალუტო შემოზიდვების სახით. ეს, წლიურად რომ ვიანგარიშოთ, 500 მილიონია. თანაც არ დაივიწყოთ, რომ საუბარია იმ ტემპებზე, რასაც ვღებულობდით 2014 წელს. მიმდინარე წელს კი რუსეთი უფრო ძლიერი სანქციების ქვეშ იქნება და, შესაბამისად, კიდევ უფრო გაღრმავდება ეს პროცესი. მოკლედ, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს 500 მილიონზე მეტს დავკარგავთ მარტო რუსეთიდან. მერე მოდის საბერძნეთი, რომელიც ფულადი გზავნილებით მეორე ადგილზეა, მასაც თავისი სერიოზული პრობლემები აქვს, აქედანაც დაგვაკლდება ფული და, ბუნებრივია, ასევე უკრაინიდანაც იკლებს ფულადი გზავნილები. ცხადია, ეს დანაკლისი მძიმედ აისახება ეკონომიკაში.

_ ჩვენს ექსპორტს რა ბედი ელის ასეთ ფონზე?

_ ჩვენი ექსპორტის უდიდესი წილი მიმართული იყო რუსეთისკენ. მოგეხსენებათ, შარშან ღვინის რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, ასევე კარგი იყო ციტრუსის მოსავალი, რაც უკრაინასა და რუსეთში მიდიოდა, მაგრამ დღეს იქაც შემცირდა შეძენის რაოდენობა. ამიტომ რუსეთში ექსპორტი შემცირდება და იგივე მიზეზების გამო ასევე მოიკლებს უკრაინასა და ევროპაშიც. ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ექსპორტს დააკლდება, სადღაც, 350 მილიონიდან 450 მილიონამდე. ამას დაუმატეთ გზავნილების დანაკლისიც და საკმაოდ არასახარბიელო სურათს მივიღებთ! ანუ, ჯამში, ჩვენ 900 მილიონ დოლარზე მეტ დანაკლისს ვითვლით, რაც, დამეთანხმეთ, საქართველოსთვის ძალიან დიდი ციფრია.

_ და ეს არის გამოწვეული მხოლოდ ობიექტური ფაქტორებით, რომელიც მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო?

_ დიახ, უჩვენოდ, უფრო სწორად, საქართველოს მთავრობის გარეშე მოქმედებს. ამას საქართველოს მთავრობა ვერაფერს უზამს. ჩვენ ოთხი ძირითადი სავალუტო ნაკადი გვაქვს _ ექსპორტი, ფულის ტრანსფერები, ინვესტიციები და საკრედიტო დახმარებები _ პროექტების დაფინანსება და გრანტები. ამ ჩამონათვალიდან ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია მეტ-ნაკლები ზეგავლენა ვიქონიოთ, არის ინვესტიციები. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, აუცილებელია იმ ბიუროკრატიული მექანიზმების მოხსნა, რომელიც დღემდე თრომბივით აფერხებს ინვესტიციებს. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიპოვოთ ინვესტორები, რომლებსაც უნდა შევუქმნათ ყველანაირი პირობები. ეს რომ მოხდეს, საჭიროა კეთილი ინებონ, კაბინეტები დატოვონ მინისტრებმა და კარდაკარ ეძებონ ინვესტიციები. სხვა გზა არ არის. რაც დავკარგეთ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, იმის საპასუხოდ უნდა მოვიქცეთ ასე. შემოსავლები უნდა გაიზარდოს. იქნებ, მილიარდ ნახევარ დოლარამდე მაინც ავიდეთ, რომ ლარის კურსის სტაბილურობა შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ეროვნული ბანკის ჩარევაზე, თუ იმაზე, რომ ერთმანეთთან ჰარმონიაში იქნება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ეს არაფერს მოიტანს. ეროვნული ბანკი ღმერთი არ არის და მისი რეზერვებიც ამოწურვადია. თუ მიმდინარე ბალანსის მაჩვენებლები არ გასწორდება, ლარის კურსი ვერაფრით გამყარდება. ამისთვის, ვიმეორებ, პირველი ამოცანა არის ინვესტიციების მოზიდვა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდა. დღეს, მაგალითად, ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის მიხედვითაც 108-მილიონიანი ინფრასტრუქტურის პროექტი ამოქმედდება ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის წყალგაყვანილობის კუთხით. აი, ასეთი მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ მუშაობა და ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი დგას ასე: თუ შევძლებთ ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანასაც გადავარჩენთ; თუ არადა, გვექნება დამანგრეველი მიწისძვრის ტოლფასი სიტუაცია. ისიც სათქმელია, რომ 2016 წელიც რთული იქნება, იმიტომ, რომ ეს არჩევნების წელია და სოციალური დანაპირები ტვირთად დააწვება ჩვენს ბიუჯეტს. მთელი ყურადღება მიმართული იქნება არჩევნებისკენ და ბიზნესის განვითარებისთვის არავის ეცლება. აი, ეს გახლავთ საერთო სურათი, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესებზე როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.

_ გასაგებია, რომ ჩვენ გარშემო ყველგან კრიზისია, მაგრამ მარტო ეს გახდა ინვესტიციების არარსებობის მიზეზი? წეღან თქვენ ბიუროკრატიული თრომბიც ახსენეთ.

_ ცხადია, მარტო კრიზისზე არ შეიძლება ყველაფრის გადაბრალება. ეს ხდება, ასევე, ბიუროკრატიულობის, უვიცობისა და გადაწყვეტილების მიღების უუნარობის გამო. სხვანაირად რომ ვთქვა, კადრების პრობლემამდე მივდივართ. როცა ადამიანი საქმის პროფესიონალი არ არის, ის ვერ ღებულობს გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ასეთ დროს ან პასუხისმგებლობის ეშინია, ან მეორე _ არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. არ შეიძლება, 23 და 25 წლის პატარა ბიჭების მინისტრის მოადგილეებად დანიშვნა. ასაკზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ წლები სჭირდება სათანადო გამოცდილების მიღებას, რაც აშკარად აკლია ამ კადრებს. თავისი საქმის მცოდნე ადამიანი ძალიან რთული სამართავია. ის არ გააკეთებს იმას, რაც ზიანის მომტანი იქნება საქმისთვის და ამის ხმამაღლა თქმასაც არ მოერიდება. პროფესიონალიზმი და საქმის ზედმიწევნით საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელია, რადგან საუბარია ძალიან რთულ თემებზე _ ინვესტორს რომ ელაპარაკები, ამ დროს ყველა წერტილს და მძიმეს აქვს მნიშვნელობა. ძალიან ფაქიზები და მფრთხალები არიან ინვესტორები. აგერ, „ნაციონალები“ ერთს გაიძახიან, თქვენ, _ სულ სხვას ამბობთო და დაიბნენ, ვერ გაერკვნენ სიტუაციაში. აღარც ერთს უჯერებენ, აღარც _ მეორეს და ამიტომ საერთოდაც თავს იკავებენ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვღუპავს. ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა, რომ ხელისუფლება წარმატებული არ იყოს. როგორც კი ხელისუფლება დაიწყებს რამის კარგად კეთებას, იმ წუთშივე ყველაფერს მოიმოქმედებენ, რომ ეს საქმე კარგად არ დასრულდეს.

_ ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ისტერიული ფონია.

_ ისტერიული ფონი თავისთავად კი არ არის, თვითონ გიქმნის ისტერიულ ფონს: რომ თქვენ არ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, არ დანიშნოთ კარგი კადრი და ა. შ. თუ ამას უყურებ, ვერაფერს გააკეთებ.

_ ასეთ სიტუაციაში რამდენად მომგებიანი ნაბიჯია ფასების მატება სხვადასხვა სახის პროდუქციაზე, ვთქვათ, სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე?

_ ჯოხს ორი ბოლო აქვს: როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ლარის სტაბილურობაზე, თუ გადასახადები არ გავზარდეთ, არ ამოვიღეთ და ფული ვხარჯეთ იმაზე მეტი, რაც ამოვიღეთ, მივიღებთ იმას, რომ ლარის კურსს ვერ დავიჭერთ. ამიტომ გაზარდეს გადასახადები აქციზებზე, თუმცა როცა თქვენ ამ ნაბიჯის მომგებიანობაზე საუბრობთ, რა თქმა უნდა, სწორია, რადგან როგორც კი გადასახადს მეტს ამოიღებ, პროდუქტიც გაძვირდება და მოხმარება შემცირდება, ისევე როგორც შემცირდება წარმოება. ამ ნაბიჯს ბევრი ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად ნათელია, რომ არჩევანი გაკეთდა გადასახადების გაზრდაზე, რათა სოციალური ვალდებულებები _ სრული დაზღვევა, პენსიები და ა. შ. _ შეასრულონ. ეს არის ერთადერთი მიზეზი და არავითარი ევროგაერთიანება, თუ ევროვალდებულება ამ გადაწყვეტილებაში არ ძევს. მოკლედ, ეს გახლავთ მხოლოდ ფისკალური ეფექტი, რომ ჩვენ მეტი ფული შემოვიტანოთ ბიუჯეტში.

_ ევროვალდებულება ძალიან საინტერესო თემაა. როცა გაზის გაძვირებაზე დაიწყეს საუბარი, შეეცადნენ აეხსნათ იმით, რომ თითქოს ევროპა ითხოვს ჩვენგან ფასებზე ასეთ რეგულაციებს.

_ არანაირი ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ევროპელები არაფერს არ გვაძალებენ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში დევს ტექნიკურ ნაწილში სიტუაციის გარკვევის მცდელობა. მაგალითად, საუბარია, რომ სტანდარტიზაცია უნდა მოვაგვაროთ, საუბარია ასევე სიტუაციის მოწესრიგებაზე ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, სურსათის უვნებლობასა და კიდევ ბევრ სხვა საკითხში, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ დროში გაწერილი ნაბიჯები. ევროპა გვეუბნება, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, რამდენი ხანი გვჭირდება ყველაფრის მოსამზადებლად. 2030 წელს ვიქნებით მზად? _ კი ბატონო, 2030 წლიდან შევიდეს ძალაში. ოღონდ უნდა დავასაბუთოთ, თუ რატომ გვჭირდება ასეთი დრო. ერთი სიტყვით, აპელირება, რომ თითქოს ევროპამ გვითხრა, 2015 წელს გაგვეზარდა აქციზები, ეს არის არასწორი. ბოსტანში დარჭობილი საფრთხობელასავით უნდათ გამოიყვანონ ევროპა, ვითომ იმან თქვაო და აქედან მომდინარეობს ფასების ზრდაც.

_ რადგან ბოსტანი ახსენეთ, სოფლის მეურნეობას შევეხოთ, აქაც არასახარბიელო სიტუაციაა.

_ სოფლის მეურნეობაში არნახული ფული ჩაიდო. ძალიან ბევრი რამე გაკეთდა: დაწყებული რუსეთის ბაზრის გახსნით, ლოჯისტიკის მოწყობით, გარკვეული პროექტების ამოქმედებით და ა. შ., მაგრამ სოფლის მეურნეობა, საბოლოო ჯამში, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ იქნება ძირითადი დამსაქმებელი. ნახეთ, რა სურათია დღეს მთელ მსოფლიოში: მოსახლეობის მხოლოდ 2% ცხოვრობს სოფლად. იქ სრულიად განსხვავებული ფორმები და მიდგომებია. ჩვენთან, მართალია, ძალიან ბევრი რამ განხორციელდა, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს ამოუწურავი თემაა: მიწის კადასტრიდან მოყოლებული, მისი განკარგვა, ფონდის მართვა, დაუმუშავებელი მიწის პრობლემები, თუ სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია, _ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ისიც პრობლემაა, რომ ქართველი გლეხი არ არის კომერციული ტვინით მოწყობილი კაცი. მიჯაჭვულია მიწასთან და ჰგონია, რომ მიწა თუ აქვს, ყველაფერი აქვს და ამ დროს ვერ ამუშავებს ამ მიწას, რასაც უზარმაზარი ფული სჭირდება. ამიტომ სასწრაფოდ გასაანალიზებელია ეს სიტუაცია: რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება სოფლის მეურნეობის ღრმა რეფორმირება, რაც დაუხმარებლად არც ერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა. საუბარი არ არის მარტო მეღვინეობისა და რამდენიმე დარგის განვითარებაზე. ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის დამახასიათებელი ყველა ტრადიციული დარგი უნდა განვითარდეს, ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება, სადაც ყველაფერი მიბმულია ინოვაციებსა და ახალ მიდგომებზე. ერთი რამე უნდა იცოდეთ: მინისტრებმა თავი უნდა გაანებონ სამეურნეო საქმიანობას. კონსტიტუცია დავიცვათ: პოლიტიკოსებმა განაგონ პოლიტიკა და საქმე დაუტოვონ მეწარმეებსა და თვითრეგულირებად ფონდებს, რომელიც გლეხს დაეხმარება კიდევაც და, ამავდროულად, პასუხსაც მოსთხოვს. გლეხი რომ კრედიტად აღებულ ფულს ჯიბეში ჩაიდებს და სახლში მიდის, ასე კი არ არის, ფონდი ფულსაც მისცემს და ბოლომდე გააკონტროლებს კიდეც _ დაუთვლის, რამდენ ძირ ხეზე რამდენი ნაყოფი ასხია. ამით განსხვავდება სოფლის კოოპერაციული კავშირი ბანკებისაგან, რომელიც გლეხს ჩაქუჩით და ნაჯახით ხელში ადგას თავზე. დიახ, ბანკისგან განსხვავებით სოფლის მეურნეობის კოოპერატივი არც დიდ თანხას მისცემს გლეხს და არც ცუდ დღეში ჩააგდებს, ვალსაც დააფარინებს და დაფარვის გზებსაც ასწავლის. ასეთი მიდგომა ნელ-ნელი ნაბიჯებით გამოაცოცხლებდა ამ დარგს. დღეს კი რა ხდება?! _ გლეხკაცს მთლიანად ვაბარებთ ბანკებს, რომელიც გლეხს ყანასა და ბუჩქებში არ დაუჯდება და არ დაუწყებს დევნას. ბანკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს _ პირველად საქართველოში სოფლის მეურნეობაც დააზღვიეს და ეს უდავოდ კარგი ნაბიჯია, მაგრამ მარტო ამით პრობლემა ვერ გადაწყდა ბანკებსა და გლეხებს შორის. სოფლის მეურნეობის კრედიტიზაციას ორი დიდი პრობლემა აქვს. ერთი ის, რომ გლეხს გირაო არ გააჩნია და, ამავდროულად, ბანკის ენაც არ იცის გლეხმა. აქედან გამომდინარე, უნდა დავნერგოთ კომერციული ინსტიტუტები და მართვის მეთოდები, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივი კოოპერატივები გააკეთებენ.

_ ამას ხომ მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან?

_ სახელმწიფო დღესაც უჭერს მხარს. მე რაც ვიცი, სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ოცდაათამდე დონორი ორგანიზაცია მუშაობს და უზარმაზარი ნაბიჯები იდგმება, თუნდაც, იგივე მიწის მორწყვასთან დაკავშირებით.

მთლიანობაში რომ შევაფასოთ, მომავალი სამი წლის განმავლობაში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა საოცრებას არ ველოდები. ეკონომიკური ზრდა სამნახევარი-ოთხნახევარი პროცენტის ფარგლებში იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ რეფორმების გაკეთება უკვე დღეს, რათა სამი-ოთხი წლის შემდეგ მივიღოთ გარკვეული შედეგები. იმის მოლოდინი, რომ ახლავე გვექნება ორნიშნა ციფრით ასახული ეკონომიკური ზრდა, ეს არის ზღაპარი. ვიმეორებ _ ჩვენ უნდა დავინახოთ, ირგვლივ რა ხდება, რა ტენდენციებია და ამის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ. ისიც სათქმელია, რომ ეს სალაპარაკოდ არის ადვილი, მის რეალიზაციას კი ბევრი ტვინი, ბევრი გამოყენებითი მათემატიკა და მონდომება სჭირდება.

 

დავით დევიძე