„დეცენტრალიზაციამდე კახეთს დეშიოლაშვილიზაცია სჭირდება!“

yesd

„ახალი მემარჯვენეებიდან“ ქალაქ თელავის საკრებულოს დეპუტატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორს, ირაკლი შიოლაშვილს ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კახეთის რეგიონში არსებული ყველა საკრებულო დღის წესრიგსაც კი მას უთანხმებს. საკრებულოს დეპუტატი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ასე გაგრძელდა, თვითმმართველობა ვერ განვითარდება.

„ქრონიკა+“-ს ამ და სხვა საკითხებზე ნიკოლოზ ვარდოშვილი ესაუბრა:

_ დეცენტრალიზაციამდე დეშიოლაშვილიზაცია გვჭირდება! რაც თელავი თვითმმართველი ქალაქი გახდა, აბსოლუტურად ყველაფერში ერევა გუბერნატორი, საკრებულოს დღის წესრიგის შედგენასაც კი მას უთანხმებენ. ეს ხდება არა მარტო თელავში, არამედ მთელი კახეთის მასშტაბით.

_ მაგალითად?

_ ავიღოთ თუნდაც ჩვენი ფრაქციის საკითხი. საკრებულოს სამმა დეპუტატმა გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ფრაქცია. პრობლემა არ იყო, საკრებულოც მოდიოდა ამაზე, შემდეგ სხდომაზე უნდა მიეღო ცნობად და გაგვეკეთებინა ფრაქცია „ძლიერი თელავი“. ეს ხდება სექტემბერში. უცებ საკრებულომ გამოგვიცხადა, რომ თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, თურმე, არ გვქონია ფრაქციის შექმნის უფლება. ვესაუბრეთ თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კოტე კანდელაკს და ვკითხეთ, გვქონდა თუ არა ამის უფლება? ყველა ამბობს, რომ გვქონდა! შემდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ. ჩვენს ოთხ მოთხოვნაზე სასამართლომ ოთხივე ეპიზოდში გაგვამართლა. მოგვიანებით, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. ზუსტად ვიცი, ეს იყო ირაკლი შიოლაშვილის გადაწყვეტილება და მისი უშუალო ჩარევით მოხდა თავის დროზე ფრაქციაზე უარის თქმა, მისი უშუალო დავალებითვე, დღეს ამას სასამართლოში ასაჩივრებენ. ავიღოთ, თუნდაც, პრეს-სამსახურიდან ვერიკო კობიაშვილის დათხოვნის საკითხი. ეს ადამიანი რაიონის გამგებელმა უცერემონიოდ გაათავისუფლა სამსახურიდან და ყველამ იცის, რატომ. უცხოეთიდან რაიონის გამგეობაში მოვიდა მისალოცი ბარათი გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის სახელზე. ეს ბარათი რაღაცნაირად სოციალურ ქსელებში მოხვდა და განსჯის საგანი გახდა. ინფორმაციის გატანა ამ გოგოს დააბრალეს, უშუალოდ შიოლაშვილმა მიუთითა რაიონის არჩეულ გამგებელს, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. მართლაც რომ ასე ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ ეს არ არის სამსახურიდან გაშვების მიზეზი, მით უმეტეს, გუბერნატორის დავალებით, რადგან თვითმმართველობა დამოუკიდებელი ერთეულია! თუ ასე ჩაერია გუბერნატორი თვითმმართველობის საქმიანობაში, ვერ განვვითარდებით!

_ სერიოზულ განცხადებას აკეთებთ, როგორ შეძლებთ ამის დამტკიცებას?

_ ბუნებრივია, ამაზე ვერ მექნება ვიდეო, ან აუდიო ჩანაწერი, მაგრამ როგორც თქვენ, ჟურნალისტებს გყავთ თქვენი წყაროები, მეც მყავს და მეტიც, თვითონ ვარ თვითმმართველობის წევრი, დეპუტატი და თვითონვე ვარ წყარო, როდესაც ვამბობ, რომ ვიმყოფებით ზეწოლისა და წნეხის ქვეშ! რამდენიმე სხვა დეპუტატზეც არის ზეწოლა სხვადასხვა საკრებულოში, მაგრამ თანხმობა არ მაქვს და ამიტომ მათ მაგივრად ვერ ვისაუბრებ. დღესაც მქონდა შემთხვევა _ გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საკრებულოს დარბაზი მჭირდებოდა, მივდივარ და ვერ ვიყენებ! გუბერნატორმა ხომ დააკნინა თვითმმართველობა, ახლა საერთოდ გადააჯდა! შემოდის ჩვენს დარბაზში და ატარებს რაღაც შეხვედრებს, რომელიც არანაირად არ ეხება საკრებულოს. რეგლამენტში პირდაპირ გვიწერია, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზი განკუთვნილია საკრებულოსთვის!

_ გუბერნატორს არ აქვს შესაბამისი პირობები შეხვედრების ჩასატარებლად?

_ როგორ არ აქვს! გუბერნატორის სამუშაო კაბინეტი, სადაც თვითონ ზის, საკრებულოს დარბაზზე დიდია! უბრალოდ, ეს არის მისი ახირება, დემონსტრირება გააკეთოს იმის, რომ ჩემთვის ვინ არიან ესენი, მივალ და როცა მინდა, დავიკავებ მათ დარბაზსო! მეტსაც გეტყვით, დღეს დილით განცხადებით მივმართე საკრებულოს, რომ 5 თებერვალს 9-დან 16 საათამდე მჭირდება სხდომათა დარბაზი შეხვედრებისთვის. მოგეხსენებათ, ფრაქცია არ მაქვს, შესაბამისად, არ მაქვს სამუშაო კაბინეტი. დეპუტატის მანდატით უნდა შევხვედროდი ჩემს ამომრჩეველს, რომ როგორც დეპუტატმა, განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება. საკრებულო მპასუხობს, რომ იმ კონკრეტულ დღეს, 12 საათიდან, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაკავებულია. ვეკითხები, _ ვის აქვს დაკავებული? არ წერენ! თუ რომელიმე დეპუტატს აქვს დაკავებული, კი ბატონო, ხელები ამიწევია, როგორ ვიტყვი, ჩემი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დეპუტატის-მეთქი? სინამდვილეში, რა ხდება: ჩამოდიან რომელიღაც სამინისტროს თანამშრომლები და შიოლაშვილი უნდა შეხვდეს მაინცდამაინც საკრებულოს დარბაზში! არასერიოზული პიროვნებაა! ამით უნდა აჩვენოს ვიღაცას, რომ თვითმმართველობა ჯიბეში ჰყავს!

_ მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სამსახურებში მიმდინარეობს საატესტაციო კონკურსები. თქვენთან რა ხდება, ობიექტურად ტარდება?

_ ძალიან კარგია, რომ დაინტერესდით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობით. ამ კომისიას ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. როდესაც ეს საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე დადგა, ვთქვი, _ ვინც უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში, მან უნდა გაიაროს ატესტაცია და, ბუნებრივია, როგორც ამ ქალაქის დეპუტატს, მაინტერესებს ეს პროცესი, ამიტომ, გნებავთ, მე, გნებავთ, საკრებულოს რომელიმე ოპოზიციონერი წევრი ჩაგვრთეთ ამ კომისიაში-მეთქი. დემოკრატია სიტყვა-სიტყვით ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამჭვირვალობაა, პირველ რიგში, დემოკრატია და პასუხისმგებლობების გადანაწილება. იმ კომისიაში თუ არის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მერის ორი მოადგილე და სხვა თანამშრომლები, რატომ არ შეიძლება დეპუტატიც ყოფილიყო? არც უარი, არც თანხმობა მიმიღია! ამასთანავე, უნდა შექმნილიყო საპრეტენზიო კომისია, არ შეუქმნიათ! გუშინწინ, როდესაც დაიწყო გასაუბრების ეტაპი, მივმართე საატესტაციო კომისიას და ხაზგასმით ვთქვი, _ კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, მომცეთ ნება, რომ დავესწრო გასაუბრების პროცესს-მეთქი. ამაზეც უარი თქვეს! ამ კომისიის მუშაობა ეჭვქვეშ როგორ არ დავაყენო, როდესაც ადამიანები არ გიშვებენ?! ე. ი. რაღაც აქვთ დასამალი!

ისევ შიოლაშვილს დავუბრუნდეთ! ეს არის არასერიოზული ადამიანი! ყველამ ვიცით, იმიტომ არის დანიშნული ამ თანამდებობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის ახლობელია, ღარიბაშვილის ცოლის თანაკლასელი, სხვა არანაირი დამსახურება მას არ ჰქონია! „ნაციონალების“ მმართველობის დროს უწყვეტი სტაჟი აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ყველაზე ბინძურ საქმეს ასრულებდა, რასაც „ნაციონალები“ უკვეთდნენ! სამწუხაროდ, დღეს ასეთი რეალობა მივიღეთ, პრემიერთან თუ მაღალ ეშელონებში დაახლოებულ პირებს, თუნდაც ის „ნაციონალი“ იყოს, ჩამოეწერებათ ხოლმე წარსული. მოვიდა თუ არა, შეეცადა, იაფფასიანი პიარით გასულიყო ფონს! დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე თელავს ექნებოდა 24-საათიანი წყალმომარაგება. ეს ძალიან ძნელად მისაღწევია, ნებისმიერი ხელისუფალი რომ მოსულიყო, ასე ადვილი არ არის ამ საკითხის მოგვარება! მერე დაგვპირდა, სამსახურში ფეხით ვივლიო, თელავი ამას ძალიან იაფფასიანი ქალაქი ჰქონია, რომ თავისი პიარით, მაპატიეთ ჟარგონისთვის და ვინმეს „დააბოლებს!“ ეს კაცი ორი ფეხით სიარულს გვპირდებოდა და ორი მანქანა გაიპიროვნა! რაზეც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, იგივეს იმეორებენ! ჯიპი ჰყავს და სედანი, ორივე საკმაოდ ძვირადღირებული. მერე ეს არ იკმარა და „ბლატნოი ნომრები“ აიღო KAX 001. მაშინვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, _ მაინტერესებს, თავისი ფულით იყიდა თუ ჩვენ ვუყიდეთ-მეთქი?! ამ მანქანებით ცოტა ხანი გაიხარა, მერე, ალბათ, ვიღაცამ ურჩია, _ არ არის სწორი ფორმა, გუბერნატორი ასეთ რაღაცებს ანიჭებდეს მნიშვნელობასო და ახლა მომსახურების სააგენტოში ჩასულა, უთქვამს, _ ისეთი ნომერი მომეცით, როცა გავივლი, ყველა მიხვდეს, ვინ ვარო! ე. ი. გუბერნატორის ცნობადობა უნდა მოხდეს მანქანის ნომრის მიხედვით! ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მახსენდება, _ ირაკლი ღარიბაშვილს ვეუბნებოდი, დაცვით არ გააღიზიანო საზოგადოებაო. ხალხი „ნაციონალებისგან“ დაღლილი იყო ამგვარი საქციელით, ეს იგივეს აკეთებს! დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ამუშავებდნენ „სტაიანშჩიკებად“, ეს ხომ პოლიციის დამცირებაა?! პარკინგი გამგეობის წინ ქალაქის ტერიტორიაა და ვის რა უფლება აქვს, იქ ადგილები მოიზომოს, შიოლაშვილი იქნება თუ სხვა?! აცხადებენ, ეს გუბერნატორის ადგილია, ეს _ მერის, ის _ ვიცე-მერისო… ვუთხარი ქალაქის მერს, _ შენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ქალაქში პარკინგის მოგვარება, ვერ მოაგვარე ეს პრობლემა და თუ ვერ მოაგვარე, როგორც ვერმოუგვარებელია რიგითი მოქალაქისთვის, ისევე მოუგვარებელი უნდა იყოს შენთვისაც და გუბერნატორისთვისაც, რომ იგრძნოთ, ეს რა პრობლემებთან არის დაკავშირებული-მეთქი?! არ არის იმის საშუალება, რომ დაცვის თანამშრომლები დავიქირავოთ და ადგილი დავაკავებინოთ! ორი დღე აკრძალეს ეს ამბავი, ახლა პირდაპირ ხელშეკრულებაში ჩაუწერიათ დაცვის თანამშრომლებისთვის, რომ ისევ უნდა დაუკავონ ადგილი. უკანონობაა! პარკინგი მათი საკუთრება არ არის და არსად ფიქსირდება, რომ პრივილეგირებულებს ეკუთვნოდეთ!

_ სხვათა შორის, კულუარებში საუბრობენ, რომ 20 თებერვლიდან  გუბერნატორი სხვაგან გადაჰყავთო…

_ გუბერნატორი გადაიყვანონ კი არა, უნდა ჩამოაცილონ ამ საქმეს! თუმცა ამის შესახებ ნამდვილად არ მსმენია და ტყუილს ვერ ვიტყვი! თვითმმართველობებზე ზეწოლაში რომ ვადანაშაულებ, ჩემი სიტყვებია და პასუხს ვაგებ! არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში აუდიოჩანაწერებიც გამოქვეყნდეს, როგორ ერევა გუბერნატორი თვითმმართველობის საქმიანობაში, მაგრამ რაც არ ვიცი, იმაზე ვერ ვილაპარაკებ!

 

P. S. მიუხედევად იმისა, რომ ამ ცოტა ხნის წინ კახეთის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, ნიკოლოზ ვარდოშვილის ბრალდებებზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებო, „ქრონიკა+“-მა ირაკლი შიოლაშვილის უწყების პრესმდივან მადონა ბატიაშვილს მაინც მიმართა:

„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. გუბერნატორის ადმინისტრაცია და თავად გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში არ ერევა. არც ის არის სიმართლე, რომ 20 თებერვლიდან გუბერნატორი სხვა სამსახურში გადადის“.

 

თამარ ბატიაშვილი