„მედეა წავიდა, „ოცნება“ დასრულებულია!“

10961734_10205172420405512_1317277422_n

აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა დაიშალა. „ოცნების“ დეპუტატი მედეა ვასაძე ბოლო იყო, რომელმაც უმრავლესობა დატოვა და რეგიონის საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა.

ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ საბჭოში 10 დეპუტატი ჰყავს, 8 წევრითაა წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატების“ ღირსებას 2 მანდატი ამყარებს, ხოლო მედეა ვასაძე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსს ინარჩუნებს. ამ კონფიგურაციით კოალიციამ სიითი უმრავლესობა უმაღლეს საბჭოში დაკარგა. უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე აცხადებს, რომ ეს წარმოსახვითი უმრავლესობა იყო და ტერმინი „უმრავლესობის დაკარგვა“ არასწორია: „თუკი ჩვენ ვგულისხმობთ რეგლამენტის უმრავლესობა-უმცირესობას, ასეთი უმაღლეს საბჭოში არ არსებობს. ეს არის წარმოსახვითი უმრავლესობა და უმცირესობა. ბიუჯეტის მიღებას 11 ხმა უნდა, ისევე როგორც საკადრო საკითხებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას“.

მედეა ვასაძის წასვლა ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისთვის სიურპრიზი არ ყოფილა: „მოსალოდნელი იყო… მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, არ წასულიყო, მაინც წავიდა. ჩემი აზრით, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო დიდი ხნის წინ. ბიუჯეტის მიღებამდე აღიარა ამ ქალმა, რომ უჭირს აქ ყოფნა რაღაც მიზეზების გამო და აქამდე ეს ნაბიჯი არ გადადგა. ახლა მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მის ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“.

მოულოდნელობისგან სიხარულით ცას არ სწვევიან ყოფილ მმართველ გუნდში. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, მათ შორის, ეკა თარგამაძეც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი უფრო ლოგიკასთან არის ახლოს და მედეა ვასაძემ ამჯერად სწორი არჩევანი გააკეთა: „დღეს „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა იმ დეპუტატების იმედად, ვინც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი ამ ორი წლის მანძილზე. „ნაციონალური მოძრაობა“ გაიფილტრა და ბევრმა საკუთარი ნებით დატოვა პარტია. დღეის მდგომარეობით, არა მგონია, უმაღლესი საბჭოს რომელიმე დეპუტატმა მოინდომოს ჩვენი პარტიიდან „ოცნებაში“ გადასვლა. ჩვენი 8 დეპუტატი შეინარჩუნებს თავის პოზიციებს“.

მას შემდეგ, რაც მედეა ვასაძემ ერთგვარი „ქალი-ლაკმუსის“ ფუნქცია იტვირთა, აჭარაში აქტიურად დაიწყეს საუბარი და, მათ შორის, სამზადისიც პოლიტიკური ამინდის შესაცვლელად. კერძოდ, მიზანში ამოღებულია უმაღლესი საბჭო, მისივე ცნობილი და საკმაოდ ოდიოზური თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძით. პარტიებს შორის განაწილებული ახალი კვოტების შემდეგ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე სიითი უმრავლესობა აქვთ და სანახაობაც წინ გველოდება. ახალ „უმრავლესობას“ ძალიან მარტივად შეუძლია „ვიპად“ „აღიარებული“ ავთანდილ ბერიძის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენება, ისევე როგორც აჭარის მთელი მთავრობის დათხოვა.

დადგება თუ არა დღის წესრიგში პოლიტიკური ამინდის შეცვლა, რომლის ათვლის წერტილიც ავთანდილ ბერიძისადმი უნდობლობის გამოცხადება, იგივე იმპიჩმენტი ჰქვია, არ უნდა იყოს ძნელი საპროგნოზო. მით უმეტეს, რომ ამ თემაზე სჯა-ბაასი კულუარებს უკვე კარგა ხანია, გასცდა და ყოველი მეორე „ვიპის“ ბედზე საუბრობს.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-თან საკუთარ პოზიციას აფიქსირებს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე _ სულხან ღლონტი:

_ იყო პოზიტივები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მისი როლი. რა არის თავმჯდომარის ფუნქცია? რომ გააერთიანოს ყველა დეპუტატი მიუხედავად მისი პარტიისა და შეხედულებისა. ამას ავთანდილ ბერიძე აქამდე ვერ ახერხებდა. ჩვენ ვცდილობდით, მას დავხმარებოდით, მაგრამ ვერ მოახერხა. რაც შეეხება გადაყენებას, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება ალტერნატივა. თუ კონფიგურაცია დადგება ისე, როგორც საქართველოს პარლამენტში და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დამხარება დასჭირდა „ოცნებას“ და გაურკვეველი ფიგურა გახდა თავმჯდომარეობის კანდიდატი, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. რაც შეეხება ავთანდილ ბერიძეს, კოალიციაში დარჩენილ 10 დეპუტატს შორის ნახევარზე მეტი მისი წინააღმდეგია. თუკი ფარული კენჭისყრით იქნება ხმის მიცემა, დამერწმუნეთ, გადავაყენებთ.

„თავისუფალი დემოკრატებისგან“ განსხვავებული „იმედები“ აქვთ მმართველ გუნდში. ვიცე-სპიკერი ბაციკაძე ბოლომდე იმ აზრზეა, რომ „უმაღლეს საბჭოში მყოფი „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი არ მისცემს ხმას ავთანდილ ბერიძის გადაყენებას“, თუ, რა თქმა უნდა, თავად „ვიპმა“ არ მოისურვა უმრავლესობის დატოვება.

დღეს ასევე ბევრი კითხვა ისმის და რისკფაქტორები სახელდება, თუ როგორ შეიძლება, ან საერთოდ შეიძლება თუ არა უმაღლესი საბჭოს დათხოვნა?

„ქრონიკა+“-მა ადგილობრივი საკანონმდებლო წარმომადგენლების კონსულტაციაც მიიღო. ისინი ერთხმად აღნიშნავენ და იშველიებენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ უნდა დაუჭიროს მხარი აჭარის ბიუჯეტის დამტკიცებას და შექმნას კრიზისი, ან აჭარის მთავრობის ფორმირება ორჯერ ზედიზედ უნდა „ჩააგდოს“. მსგავს შემთხვევაში კი პრეზიდენტს უფლება აქვს, პარლამენტთან შეთანხმებით დაითხოვოს აჭარის უმაღლესი საბჭო.

მიუხედავად ამ ვერსიის რეალობისა, ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე გულს არ იტეხს და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია: „2016 წლის ბიუჯეტს, როცა შემოიტანს მთავრობა, პირველ ჯერზე ჩააგდებენ პატივცემული დეპუტატები (ოპოზიციური პარტიები) და როცა უკვე საფრთხე დადგება უმაღლესი საბჭოს დათხოვნისა კონსტიტუციური საფუძვლებით, მაშინ ხმას მისცემენ“.

ვიდრე „ქართული ოცნება“ თვითდამშვიდების ფაზაშია და ე. წ. უმრავლესობა კბილით უჭირავს,  „ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს.

„ქრონიკა+“-თან ბათუმის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი, ეკა თარგამაძე, ამბობს, რომ ხელისუფლება უკვე ემზადება ვადამდელი არჩევნებისთვის და „ქართული ოცნება“ თავად ავრცელებს კულუარულად ამ ინფორმაციას. თარგამაძესვე მიაჩნია, რომ კრიზისის ხელოვნური ინსპირირება არ უნდა მოხდეს, რომლის საშიშროებასაც ხედავს „მარადმწვანედ იმედიანი“ ვიცე-სპკერი, მაგრამ აუცილებლობას გამორიცხავს:

„ნაკლებად აწყობს „თავისუფალ დემოკრატებსაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ხელოვნურ კრიზისს არ შევქმნით, მაგრამ შესაძლოა, კრიზისი შეიქმნას. ახლაც შეუძლიათ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება, მაგრამ კრიზისს ჩვენ კი არა, ის 11 დეპუტატი შექმნის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს“.

მას შემდეგ, რაც მედეა ვასაძემ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, წერეთელივით დაუბარ-დაუანონსა ყოფილ თანაგუნდელებს, _ უმრავლესობას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დატოვებსო! იმ დღეს არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ინფორმაციამ უკვე ჟონვა დაიწყო კულუარებში. როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ხდება ცნობილი, მედეა ვასაძე აწი „განსამდგომელ“ დეპუტატად ჯემალ ფუტკარაძეს მიიჩნევს. თავის დროზე, სწორედ ფუტკარაძე-ვასაძის ტანდემი დაუპირისპირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს და ეს ორეული ხელმძღვანელობდა „კომპრომატების ომს“ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.

მართალია, ჯემალ ფუტკარაძე ამ ეტაპზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას გამორიცხავს, თუმცა მურმან დუმბაძემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან გაკეთებულ კომენტარში მოვლენებს დაასწრო და განაცხადა, რომ უმრავლესობას მისი თანამოაზრე ფუტკარაძეც გამოეთიშება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, შეიქმნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არა მურმან დუმბაძე, არამედ მედეა ვასაძე უხელმძღვანელებს, დუმბაძე და ფუტკარაძე კი რიგითი წევრები იქნებიან.

ცნობისთვის: აჭარის უმაღლესი საბჭო მოსახლეობამ 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს აირჩია. 21 დეპუტატისგან შემდგარ საკანონმდებლო ორგანოში საწყის ეტაპზე 13 მანდატი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ერგო, ხოლო 8-კაციან წარმომადგენლობას დასჯერდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. რაც შეეხება მოქმედი მთავრობისგან ე. წ. მგლის ბილეთით გაშვებულ ირაკლი ალასანიას აჭარულ ფეისებს, აქაც ფილტრაცია მოხდა. ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატების“ 3-კაციანი დეპუტაციიდან ერთმა, ქობულეთის მაჟორიტარმა ანზორ თხილაიშვილმა, პარტიის რიგები დატოვა და „ოცნება“ დაიწყო. შესაბამისად, ირაკლი ალასანიას გუნდს მხოლოდ 2 დეპუტატის ხმა დარჩა საკანონმდებლო ორგანოში. ამათგან ერთი _ სულხან ღლონტი _ რიგითი დეპუტატია, ხოლო თემურ კახიძე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას წარმოადგენს; „აოცნებებული“ ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი ანზორ თხილაიშვილი კი აგრარული და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის სავარძელში ნებივრობს.

მმართველი გუნდიდან წასული და აჭარული პოლიტიკის ბოლო ხმაურიანი კვირის „გმირი“, მედეა ვასაძე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელად ისევ რჩება და საკუთარი ნებით გადადგომას არც აპირებს. ისე, უნდა თუ არა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს იმის აღიარება, რომ რეგიონში პოზიციები შეუსუსტდა, გავლენები შეეზღუდა და არც ხვალინდელი დღე აქვს მთლად საოცნებო. არადა, მედეა ვასაძის წასვლამ ადგილობრივებს კარგად მივიწყებული, ერთ დროს გაჰიტებული სლოგანი გაახსენა: „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია!“ მართალია, აჭარიდან ჯერ არავინ გაქცეულა, მაგრამ „წარსულში დაბრუნება“ პერიფრაზირებით მაინც მოხერხდა: „მედეა წავიდა, „ოცნება“ დასრულებულია!

 

იმედა მურვანიძე