რატომ არ ხვდება პრემიერი საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფს?

zaaqq

ქვეყანაში მოქმედ საარჩევნო გარემოსა და სისტემას წლების განმავლობაში, როგორც წესი, ყველა ერჩის, მოქმედი ხელისუფლების გარდა. ლიტერატურაში ლამის აღარ მოიპოვება უარყოფითი ეპითეტები, რითაც მას ამკობენ მარჯვნიდან და მარცხნიდან. საზოგადოებისთვის მიუღებელია მოქმედი საარჩევნო სისტემა, როდესაც მმართველი კოალიცია კენჭისყრაზე მიღებული 45%-ის შედეგად დედაქალაქის საკრებულოში მანდატების 75%-ს იღებს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა ვითარების გამოსასწორებლად კონკრეტული წინადადებები მოამზადა, მაგრამ პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვერ მიაღწია. ჯგუფის წევრები საარჩევნო სფეროში სამართლიანობის მისაღწევად ბრძოლას აგრძელებენ და დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერას იმედოვნებენ.

„ქრონიკა+“ არასაპარლამენტო ოპოზიციის წინადადებებსა და ვითარების გაუმჯობესების პერსპექტივებზე ესაუბრება ჯგუფის წევრს, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა კაციტაძეს:

_ საარჩევნო გარემო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისგან შედგება: საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, წინასაარჩევნო კამპანია, ამომრჩეველთა სიები და ა. შ., მაგრამ ყველა ამ საკითხთა შორის საარჩევნო სისტემა თავისი მნიშვნელობითა და წონით უპირატესია. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ საარჩევნო გარემოზე, უპირველესად უნდა ვისაუბროთ საარჩევნო სისტემაზე და მის სამართლიანობაზე. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ სისტემას, მისი მთავარი ნაკლი, სიმახინჯე, უსამართლობა და არაობიექტურობა ორი მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევაა. მისი ვერაღსრულება საარჩევნო სისტემების სამართლიანობისა და ობიექტურობის ფუნდამენტია. სწორედ ეს ორი პრინციპი ქმნის ან არ ქმნის მყარ საფუძველს საარჩევნო გარემოს ობიექტურობისთვის.

პირველი გახლავთ მანდატის წონის თანაბრობა, ანუ პარლამენტში შეიძლება ისხდნენ დეპუტატები, რომლებიც არიან არათანაბარი ლეგიტიმაციით, მანდატის წონით _ არათანაბარი რაოდენობის ამომრჩევლების მიერ არიან არჩეული და მივლენილი საქართველოს პარლამენტში. დღეს ქვეყნის პარლამენტში ზის 73 მაჟორიტარი დეპუტატი. ისინი აირჩიეს ერთმანდატიან ოლქში. ყველა ამ წარმომადგენელს აქვს თანაბარი წონა, როგორც დეპუტატს _ ერთი მანდატი და ერთი ხმა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას. ამ დროს მათ უკან დგას კონტრასტულად განსხვავებული რაოდენობა ამომრჩევლებისა. მაგალითად, ერთი დეპუტატი აირჩია 5 ათასმა ადამიანმა, მეორე _ 20 ათასმა, მესამე 70-80 ათასმა და მეოთხე _ 160 ათასმა ამომრჩეველმა, მათ ზურგს უმაგრებს მკვეთრად განსხვავებულ ამომრჩეველთა რაოდენობა. თანაც ისინი არჩეულს ზურგს უმაგრებენ არა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიდან, ანუ თანაბარი უფლებების მქონე ოლქებიდან თუ წარმონაქმნებიდან, არამედ აქ, უბრალოდ, ადამიანთა რაოდენობა არის განსხვავებული, თორემ ის წარმონაქმნები სახელმწიფოში განსაკუთრებულ სტატუსს არ ატარებენ.

_ მკითხველისთვის იქნებ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

_ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში ან სხვაგან ფუნქციონირებს სახელმწიფო ორგანო, სადაც პატარა და დიდი შტატები ერთი რაოდენობის კონგრესმენს ირჩევენ, იქ შტატი-მხარე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია და დიდსაც და პატარასაც ერთნაირი უფლებები აქვს მთელ სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში თანაბრობა, ბუნებრივია, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ეს პრინციპი დაცული და გამართლებულია, მაგრამ როცა კონკრეტული არეალი არანაირ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს არ წარმოადგენს (რომლიდანაც პარლამენტში მაჟორიტარი ირჩევა), ეს უკვე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს დიდი ოლქების ამომრჩევლებს, რომლებსაც ისეთივე ერთი წარმომადგენელი ჰყავთ, როგორც პატარა ოლქის წარმომადგენელს ეძლევა ერთი წარმომადგენლის ყოლის უპირატესობა. სპეციფიკურ ენაზე ამას მანდატის წონის გათანაბრება ჰქვია, რომ ამომრჩევლების ერთმა და იმავე რაოდენობამ აირჩიოს ერთი და იგივე რაოდენობა დეპუტატებისა, რომლებსაც ერთნაირი უფლებამოსილება და წონა ექნებათ წარმომადგენლობით ორგანოში. ეს პრინციპი საქართველოში დარღვეულია და წლების განმავლობაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, უპირველესად ვენეციის კომისია, ეუთო, ევროსაბჭო და ა. შ. ყოველთვის ეუბნებოდა საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებს, რომ უზრუნველეყოთ მანდატების წონის თანაბრობა, მაქსიმუმ ათპროცენტიანი ცდომილების ფარგლებში, რაც შეიძლება დასაშვები იყოს მიგრაციული რეგიონების, მაღალმთიანობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და მსგავსი კრიტერიუმების გათვალისწინებით _ ისიც 10 პროცენტის ფარგლებშიო.

მეორე არანაკლებ პრობლემური და გავლენიანი გახლავთ პრინციპი, რომელიც მოკლედ ასე განიმარტება: მიღებული ხმებისა და მანდატების თანაბრობა საარჩევნო სუბიექტებს, ანუ პარტიებსა და ბლოკებს შორის. კერძოდ, როდესაც პარტია მონაწილეობს არჩევნებში, დავუშვათ მან მიიღო ხმების გარკვეული რაოდენობა _ 10, 20 ან 80%, აქ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ლოგიკა იმას ამბობს, რომ შენი ქვეყნის ამომრჩევლების რამდენმა პროცენტმაც დაგიჭირა მხარი და ეს გამოხატა საპარლამენტო კენჭისყრაში, საერთო მანდატების ის რაოდენობა უნდა შეგხვდეს პროცენტულად. ანუ თუ 150-კაციან პარლამენტში მთელი ქვეყნის 20%-მა მხარი დაგიჭირა, ლოგიკურად ეს ნიშნავს, რომ 30 მანდატი უნდა მიიღო, ანუ 150-ის 30%. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან არასწორი, არაობიექტური, უსამართლო, მახინჯი საარჩევნო სისტემაა, ხდება შემდეგი, რომ თბილისის საკრებულოში თვითმმართველობის არჩევნების დროს  კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დამრგვალებულად ხმების 45% მიიღო; რაც იმას ნიშნავს, რომ 50-კაციან საკრებულოში მას ლოგიკურად, დაახლოებით, 23-24 მანდატი უნდა მიეღო, მაგრამ სისტემის სიმახინჯის გამო „ქართულმა ოცნებამ“ 37 მანდატი მიიღო, რაც პროცენტებში გადაყვანით არის 75%-ზე მეტი. ე. ი. არსებულმა სისტემამ, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობამ, ხელისუფლებას მანდატების 30% მოაპარინა. ასე ხდებოდა წლების განმავლობაში და მაჟორიტარული ოლქები ყოველთვის მიიჩნეოდა სხვადასხვა ხელისუფლების _ „მოქალაქეთა კავშირის“, „ნაციონალური მოძრაობის“, ახლა „ქართული ოცნების“ მანდატების მომტან საშუალებად. ამ ოლქებს ხელისუფლების მანდატების ბეღელს ვუწოდებთ: იღებ დაბალ პროცენტს, მაგრამ ისაკუთრებ დიდ რაოდენობას მანდატებისას.

_ დასახელებული ხარვეზების გათვალისწინებით გამოსავალს სად ხედავთ, რა კონკრეტული მექანიზმების გამოყენებით უნდა გამოსწორდეს და გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა?

_ როდესაც ჩვენ ოპოზიციის ინტერპარტიულ ფორმატში დავსხედით და დავიწყეთ მუშაობა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, მინდა გითხრათ, რომ სერიოზული სამუშაო გავწიეთ არსებული სისტემების შესწავლის, მათი გაანალიზების, საქართველოში მათი დამკვიდრების მიზანშეწონილობისთვის. ეს ინდივიდუალური თემაა და ყველა ექსპერტი შემდეგ რამეს გვეუბნება: კი არის განსხვავებული სისტემების 7-8 ტიპის ვერსია, მაგრამ ასევე არსებობს სახელმწიფოს გვარობა, მისი მოწყობის კონსტიტუციური ფორმა უნიტარულია, ფედერალურია, მონარქისტულია, საპარლამენტოა, თუ საპრეზიდენტოა?.. ამ ყველაფრის, გარკვეული ტრადიციებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინებით, ისეთი სისტემა უნდა აირჩეს, რომელიც, ერთი მხრივ, უზუნველყოფს იმ პრინციპების დაკმაყოფილებას, რაზეც ვისაუბრე და, მეორე მხრივ, რაღაც ტრადიციულ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და სხვა მსგავს სიტუაციებსაც გაითვალისწინებსო.

სწორედ ასეთი მიმოხილვისა და ანალიზის დროს კონკრეტულ დასკვნამდე მივედით _ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანდატის წონის თანაბრობა, მიღებული ხმებისა და მანდატების პროცენტული თანაბრობა, პოლიტიკური, პარტიული ცხოვრების ხელშეწყობა, როგორც მაღალრეიტინგული, ასევე შედარებით დაბალრეიტინგული პარტიებისთვის საპარლამენტო ტრიბუნის ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ ცენტრის, არამედ პერიფერიების წარმომადგენლობისა და იქ მცხოვრები ამომრჩევლების ხმის მიტანა ცენტრალურ ხელისუფლებადე, ამისთვის ყველა ამ კომპონენტის უზრუნველმყოფ ვერსიაზე ჩამოვყალიბდით. საქართველოს პარლამენტში ნაწილი, პირობითად ნახევარი, უნდა აირჩიონ ე. წ. ერთიანი პროპორციული სიით, ანუ მთელი საქართელო არის ერთი ოლქი და პარტიებს აძლევს ხმას ამომრჩეველი; ხოლო მეორე ნახევარი აირჩიონ ე. წ. რეგიონულ-პროპორციული სიით, საქართველოში გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, სამხარეო-პროპორციული სიით, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით _ ერთი მხრივ, მთელი საქართველო ირჩევს დეპუტატების გარკვეულ რაოდენობას პარტიული სიების მეშვეობით და, მეორე მხრივ, ქვეყნის ტრადიციული წარმონაქმნები, მაგალითად: კახეთი, ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და ა. შ. ირჩევს გარკვეულ, არათანაბარ რაოდენობას დეპუტატებისა. ამ მხარეებში მანდატთა რაოდენობა კუთხის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით კონკრეტდება. შეიძლება მეტი ჰქონდეს იმერეთს, ვიდრე სამეგრელოს, უფრო ნაკლები ექნება კახეთს, კიდევ უფრო ნაკლები სამცხე-ჯავახეთს, ყველაზე ცოტა რაჭა-ლეჩხუმს, გურიას და აქ არის როგორც რეგიონული, ანუ ადგილობრივი, ასევე პოლიტიკურ-პარტიული წარმომადგენლობა. ეს არის ჩვენი შეთავაზება. არ ვამბობ, რომ ეს არის ერთადერთი და უნიკალური ვერსია საარჩევნო სისტემებისა. მზად ვიქნებოდით დავსხდეთ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს და იმ ორი მთავარი პრინციპის (ან კიდევ სხვა პრინციპის, თუ ვინმეს ასეთი აქვს) უზრუნველსაყოფად დავდოთ სხვა ვერსია, ოღონდ იქიდან ამოვიდეთ, რომ ამ პრინციპების სამართლიანობა დავაკმაყოფილოთ და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ამას რეალურად უზრუნველყოფს.

_ ანუ ამ გზით ჩვენ კლასიკურ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარს ვამბობთ?..

_ მაჟორიტარული სისტემა, თუ შეიძლება ამას კლასიკური ვუწოდოთ, არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ, ერთი მხრივ, მანდატის წონა არათანაბარია. სიტყვაზე: 6 ათასი ონელი, ყაზბეგელი, 11 ათასი თიანეთელი ირჩევს ერთ დეპუტატს და მაგალითად, 98 ათასი მარნეულელი, 100 ათასი ბათუმელი, 100 ათასი რუსთაველი, 160 ათასი ქუთაისელი, 130 ათასი გორელი ასევე ერთ წარმომადგენელს ირჩევს. ეს არის მთავარი პრობლემა და, მეორე მხრივ, სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მიიღო ხმების 45%, ოღონდ მანდატების 75% ხელში ჩაიგდო.

_ თქვენი ჩამოყალიბებული შეხედულებები მიაწოდეთ თუ არა ხელისუფლებას და როგორია პოზიციები?

_ ამ თემაზე ჯერ ჩვენ, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულ ფორმატში ჩამოვყალიბდით, უბრალოდ, თანმიმდევრობას გიყვებით. შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს. შევხვდით ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში, ცალკეულ საელჩოებსა და ამ პროცესს ვაგრძელებთ. მხოლოდ ამის შემდეგ, გავაკეთეთ გარკვეული კორექტირებები მათი მოსაზრებების გათვალისწინებით. შემდეგ შევხვდით ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან ყველაფერი საპარლამენტო თემატიკაა. მთელ ამ სისტემას არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია და დღეს შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომლის ხელმძღვანელიცაა პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ უფრო გამართლებულად მივიჩნიეთ, ჯერ სპიკერს შევხვედროდით; შემდეგ მივმართეთ კოალიციის ლიდერსა და, ამავდროულად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლისგანაც დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ფაქტობრივად, უპასუხობით უარი მივიღეთ შეხვედრაზე. ამის შემდეგ უკვე მივმართეთ და შევხვდით კიდეც საქართველოს პრეზიდენტს. პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან, ბუნებრივია, ჩვენ სრული პრეზენტაცია მოვახდინეთ როგორც ნაკლოვანებებისა, ასევე მათი აღმოფხვრის გზებისა, რაც, სამწუხაროდ, კოალიციის ლიდერთან და პრემიერთან ვერ განვახორციელეთ.

დავით უსუფაშვილიც და გიორგი მარგველაშვილიც სრულ უნისონში არიან ჩვენ მიერ მომზადებულ მიდგომებთან დაკავშირებით, ასევე მათი გადაჭრის გზებთან მიმართებით. ზუსტდება გარკვეული დეტალები, შეიძლება რაღაც საკითხები ტრანსფორმირებულად განვიხილოთ, მაგრამ მოსაზრებას, რომ დღევანდელი სისტემა არღვევს ამ ორ მთავარ პრინციპს, ის გამოსასწორებელია და სწორედ ამ გზით, ორივემ დეკლარირებულად და ღიად დაუჭირა მხარი. მეტიც, ერთმაც და მეორემაც აღნიშნეს შემდეგი; ჯერ პარლამენტის თავმჯდომარემ: მე ერთგული ვრჩები იმ პრინციპების, რისი ერთგულიც ადრე ვიყავიო, რაც სრულ თანხვედრაშია თქვენს წინადადებებთან და ჩათვალეთ, რომ მე ვარ თქვენი მოკავშირეო. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი, მას შემდეგ, რაც მოისმინა ჩვენი პრეზენტაცია, ბევრი კითხვა დაგვისვა, პასუხები მიიღო, ვიმსჯელეთ და ბოლოს მარტივად თქვა, _ თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ მე ამ პროცესის უბრალო დამკვირვებელი ვარ, არამედ თანამონაწილე ვარ და შევეცდები, საქართველოში საარჩევნო სისტემა უფრო ობიექტური, სამართლიანი გახდესო.

სამწუხაროდ, მთავრობა და კოალიციური ფორმატი მთლიანობაში მზად არ აღმოჩნდა შეხვედრისთვის, ან მოუმზადებლობის, ან პროცესის ხელოვნურად გაწელვის გამო, ან კიდევ რაღაც სხვა ჩანაფიქრის გამო. ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მიმართვის მიუხედავად, დღემდე ეს შეხვედრა არ გამართულა.

_ ამ შეხვედრის გარეშე მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ არაფერი იცით?

_ ვერ გეტყვით, ვისგან, როგორ და რანაირად ვიცით, მაგრამ თვითონ კოალიციაში არ არსებობს ერთიანი ჩამოყალიბებული მიდგომა ჯერ საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით და მერე _ შეცვლის შემთხვევაში კონკრეტული ვერსიის ჩამოყალიბებასთან მიმართებით. პირდაპირ გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას _ ისინი ერთგული რჩებიან დღეს არსებული სისტემის, რომელიც საშუალებას იძლევა, შეინარჩუნონ სიმახინჯეები, რაც ჯერ კიდევ მოქკავშირის დროს ჩამოყალიბდა. მას მერე ის უარყოფითად „დახვეწა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც შედარებით მცირე რეიტინგი ბევრი მანდატის მიღების საშუალებას იძლევა. დღესაც მოეწონათ ეს ვერსია და შედარებით ნაკლები რეიტინგის პირობებში გაცილებით მეტი მანდატის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების მიზნით ცდილობენ, შეხვედრას თავი აარიდონ, თავის დროზე არაფერი თქვან, რომ შემდეგ განაცხადონ, _ ახლა დრო არ გვრჩება, ვეღარაფერს შვცვლითო. ანუ ძალაში დატოვონ ის სიმახინჯე, რაც მათ ძალიან მკაფიო და დაუმსახურებელ უპირატესობას მისცემს, თუ შეუნარჩუნებს.

_ ამ ფონზე თქვენ რას გეგმავთ და ელით აღნიშნული მიმართულებით?

_ პირადად 2002-2003 წლებიდან ამ თემაზე პერმანენტულ ბრძოლაში ვარ და რაღაც პატარ-პატარა ცვლილებებს ვახორციელებთ ხან ბარიერის აწევის კუთხით. მაგალითად, მერებისა და გამგებლების თვალსაზრისით, ხანაც პროპორციულისა და მაჟორიტარულის პროპორციების განსხვავების თვალსაზრისით. რაღაცებს ვაღწევთ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბრძოლის ერთგვარი ფორმებიც გამოცდილ-ადაპტირებულია, ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ. ამ დღეებში შეხვედრა გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ფორსირებულად, ძალიან აქტიურად და ინტენსიურად ვიწყებთ შეხვედრებს ორი მიმართულებით _ ერთი მხრივ ეს არის ქართული საზოგადოება, დაწყებული სამოქალაქო არასამთავრობო სექტორით, რომელიც გარკვეულ ძალასა და ფაქტორს წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოში; მეორე მხრივ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ძალის მატარებელ სტრუქტურებთან, როგორიცაა საერთაშორისო ინსტიტუტები, საერთაშორისო საზოგადოება, საელჩოები და ა. შ., რომელთა შეფასებები, დამოკიდებულებები საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ მეათეხარისხოვანი ნამდვილად არ არის ხელისუფლებისთვის. როგორი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, შედარებით ავტორიტარული, ნაწილობრივი თუ საერთოდ ერთმმართველური, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გვქონდა, ყოველთვის არსებობდა დიდი თუ მცირედ საგრძნობი ანგარიშის გაწევის ვალდებულება საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მიმართ. ჩვენი ბრძოლის ფორმა და ხერხი ამჯერადაც ეს მიმართულება იქნება და შევეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ეს თემა მაქსიმალურად გავაცხელოთ, რათა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტპარტიების იმ ნაწილმა, რომელსაც ძველი, უპირატესობის მომნიჭებელი მახინჯი საარჩევნო სისტემის შენარჩუნება სურს, კარგად გაიაზროს, რის წინაშე დგას, ვაიძულოთ, რათა უარი თქვან ამ სიმახინჯის შემდგომ შენარჩუნებაზე.

უბრალოდ, ერთ მაგალითს გეტყვით (შემიძლია უამრავი დავასახელო): ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ცხელ თემად იქცა პირდაპირი არჩევნების ჩატარება მერებისა და გამგებლებისთვის 40%-იანი ბარიერით. ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ 40%-იც მაღალიაო, წინა ხელისუფლებისას საერთოდ არ არსებობდა, ჯერ 30%-იანი იყო, ჩვენ გავზარდეთ და 40-მდე ავწიეთო. როცა ვამბობდით, რომ ბარიერი უნდა იყოს 50% პლუს ერთი, ნიშნავდა, რომ უმრავლესობას უნდა გაემარჯვა უმცირესობაზე. როდესაც ეს თემა გაცხელდა, ერთ მშვენიერ დღეს პრემიერი ღარიბაშვილი გამობრძანდა და თქვა, რომ ჩემი ინიციატივაა, ბარიერი 50% იყოსო. ეს მისი ინიციატივა კი არა, ლოგიკური უკანდახევა იყო, იმის აღიარება, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. უბრალოდ, პიარით სურდა, ეს მისი აქტივი ყოფილიყო. დაე ერქვას მისი აქტივი, თუ ვინმეს ამის აკვიატება და ბავშვური სურვილები აქვს; მთავარია, ისეთივე წარმატებული შედეგი დადგეს, როგორც ამ ბარიერთან მიმართებით დადგა. ახლა ასეთი მოცემულობის წინაშე ვიმყოფებით და პოზიციათა კონსოლიდაციის შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორისა და განსაკუთრებით ამომრჩევლისა, ვფიქრობთ, ხელისუფლებას გარკვეული იძულების წინაშე დავაყენებთ, რომ სისტემა შეიცვალოს.

_ ამ საკითხის სამართლიანად გადაწყვეტაში ამომრჩევლის როლს სად ხედავთ?

_ ხელისუფლების წყარო ხალხია. ბუნებრივია, რომ რიგითი ამომრჩევლის აზრი გასათვალისწინებელია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კვლევას, ჩატარებულს ქართული, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის, მთავრობის თუ არასამთავრობოს მიერ, რომელიც რამე ტიპის პოზიტივს ავლენს მაჟორიტარებთან მიმართებით. მეტიც, 70-78%-მა საერთოდ არ იცის, თუ ვინ ჰყავს მაჟორიტარ დეპუტატად. მეორე, შეხვედრებს რაც შეეხება, 3-დან 5%-მდეა ამომრჩევლებისა, ვისაც რაღაც ტიპის კონტაქტი ჰქონია საკუთარ მაჟორიტართან _ მიკითხვის, დახმარებისა და სხვა პრობლემის გადაჭრის კუთხით. და მესამე _ პრობლემები, რაც დღევანდელ ჩვენს მოქალაქეს ხშირად აწუხებს, უმრავლეს შემთხვევაში, პარლამენტის უშუალო კომპეტენცია არ არის _ ადამიანებს აწუხებთ დასაქმების, მედიკამენტების, ტრანსპორტის, გზის, ყოველდღიური სამეურნეო-საარსებო ცხოვრების პრობლემები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაა. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, რომელმაც საკანონმდებლო ბაზა უნდა შექმნას, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში მაჟორიტარული წარმომადგენლობები მოქმედებს. მეტიც, ახლა უკვე პირდაპირი წესით ირჩევიან მერები და გამგებლები და აქედან გამომდინარე, პირდაპირი დემოკრატიის ეს ფორმა უზრუნველყოფილია ადგილობრვ თვითმმართველობებში.

ამიტომ ჩვენ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან კომპეტენციების თვალსაზრისით, თუ რას წარმოადგენს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი და რას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო და აღმასრულებელი სტრუქტურა მერიისა და გამგეობის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკმაოდ იმედიანად ვართ.

თუმცა ახლა გაჩნდა ახალი ფანდი ხელისუფლების მხრიდან: სახელისუფლებო წრეები ე. წ. რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდნენ, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლება ლოგიკური იყოს. საზოგადოებას ყოფილი ხელისუფლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება და პარლამენტში მათ წარმომადგენლობაზე ადეკვატურად ნეგატიური განწყობა აქვს. დღევანდელ ხელისუფლებას სურს ამით ისარგებლოს, ანუ დააჩქაროს მომდევნო არჩევნები ისე, რომ იქვე თქვას, _ ვერ ვასწრებ ცვლილებებს კანონმდებლობაში, საარჩევნო სისტემას ვერ ვცვლი და ამიტომ ძველი სისტემითვე ვაპირებ კენჭისყრის ჩატარებასო. ანუ ისევ ვაპირებ მანდატების ქურდობასო, რაგან ამ ყველაფერს კონსტიტუციის ცვალებადობა სჭირდება. აქაც ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ სიმახინჯე გამოასწორონ. კი ბატონო, არის ლაპარაკი რიგგარეშე არჩევნებზე, ჩავატაროთ ეს კენჭისყრა, ოღონდ საარჩევნო სისტემის ცვლილების წინსწრებით, თუ გვინდა, რომ მომავალ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ის უდიდესი კითხვის ნიშნები ლეგიტიმაციისა, რაც წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ, აი, ამ არათანაბარი მანდატებისა და პარლამენტსა თუ საკრებულოებში მანდატების მითვისების გამო.

 

გელა მამულაშვილი