„თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მოსახსნელ თანამშრომელთა 48-კაციანი სია დევს!“

wewewwwwwwwwwwwww

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი, ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამსახურიდან დათხოვნის ძირითადი საფუძველი `ნაციონალური მოძრაობის~ წევრობა გახდა.

შელახული უფლებების აღდგენას ნამიჭეიშვილი სასამართლოს გზით აპირებს, მანამდე კი „ქრონიკა+“-თან საუბრობს და მერიაში მომხდარ კულუარულ ამბებს დეტალურად გვიყვება:

_ თბილისის მერიაში 1990-იან წლებში დავიწყე მუშაობა. 2005 წლის სექტემბრიდან, ზედამხედველობის სამსახურის შექმნის დღიდან აქ ვმუშაობდი. ახალი მერისა და ზედამხედველობის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, გეგი ნიჟარაძის მოსვლისთანავე, ჩვენი შეხვედრა ძალიან არაორდინარულად დაიწყო. თითქოს გაცნობის მიზნით დამიბარა, მაგრამ კაბინეტში რომ შევედი და საკუთარი თავი წარვუდგინე, მაშინვე მითხრა, _ განცხადება მინდა სამსახურიდან წასვლის შესახებო. ცოტა შევცბი და მიზეზი ვკითხე, _ არ გენდობიო, _ მიპასუხა. ვკითხე, _ რა იცით ჩემ შესახებ, რა უნდობლობაზეა საუბარი, რატომ არ მენდობით-მეთქი? _ „ნაციონალების“ წარმომადგენელი ხარო. ასევე ჰქონდა ინფორმაცია, რომ გოგა ონიანის საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი. განაცხადა, _ გუნდი მოდის, გუნდი მიდის… თქვენ არც ერთს არ გაქვთ შანსი, რომ სამსახურში დარჩეთო… ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ჩამოქვეითება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ვიყავი, 20 დღეში გავხდი თანაშემწე, კიდევ 20 დღის შემდეგ კიდევ გავხდი მთავარი სპეციალისტი და ამ პოზიციაზე, დაახლოებით, 3 თვე ვიმუშავე. თანაშემწის თანამდებობაზე, სულ რაღაც, 20 დღე ვიყავი, იმიტომ, რომ ცნობილი კადრების გახმიანების შემდეგ, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, ირაკლი კვარაცხელიასა და გიორგი ხაბურძანიას რომ ემუქრებიან, მეორე დღესვე, მომენტალურად, დამიბარეს კაბინეტში და გამზადებული განცხადება ხელში მომაწოდეს, რომ ვითხოვ მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დავეთანხმე და გარეგნულად ისე გამოვიდა, თითქოს საკუთარი სურვილით გადავდგი ეს ნაბიჯი. ამის შემდეგ გავიდა გარკვეული დრო, მაგრამ სამსახურში დაძაბული ურთიერთობები არ შეწყვეტილა. ჯერ ირაკლი გაუშვეს, მერე სხვები მიაყოლეს… ამ კაცთან ურთიერთობა იმ მარტივი მიზეზის გამო მერიდებოდა, რომ არასდროს მინახავს, სამსახურის უფროსი სამოქალაქო სამსახურში იარაღით დადიოდეს. როცა კაცი იარაღით დადის, მარტივად რომ ვთქვათ, მასთან ურთიერთობა მოსარიდებელია. ამის შესახებ დეკემბრის ბოლოს ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება.

20 იანვარს, შესვენების დრო იყო, ოთახში მარტო ვიმყოფებოდი, უცებ შემოვარდნენ სამსახურის უფროსი, მისი პირველი და მეორე მოადგილეები, აპარატის უფროსი, მიხურეს კარები, გეგი ნიჟარაძე მეუბნება, _ აბა, ერთი, მითხარი, რა პრეტენზია გაქვს ჩემ მიმართ, იარაღით რომ დავდივარ სამსახურშიო? _ არ დადიხართ-მეთქი? _ რომ იცოდე, იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგრამ `ნაციონალებს~ ეს არ მოგწონთ, ვის რას უგორებო?! _ რა შუაშია, ვაგორებ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ, _ საჯარო სამსახურში რატომ უნდა იაროს პიროვნებამ იარაღით-მეთქი? ამ შეკითხვას მოჰყვა გინება, _ თქვენთან მხოლოდ ტყეში უნდა გავარკვიოთ ურთიერთობაო… _ ტყე რა შუაში-მეთქი? და _ მაშინ მაგიდასთან შენთან დამჯდომის დედაო… სამსახურის უფროსი საქმეს მირჩევს, თან მომმართავს, _ სამ კაცს თუ მაინც მომიყვან, ვისთვისაც სიკეთე გაგიკეთებიაო. სუფთა ქურდული გარჩევა იყო, ბავშვობა გამახსენდა, ქუჩაში როგორც ხდებოდა ხოლმე… ამის შემდეგ მისი პირველი მოადგილე, მედულაშვილი გამოვიდა სიტყვით, დაიწყო გინება, _ როდემდე უნდა ბოგინობდნენ ესენიო?! და  გარეთ გავარდა. ყველანი გავიდნენ გარეთ და გარკვევით გავიგონე, გეგი ნიჟარაძე როგორ აგინებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, _ კიდევ რომ ხმას იღებენ, როდის უნდა ჩაკვდნენ და მოშორდნენ აქედანო?! ძნელი მოსათმენია ეს ყველაფერი… საკუთარ თავს ვეცი პატივი, არ ავყევი და მოვითმინე, მაგრამ ახლა რომ ვყვები, ისევ გამიჩნდა ნერვული ფონი. ძნელია, ამ ყველაფრის მოთმენა, რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, ან პიროვნება? მეტსაც გეტყვით: ოქტომბრის ბოლოდან განყოფილების უფროსი ჩემგან ითხოვდა ოქმის დაწერას რაღაც აბსურდზე, რაზეც არ დავეთანხმე. ოქტომბრის ბოლოდან, ფაქტობრივად, ჩემი სამსახურში ყოფნა არავის აინტერესებდა, არც კი მკითხულობდა არავინ.

22 იანვარს პარადოქსული ამბავი მოხდა: მოგეხსენებათ, მერიაში საშვთა სისტემაა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაშიარ მუშაობდა. თქვეს, რომ სისტემა განაახლეს, ამიტომ კოდი აღვადგინე. 20 იანვარს საშვით ჩვეულებრივ შევედი და გამოვედი, 21-ში სამსახურში მისვლა ვერ შევძელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 22-ში რომ მივედი, დაცვის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა, _ თქვენზე გვითხრეს, რომ აქ აღარ მუშაობთ და საშვი უნდა ჩამაბაროთო. 20-ში ბატონ გეგის რომ შევხვდი, ასე დაასრულა თავისი გამოსვლა, _ ხვალიდან განთავისუფლებული ხარ და აღარ მოხვიდე სამსახურშიო, ე. ი. 21-დან გამათავისუფლა. გადავრეკე კადრების სამსახურში და ჩამომიტანეს ბრძანება, რომელიც დაწერილია 16 იანვარს და აღნიშნულია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის აპარატის მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლოზ ნამიჭეიშვილი, 2015 წლის 6 იანვრიდან განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდანო. ეს მუხლი გულისხმობს, რომ 5 დღე ზედიზედ არ მივლია სამსახურში. 6 იანვრამდე, მოგეხსენებათ, სადღესასწაულო დღეებია, ვივარაუდოთ, რომ 29, 30, 31 არ ჩამეთვალა მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში დავდიოდი, იქ 3 დღეა, 6 იანვრამდე 5 სამუშაო დღე მაინც არ გამოდის, მაგრამ პარადოქსული ის არის, თუ წინა დღეებს ვარაუდობენ, სრულად მაქვს აღებული ხელფასი, დანამატი და მე-13 ხელფასი. რატომ მომცეს ეს თანხა, თუ არ მეკუთვნოდა და დამნაშავე ვარ დისციპლინური სასჯელით?

კიდევ იყო ჩემ მიმართ განხორციელებული ზეწოლის ერთი ეტაპი. აპარატის უფროსმა, რომელიც ჩემს ადგილზე დაინიშნა, ჯოკია ბოდოკიამ, დამიბარა კაბინეტში, როგორც აპარატის მთავარი სპეციალისტი და პირდაპირ მომცა გამზადებული განცხადება, სადაც ეწერა, _ გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდანო. _ ეს რა არის-მეთქი? _ აქ შენ როგორ უნდა იმუშაო, დღეს სად იყავი, რაპორტი დამიწერეო. _ რაპორტი რა არის-მეთქი? ვერ მითხრა და შიშისგან კანკალი დაიწყო.

_ რას აპირებთ?

_ სასამართლოში აუცილებლად შევიტან სარჩელს, რადგან ჩემი ყოფილი სამსახურის ხელმძღვანელობის პრეტენზია იყო ის, რომ მე ვარ `ნაციონალური მოძრაობის~ წევრი და საარჩევნო პერიოდში ვიყავი გოგა ონიანის შტაბის ხელმძღვანელი. 20 იანვარს, როცა ჩვენი საუბარი შედგა, ხუთივე დამფრთხალი იყო, ჩავიწერდი თუ არა მათ საუბარს. ტელეფონი მომთხოვეს, რა თქმა უნდა, მივაწოდე, გულზე შეტევა დამეწყო, ცოტა ხნის წინ, სტენტირება გავიკეთე და გული შემიწუხდა. მერე ვეღარც გაბედეს, ტელეფონს შეხებოდნენ. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, ვიღაც კაცმა, რომელიც პირველად ვნახე სამსახურში, გადაამოწმა, საუბარი ნამდვილად ჩაწერილი მქონდა თუ არა. შემდეგ დაეჭვდა, მეორე ტელეფონი ხომ არ მქონდა ჯიბეში და უმსგავსო საქციელი ჩაიდინა, ფაქტობრივად, ჩხრეკა ჩამიტარეს.

_ მერიიდან მსგავსი ბრალდებით განთავისუფლებულები ბევრნი არიან?

_ ძალიან ბევრი! თუ არ მეშლება, დაახლოებით, 48-კაციანი სია დევს ზედამხედველობის სამსახურში. შეიძლება კიდევ მიამატეს ვიღაც…

_ არ გიცდიათ, რომ დედაქალაქის მერს შეხვედროდით?

_ ირაკლი კვარაცხელია შეხვდა, მაგრამ რა შედეგი? თან ირაკლი არც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მას უთხრა, რომ _ ამ საკითხს განვიხილავთო. განიხილეს და გამოუშვეს! ირაკლის შეხვედრიდან ორიოდე დღე იყო გასული, როცა ჩვენი სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი ქალბატონი დაიბარა ჯოკია ბოდოკიამ, თან იმ დროს, ყველანი რომ წასული ვიყავით. მას კატეგორიულად მოსთხოვეს სამსახურიდან წასვლა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ქალბატონი ცუდად გახდა. ბოდოკია დაიბნა, უხმო ნიჟარაძესა და მედულაშვილს. ამ ქალბატონის ოჯახის ახლობელიც მოიყვანეს, მერე ცოტა რომ გამოკეთდა, ბოდოკიამ უთხრა, რომ ეს არ იყო მისი ინიციატივა და ხელი მარგიშვილისკენ გაიშვირა. ამის დამტკიცება ადვილად შეიძლება. ბევრი ასეთი ფაქტის შესახებ კიდევ გახდება ცნობილი, ახლა გამოცდების შეფასება-შეჯამების პროცესი იწყება. ძალიან ბევრი ადამიანია მათი მოყვანილი, რომელთაც ვერ გადალახეს ბარიერი და დღემდე აგრძელებენ მუშაობას. მედულაშვილი კონკურსზე საერთოდ არ გასულა და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს, თან ამაყად!

 

თამარ ბატიაშვილი