რატომ უჩივიან ღარიბაშვილები პრემიერ ღარიბაშვილს?

anana

ქართული პოლიტიკის ისტორიას რა სახის აქცია და შიმშილობა არ უნახავს, მაგრამ ის, რაც 18 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიასთან იგეგმება, თავისი შინაარსით უპრეცედენტო იქნება, _ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებლები დედაქალაქში ძროხების ჩამორეკვას და მიტინგის გამართვას აპირებენ. საჩივარს, რომელიც „ქრონიკა+“-მა მიიღო, უმეტესად ღარიბაშვილები აწერენ ხელს (60 ხელმოწერა). ისინი პრემიერ ღარიბაშვილს საკუთარი განკარგულების გაუქმებას სთხოვენ:
„როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დარგში გატარებული დამანგრეველი პოლიტიკის შედეგად სოფელი აღმოჩნდა უკიდურეს გაჭირვებაში, ხელოვნურად დაანგრიეს და ჩამოშალეს სასოფლო, რაიონული და ცენტრალური კოოპერაციული სისტემა, მოისპო ყველა ის სიკეთე, რასაც სოფლის გადარჩენა ერქვა. სწორედ ამ და სხვა უამრავ მიზეზთა გამო 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე მოვახერხეთ და შევცვალეთ ხელისუფლება, თუმცა სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, შესაძლოა, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ გვინდა გაცნობოთ, რომ 90-იან წლებში, როდესაც მიწის რეფორმა დაიწყო, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი დავთმეთ სოფლის საერთო საძოვრებისთვის. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მოგვიანებით, სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა საძოვრების სახით. ახლახან საძოვრებს წინასწარ გამიზნულად შეეცვალა სტატუსი და გახდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 მაისის #843 განკარგულებით ეს მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით, ჩალის ფასად გადაეცა შპს „ვაზისუბნის მამულებს“, რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძესა და მის ნათესავს _ ბადრი ჯაფარიძეს. ამ განკარგულებით 2000-მდე ოჯახი დარჩა საძოვრების გარეშე, ჩვენ და ჩვენს შვილებს შიმშილით სიკვდილი გველოდება.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადენილია ენით აუწერელი უსამართლობა! არ შეიძლება, ერთი ადამიანის სიხარბესა და გაუმაძღრობას შეეწიროს ვაზისუბნის 2000-მდე ოჯახის ინტერესი და ჩვენი ოჯახების მარჩენალი საქონელი დატოვოთ საძოვრების გარეშე. ჩვენ ეს ხელისუფლება იმისთვის არ აგვირჩევია, რომ შიმშილით დაგვხოცოს. ამ უსამართლობის გამო ჩვენ იძულებული ვხდებით, პროტესტის ნიშნად, ა. წ. 18 თებერვალს ჩვენი სოფლის საქონელი, დაახლოებით, 1000 სული ძროხა, ჩამოვიყვანოთ თბილისში მთავრობის კანცელარიის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლისა და მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის“ წინ. თუ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ხელისუფლებამ ისმინოს მშიერი ძროხების ბღავილი და იქნებ, ისინი მაინც შეიწყალოთ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობა შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში და არ იცოდით, რომ ზემოხსენებული საძოვრების გაყიდვა არ შეიძლებოდა.
ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, მიმდინარე წლის 18 თებერვლამდე სოფელ ვაზისუბანსა და მის მოსახლეობას დაუბრუნდეს უკანონოდ გასხვისებული საძოვრები“, _ ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის #843 განკარგულება 2014 წლის 13 მაისს გამოიცა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში მდებარე 19.503 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი #51.05.66.001), გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაზისუბანში მდებარე 107.400 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი #51.05.66.001) და გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაზისუბანში მდებარე 235.289 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის, უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი #51.05.66.023) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 57500 (ორმოცდაჩვიდმეტიათას ხუთასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს „ვაზისუბნის მამულს“ (საიდენტიფიკაციო კოდი #404443349). პრემიერის ამ განკარგულებით სულ გასხვისებულია 362.192 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. გადახდილი თანხის საერთო ღირებულება _ 57 000 ლარი _ ამ ციფრზე რომ გავყოთ, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება 15 თეთრსაც არ შეადგენს.
პრემიერის ამ განკარგულებით შპს „ვაზისუბნის მამულებს“, მიწის პირდაპირი წესით მიყიდვის სანაცვლოდ, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვენახების გაშენებისა და 700 000 ლარის ინვესტიციის მოზიდვის პირობა ჩაუდეს. სამაგიეროდ, სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა და ამაზე არც პრემიერს უფიქრია და არც იმ უწყებას, რომელმაც ეს განკარგულება მას ხელმოსაწერად მოუმზადა.
რაც შეეხება შპს „ვაზისუბნის მამულებს“, კომპანიის დამფუძნებლები და 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, კომპანიის დირექტორი კი მალხაზ ჩუგოშვილი გახლავთ. გვარი გეცნოთ, ალბათ, ძვირფასო  მკითხველო. დიახ, თქვენ არ შემცდარხართ _ მალხაზ ჩუგოშვილი არასამთავრობო სექტორის ცნობილი წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის მამაა. მოგეხსენებათ, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებზე სპეციალურ კვლევას ატარებს და ფაქტები, რომელსაც მას აქვე შევახსენებთ, სავარაუდოდ, ახალ კვლევაში გამოადგება. 2010-12 წლებში თამარ ჩუგოშვილი „საიას“ დირექტორი იყო, 2013 წლის თებერვალში ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობაში მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის  შეკამათება მოხდა, ივანიშვილმა ჩუგოშვილი ფონდ „ქომაგთან“ გამოთქმული მოსაზრებების გამო მკაცრად გააკრიტიკა, ვალში არც ჩუგოშვილი დარჩენია: „პრემიერმა არ უნდა მიუთითოს არასამთავრობოს წარმომადგენელს, რა სახის განცხადება გააკეთოს და რა _ არა“, _ აცხადებდა მაშინ თამარ ჩუგოშვილი. ივანიშვილის გაღიზიანება არასამთავრობოების იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ფონდი „ქომაგი“ „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდებოდა და ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებდა.
აღნიშნულ ინციდენტს არ შეუშლია ხელი თამარ ჩუგოშვილისთვის, პრემიერის მრჩევლის პოსტი დაეჭირა სახელმწიფო კანცელარიაში, ხოლო ღარიბაშვილის გაპრემიერების მერე კარგა ხანს იყო მისი თანაშემწე. სწორედ ქ-ნი ჩუგოშვილის მამა ხელმძღვანელობს კომპანია „ვაზისუბნის მამულებს“, რომელმაც, პრემიერ ღარიბაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მოსახლეობის საძოვრები შეიძინა და სოფელი მშიერი დატოვა.
ღარიბაშვილები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ვადას 18 თებერვლამდე აძლევენ. 18 თებერვალს კი სახელმწიფო კანცელარიასთან „ძროხების მიტინგი“ დაანონსდა.

ელისო კილაძე

1

doc3333

docc233