მორგებული თანამდებობები – კალაძის ცოლისძმა, ცოლის ბიძა, ცოლის ბიძაშვილი, სამუშიას მეუღლე, შურღაიას ბიძა, ისნის გამგებლის შვილი…

kaxaa

თბილისის საკრებულომ საახალწლო ღონისძიებისთვის 29 ათას 800 ლარი დახარჯა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დახარჯული თანხა ხუთჯერ აღემატება მის რეალურ საბაზრო ღირებულებას. მათივე შეფასებით, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ სატენდერო პირობები მხოლოდ ერთ კომპანიაზე იყო მორგებული.

ამ საკითხზე „ქრონიკა+“ „მედიატორის“ ხელმძღვანელს, ლევან ხაბეიშვილის ესაუბრება:

_ დედაქალაქის საკრებულომ გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა საახალწლო ღონისძიებისთვის, რომელიც 3 იანვარს გაიმართა. ტენდერი 30 ათას ლარზე გამოცხადდა და კომპანია `ნევერლენდმა~ 29 800 ლარად მოიგო. წინასწარ პირობებში ეწერა, რომ მომგებ ორგანიზაციას უნდა ჰქონოდა ვარდისფერი დათვი, შავი სპაიდერმენი და მისთ., მაგრამ ეს ვარდისფერი დათვი საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიას მოეპოვება, რომელმაც საბოლოოდ ტენდერი მოიგო კიდეც. შესაბამისად, კონკურსში სხვა კომპანიას მონაწილეობა არ მიუღია მარტივი მიზეზის გამო, რომ დანარჩენისთვის ამ ვარდისფერი დათვის პრობლემა არსებობდა.

ახლა მეორე _ დახარჯეს ეს 29 800 ლარი, 3 იანვარს 2 ღონისძიება გაიმართა, 12-სა და 3 საათზე, 150-150 ბავშვზე, ანუ, ჯამში, 300 ბავშვის გართობა ერთი დღით 30 ათას ლარამდე დაჯდა. მარტივი არითმეტიკაა და ერთი ბავშვის გართობისთვის 100 ლარამდე გახდა საჭირო. სავსებით გონივრულია, რომ 100 ლარად ერთი ღონისძიება კი არა, ბავშვი შეიძლება წავიდეს ფილარმონიაში, თეატრში, კინოში და კიდევ 50 ლარი დარჩეს იმისთვის, რომ მშობელმა კანფეტები და სხვა მსგავსი რაღაცები უყიდოს… ამიტომ ჩვენ ვდაობთ, რომ ეს თანხა ხუთჯერ აღემატება საბაზრო ღირებულებას, რა ფასადაც ეს შეიძლებოდა რეალურად გაკეთებულიყო. ამას ჰაერზე არ ვამბობთ, რამდენიმე ორგანიზაცია დაინტერესდა აღნიშნული საკითხის შესწავლით. სწორედ მათ დავუკავშირდით, ვინც მსგავს ღონისძიებებს ატარებს.

_ მათ დაადასტურეს, რომ წვეულებაზე გამოყოფილი თანხა ხუთჯერ აღემატება საბაზრო ღირებულებას?

_ რასაკვირველია, ამას პირად საუბრებში ადასტურებენ. პირდაპირ განცხადებას არ აკეთებენ, რადგან ისინი კომპანია „ნევერლენდთანაც“ თანამშრომლობენ. 3-4 ასეთი ორგანიზაციაა, რომელსაც ამის ხარისხიანად გაკეთება შეუძლია. ამ ვარდისფერ დათვზეც მათგან შევიტყვეთ, რომ მხოლოდ ამიტომ ვერ მოხვდნენ ტენდერზე, რადგან საკრებულოს დეპუტატებმა ღონისძიებისთვის ეს მოთხოვნა ჩაწერეს. ხომ არ გგონიათ, საკრებულოს დეპუტატი დაჯდა და ბრძნულად გადაწყვიტა, რომ ახალი წელი ვარდისფერი დათვის გარეშე პატარებისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა? უბრალოდ, ეს ყველაფერი მოარგეს კონკრეტულ კომპანიას. ისე გამოვიდა, რომ ფასზეც არ უვაჭრიათ, 30 ათასი ლარი დადეს და საბოლოდ მხოლოდ ორასი ლარი მოაკლეს. ვიმეორებ, ერთ ადამიანზე 100 ლარი არაგონივრული და არამიზნობრივია, რადგან ამ ფასად ბევრის გაკეთება შეიძლებოდა. საკრებულოსა და დედაქალაქის მთავრობას ამას ვედავებით და მივმართეთ კიდეც, რომ, იქნებ, სარევიზიო კომისია დაინტერესდეს ამ თანხის მიზნობრიობით.

_ დაინტერსდა ამ საკითხით სარევიზიო კომისია?

_ პასუხი არ მიგვიღია. სავარაუდოდ, 10 დღის ვადაში, ალბათ, მოგვწერენ, დაიწყებენ თუ არა ამ საკითხის შესწავლას. ყოველ შემთხვევაში, გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ და ადეკვატურ რეაგირებას ველოდებით.

_ მაშინ რატომ „ნევერლენდი“, რატომ იყო ტენდერი კონკრეტულად ამ კომპანიაზე მორგებული?

_ ჭორაობის დაწყება ნამდვილად არ მსურს, მაგრამ ფაქტია, ამ ორგანიზაციაზე მორგებული იყო და ვიღაცას ფინანსური დაინტერესება ჰქონდა. გამომძიებელი არ ვარ და ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვის რა ფინანსური ინტერესი ამოძრავებდა, რატომ გაუფორმეს „ნევერლენდს“ ამხელა თანხაზე ხელშეკრულება? ასევე პირდაპირ გეტყვით, რომ თვითონ კომპანიასთან მიმართებით არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. შეიძლება ღონისძიება 40 ათასი ღირდეს და კომპანიას ხელშეკრულება 100 ათასში გაუფორმონ. ამ შემთხვევაში ცალკე აღებული კომპანია არაფერ შუაშია. შუაში და თავში თბილისის საკრებულოს აპარატია, რომელმაც ეს ღონისძიება დააფინანსა და ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ კომპანიას სატენდერო პირობების შედგენის დროს გაურიგდნენ, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ.

სატენდერო პირობები ხომ საჯაროა, თქვენ შეგიძლიათ საიტზე ეს ელექტრონულად ნახოთ _ თავიდან ბოლომდე მორგებულია აღნიშნული ორგანიზაციის აღჭურვილობასა და ყველაფერზე. გამარტივებულ ტენდერში სხვას მონაწილეობა არ მიუღია და მარტივი მიზეზია _ ვარდისფერი დათვის შესაძლებლობა სხვებს არ ჰქონდათ. ახალი წელი ვარდისფერი დათვის, ან შავი სპაიდერმენის გარეშე, რა, წარმოუდგენელია? სიტყვაზე, მოთხოვნა სანტა კლაუს-თოვლის ბაბუაზე რომ ყოფილიყო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ საკრებულო ვარდისფერი დათვისა და შავი სპაიდერმენის გარეშე საახალწლო ღონისძიებას რომ ვერ ხედავს, ეს, ცოტა არ იყოს, არანორმალურია და სასაცილოც არის!

_ მაგრამ საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე ელენე კაპანაძემ განაცხადა, რომ სატენდერო პირობები საბაზრო მოთხოვნილებით იყო შედგენილი და კომპანია საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გამოვლინდა…

_ დოკუმენტებში არსად ჩანს საკითხის საფუძვლიანი შესწავლა და საკრებულოს მხრიდან მსგავსი არაფერი ყოფილა. ელენე კაპანაძე ნამდვილად არ არის აღნიშნულ საკითხში პროფესიონალი, რომელმაც საახალწლო ღონისძიების დაგეგმვის საკითხი შეიძლება გადაწყვიტოს. არადა, იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი სწორედ კაპანაძე იყო, რომელმაც სატენდერო პირობების ჩამოყალიბებაშიც მიიღო მონაწილეობა. ის არ არის იმდენად პროფესიონალი, რომ საახალწლოდ დაგეგმოს სპაიდერმენების, მიკი მაუსებისა და სანტა კლაუსების პრობლემატიკა. ქალბატონი ელენე ამ საკითხებში ისეთივე დილეტანტია, როგორიც ვარ მე. ჩვენ საქმე სხვა რამესთან გვაქვს, _ სახეზეა კორუფციული გარიგება საკრებულოს ხელმძღვანელობასა და დასახელებულ კომპანიას შორის. სხვა პირობებში არც ვარდისფერი დათვი მოხვდებოდა ჩამონათვალში და ამხელა თანხებიც არ დაჯდებოდა.

აღნიშნული საფასური, ტენდერი და მათი მოქმედება ამის საფუძვლიან ეჭვს ბადებს. დანარჩენი, პირველ რიგში, საკრებულოს სარევიზიო კომისიამ გამოითხოვოს ეს დოკუმენტები, ნახოს, შეისწავლოს, რამდენად მიზნობრივი იყო ეს დანახარჯები დედაქალაქის ბიუჯეტიდან. თუ მათ რეაგირება არ ექნებათ, ვეცდებით, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ ამ საკითხით.

_ ელენე კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ ღონისძიების ჩატარებას საკრებულოს ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა, ამას რით ხსნით?

_ საკრებულოს ოპოზიციის ადვოკატად ნამდვილად ვერ გამოვდგები და ძალიან ცუდი, თუ მათაცმხარი დაუჭირეს. სანამ რამეს მხარს დაუჭერ და საკითხი კენჭისყრაზე დადგება, შეიძლება დოკუმენტაციას ჩახედო და სატენდერო პირობები წაიკითხო მაინც. თუ დედაქალაქის ოპოზიციამ მიიჩნია, რომ 29 800 ლარი გონივრულია სამსაათიანი ღონისძიებისთვის, მაშინ ორივემ გადაინაწილოს პასუხისმგებლობა.

_ რა პრეტენზიები გაქვთ მერიის სტრუქტურებში საკადრო პოლიტიკასთან და მიმდინარე საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით?

_ არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორის წარმომადგენლები კონკრეტულ ფაქტებს ვხედავთ, რომ ადამიანები თანამდებობაზე ნათესაურ-კლანური კავშირებით ინიშნებიან. კონკრეტულ მაგალითებზე გეტყვით _ კახი კალაძის ცოლისძმა დანიშნეს საქალაქო სამსახურის უფროსად; კალაძის ცოლის ბიძა საბურთალოზე ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გახდა; ასევე კალაძის ცოლის ბიძაშვილია ლუკა კანკავა, რომელიც საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დაინიშნა; კიდევ, ჯაბა სამუშიას მეუღლე ბაღების სააგენტოში დაასაქმეს; ასევე დიდუბის რაიონში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელად თალეს შურღაიას, ამ რაიონის მაჟორიტარული დეპუტატის ბიძა დანიშნეს; ისნის რაიონის გამგებლის შვილი დაასაქმეს დიდუბის რაიონის გამგეობაში. მოკლედ, უამრავი ფაქტი იყო, რაც ჩვენ გავასაჯაროვეთ, დედაქალაქის მერსაც მივწერეთ, რომ ამაზე რეაგირება ჰქონოდა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ეს ადამიანები არიან არაკომპეტენტურები და არა პროფესიონალიზმის ნიშნით შერჩეულები.

ამის შედეგად რა მივიღეთ? _ 28-29 დეკემბერს მერიამ ჩაატარა გამოცდები, რომელშიც ახლად დანიშნულებმა და ძველებმაც მონაწილეობა მიიღეს. მოხდა შემდეგი რამ _ ახალდანიშნული ადამიანებიდან (გამგებლის მოადგილეები, აპარატის უფროსები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები), ვინც კი თანამდებობაზე დანიშნეს, მათი 80% პირველივე ეტაპზე ტესტების წერისას ჩაიჭრა. 30 გამგებლის მოადგილეა დედაქალაქში და აქედან, მინიმუმ, 26 ჩაიჭრა, ორი გამოცდაზე არ გასულა, მათ შორის, კალაძის ცოლის ბიძაშვილი, ის მხოლოდ ბიულეტენზე იყო მონიშნული, გასულებიდან კი 26 მოადგილე ჩაიჭრა; დიდუბეში სამივე გამგებლის მოადგილე გამოცდაზე ვერ გავიდა, ტესტი ვერ დაწერეს, ასევე იყო გლდანში; დედაქალაქის 32 მუნიციპალიტეტიდან ხუთმა ხელმძღვანელმაც ვერ შეძლო, რომ დაწესებული ბარიერი გადაელახა; ვარკეთილისა და ნავთლუღის მუნიციპალიტეტებში, საერთოდ, უდიპლომოები არიან მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები და გამოცდაშიც ვერ მიიღეს მონაწილეობა, დანარჩენი კი ჩაიჭრა.

_ ასეთი სურათი რაზე მიანიშნებს?

_ ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან და დედაქალაქს ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები მართავდნენ. ხაზს ვუსვამ, რომ ამას მარტო მე არ ვამბობ. ჩვენ დედაქალაქის მთავრობას მოვუწოდეთ, რომ ამ ადამიანებმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობები. სამი თვის განმავლობაში დანიშნული ადამიანი შემდეგ გამოცდას რომ ვერ აბარებ, როდემდე შეიძლება ეს არაკომპეტენტურობა გაგრძელდეს?

_ თქვენს ამ მოთხოვნას მერიიდან რა რეაგირება მოჰყვა?

_ მერიაში გვითხრეს, _ თებერვალში შედეგები რომ გამოცხადდება, მერე მათ საქმეს დავუბრუნდებით და თანამდებობებზე არ დავტოვებთ, მაგრამ, სავარაუდოდ, დაბალ პოსტებზე ჩამოვაქვეითებთო; ანუ მათ გაშვებას რომ არ აპირებენ, ეს დაადასტურეს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და თანამდებობაზე ისევ ეს არაკომპეტენტური ხალხი გვეყოლება, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ კი მოვითხოვთ, რომ ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, სკამები დატოვონ და სხვაგან მოსინჯონ ძალები.

_ კადრებთან დაკავშირებით ეს რეალობა რა შედეგებს მოიტანს?

_ შედეგების მიღება, პრაქტიკულად, დაწყებულია და გეტყვით, რატომაც _ ჩვენ გვქონდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვისას გამგეობებმა კონკრეტული შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, ერთხელ უკვე დაგებულ გზაზე და მისამართებზე თავიდან ასფალტის დაგებას აპირებდნენ; ანუ საკრებულოში მისამართები რომ შეიტანეს და გაისად საჭირო თანხებიც დაგეგმეს, უკვე დაგებულ გზებზე აპირებდნენ ეს ადამიანები სამუშაოების წარმოებას. ესეც ორი რამის მაჩვენებელია _ არიან უვიცები და არაპროფესიონალები, რაშიც გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე ეჭვიც არ გვეპარება და ასევე მოქმედებს პირდაპირი კორუფციული სქემა, _ დაგებულ გზაზე ხელახალ ფენას ვინ დააგებს?! ამ გზით ფულის გამოთავისუფლება და ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონის მითვისება შესაძლებელი ხდება. ასევე იყო მისამართები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს, იქაც კი აპირებდნენ გზის დაგებას. ჩვენი კვლევის ასეთი შედეგები გავასაჯაროვეთ.

ამას გარდა, ბიუჯეტის დაგეგმვისას კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, _ გზის დაგებისას ჩუღურეთის რაიონმა თქვა, რომ კვადრატულ მეტრს 30 ლარად ითვისებს, ანუ გზა შეიძლება, სადღაც, 30 ლარი დაჯდეს, სხვაგან კი _ 35 და 40. ეს ჩვეულებრივი ამბავია, კონკრეტული სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ სად რა ხდება. სამაგიეროდ, ნაძალადევის რაიონმა ერთი კვადრატული მეტრი გზა 65 ლარად დაგეგმა. სხვაობა ხომ ნათელია? ესეც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ადამიანები არაკომპეტენტურები არიან. როგორ შეიძლება, ჩუღურეთის გზა 100%-ით დაგეგმო 30 ლარად და ნაძალადევის _ 65 ლარად? ეს სერიოზული პრობლემაა და იმის ეჭვს აჩენს, რომ ისინი არაპროფესიონალები არიან და საქმის კეთება არ იციან; მეორე მხრივ, კონკრეტული კორუფციული სქემით მოქმედებენ, რომ ფული იშოვონ.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღების დირექტორების მოადგილეებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდებენ. თქვენ რა იცით ამასთან დაკავშირებით?

_ 18 იანვარს, კვირა დღეს, ნარმანიას დავალებით, ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, ჩაატარა თათბირი, შეხვდა გამგეებს, დედაქალაქის 159 ბაღის დირექტორს; მათ მისცა კონკრეტული დავალება, რომ მოადგილეებისთვის მოეთხოვათ დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სამსახურებიდან. თორდინავამ საუბრისას ეს ამბავი არც უარყო და არც დაადასტურა, ასეთი რამ თქვა, _ ჩვენ მსგავსი რამ არ გვითქვამს, სხვა რამ ვუთხარით და სულ სხვანაირად კი გაიგესო. 159 ადამიანიდან უმრავლესობამ ეს ამბავი „სხვანაირად“ როგორ გაიგო, ეს როგორი წარმოსადგენია? ფაქტია, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, მოადგილეები თანამდებობიდან გაუშვან და ჩვენ აქ კონკრეტულ სქემაზე ვსაუბრობთ. ამ ხალხის განთავისუფლების შემდეგ ეს ადამიანები აპირებენ, პარტიული აქტივი დაასაქმონ. იგივე, რასაც გიგი უგულავას ედავებიან, რომ პარტიული ნიშნით შექმნა სამსახური და აქტივი დაასაქმაო, აბსოლუტურად იგივესთან გვაქვს საქმე. ადამიანებს უმიზეზოდ იმისთვის უშვებენ სახლში, რომ შესაბამის გამოთავისუფლებულ თანამდებობებზე პარტიული აქტივი მოიყვანონ.

_ მოადგილებს რა რეაქცია აქვთ აღნიშნულ წინადადებაზე?

_ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, მაგრამ, ამავე დროს, ხმაურიანი განცხადებებისგან თავს იკავებენ, რათა როგორმე სამსახურები შეინარჩუნონ. არც ერთი მოადგილე განცხადების დაწერას არ აპირებს. თუ სააგენტო გადაწყვეტს, რომ ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს, რასაკვირველია, სამართლებრივი ბრძოლაც დაიწყება და კანონის შესაბამისად სხვა ღონისძიებებიც გატარდება. ჩვენ აუცილებლად გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით მოადგილეებს. ვფიქრობ, რომ სააგენტო, ჯერჯერობით, უკან დაიხევს, რადგან ამ გამოხდომას სერიოზული რეაქცია მოყვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან საუბრისას თორდინავამ თქვა, რომ მათ გაშვებას არავინ აპირებდაო, უბრალოდ, ჩვენ ვუთხარით, ვისაც დიპლომი არ აქვს, იქნებ, სხვა თანამდებობაზე გადაგიყვანოთო. ახლა ეს სრული სისულელეა, ვისაც დიპლომი არ აქვს, მას განცხადების დაწერა არც სჭირდება. უთხარი, დიპლომი არ გაქვს-თქო და ეს საკითხი უკვე კანონით რეგულირდება და პრობლემაც არ ექნებოდათ… მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ და 7 წლის განმავლობაში შესაბამის თანამდებობებზე მუშაობენ, მათი ასე გაშვება არასწორი და არანორმალური მოვლენაა.

 

საკრებულოში „მედიატორის“ ბრალდებებს უპასუხეს და განმარტეს, რომ საახალწლოდ ჩატარდა ორი ღონისძიება 300 ბავშვისთვის.

საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის, ელენე კაპანაძის თქმით, ორი ღონისძიებისთვის დახარჯული 29 ათას 800 ლარი არ არის ბევრი, რადგან 2010 წელს საახალწლოდ ჩატარებული ერთი ღონისძიებისთვის 12 ათასი ლარი დაიხარჯა.

ელენე კაპანაძე ამბობს, რომ დედაქალაქის საკრებულოში ჩატარებული საახალწლო ღონისძიებები შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. მისივე განმარტებით, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ, მათ შორის, ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი:

„ღონისძიება, რომელიც ორ სეანსად გაიმართა, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მოეწყო და მას ესწრებოდნენ ახალქალაქის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომელთა შვილებიც. ვფიქრობ, შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისთვის მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რასაც სამომავლოდ კიდევ ვგეგმავთ“.

საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილემ ტენდერის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატენდერო პირობები საბაზრო მოთხოვნილებების მიხედვით იყო შედგენილი და გამარჯვებული კომპანია აბსოლუტურად გამჭვირვალე სატენდერო კომისიამ საფუძვლიანი შესწავლის შედეგად გამოავლინა. ელენე კაპანაძე საახალწლო პროგრამის მრავალფეროვნებასა და შინაარსს ხაზს უსვამს და აღნიშნავს, რომ თანხა შესრულებული სამუშაოების მოცულობის ადეკვატურად დაიხარჯა.

 

გელა მამულაშვილი