რევაზ არველაძე: „არჩევნებს ჯენტლმენურად ჩავატარებთ“

wewew

2015 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქართული ფეხბურთისთვის: საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ წელს ახალი მთავარი მწვრთნელით დაიწყებს; თბილისს ესტუმრება მსოფლიოს ჩემპიონი _ გერმანიის ნაკრები; თბილისში გაიმართება უეფას სუპერთასი; ჩატარდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები…

„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი გახლავთ რევაზ არველაძე, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ისეთი საფეხბურთო ფუნქციონერი, ვისაც ამ საქმეში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

არველაძესთან საუბარი ჩვენი ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელით დავიწყეთ…

_ ნაკრების თავკაცად კახა ცხადაძე დაინიშნა _ რატომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე? რის საფუძველზე მიიჩნიეთ, რომ ცხადაძე იყო ყველაზე ოპტიმალური კანდიდატურა?

_ ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთეთ.  ცხადაძის დანიშვნა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ყველამ პოზიტიურად აღიქვა: ფეხბურთელებმა, გულშემატკივრებმა, სპეციალისტებმა… მგონი, შეცდომა არ დაგვიშვია. მწვრთნელ ცხადაძეს კარგი შედეგები ჰქონდა საქართველოში მუშაობის დროს. აზერბაიჯანში რომ გააგრძელა სამწვრთნელო კარიერა, იქაც მაღალ შედეგებს მიაღწია და ეს ხდებოდა სტაბილურად. ცხადაძის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია საფეხბურთო სამყაროში. ერთი სიტყვით, ცხადაძის კანდიდატურას ბევრი ფაქტორის გამო დავუჭირეთ მხარი.

_ რა მიზნები დაუსახეთ ცხადაძეს ჩვენს ეროვნულ გუნდში?

_ მიმდინარე შესარჩევი ციკლი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, უკეთეს შედეგს უნდა მივაღწიოთ, რაც შეიძლება მაღალი ადგილი უნდა დავიკავოთ ჯგუფში. მომდევნო შესარჩევში კი უკვე კარგ შედეგად ჩაითვლება ჯგუფში მესამე ადგილი, ძალიან კარგი შედეგი კი პლეი ოფში მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლაა.

_ ცხადაძის ხელმძღვანელობით შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 29 მარტს გამართავს თბილისში გერმანიასთან. დიდი გუნდი ჩამოდის და ეს მატჩი სხვა რამითაც უნდა იყოს მნიშვნელოვანი…

_ მასეა, მაღალი დონის მატჩი გველის, შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება და ეს იქნება შუალედური ტესტი აგვისტოში თბილისში გასამართი უეფას სუპერ თასისთვის. გერმანიასთან მატჩისთვის სტადიონზე დამონტაჟდება ტურნიკეტები, გულშემატკივარი ელექტრობილეთებით შევა არენაზე. ფეხბურთის ფედერაცია მზად არის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს ეს მატჩი. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ფასი კი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

_ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონთან ითამაშებს _ როგორია თქვენი მოლოდინი?

_ გერმანიის ნაკრები არ იქნება ის გუნდი, რაც შარშანდელ მუნდიალზე იყო, ეს ბუნებრივიცაა _ ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე, თუმცა ამ ნაკრების დონე და კლასი იგივე იქნება. კარგ თამაშს ველი, სასოწარკვეთილად და უშანსოდ ნამდვილად არ უნდა ვიგრძნოთ თავი.

_ საქართველოს ნაკრებმა გერმანიას პირველად ზუსტად 20 წლის წინათ, 1995 წლის 29 მარტს უმასპინძლა და 0:2 წააგო. იმ შეხვედრაში თქვენც ითამაშეთ. როგორ შეადარებდით მაშინდელ და ახლანდელ გერმანიის ნაკრებს?

_ გერმანიის ის ნაკრები 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, გერმანიის ახლანდელი ნაკრები კი მსოფლიოს ჩემპიონია _ ორივეჯერ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვიწევს თამაში. გერმანიის მაშინდელ ნაკრებში თამაშობდნენ იურგენ კლინსმანი, მარიო ბასლერი, ანდრეას მიოლერი, ტომას ჰესლერი, იურგენ კოლერი, ანდრეას კეპკე, იმ გუნდის წევრი იყო ლეგენდარული მათიას ზამერიც…

_ ცხადაძის ხელფასი საქართველოს ნაკრებში _ ეს კონფიდენციალური იქნება?

_ არ მგონია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.

_ ფაქტია, ნაკრების წინა მწვრთნელს მაღალი ხელფასი ჰქონდა და ამაზე ხშირად საუბრობდნენ ფეხბურთის ფედერაციის ოპონენტები…

_ ცხადაძის ხელფასი არ არის ისეთი მაღალი, როგორც მისი წინამორბედის იყო. ჩემი მხრიდან ცხადაძის ხელფასზე ლაპარაკი არა მგონია, რომ სწორი იყოს. ასეთი ინფორმაციის გასაჯაროება ცალმხრივად არ უნდა მოხდეს.

_ წლეულს გასამართ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ერთ-ერთი კანდიდატი თქვენ იქნებით. როგორ ფიქრობთ, არჩევნები გარედან ზეწოლის გარეშე ჩაივლის?

_ განწყობა და ფეხბურთის ფედერაციის მიმართულება ისეთია, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში და ჯენტლმენურად გაიმართოს. ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გამორიცხულია, რომ ყრილობის რომელიმე დელეგატი რამით შეიზღუდოს და იმედი მაქვს, რომ არ მოხდება გარედან ზეწოლაც _ ხელისუფლება რომ არ ჩაერევა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, ვფიქრობ, ამის თქმის საფუძველი მართლა არსებობს.

_ უეფას სუპერთასის გარდა ფეხბურთის ფედერაციისგან 2015 წელს რა მნიშვნელოვან პროექტებს უნდა ველოდოთ?

_ უეფას ხელშეწყობით შევქმენით საფეხბურთო აკადემია და დავიწყეთ ბაზის მშენებლობა ამ აკადემიისთვის, მშენებლობა წელს დასრულდება. ლაგოდეხის ბაზის რეკონსტრუქცია უნდა დავაგვირგვინოთ ახალი მოედნის დაგებით. ასაკობრივი ნაკრებების ელიტრაუნდი და შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდი თბილისში გაიმართება, ვაპირებთ მოვიპოვოთ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, გვსურს გაგრძელდეს სახელმწიფოსთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც, გვაქვს კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი, რასაც საზოგადოება მასმედიის საშუალებით პერიოდულად ეცნობა.

_ 24 მარტს უეფას პრეზიდენტის არჩევნებია…

_ ჩვენ მხარს ვუჭერთ მიშელ პლატინის. მართალია, ამ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატურაა მისი სახით, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა არ არის უბრალო _ ვგულშემატკივრობთ პლატინის, რადგან მან მართლაც ბევრი სასარგებლო გააკეთა ჩვენთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და საერთოდ ევროპული ფეხბურთისთვის.

 

 

დავით თავართქილაძე